Home სხვადასხვა დაიჯესტი სომეხი ჟურნალისტები აზერბაიჯანს ეწვივნენ, აზერბაიჯანელები _ სომხეთს

სომეხი ჟურნალისტები აზერბაიჯანს ეწვივნენ, აზერბაიჯანელები _ სომხეთს

632
სომეხი ჟურნალისტები აზერბაიჯანს ეწვივნენ, აზერბაიჯანელები _ სომხეთს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში მოხდა უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით არ დაანონსებულა. სომეხი ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია აზერბაიჯანს, აზერბაიჯანელების ჯგუფი კი _ სომხეთს და ყარაბაღსაც კი. ეს ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 23 ნოემბერს დაადასტურა, თუმცა ჟურნალისტების გაცვლა 17 და 21 ნოემბერს მოხდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა, რომ გაცვლითი პროგრამა მომზადდა და შესრულდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის უშუალო კოორდინაციითა და სომხეთის, აზერბაიჯანისა და არცახის (მთიანი ყარაბაღის) შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

“ვიზიტების პროგრამები “სარკისებრი” იყო. ჟურნალისტები სხვადასხვა საექსპერტო წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტთა თანამეგობრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ”, _ თქვა ნაგდალიანმა.

“უკან გზაზე პარალელურად გადავკვეთეთ საზღვრები: ჩვენ _ აზერბაიჯან-საქართველოსი, მათ _ სომხეთ-საქართველოსი. საღამოს შევხვდით თბილისში, დავილაპარაკეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. მათ ძალიან მოეწონათ, როგორც ერევანი, ისე ყარაბაღი, შუშა, ყარაბაღში მცხოვრებნი”, _ რადიო შპუტნიკ არმენიას შთაბეჭდილებები გაუზიარა “მედიამაქსის” მთავარმა რედაქტორმა დავიდ ალავერდიანმა. მან აღნიშნა, რომ სომეხმა ჟურნალისტებმა უკვე დაიწყეს მასალების გამოქვეყნება მედიასაშუალებებში და ანალოგიურ ნაბიჯს აზერბაიჯანელებისგანაც ელოდებიან.

“როგორც საუბრებიდან ჩანს, ადამიანების უმრავლესობას არ სურს ომი. მათი ცხოვრება ნელ-ნელა დალაგდა: ადამიანებს აქვთ სახლი, ჰყავთ მანქანა, მუშაობენ, აქვთ სტაბილური შემოსავალი. და არავის სურს, ერთ საათში დაკარგოს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურთ”, _ განაცხადა ჟურნალისტმა.

ყარაბაღში აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ახლდა ყარაბაღის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე კიმ გაბრიელიანი. მისი თქმით, ბაქოელი სტუმრები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ შუშასა და სტეფანაკერტში ბევრია ახალგაზრდა, შენდება სახლები, ცხოვრება ჩქეფს, აგრეთვე, იმან, რომ ყარაბაღში მიტოვებული მეჩეთები კარგ მდგომარეობაშია. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ სომხური სამზარეულოს კერძებით.

“ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ბავშვობა გაიხსენა: მისი სომეხი მეზობლები ბაქოში ასევე გემრიელ კერძებს ამზადებდნენ, შემდეგ ყარაბაღელი ჟურნალისტები, რომელთა შორისაც იყვნენ ისეთები, ვინც ბაქოში დაიბადა, დაინტერესდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქში შენარჩუნებულია თუ არა ის მაღაზიები თუ ძეგლები, რომლებიც დაამახსოვრდათ”, _ გაიხსენა გაბრიელიანმა.

სადილზე გამოითქვა აზრი, რომ მართებული იქნებოდა, თუ ერთმანეთს ასევე შეხვდებოდნენ ექიმები, მასწავლებლები, პროგრამისტები და ა.შ. ყარაბაღის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის აზრით, მშვიდობაზე რომ მოილაპარაკონ, მადამდე ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here