მთავარი დაიჯესტი სიტუაცია “დიდ საჭადრაკო დაფაზე” რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალდა

სიტუაცია “დიდ საჭადრაკო დაფაზე” რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალდა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, შესაძლოა, რუსეთის იზოლაციის პოლიტიკის კრახის კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცეს

840
გააზიარეთ
მსოფლიო ჩემპიონატი

დიდი შვიდეულისსამიტმა, რომელიც გასულ კვირას კანადაში ჩატარდა, ნათლად აჩვენა, რომ აშშისა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. ეს ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობაში ერთიანი სტრატეგიით იხელმძღვანელებენ.

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო იდეა გულისხმობდა პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას და ამერიკული ბიზნესის ინტერესების დაცვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს ეწინააღმდეგება. 1 ივნისს აშშ-ში ძალაში შევიდა ნორმები, რომლის თანახმად ფოლადისა და ალუმინის იმპორტი ევროკავშირიდან, კანადიდან და მექსიკიდან (შესაბამისად) 25 და 10 პროცენტით დაიბეგრება. ევროპელი ლიდერები ამაზე პროტესტს გამოთქვამდნენ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩიოდნენ, მაგრამ შტატების პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.

ამასთანავე, ევროპაში მტკივნეულად აღიქვეს აშშ-ის გასვლა პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან, რომელიც გლობალური ეკოლოგიური პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, და ცალმხრივი უარი “ბირთვულ გარიგებაზე” ირანთან _ ამ შემთხვევაში ტრამპმა სრულად უგულებელყო ევროპელი მოკავშირეების პოზიცია. მეტიც, ამერიკელებმა მკაფიოდ გამოხატეს სანქციების შემოღების სურვილი იმ ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც თეირანთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრამ ევროკავშირს კონტრ-ზომებისკენ უბიძგა. 1 ივლისს ძალაში შევა ამერიკული საქონლის “საპასუხო დაბეგვრა” (ჯინსების, მოტოციკლების, ვისკის). საინტერესოა, რომ ევროპულმა მხარემ სანქციებისთვის სწორედ იმ შტატების პროდუქცია შეარჩია, რომლებსაც რესპუბლიკელი გუბერნატორები მართავენ. მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსები პრაქტიკულად ღიად აცხადებენ, რომ იმედოვნებენ, რომ ეს გუბერნატორები მომავალში ხელს შეუშლიან ტრამპის არჩევას მეორე ვადით.

ამერიკული “საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს” წარმომადგენელი სებასტიან მალაბი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის, კანადისა და იაპონიის საპასუხო ნაბიჯების არსენალი მცირეა და მათ სიტუაციის გამწვავება და სავაჭრო ომის დაწყება ხელს არ აძლევთ: “წააგებს ყველა, ჩინეთისა და რუსეთის გარდა”.

სამიტი ტრადიციული, ყველა ლიდერის მიერ ხელმოწერილი კომუნიკეს მიღების გარეშე დასრულდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს “გულწრფელი აღიარებაა” იმისა, რომ უთანხმოების დაძლევა ვერ მოხერხდა. გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე რარმა ივარაუდა, რომ, წინააღმდეგობების გაღრმავების გამო, “შვიდეულისმორიგი სამიტი (მომავალ წელს საფრანგეთში) შეიძლება საერთოდ არ გაიმართოს.

ის პრეტენზიები, რომლებიც ევროპელებს დაუგროვდათ, ყველაზე ლაკონურად, ალბათ, ბრიტანულმა “თაიმსმა” ჩამოაყალიბა: “ტრამპი თავისი პროტექციონისტული პოლიტიკით მსოფლიო ეკონომიკის ზრდას აფერხებს, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. უფრო დიდი ზიანი მოაქვს მის სიგნალს იმის თაობაზე, რომ პლანეტის ყველაზე მძლავრი სახელმწიფო აღარ აპირებს, საერთო წესები დაიცვას. იქმნება სიტუაცია, როდესაც “შვიდეულის” ექვსი ქვეყანა იცავს სისტემას, ხოლო მეშვიდე დარწმუნებულია, რომ სისტემა აღარ მუშაობს”. ავსტრიულმადერსტანდარტმადაახასიათა სამიტი, როგორცლურსმანი დასავლური ღირებულებების კუბოსთვის”.

ტრამპმა კიდევ ერთი სიურპრიზი მოამზადა და განაცხადა, რომ “დიდ შვიდეულს” რუსეთი უნდა დაუბრუნდეს და, შესაბამისად, “დიდი რვიანი” აღდგეს. სიტუაციის აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ აშშ უბიძგებდა ევროპელ პარტნიორებს, მოსკოვის მიმართ ხისტი პოლიტიკა გაეტარებინათ, სანქციები შემოეღოთ და ა.შ. ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა _ ტრამპიდიდი რვიანისაღდგენას მოითხოვს, ხოლო საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ამას ეწინააღმდეგებიან.

იტალიის ახალმა (1 ივნისიდან) პრემიერმა ჯუზეპე კონტემ მხარი დაუჭირა ტრამპის წინადადებას, მომდევნო დღეს კი მიიღო ევროპელი კოლეგების დაპირება, რომ ისინი რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე იმსჯელებენ. საგულისხმოა, რომ 6 ივნისს, სამიტზე გამგზავრებამდე, კონტე იტალიელი სენატორების წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ერთერთი პრიორიტეტი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება იქნება.

დიდმა ბრიტანეთმა კი სამიტზე მკვეთრად ანტირუსული პოზიცია დაიკავა. პრემიერმინისტრი ტერეზა მეი “სწრაფი რეაგირების მექანიზმის” შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჭიროა უცხო სახელმწიფოების, უპირველესად კი, რუსეთის “მტრული საქმიანობის აღსაკვეთად”. დასავლურ სამყაროში განსხვავებული პოზიციების არსებობა პრაქტიკულად გამორიცხავს ერთობლივი პოლიტიკის გატარებასა და რუსეთის იზოლაციას.   

იზოლაციის პოლიტიკის კრახის კიდევ ერთ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც 14 ივნისს იწყება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მას რუსეთი უმასპინძლებს, ფიფამ 2010 წლის დეკემბერში, ანუ ახალი “ცივი ომის” დაწყებამდე მიიღო. იმ პერიოდში გაცილებით აქტუალური “გადატვირთვის” პოლიტიკა იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინის კრიზისის კვალობაზე სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა, არაერთმა ამერიკელმა, ბრიტანელმა, ზოგიერთი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება ჩემპიონატის გადატანის ან მისი ბოიკოტის უცილებლობაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ჩემპიონატის მატჩები 11 ქალაქში ჩატარდება _ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, კალინინგრადში, ვოლგოგრადში, ყაზანში, სამარაში, სარანსკში, დონის როსტოვში, სოჭსა და ეკატერინბურგში. ამ ქალაქებში განახლდა საავიაციო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სასტუმროები და ა.შ. ჩემპიონატის შეხვედრებს 12 სტადიონი უმასპინძლებს _ ხუთს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, შვიდი კი “ნულიდან” აშენდა. მთლიანობაში მოსამზადებელ სამუშაოებზე დაახლოებით 13,2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ეს ყველაზე დიდი თანხაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

შედარებისთვის: საფრანგეთმა 1998-ში 2 მილიარდი დოლარი დახარჯა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ (2002წ.) _ 2,5 მილიარდი, გერმანიამ (2006წ.) _ 3,5 მილიარდი, სამხრეთ აფრიკამ (2010წ.) _ 2,9 მილიარდი, ბრაზილიამ (2014 წ.) _ 11,63 მილიარდი.

რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ჩემპიონატი ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს და მშპ დაახლოებით 0,5%-ით გაზრდის. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი არკადი დვორკოვიჩი მიიჩნევს, რომეს ინვესტიციებია და არა ხარჯები. ეს პროდუქტიული ხარჯებია, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრებას აუმჯობესებს”. მან მაგალითად 20 სარკინიგზო სადგურის რეკონსტრუქცია და ახალი გზების გაყვანა (178 კილომეტრი) მოიყვანა. მუნდიალისთვის მზადების პერიოდში რუსეთში 200 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. კერძო ბიზნესის გააქტიურებამ ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში ფედერალურ და რეგიონულ ბიუჯეტებს 2,3 მილიარდამდე დოლარი მოუტანა.

ყველაზე ფრთხილი შეფასების თანახმად, ჩემპიონატის პერიოდში რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჩავა. რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისინი 2 მილიარდამდე დოლარს დახარჯავენ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპტიმისტური ეკონომიკური პროგნოზები არ გამართლდება, პოლიტიკური და საიმიჯო ეფექტი ჩემპიონატისგან მაინც დარჩება; ის რუსეთის იზოლაციის პოლიტიკასა და შესაბამის იდეებს, სავარაუდოდ, დიდ ზიანს მიაყენებს.

“მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, _ წერს ესპანური “ელპაისი”, _ ქმნის იზოლაციის გარღვევის ან შესუსტების შესაძლებლობას სახალხო დიპლომატიით და იმ გულშემატკივრების მეშვეობით, რომლებიც რუსეთში ვიზების გარეშე, “გულშემატკივრების პასპორტებით” ჩავლენ. პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმართმოყვარე და სასიამოვნო ქვეყანაში აღმოჩნდნენ, რაც გაანეიტრალებს აგრესიული, მტრული და მილიტარისტული რუსეთის იმიჯს, რომელიც 2014 წლიდან იქმნება”.

რუსეთისთვის ძალზე მომგებიანია, რომ ეს საიმიჯო ცვლილებები დაემთხვა დაპირისპირებას დასავლურ სახელმწიფოებს შორის და უშედეგოდ დასრულებულ “დიდი შვიდეულის” სამიტს. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ რუსეთის ამ ფორმატში დაბრუნება ბალანსის აღდგენაში დაეხმარება. ტრამპს აშკარად არ მოეწონა, რომ “შვიდეულის” სამიტი ჩატარდა ფორმულით “ექვსი ერთის წინააღმდეგ”, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ აშშ ცდილობს, ჩაძიროს რუსეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენის _ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტი, რადგან ის ხელს შეუშლის ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტს ევროპულ ბაზარზე. ამ საკითხზე გერმანიისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთთან გაცილებით უფრო ახლოა, ვიდრე აშშ-ისა და გერმანიის ან რუსეთისა და აშშ-ის. არის სხვა პრობლემური მიმართულებებიც და ახალ რეალობაში ვლადიმერ პუტინს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობაზე თამაშის შესაძლებლობა ეძლევა.

დამოკიდებულება “რვიანში” დაბრუნების მიმართ რუსეთში ფრთხილი და არაერთგვაროვანია. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შემოიფარგლა მოკლე კომენტარით: “რუსეთი აქცენტს სხვა ფორმატებზე აკეთებს”. ადრე მან თქვა, რომ რუსეთისთვის “დიდი რვიანის” აქტუალობა მცირდება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კრემლი აჩქარებას არ აპირებს, დაელოდება მომენტს, როდესაც ამერიკელი ან ევროპელი პარტნიორები “რვიანის” აღდგენაზე თავიანთ პოზიციას უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ. რამდენიმე თვის წინათ ეს წარმოუდგენელი იყო, ახლა კი ამ იდეას მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები და ექსპერტები განიხილავენ, როგორც სავსებით რეალურს. თუ “დიდი შვიდეულის” სამიტის შედეგებით ვიმსჯელებთ, სიტუაცია “დიდ საჭადრაკო დაფაზე” მოულოდნელად რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალდა.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here