მთავარი პოლიტიკა საქართველო _ დასავლეთის კოლონია თუ სამკაული რუსეთის იმპერიისა?

საქართველო _ დასავლეთის კოლონია თუ სამკაული რუსეთის იმპერიისა?

1371
გააზიარეთ
საქართველო _ დასავლეთის კოლონია თუ სამკაული რუსეთის იმპერიისა?

გაზეთის წინა ნომერში აღვნიშნეთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ან უკვე არჩევნების შემდეგაც, ბევრ რამეს დაერქვა თავისი სახელი და ბევრსაც კიდევ დაერქმევა. აქედან გამომდინარე, მკითხველს შევპირდით, რომ ყველა თემაზე მომავალში ცალ-ცალკე ვისაუბრებდით.

წინამდებარე წერილის განსახილველ თემად შევარჩიეთ ჩვენ მიერ ასე სახელდებული “საქართველოს საგარეო პოლიტიკა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ”… საშინაო პოლიტიკას კი, ხატოვნად თუ ვიტყვით, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩავიყაროთ ჩაიში, აშშ-ის საელჩოსა და მის დამქაშ ე.წ. ასოებს უთანხმებს ქოცების ხელისუფლება და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად არჩევა-წარმართვის “ფუფუნებას” ვინ მოგვაშავებს?!

თითქმის 30 წელიწადია, რაც აშშ-ევროპის ლიბერასტული ძალების რეკომენდაციების მიხედვით წარმატებით ვასრულებთ რუსეთის გამაღიზიანებლის როლს; რის გამო დე იურედაც დავკარგეთ დე ფაქტო ისედაც დიდი ხნის წინათ დაკარგული სოხუმ-ცხინვალი; აქედან “ნა-ტო, ნა-ტოს” უაზრო ღნავილისა და იქიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციების უკვე ამაზრზენი “აკომპონიმენტის” თანხლებით, ე.წ. მავთულხლართები ნელ-ნელა, მაგრამ სულ უფრო მოცოცავ-მოხოხავს…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მცირე, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი რუსეთის მიმართ რაიმე ახალს შემოგვთავაზებდა, მაგრამ, დიდი ილიასი არ იყოს, “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” ახლა, მავანი გვეტყვის: ჯერ რა დროს სიახლეებზე საუბარია, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაც არ ჩატარებულა და იქნებ ცოტა ვაცალოთო?

კი, ბატონო, ვაცალოთ, მაგრამ წინასაარჩევნოდ და მეორე ტურის შემდგომ გაკეთებული განცხადებებით ეტყობა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაში (რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა) ახალსა და პოზიტიურს არაფერს არ უნდა ველოდოთ, მხოლოდ ისევ ნატოს კარზე ამაოდ კაკუნსა და ევროკავშირის ქიმერის დევნას.

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს…

მავანი შემოგვედავება: ოკუპანტ ქვეყანასთან რომელ დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეიძლება ლაპარაკიო?! რაც, ერთი შეხედვით, რკინისებური არგუმენტია! დიახ, ერთი შეხედვით, რადგან რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის გამოუცხადებელი ომი, აგერ უკვე მეხუთე წელიწადია, მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც მოსკოვმა უზარმაზარი (აბა, ერთი ციცქნა სოხუმ-ცხინვალი რა სახსენებელია?!) ყირიმის ნახევარკუნძული სამუდამოდ მიუერთა რუსეთის იმპერიას, მაგრამ კიევი დღემდე ინარჩუნებს მოსკოვთან დიპოლომატიურ ურთიერთობებს, მეტიც, უკრაინა არც ე.წ. დსთ-ის დატოვებას ჩქარობს.

საქართველომ კი აგვისტოს ომის შემდეგ დიპოლომატიური კავშირიც გაწყვიტა რუსეთთან, დსთ-დანაც გამოვიდა და რუსეთთან ერთადერთ “საჭიდაო ხალიჩად” მხოლოდ ევროსაბჭო-ნატოს სივრცე დაიტოვა. რა სიკეთეები მოუტანა ამ “ჭიდაობამ” საქართველოს, ზემოთ ვთქვით _ დროებით დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, ლტოლვილების ახალი ტალღა, ეკონომოკური სიდუხჭირე და ა.შ. როგორც დავით გურამიშვილი ამბობს, “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენამჭევრი”…

თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას სამუდამო აქტი ვუწოდეთ, ხოლო სოხუმ-ცხინვალის ოკუპაციას _ დროებითი მოვლენა. რატომ, რის საფუძველზე? _ იკითხავს მკითხველი და სამართლიანადაც.

მიმდინარე მოვლენების ანალიზიდან გამომდინარე ცხადია, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს უკრაინას. ყირიმის გამო მესამე მსოფლიო ომის დამწყებიც არის კრემლი და, რაც უმნიშვნელოვანესია, ამ ყველაფერზე რუსეთის მზადყოფნას არც აშშ აყენებს ეჭვქვეშ. კიევი ყირიმს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ უკრაინა დაუბრუნდება რუსეთს. სერიოზულად თუ ვიტყვით, ეს, ადრე თუ გვიან, ასეც მოხდება, რადგანაც რუსები და უკრაინელები, პრაქტიკულად, ერთი ერია, საერთო ისტორიითა და კულტურით…

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, უფრო სწორად, აგვისტოს ომის შემდეგ ურთიერთობის პრაქტიკულად არ არსებობის მიუხედავად, ნიშანდობლივი ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია მის მიერვე ოკუპირებული და დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული სოხუმ-ცხინვალის მიერთებას ჯერჯერობით არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ამ საკითხზე რეფერენდუმებიც ჩატარდა. ასევე იქცევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც _ ჯერჯერობით ისიც არ აღიარებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას, მიიჩნევს რა ამ ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში.

აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ რატომ და რისთვის ასეთი იმედისმომცემი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც 2008 წლის შემდეგ აღვირახსნილი რუსოფობია სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ჰყავს აყვანილი? _ რატომ და იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლება ერთმორწმუნე ქართველ ერს კი არ მიიჩნევს პათოლოგიური რუსოფობიის ავტორად, არამედ საქართველოს სოროსისტ, ნეოლიბერალ ხელისუფლებებს, ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული დღემდე.

ერთი რამის თქმა უეჭველად შეიძლება _ ერთმორწმუნე რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ტკბილ-მწარე ურთიერთობები რუს-ქართველთა ერთობლივი ბედისწერაა; ამ გახლისტებულ მსოფლიოში ორი მართლმადიდებელი ერი მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ვართ “განწირულნი” და შესაბამისად, დიდი შერიგება ორ კულტურულ ერს შორის მხოლოდ დროის ამბავია..

სერგეი დორენკო ცნობილი რუსი ჟურნალისტია, რომელიც ე.წ. დერჟავნიკული აზროვნებით გამოირჩევა. მან ასევე რუსი ცნობილი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის (რომელიც, დერჟავნიკი კი არა, ნეოლიბერალია), საავტორო გადაცემაში რამდენიმე წლის წინათ “დერჟავნიკულად” აგვიხსნა სიყვარული ქართველებს: მიუხედავად აგვისტოს ომისა, ჩვენ ქართველები გვიყვარს. ისინი კარგი თამადები, პოეტები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, ექიმები არიან. ერთი სიტყვით, ქართველები შემოქმედი, ინტელექტუალი ხალხია. საქართველო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის გულზე დაბნეული ძვირფასი სამკაული იყო და ჩვენ, რუსები, არასოდეს დავთმობთ ამ სამკაულს და ა.შ. ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსობრივად ეს თქვა რუსმა “დერჟავნიკმა” ჟურნალისტმა.

რუსეთი საქართველოსთვის ეჭვიანი ცოლივით არის, რომელმაც ქმარი სადღაც ტყე-ღრეში დაფლეთილ-დაგლეჯილი, სულთმობრძავი იპოვა, მოუარა, სიკვდილს გადაარჩინა, ხოლო მოღონიერებულმა ქმარმა ერთგული ცოლის სიყვარულს სხვა ქალთან ვნებიანი ურთიერთობა არჩია და, ასეთი უმადური ქმარი სასიკვდილოდ რომ გაიმეტოს ცოლმა, გაემტყუნება? რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც ხომ ზემოხსენებული ცოლ-ქმრის ისტორიას ჰგავს?

200 წლის წინათ ზუსტად ასეთი სულთმობრძავი, ისლამის ოკეანეში დასახრჩობად განწირული საქართველო ჩააბარა პატარა კახმა დიდ რუსეთს, რომელმაც მოუარა, მოასულიერა და ფიზიკურ-მენტალურად გადარჩენის სანაცვლოდ 200 წლის განმავლობაში საქართველოსთვის არაფერი მოუთხოვია; უმადურმა საქართველომ კი რუს “ნატაშას” ევროპელი “ნატო” არჩია და ახლა გვიკვირს, რაც 2008 წლის აგვისტოში დაგვემართა? ზევით არაერთხელ ვახსენე სიტყვა “ჯერჯერობით” და ახლა მინდა ვთქვა, რომ ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება…

დღეს, სირიაში იქნება ეს თუ უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოუცხადებელი მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. მთელი ლიბერასტული დასავლეთი ებრძვის მართლმადიდებელ რუსეთს; რუსეთს, რომელსაც დამარცხება არ უწერია, რადგანაც ამ ომში მართლმადიდებელი რუსეთის დამარცხება სატანისტების ღმერთზე გამარჯვებას ნიშნავს, რასაც არ დაუშვებს არსთა გამრიგე. უმადურობამ რა “ჩიტიც დაგვაჭერინა” 2008-ში, ვნახეთ და, თუ არ გვინდა, ორიათას “იქსში” უფრო დიდი “ჩიტი დაგვაჭერინონ”, მადლიერება იქით იყოს და, თუნდაც მხოლოდ პრაგმატულობიდან გამომდინარე, ადგილი ერთმორწმუნე რუსეთის გვერდით უნდა ვეძებოთ. მით უმეტეს, რომ ამ “პრაგმატულობის” სანაცვლოდ, მატროსოვივით ამბრაზურაზე გადაფარებას კი არა, რუსეთის იმპერიის მკერდზე დაბნეული ძვირფასი სამკაულის როლის თამაშს გვთავაზობენ არტისტული ბუნების ქართველებს.

დავით მხეიძე

P.S. “რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ სწერდა ილია ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა-არ ყოფნის საკითხთან… დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”. ეს მერამდენედ ვიყენებ დიდი ილიას ნააზრევს… მართლაც გენიოსია _ რის სათქმელადაც მთელი სტატია დამჭირდა, მარტივად ერთ აბზაცში მოათავსა საქართველოს უგვირგვინო მეფემ, აწ და მარადის ილია მართალმა… დასასრულ, ქოც-ნაცების ხელისუფლებასა და “ყველას პრეზიდენტ” სალომეს მივმართავ: ჩვენი თუ არ გჯერათ, ეგებ ილია ჭავჭავაძისა მაინც დაიჯეროთ? იმ ილიასი, რომლის სურათებიც ანტურაჟად გიკიდიათ “ევრო-ფეშენ” კაბინეტებში, მაგრამ, როგორც იტყვიან, “მეტი არაა ჩემი მტერი”. ისევ შენ აირჩიე, ქართველო ხალხო, რომელი გირჩევნია _ დასავლეთის “შნირობა” თუ ჩრდილოეთის იმპერიის სამკაულობა? არჩევანი შენზეა, “ჩემო კარგო ქვეყანავ!”

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. “ეს მერამდენედ ვიყენებ დიდი ილიას ნააზრევს… მართლაც გენიოსია”,
    ეხ ესენი რომ ილიას ნააზრევს გაიგებენ……

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here