Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო _ აუტსაიდერი პენსიებისა და საშუალო ხელფასის მხრივ

საქართველო _ აუტსაიდერი პენსიებისა და საშუალო ხელფასის მხრივ

რამდენია პენსია და საშუალო ხელფასი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1917
პენსია

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის ცოტა ხნისწინანდელმა განცხადებამ პენსიის მომატების საკითხსა (მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსია 2 წლის შემდეგ მოიმატებს _ 2019-2020 წლებში, ისიც 20-20 ლარით) და საარსებო მინიმუმზე, ქართველი საზოგადოება აღაშფოთა.

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება, გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ, დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდისა თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდაო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია ეკონომიკური ზრდის პარალელურად”, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ. აღსანიშნავია, რომ აკაკი ზოიძის ყოველწლიური შემოსავალი სხვადასხვა კლინიკიდან თუ ორგანიზაციიდან მილიონამდე ლარია, ხოლო მისი, როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოველთვიური ანაზღაურება _ დანამატთან ერთად 5000 ლარამდეა, რაც რიგითი მოქალაქის პენსიაზე (180 ლარი) თითქმის 27-ჯერ მეტია, და ეს კაცი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე, სხვადასხვა ორგანიზაციის “დირექტორის მრჩეველი”, “კონსულტანტი”, “წამყვანი მკვლევარი”, ვერაფრით მიხვდება, რომ ამჟამინდელი პენსია, 180 ლარი, რომელიც სულ 6 ლარით მეტია საარსებო მინიმუმზე, პენსიონერს არ ეყოფა აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად და კომუნალური გადასახადების დასაფარავად, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე თუ საყოფაცხოვრებო საგნებზე.

პენსია

ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი გააკვირვა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელმაც თბილისში ვიზიტისას განაცხადა, საქართველოში საშუალო ხელფასი 500 დოლარია, ანუ 1350 ლარი. უცნობია, ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია ქალბატონ კერსტის _ “საქსტატის” მონაცემით, 2016 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 940 ლარი იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებულ პირებს უზარმაზარი ხელფასები აქვთ, პლუს პრემიები და დანამატები და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 3,5%-ია, ხოლო უმუშევარია 235,1 ათასი ადამიანი; საარსებო შემწეობას კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 457 ათასი ადამიანი იღებს, საშუალო ხელფასი 500 დოლარი რომ იყოს, გასაკვირი არ არის: 2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია 40 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე 29 346-მა კაცმა შეავსო, 100 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე კი _ 8764-მა, ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, მაგალითად, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს პრემია-დანამატი 18-ჯერ აიღო, მისმა მოადგილეებმა _ მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ _ 21-ჯერ. ამ მაღალჩინოსნების წლიური შემოსავალი 110 ათას ლარზე მეტი იყო. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კი, 2016 წლის თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომელიც წელიწადში 32 640 ლარია, 41-ჯერ(?!) მიიღო სხვადასხვა დანამატი (112 651 ლარი), სულ კი _ 145,2 ათასი ლარი. არადა, ადამიანს წელიწადში ხელფასი, წესით, 12-ჯერ ეკუთვნის და როგორ მიიღო 41-ჯერ დანამატი, გაუგებარია…

პენსია

საქართველოს ხელისუფლებები მოსახლეობას ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებოდნენ პენსიის მომატებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 2003-დან, როცა პენსია 14 ლარი იყო, 2016 წლამდე პენსიამ თითქმის 13-ჯერ მოიმატა, მხოლოდ 180 ლარი შეადგინა (66,6 დოლარი), რაც ლარის კურსის დაცემის, პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი სამომხმარებლო საგნების გაძვირების ფონზე, კატასტროფულად დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174 ლარია (იხ. გეოსტატ.გე), რაც ძალიან შორსაა საერთაშორისო ნორმებისგან. თუ საერთაშორისო ნორმებით ხორცპროდუქტების დღიური ნორმა 200 გრამია, საქართველოში, მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, ეს ნორმა 70 გრამს შეადგენს (ძროხისა და ხბოს ხორცი _ 40 გრ, ღორის ხორცი _ 10 გრ, ფრინველის _ 20 გრ.), ბევრი ექსპერტის აზრით, 70 გრ ხორცი დღიურ ნორმად ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვაა, რადგან ხორცი ცილების ძირითადი წყაროა და რაციონში ცილების დეფიციტი ნერვული სისტემის მოშლის, ენდოკრინული და სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ალბათ, ამის მიზეზითაც არის საქართველოში ფართოდ გავრცელებული ისეთი ენდოკრინული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და ჩიყვი.

ბოლო (2014 .) აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 14,3%, ანუ 500 ათასზე მეტი ადამიანი პენსიონერია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 74,4 წელს შეადგენს (82-ე ადგილი მსოფლიოში), მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70,3 წელია, ქალისა _ 78,3 წელი; საშუალო პენსია 180 ლარია (2016 წლიდან), საპენსიო ასაკი მამაკაცისთვის 65 წელია, ქალისთვის _ 60.

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში, რომელსაც ასე თავგამოდებით ლანძღავენ .. ნეოლიბერალები, 1932 წელს განისაზღვრა საპენსიო ასაკი: მამაკაცებისთვის _ 60 წელი, ქალებისთვის _ 55. მძიმე პირობებში მომუშავეთათვის, მაგალითად, მეშახტეებისა და მეტალურგებისთვის, აგრეთვე, უკიდურეს ჩრდილოეთში, პოლარული წრის ტერიტორიაზე მომუშავე მამაკაცებისთვის _ 50 წელი, ქალებისთვის _ 45 (მუშაობის 20-წლიანი სტაჟის შემთხვევაში). მავნე სამუშაოზე დასაქმებულები იღებდნენ რძის პროდუქტებსა და უფასო საგზურებს საუკეთესო კურორტებზე დასასვენებლად. ხანდაზმულობის პენსია სსრკში დაახლოებით 70-120 მანეთი იყო და გამოითვლებოდა მუშაობის ბოლო წლის საშუალო ანაზღაურებისა და სტაჟის მიხედვით. ერთ ადგილზე მუშაობის 15-წლიანი სტაჟის მქონეს 10% ემატებოდა, 25-წლიანი სტაჟისას _ 25%. პერსონალური პენსიონერები კი 300 მანეთს იღებდნენ.

1 მანეთად კი საბჭოთა კავშირში იყიდდით 100 კოლოფ ასანთს, 50 სასკოლო 12-ფურცლიან რვეულს, 33-ჯერ იმგზავრებდით ტრამვაით (ბილეთი 3 კაპიკი ღირდა), 25-ჯერ _ ტროლეიბუსით, 20-ჯერ ავტობუსითა და მეტროპოლიტენით. შეიძენდით 10 ცალ ხორციან ღვეზელს _ თითოს 10 კაპიკად, 5 პლომბირის ნაყინს, 3 ლიტრ რძეს (28 კაპიკი), 10 კგ კარტოფილს, 5 თეთრ პურს (ფასი 20 კაპიკი), 20 ლიტრ ბენზინს, 5 კათხა ჩამოსასხმელ ლუდს, 5 ბოთლ ლიმონათს, 10 კვერცხს და ა.შ. სხვათა შორის, სტუდენტის სტიპენდია 40 მანეთი იყო, ფრიადოსნისა _ 50 მანეთი.

პენსიის ოდენობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდით ითვლიან. ზოგ ქვეყანაში პენსია მუშაობის სტაჟზეა დამოკიდებული, ზოგან კი ცხოვრების განმავლობაში ამა თუ იმ ფონდში გადახდილი თანხების მიხედვით იღებენ, სხვაგან კი პენსია ხელფასის ნახევრის ან მეტის ტოლია და ადამიანი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ხელფასის გარკვეულ პროცენტს იღებს.

რამდენი წლისა გადიან პენსიაზე და რამდენია საშუალო პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

* მსოფლიოში ყველაზე დიდი პენსია აქვთ ლუქსემბურგელებს, რომლებიც საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის შემდეგ ყოველთვიურად იღებენ ხელფასის 87,4%-ს. იქ კი საშუალო ხელფასი დაახლოებით 3,5 ათასი ევროა. გამოდის, ლუქსემბურგელების პენსია თვეში დაახლოებით 3059 ევროა, ანუ 9 788 ლარი.

* აშშში საშუალო პენსია 1200 დოლარია, ანუ 3 240 ლარი, საპენსიო ასაკი ქალისა და მამაკაცისთვის _ 67 წელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა _ 78 წელი.

* გერმანიაში, სადაც მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 67 წელია, ქალებისთვის _ 65, საშუალო პენსია დაახლოებით 1200 ევროა (3 840 ლარი).

* იაპონიაში საშუალო პენსია დააახლოებით 2000 დოლარია (5400 ლარი), საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის _ 70 წელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა _ 82,1 წელი.

* ევროპაში ყველაზე მცირე პენსია აქვთ ევროკავშირის ახალ წევრებს: ბულგარელებს _ 140 ევრო (448 ლარი) და რუმინელებს _ 175 ევრო (560 ლარი).

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, “რადიო თავისუფლების” უკრაინული ფილიალის მიერ ამა წლის მაისში გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით:

გრაფიკა

(იხ. ინფოგრაფიკა #1)

* რუსეთში, სადაც საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55, საშუალო პენსია 2017 წლიდან დაახლოებით 216 დოლარია(583 ლ);

* ბელარუსში საშუალო პენსია 159 დოლარია (429 ლარი), საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელია, ქალებისთვის _ 55;

* ყაზახეთში საშუალო პენსია 137 დოლარია, ანუ დაახლოებით 369,9 ლარი. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 63 (მამაკაცებისთვის) და 58 (ქალებისთვის) წლებია.

* უკრაინაში საშუალო პენსია 65 დოლარი, ანუ 175,5 ლარია; საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55 წელი;

* ესტონეთში პენსია 434 დოლარია (1171 ლარი), ლატვიაში _ 315 დოლარი (850 ლარის), ლიტვაში _ 286 დოლარი (772 ლარი).

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კი მდგომარეობა ასეთია:

* აზერბაიჯანში საშუალო პენსია 117დოლარია, ანუ დაახლოებით 315,9 ლარი. ამ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 63 წელია, ქალებისთვის _ 60;

* სომხეთში, სადაც საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 63 წელია, საშუალო პენსია დაახლოებით 84 დოლარს შეადგენს (226,8 ლ);

* თურქეთში მამაკაცები პენსიაზე 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან, ქალები _ 58 წლის შემდეგ. ამ ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 465 დოლარია, ანუ 1255 ლარი.

საშუალო ხელფასი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში
საშუალო ხელფასი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

როგორც ხედავთ, საქართველო, პენსიების მიხედვით, არა მხოლოდ ევროპასა და მსოფლიოშია აუტსაიდერი, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. სახელმწიფო ბიუჯეტს ყოფილი დეპუტატების შენახვა 4,5 მილიონი ლარი უჯდება _ 2016 წლის მარტის მონაცემებით, 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატი იღებს, მათი რაოდენობა კი ყოველ 4 წელიწადში იმატებს. ყოფილი დეპუტატის პენსია რიგითი მოქალაქის პენსიაზე 3-ჯერ მეტია, არადა, ზოგიერთი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის ვადას ისე ასრულებს, რომ ტრიბუნაზე სიტყვით ერთხელაც არ გამოდის, არც კანონშემოქმედებით მუშაობაში მონაწილეობს. ან რატომ უნდა ჰქონდეს დეპუტატზე 3-ჯერ ნაკლები პენსია მუშას, ხელოვნების მუშაკს, მწერალს თუ მეცნიერს, მათი წვლილი სახელმწიფო დოვლათის შექმნაში ხომ არანაკლებია, მეტი თუ არა?!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2016 წელს 940 ლარს(?) შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი პენსია, 180 ლარი, საშუალო ხელფასზე, რომელიც გაუგებარია, რა მეთოდით და რომელი პარამეტრების გათვალისწინებით არის გამოთვლილი, 5,2-ჯერ ნაკლებია.

“ევროსტატსა” და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საშუალო ხელფასი (ნეტო) შვეიცარიაშია _ 3755 დოლარი, ანუ 10 408 ლარი.

მეორე ადგილზეა ნორვეგია _ 3781 დოლარი (10208 ლარი), მესამეზე _ ლუქსემბურგი _ 3565 დოლარი (9625,5 ლარი).

რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ესტონეთში საშუალო ხელფასი 978 დოლარია (2640 ლარი), ლიტვაში _ 630 დოლარი (1701 ლარი), ლატვიაში _ 622 დოლარი (1679 ლარი), რუსეთში _ 615 დოლარი (1660,5 ლარი), მოლდოვაში _ 560 დოლარი (1512 ლარი), ყაზახეთში _ 480 დოლარი (1296 ლარი), აზერბაიჯანში _ 435 დოლარი (1174,5 ლარი), სომხეთში _ 378 დოლარი (1020,6 ლარი), ბელარუსში _ 375 დოლარი (1012,5 ლარი), თურქმენეთში _ 320 დოლარი (864 ლარი), უზბეკეთში _235 დოლარი (634,5 ლარი), ყირგიზეთში _ 220 დოლარი (594 ლარი), უკრაინაში _ 168 დოლარი (453 ლარი), ტაჯიკეთში _ 110 დოლარი (297 ლარი).

აღსანიშნავია, რომ ევროსტატსადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შედგენილ საშუალო ხელფასის სიაში საქართველო 157 ქვეყანას შორის 119- ადგილზეა და საშუალო ხელფასის გრაფაში 234 დოლარი (631,8 ლარი) უწერია და არა 500 დოლარი, როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. “საქსტატისვებგვერდზე კი მითითებულია, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი, 2016 წლის მონაცემით, 640 ლარია.

როგორც ხედავთ, საქართველო საშუალო ხელფასის მხრივაც აუტსაიდერთა შორისაა მსოფლიოში, მას უსწრებს არა მხოლოდ მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მონღოლეთი (458 დოლარი), კოსოვო (415 დოლარი), განა (316 დოლარი), ეთიოპია (237 დოლარი) და მრავალწლიანი ომისგან გაწამებული და გაპარტახებული ლიბანი და ერაყიც.

საქართველოს ხელისუფლება კი ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ბუსუსებიანი პრეზერვატივის გამოყენებასა და დაჟინებით მზერაზე იღებს კანონებს და ცდილობს, საქართველოში ე.წ. გენდერულად ნეიტრალური ბაღები შექმნას, სადაც აღმზრდელებმა ბავშვები ბიჭებად და გოგონებად არ უნდა დაყონ. ანუ, საქართველოს ხელისუფლება, რომლის წევრებიც უზარმაზარ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს იღებენ, ხალხზე ზრუნვის გარდა, ყველაფერს აკეთებს, რასაც დასავლელი პატრონები დაავალებენ.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

ცნობისთვის: საპენსიო უზრუნველყოფა პირველად შემოიღეს საფრანგეთში სამხედროსაზღვაო ფლოტის ოფიცრებისთვის 1673 . მასობრივი და უნივერსალური საპენსიო უზრუნველყოფა კი პირველად გერმანიაში დააწესეს 1889 წელს, დანიაში _ 1891 წელს, დიდ ბრიტანეთში _ 1908 წელს, საფრანგეთში _ 1910 წელს, აშშში _ 1935 წელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here