მთავარი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების უსუსური იწილო-ბიწილო ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიმართ

საქართველოს ხელისუფლების უსუსური იწილო-ბიწილო ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიმართ

რის ეშინია საქართველოს ხელისუფლებას?

396
გააზიარეთ
საქართველოს ხელისუფლების უსუსური იწილო-ბიწილო ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიმართ

გასული კვირა გურიის ლამაზ სოფელ ბუკნარში არეულობით დაიწყო. დაიწყო და გაგრძელდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ადგილობრივი მუსლიმი თემი და ქრისტიანები შერიგდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მუსლიმებმა 15 იანვარს პარასკევის ლოცვაც მშვიდობიანად აღავლინეს. ამის შემდეგრადიო თავისუფლებისქართულმა ბიურომ უკმაყოფილება გამოთქვა: ლოცვა კი აღავლინეს, მაგრამ ჩვეულებრივ სახლში და არა მეჩეთში, რადგან მეჩეთის აშენების უფლებას ხელისუფლება არ აძლევთო.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებთან, იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც საუკუნეები მოვდივართ, პრეტენზია არავის აქვს. პირიქით, სახელმწიფო ცდილობს, მათი უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს, ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებს ახორციელებს, უფასოდ ამზადებს არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ხანში შესულებსაც, მათ, ვისაც სურვილი აქვთ. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები დასაქმებულნი არიან სახელმწიფო სამსახურში, აქვთ საკუთრება, ბიზნესი, ურთიერთობები საზღვრებს გარეთ მყოფ ნათესავებთან, მოკლედ, არაფერში არ არიან შეზღუდულნი. ამასთანავე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი თუ მცირე ზომის 50-მდე მეჩეთი აშენდა და, რაღა თქმა უნდა, არც იქ ლოცვის პრობლემა აქვს ვინმეს. სადაც მეჩეთი არ არის, იქ სპეციალურად სალოცავად გამოყოფილ სახლში იკრიბებიან და ლოცულობენ მორწმუნენი, ზუსტად ისე, როგორც ბუკნარის შემთხვევაში. სხვათა შორის, ბევრ სოფელში არც მართლმადიდებლური ტაძარი დგას და სოფლის მცხოვრებნი ან გვერდით სოფელში დადიან წირვაზე დასასწრებად, ან მუნიციპალურ ცენტრში და ამას ყოველგვარი ხმაურისა და ყვირილის გარეშე აკეთებენ.

და მაინც, რა მოხდა ბუკნარში? ვიღაცამ (არავინ იცის ვინ) თქვა, რომ სოფელში მეჩეთის აშენება იგეგმებოდა, ადგილობრივებმა გააპროტესტეს, მერე მუსლიმებმაც ამოიღეს ხმა და საბოლოოდ დაპირისპირება ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ბოლოს კი გაირკვა, რომ არც ვინმე აპირებს რამის აშენებას, არც ასეთი რამ თქმულა და თემა ვიღაცამ, უბრალოდ, კარგად გამოიყენა: საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე თქვა პროვოკაციული ტყუილი, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა

ტელევიზია ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა და, როცა იქ სრულიად საქართველოს მუფთი ჩავიდა და ადგილობრივების დაშოშმინება სცადა, მაშინვე შეუძახეს: აქამდე სად იყავი, რა იცი, რას ვფიქრობთ, რა გვინდა, ეგებ ბათუმში მეჩეთის დადგმა გვსურს და ამოგვიდექი მხარშიო. იყო ეს ცხელ გულზე ნათქვამი თუ კარგად გამიზნული ფრაზა, ძნელი სათქმელია, მაგრამ…

ბუკნარში აქციაზე ბიბლიითა და ყურანით
ბუკნარში აქციაზე ბიბლიითა და ყურანით

კიდევ ვიმეორებთ: დამოუკიდებელ საქართველოში ათეულობით მეჩეთი აშენდა. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირობებში კი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთი ეკლესია არ აშენებულა. აშენებას ვინ ჩივის, რაც დგას, იმასაც წვიმა, თოვლი და ქარი აფუჭებს, იმიტომ, რომ ზოგს სახურავი არ აქვს, ზოგს _ კარი და აი, კარი რომელსაც არ აქვს, იქ საქონელიც ეფარება ხოლმე დარსა თუ ავდარში. არადა, საინგილო ქართველებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონია, აზერბაიჯანის რეგიონი, ზუსტად ისე, როგორც ქვემო ქართლია აზერბაიჯანელებით დასახლებული და აქ ანალოგიური პრობლემა, წლებია, არ ყოფილა.

საქართველოში მუსლიმებს აქვთ მეჩეთები, რომლებსაც უვლიან, ლოცულობენ, არემონტებენ და ეს ნორმალურია, ლოგიკურია. სამაგიეროდ, ალოგიკურია ის, რაც საინგილოში ხდება. ხომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ აზერბაიჯანში ახალშობილებს დაბადების მოწმობაში ქართულ სახელებს არ უწერენ. დიახ, ოფიციალურად, დოკუმენტურად იქ ბავშვს ვერც გიორგის დაარქმევ, ვერც დავითს, მარიამს, ნინოს… მუსლიმური სახელი უნდა ჩაიწეროს დაბადების მოწმობაში და შემდეგ, როცა ახალშობილს ქრისტიანულად მონათლავენ, მაშინ ურჩევენ მშობლები ქართულ სახელებს, რომელსაც შემდეგ ეძახიან, მაგრამ ოფიციალურად, საბუთებით, აზერბაიჯანული სახელები ჰქვიათ. ერთი შემთხვევა მაინც გაგიგიათ საქართველოში, რომ ვინმეს სახელის გამო პრობლემა შექმნოდეს და საჯარო რეესტრს რეგისტრაციაში არ გაეტარებინოს? არა და არც იქნება, იმიტომ, რომ ასე ხდება ცივილიზებულ სამყაროში; ასე ხდება, როცა სტუმართმოყვარე ხარ და პატივს სცემ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენ გვერდით ცხოვრობენ.

ცხოვრების დონით თუ ვიმსჯელებთ, ცივილიზაცია უფრო მეტად თუ არა, ნაკლებად არ არის შესული აზერბაიჯანში და მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არასწორია, მაგრამ მაინც ასე იქცევიან. ასე იქცევიან ერთადერთი მიზეზის გამო _ ადრე თუ გვიან, ჯერ ერთს, შემდეგ მეორეს, მესამეს მობეზრდება ასე ცხოვრება, დატოვებს იმ სახელს, რომელიც საბუთშია და ნელნელა ქართული კვალი წაიშლება ძირძველ მიწაზე. მერე არც ეკლესიების საბოლოოდ დანგრევას გააპროტესტებს ვინმე და ყველაფერთან ერთად ის საამოდ მოსასმენი ენაც გაქრება, რომლითაც ინგილოები დღემდე საუბრობენ.

საჯარო სამსახურებზე ვთქვათ. ინგილოები ამბობენ, რომ საჯარო სამსახურში დამლაგებლადაც ვერ იწყებენ მუშაობას. მათ ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვთ და არც ოცნებობენ. ისინი ან მცირე ბიზნესს მისდევენ, ან მესაქონლეობას ეწევიან, რათა როგორმე თავი ირჩინონ. იმის გაფიქრებაც კი, რომ აზერბაიჯანის მეჯლისში, შესაძლოა, ქართველი მოხვდეს და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს, უბრალოდ სასაცილოა. ცალკე თემაა მამაოები, რომლებიც საინგილოში ნახევრადჩამოშლილ ეკლესიებში ატარებენ წირვას. საპატრიარქო საქართველოდან უშვებს სასულიერო პირებს, მაგრამ აზერბაიჯანის საგარეო უწყება მხოლოდ 3-თვიან ვიზას იძლევა, შემდეგ მღვდელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება აღარ აქვს. გამოდის, რომ ადგილობრივი მრევლი შეეჩვევა მოძღვარს, მზად არის აღსარების საიდუმლო გაანდოს და… ახალი ჩადის, რომელმაც ასევე ახალი გამოცდა უნდა ჩააბაროს, ახლიდან მოიპოვოს ადგილობრივთა ნდობა.

ჰოდა, ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? რატომ არ სთხოვს საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს, რომ ზუსტად იმავე პირობებში იყვნენ იქ მცხოვრები ქრისტიანები, როგორშიც აქ არიან მუსლიმები? იმას ხომ არ ვამბობთ, რომ მათ აქ მდგომარეობა უნდა გავუუარესოთ და ამით ვივაჭროთ?! არა, პირიქით, სამაგალითოდ უნდა გვქონდეს ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობაზე უნდა ავაგებინოთ იქაური ურთიერთობა. მაგრამ არა, ქართული სახელმწიფო ხმას არ იღებს და აგერ, დავითგარეჯის საქმეც ისე დაკონსერვდა, კარგა ხანს არავის გაახსენდება. ისევ ვერ ადის მრევლი სალოცავად სადავო ტერიტორიაზე, ისევ დანის პირზე დადიან ბერები და ვითომ ყველაფერი რიგზეა, ვითომ არაფერი ხდება, ხმას არავინ არ იღებს. მაგრამ რიგითი მოქალაქე თუ ავიდა და ეს ყველაფერი გააპროტესტა, პროვოკატორად მონათლავენ, შუღლის გაღვიებაში დაადანაშაულებენ. არადა, ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, მხოლოდ ლოცვა გვსურს და ლოცვა იქ, სადაც საუკუნეებია ქართველი ბერები ლოცულობენ.

არ გამოვა ასე ურთიერთობა მეზობლებთან. თუ სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით და ერთმანეთის ქებით ლიდერებს ენა ეღლებათ, მაშინ უნდა დასხდნენ და იმ პირობებზე დაილაპარაკონ, რომლებიც ერთნაირი უნდა იყოს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აქ მცხოვრები მუსლიმებისთვის. იგივე უნდა გაკეთდეს თურქეთის მიმართაც. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო წლების განმავლობაში თურქ მაღალჩინოსნებს “წამოსცდებათ” ხოლმე, რომ აჭარის ტერიტორიების დიდი ნაწილი მათი იყო, რომ ბათუმი მალე ისევ მათი გახდება და ამაზეც, მწვავე რეაქციის ნაცვლად, ჩვენი ხელისუფლება დიპლომატიურ იწილო-ბიწილოს ამჯობინებს. ეს კი რეალურად, დიპლომატიის კი არა, შიშის გამოხატულებაა, დათმობის მზადყოფნის გამოხატულებაა და ამის ბრალია, ვისაც არ ეზარება, ყველა მიწას რომ გვედავება. ჰო, ამ ამბავში მთავარი არის ის, რომ მას, ვინც მიწას გვედავება, სტრატეგიულ პარტნიორებს ვუწოდებთ, ერთადერთ მტრად კი რუსეთი გვყავს გამოცხადებული. რუსეთია ოკუპანტი და აზერბაიჯანი არა? და მერე რა, თუ იმავე აზერბაიჯანმა გარეჯის მიმდებარედ ახალი ყაზარმა ააშენა, ჯარი ჩააყენა და იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცოტა ხნის წინათ თავისუფლად დავდიოდით, ახლა აღარ გვიშვებენ. ეს ოკუპაცია კი არა, ეს თურმე სტრატეგიული პარტნიორობაა.

თუ ასე გაგრძელდება, შორს არ არის ის დრო, როცა ხელისუფლებას არავინ არაფერს შეეკითხება, არც საერთაშორისო ასპარეზზე გაითვალისწინებენ და ქართული პასპორტი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსუსური საბუთი იქნება; საბუთი ქვეყნის მოქალაქისა, რომელიც შეგიძლია მარტივად დაჩაგრო და დამამცირებელ პირობებში ამყოფო.

ჩვენ, რიგითი ადამიანები _ მართლმადიდებლები და მუსლიმები, ისევ გავაგრძელებთ საქართველოში მეგობრობას, ისევ გავტეხთ პურს და ყველს ერთ მაგიდაზე, მაგრამ მარტო ამით საქართველო მეზობლებს პოლიტიკას ვერ შეაცვლევინებს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. დავუჯეროთ კათოლიკოს-პატრიარქს და სასწრაფოდ აღვადგინოთ ძმური ურთიერთობები ერთმორწმუნე რუსეთთან და მაშინვე მოგვარდება საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები.

  2. მერემდენედ დგება საქართველო ტრაგიკული არჩევანის წინაშე სცილასა და ქარბიდას შორის.ამიტომაცაა სასიცოცხლოდ აუცილებელი მთავრობაში ზედმიწევნით მცოდნე, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა და არა სხვისი ხელის შემყურე, სხვის დაკრულზე მოცეკვავე,საკუთარ კეთილდღეობაზე გადაგებული ადამიანებისა. ვაი,რომ ასეთები მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელნი გვყვავს და ისევ ღვთის იმედად ვართ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here