Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების გარდაუვალობა

საქართველოს რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების გარდაუვალობა

1645
საქართველოს რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების გარდაუვალობა

თუ საერთაშორისო ურთიერთობათა ბრიტანელ სპეციალისტ რობინ ნიბლეტს დავესესხებით, საერთაშორისო პოლიტიკური ლანდშაფტი გლობალიზაციის პროცესის შეფერხებისა და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიზისული ფაზის საწყის ეტაპს გადის. მისი აზრით, თანამედროვე მსოფლიო მიექანება ორი საგარეოპოლიტიკური დოქტრინის იდეური კონფლიქტისკენ, რომელშიც, ერთი მხრივ, გლობალიზმი (ლიბერალიზმი) და, მეორე მხრივ, კონსერვატორული სახელმწიფო ცენტრიზმი (სუვერენულობა) დაუპირისპირდება ერთმანეთს და რომელზეც მომავალში აიგება საერთაშორისო სისტემის დიალექტიკა.

ამასთანავე, ყველა ავტორიტეტული სპეციალისტი აღიარებს, რომ მოცემული მიმართულებით საერთაშორისო პოლიტიკის თანმიმდევრული ცვლილების უმთავრესი კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოხსენებამ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე 2007 წელს მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე. აღნიშნულ მოხსენებაში მან ერთმნიშვნელოვნად გააკრიტიკა გლობალიზაციის ამერიკული პროექტი, რომელიც ერთპოლუსიანი მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ფარგლებში გულისხმობს ერების უნიფიკაციისა და კულტურული სტანდარტიზაციისკენ სწრაფვას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უმთავრეს კონცეფციურ პრინციპს წარმოადგენდა საერთაშორისო პოლიტიკის კონსერვატიული პრიზმიდან აღქმა, სადაც სახელწმიფოთაშორისი ურთიერთობა უნდა დაქვემდებარებოდა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემასა და სუვერენიტეტის გამოცხადებას უმთავრეს ღირებულებად.

შესაბამისად, მსოფლიო პოლიტიკაში ორი საგარეო პოლიტიკური ალტერნატივის დაპირისპირების ფარგლებში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოსაც, მოუწევთ, განსაზღვრონ თავიანთი ადგილი იდეოლოგიური ბარიკადების ამა თუ იმ მხარეს. უახლოეს ხანებში ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დადგება ქართული სახელმწიფოს წინაშე, რომელიც, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ურთულეს გეოპოლიტიკურ ზონაში იმყოფება.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შევეცდები, ჰეგელის დიალექტიკური ლოგიკის გამოყენებითა და მისი მეთოდოლოგიის მმართველი ელიტების საგარეო-პოლიტიკური კურსის პრაქტიკულ რეალიზაციაზე მატერიალიზაციით მოვახდინო პოსტსაბჭოთა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის პროგნოზირება. აქვე აღვნიშნავ, რომ დიალექტიკა წარმოადგენს მოძღვრებას პოლარულად დაპირისპირებულთა ერთიანობის ფარგლებში საზოგადოებისა და ადამიანთა აზროვნების, ხოლო ჩვენ შემთხვევაში, საგარეო-პოლიტიკური მიმართულების განვითარების ზოგადი კანონების მოძრაობაში. რაც შეეხება დიალექტიკურ მოძრაობას, იგი გულისხმობს, ისტორიული პროცესის ობიექტურ კანონზომიერებაზე დაფუძნებულ არა სწორხაზოვან, არამედ სპირალისებური რგოლების მსგავს თანმიმდევრულ და დაუსრულებელ სვლას, როცა ისტორიული მოძრაობისას წარმოებული ყოველი ახალი ხვეული მას აბრუნებს საწყის მდგომარეობაში, ოღონდ პოლიტიკური განვითარების უფრო მაღალ სტადიაზე გადასვლით.

დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სუბიექტის ფორმირების მცდელობა

საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დე ფაქტო გამოყოფის საწყის წლებში პირველი პრეზიდენტის გარშემო მობილიზებული პოლიტიკური ელიტის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია ბუნდოვანი იყო, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ ეტაპზე ფორმირებული მმართველი ელიტის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ხანმოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ზვიად გამსახურდიას თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე იდეის დონეზე მაინც ჰქონდა კონსტრუირებული ის საგარეოპოლიტიკური ორიენტირები, რომელთა რეალიზაციასაც ცდილობდა საერთაშორისო ასპარეზზე.

მმართველობის პირველ პერიოდში საქართველოს იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტა არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით იძულებული იყო, წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით გაეტარებინა შეერთებულ შტატებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული საბჭოთა სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია პოლიტიკურად, ეკონომიკურად, აგრეთვე, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით უკიდურესად დასუსტებული და დემორალიზებული გახლდათ. მას არ შესწევდა უნარი, დამოუკიდებლად დაეცვა თავისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები მისი კონკურენტი გეოპოლიტიკური აქტორის წინაშე, ამიტომ, როდესაც რუსეთის ფედერაცია რეგიონიდან ფაქტობრივი გასვლის რეჟიმში იმყოფებოდა, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი პატარა და სუსტი სახელმწიფოს მმართველ ელიტას, უნდა ემოქმედა პრაგმატული და რეალური პოლიტიკის პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებიც გულისხმობდა ახალი, ძლიერი და დიდი მოკავშირის გეოპოლიტიკურ ფარვატერში გადასვლას. ეს იმ ვითარებაში, როდესაცცივ ომშიგამარჯვებული უმსხვილესი გეოპოლიტიკური აქტორი აშშ ფაქტობრივი კონკურენტის არარსებობის პირობებში და უნიპოლარული საერთაშორისო სისტემის ფარგლებში ცდილობდა რეგიონის გეოპოლიტიკურ ათვისებას.

მაგრამ მოგვიანებით, შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილთან ურთიერთობის გართულების შემდგომ პერიოდში, ზვიად გამსახურდიას საგარეო-პოლიტიკურმა ვექტორმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა, რომელიც გამოიხატებოდა ერთიანი კავკასიის შექმნის იდეაში “კავკასიური სახლის” სახით.

1991 წლიდან, როდესაც ზვიად გამსახურდიამკავკასიური სახლისა და კავკასიელთა ერთობისიდეის ქადაგება დაიწყო, ეს იმდროინდელი ხელისუფლების სახელმწიფო იდეოლოგიადაც კი იქცა. გამსახურდია ამბობდა: “ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი გათავისუფლება იმპერიათა მარწუხებისაგან…” მოცემული წინადადება იმისი ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ პროექტის ავტორის მიზანს წარმოადგენდა სრულიად ახალი გეოპოლიტიკური მოდელის შექმნა ერთიანი კავკასიის იდეაზე სწორებით, ეს კი უნდა მომხდარიყო კავკასიის სხვადასხვა ეთნოპოლიტიკური სუბიექტის კონსოლიდაციის საფუძველზე და, რომლის მიზანი იქნებოდა გლობალურ დონეზე დამოუკიდებელი, ყველა გარე ძალისგან თავისუფალი გეოპოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება.

ყოველ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიას პერიოდის პოლიტიკური ელიტის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, იძულებითი პრაგმატიზმისა თუ ნებელობითი ფორმის გათვალისწინებით, შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ლიბერალურ-გლობალისტური გეოპოლიტიკური ფარვარტერიდან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების მცდელობაზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ ვექტორად. ამან ზვიად გამსახურდიას კონსერვატიულ-ნაციონალისტური პოლიტიკური ელიტის მიმართ შეერთებული შტატების ლიბერალური პოლიტიკური კლასის დამოკიდებულების პოზიტიურიდან ნეგატიური მიმართულებით ცვლილება გამოიწვია, რასაც საბოლოოდ, კანონიერი ხელისუფლების დამხობაც მოჰყვა. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ზვიად გამსახურდიას მიერ “რადიო თავისუფლებისათვის” მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდი: “შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან, აშშის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის, პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვაკურთხევით”.

შენიღბული ბალანსირებიდან აქტიურ პროდასავლურ ვექტორზე გადართვა

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, საგარეო პოლიტიკის განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა მმართველ პოლიტიკურ ელიტაში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესთა ბალანსი, რომელიც ეყრდნობოდა მოცემულ პოლიტიკურ ჯგუფთა კონფიგურაციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურის იერარქიული კიბის ზედა საფეხურზე. ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური ძალების კონფიგურაციაზე დაყრდნობით და მათ უკან მდგომი გლობალური პოლიტიკური ძალების ინტერესთა გათვალისწინებით ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა, განესაზღვრა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ვექტორი.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკური კურსის ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ იგი გახლდათ ის პოლიტიკური პერსონა, რომელიც არა იდეის დონეზე, არამედ პრაქტიკული ნაბიჯების საფუძველზე შეუდგა პროდასავლური და, უპირატესად, პროამერიკული საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციას, მაგრამ მის საგარეო-პოლიტიკურ ნაბიჯებზე დაკვირვებისას, მმართველობის პირველ პერიოდში (გარედან დაკვირვების საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა) მისი საგარეო-პოლიტიკური კურსი ორიენტირებული იყო რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის ინტერესთა წონასწორობის მექანიზმზე დაფუძნებული პრინციპის დაცვაზე.

მაგრამ შევარდნაძის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ანალიზი არ იძლევა საშუალებას, ზუსტად და მკაფიოდ განვსაზღვროთ მისი რეალური საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, ვინაიდან იგი მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მოქმედებდა შემდეგი პოლიტიკური ფორმულით: ერთს ამბობდა, მეორეს ფიქრობდა და მესამეს აკეთებდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ფორმულის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და არამც და არამც ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედება.

ამიტომ ედუარდ შევარდნაძისა და მის გარშემო კონსოლიდირებული პოლიტიკური კლასის საგარეო პოლიტიკა მაინც უნდა შეფასდეს ურთიერთდაბალანსების პრინციპით შენიღბულ, პროამერიკულ საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციად; თანაც, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველო ჩაება იმ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროექტებში, რომელთა “დამპროექტებელიც” გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატები. ამაზე მეტყველებს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, 1999 წელს, საქართველოს შესვლა ევროპის საბჭოში და საქართველოს ჩართვა ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

თუ მმართველობის პირველ ხუთწლედში შევარდნაძე და მის გარშემო კონსოლიდირებული პოლიტიკური ელიტა ცდილობდა, საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია შეენიღბა და კურსის მკაფიო ფორმა არ გამოეკვეთა, მეორე ვადით არჩევის შემდეგ მმართველი კლასის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი უფრო მკაფიო და აშკარად პროდასავლურ გეოპოლიტიკურ ფარვატერში ჩაჯდა. ამას მოწმობს 2002 წლის ნოემბერში შევარდნაძის განცხადება, რომლითაც მან სურვილი გამოთქვა ნატოში ინტეგრაციაზე. იმავე წელს სამხედრო თანამშრომლობის კუთხით აქტიურად იწყება ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმავე პერიოდში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით, ამერიკის მთავრობა იწყებს წვრთნისა და აღჭურვის 64-მილიონიან პროგრამას. ქართული არმიის ნატოს სტანდარტებზე გადაყვანის მცდელობა პირდაპირპროპორციულად გულისხმობდა საქართველოს სამხედრო უწყებაში ამერიკის როლისა და გავლენის ზრდას, რომელმაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერებას საქართველოზე.

ე.წ. ვარდების რევოლუციის პროდუქტი პოლიტიკური ელიტის უმთავრესი პოლიტიკური პრიორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებში, დასავლურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ორიენტაციით განისაზღვრა. მიხეილ სააკაშვილმა და მის გარშემო ფორმირებულმა პოლიტიკურმა ელიტამ შეერთებულ შტატებზე ორიენტირებული საქართველოს საგარეო პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში აიყვანა და, ექსპერტების აზრით, რადიკალური სვლა ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ მათი პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა.

აღნიშნული მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სვლის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი და ხელშემწყობი ფაქტორი იყო ჯორჯ ბუში-უმცროსის ოფიციალური ვიზიტი თბილისში 2005 წლის 10 მაისს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიან მიტინგზე წარმოთქმული სიტყვიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი ცხადყოფს შეერთებული შტატების მხრიდან ქართული სახელმწიფოს მიმართ მძლავრ დაინტერესებას: “ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს ნატოში გაწევრებას…”

საქართველოს რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების გარდაუვალობა

შეერთებულ შტატებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რომელიც ქართველ საზოგადოებას მიეწოდებოდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციით, მმართველი ელიტა პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა საშინაო და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით.

საქართველოს “პოსტრევოლუციური” რეფორმების დინამიკაზე დაკვირვებით ნათლად გამოჩნდა საშინაო პოლიტიკის ის უმთავრესი ასპექტები, რომელთა საფუძველზეც უნდა მომხდარიყო ქართველი ერის კულტურული ინტეგრაცია მსოფლიოს ერთიან სოციო-კულტურულ (ლიბერალურ) სივრცეში. სოციალური ინჟინერიის მეშვეობით განხორციელებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის პროცესი დაეფუძნა ულტრალიბერალური სოციალურ-პოლიტიკური იდეების ტოტალურ დანერგვას, რომელიც ხშირად პოლიტიკური კლასის მიერ მიმდინარეობდა ვოლუნტარისტულად, ადგილობრივი პირობებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლად.

ქართველი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდული ნაწილის, სოციალური ინჟინერია დაეყრდნო სოციალიზაციის შემდეგ პრინციპებს: ეროვნული თვითშეგნების ინდივიდუალიზაციას, აზროვნების ინტერნაციონალიზაციასა და ზოგადსაკაცობრიო ცნობიერების ჩამოყალიბებას. აღნიშნულმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ადგილობრივი ლიბერალური ელიტების, გლობალიზაციის კულტურული იმპულსების გამავრცელებელი ძალის ცენტრისადმი _ ამერიკისადმი აბსოლუტურ მორჩილებას. ამან საქართველოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობადამოუკიდებელი სუბიექტის, ფაქტობრივი დესუვერენიზაცია გამოიწვია.

ამასთანავე, საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურის თითქმის ყველა რგოლი, საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ახორციელებდა ურთიერთობათა აქტიური დაახლოების პოლიტიკას. მოცემულ პერიოდში საქართველო მონაწილეობდა ნატოს ეგიდით ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში, რითაც მმართველი კლასი ცდას არ აკლებს, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის მესვეურებს დაუმტკიცოს საკუთარი ლოიალურობა და მზადყოფნა მასში გასაწევრებლად.

სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით. იმავე პერიოდში, ნატოს კავკასიური პოლიტიკის დღის წესრიგის ფარგლებში, განიხილებოდა საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მინიჭების საკითხი, რომელიც ალიანსში შესვლის წინა ფაზას წარმოადგენს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხს აქტიურად ლობირებდა ამერიკული მხარე.

ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ევოლუციამ შეერთებული შტატების მოკავშირეობის მიმართულებით პარალელურად განაპირობა რეგრესული დინამიკა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ამან, თავის მხრივ, გაამძაფრა ანტაგონისტური დამოკიდებულება ორ სახელმწიფოს შორის. რუსეთსაქართველოს შორის ანტაგონიზმმა და მტრულმა ურთიერთდამოკიდებულებამ აპოგეას 2008 წელს მიაღწია, რომელიც საბოლოოდ ომით დასრულდა.

აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისა და მის გარშემო ფორმირებული პოლიტიკური ელიტის მიერ თეორიულ დონეზე ატაცებულმა და პრაქტიკაში იმპლემენტებულმა პროდასავლურმა საგარეო-პოლიტიკურმა სტრატეგიამ სრული ფიასკო განიცადა. ეს იმიტომ, რომ ზემოთ მიმოხილულმა საგარეო-პოლიტიკურმა ორიენტაციამ ვერ დაიცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, კერძოდ, ვერ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა.

სპირალის რგოლისებრი წრის შეკვრა და ახალი ციკლის დაწყება

მიხეილ სააკაშვილისა და მისი დასაყრდენი პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოებული საგარეო-პოლიტიკური კურსის სრული ჩავარდნის პირობებში საქართველოში გაჩნდა მოთხოვნა აღნიშნული კურსის კორექტირებისა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვებისა და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს გაპრემიერმინისტრების შემდეგ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის ლიდერი ეტაპობრივად შეეცადა ზომიერი საგარეო პოლიტიკის განხორციელებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მიმართ ზომიერი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის წარმოებით “ქართული ოცნების” ლიდერების ამოცანას წარმოადგენდა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ურთულეს რეგიონში მიეღწიათ ერთგვარი სტრატეგიული ბალანსისთვის, რომლის მიზანი იყო გაუთვალისწინებელი რეგიონული გეოპოლიტიკური პროცესებისა და კონფლიქტისთვის თავის არიდება. ისინი საგარეო პოლიტიკის დაბალანსებას შეეცადნენ ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ელიტისგან განსხვავებით, შეარბილეს პოლიტიკური რიტორიკა რუსეთის სახელმწიფოს მიმართ; ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის შევსებაგანახლებასა და ფორმირებას შეუდგნენ იმ ადამიანური რესურსებისგან, რომელთა აზროვნება ლიბერალური იდეებით იყო გაჟღენთილი და რომელთა საგარეოპოლიტიკური ხედვები დასავლეთისა და, უპირატესად, შეერთებული შტატების მიმართულებით იყო ორიენტირებული. ამ პოლიტიკური ნაბიჯის ამოცანა მდგომარეობდა შემდეგში: არ მომხდარიყო, საზოგადოდ, დასავლეთისა და შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტებლიშმენტის განაწყენება და მათიგადამტერებამმართველ ელიტაზე. “ქართული ოცნებისადა მისი ლიდერის პოლიტიკამ, მმართველობის პირველ წლებში შეძლებისდაგვარად გაამართლა, ვინაიდან კონფლიქტის განახლების შანსები, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანა, მოხდა რუსეთის ფედერაციასთან კულტურულჰუმანიტარულ დონეზე ურთიერთობების აღდგენა და, რაც მთავარია, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის გაიხსნა გასაღების ბაზარი რუსეთში, რომელსაც ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაიწყო რუსულქართული სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციაჟენევის ფორმატისფარგლებში.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ქართული ოცნება” იდეოლოგიური და ღირებულებითი ორიენტაციის თვალსაზრისით წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში შექმნილ ისეთ კონგლომერატს, რომელშიც შედიან ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რაც, თავის მხრივ, აისახება მმართველი ელიტის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე და ხელშემწყობი ფაქტორის როლში გამოდის საგარეო პოლიტიკის მეტ-ნაკლები დაბალანსების კუთხით.

დღევანდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული საგარო-პოლიტიკური სვლა უკვე შეიძლება განისაზღვროს სპირალის ხვეულის მოძრაობის პრინციპად. როდესაც იგი, საგარეო პოლიტიკის წარმოების მხრივ, წრიულად უკან იხევს და მიახლოებით შევარდნაძის მმართველობის პირველი ეტაპის ანალოგს წარმოადგენს, რაც შეფარული და გეოპოლიტიკური დაბალანსების ზღვარზე ფუნქციონირების მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის, კერძოდ, ლიბერალურ-გლობალისტურ მსოფლმხედველობრივ პოზიციაზე მყოფი მოქალაქეების აღშფოთება და ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებსაც ბიძგი მისცა საქართველოს პარლამენტის შენობაში 20 ივნისს მომხდარმა ფაქტმა: როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან რეგლამენტით გათვალისწინებული სესია გახსნა.

თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მმართველი კლასი გაკოტრებულია არა მხოლოდ ლიბერალური ნაწილის, არამედ თითქმის საზოგადოების შიგნით არსებული ყველა სოციალური სეგმენტის თვალში, რამაც მეორე საარჩევნო ვადის ბოლო წელიწადს იგი აიძულა, შერეული საარჩევნო სისტემიდან გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე ბუნებრივი საარჩევნო ბარიერით. ამით, ერთი მხრივ, მმართველი ელიტა შეეცადა ხალხის მასებიდან მის მიმართ წამოსული ნეგატივის ჩაცხრობასა და განეიტრალებას; ხოლო, მეორე მხრივ, მან ხელი შეუწყო ლიბერალური პოლიტიკური კლასის მიერ დახურული პოლიტიკური სისტემის გახსნას. მისი ღიაობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს ანტილიბერალურ იდეოლოგიურ პოზიციაზე მყოფი საზოგადოებრივპოლიტიკური ჯგუფების გამოჩენას პოლიტიკური ასპარეზზე. რითაც პოლიტიკური ვითარება დაუბრუნდება საქართველოს დასავლურ ლიბერალურ სტრუქტურებში იურიდიულ ინტეგრაციაზე აგებულ საგარეო პოლიტიკური იდეის საწყის სტადიას, როდესაც 2020-2024 წლების პარლამენტი, მისი მრავალპარტიული ბუნებიდან გამომდინარე, 1992-1995 წლების საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ანალოგი გახდება, თუმცა იდეურად შებრუნებული მდგომარეობით. ასეთ დროს პოლიტიკური პროცესი უკვე მოძრაობს არა წინ, არამედ წინიდან უკან _ სპირალის დაღმავალი ხვეული რგოლის შეკვრის მიმართულებით.

2020 წლის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, გარდაიქმნება მრავალ პატარ-პატარა პოლიტიკურ ჯგუფად დაჩეხილ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესების გამომხატველი პერსონებით დაკომპლექტდება. მიუხედავად პარტიათა სიმრავლისა, პოლიტიკური ძალების კონფიგურაციის ფორმირება მოხდება ორი იდეოლოგიური ფლანგის გარშემო მობილიზაციის საფუძველზე. ერთ მხარეს დაჯგუფდებიან პროამერიკულ ლიბერალურ-გლობალისტურ მსოფლმხედველობრივ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები, ხოლო მის საპირისპირო მხარეს _ კონსერვატიულ რუსეთზე ორიენტირებული “სუვერენიტეტისტი” კონსევრატორები.

თუ ობიექტურ დიალექტიკურ კანონს დავეყრდნობით, პარლამენტის ფუნქციონირების აღნიშნული პოლიტიკურ პოლარიზაციაზე დაფუძნებული კონფრონტაციული მოდელი 2024 წლამდე გაგრძლედება, როცა დასავლურ ლიბერალურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე კონსტრუირებული საგარეო-პოლიტიკური იდეა დაჩქარებული გაკოტრების პიკს მიაღწევს. ასეთ ვითარებაში, საზოგადოების განვითარების ობიექტური კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დელეგიტიმირებული და განძარცვული იდეის ადგილს დაიკავებს ალტერნატიული საგარეო-პოლიტიკური იდეა, რომელიც ახალი დიალექტიკური ციკლის დაწყების საწინდარი იქნება. ამ სიტუაციამ, წესით, რუსულ-ქართული ურთიერთობა თვისობრივად განახლებულ და სტადიური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აიყვანოს. დიალექტიკური კანონის გათვალისწინებით, თუ წინა პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაფუძნებული იყო საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთკავშირის პრინციპზე, ახალი ციკლის პირობებში რუსეთთან სტარტეგიული დაახლოების პროცესი გადავა უფრო მაღალი სტატუსის მქონე სუბეიექტების, კერძოდ, სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ფარგლებში.

ირაკლი უბილავა,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here