Home რუბრიკები ისტორია სარდიონ ნადარაია: მე შევხვედრივარ სტალინს

სარდიონ ნადარაია: მე შევხვედრივარ სტალინს

2335
იოსებ სტალინი სოხუმში. მარჯვნიდან პირველი ნესტორ ლაკობა

დღეს ვასრულებთ ჩეკისტების პირველი თაობის წარმომადგენლის _ ლავრენტი ბერიას პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ სარდიონ ნადარაიას ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომლებიც იუსტიციის გენერალმა ვახტანგ გვარამიამ რედაქციას გადმოსცა. პირველი პუბლიკაცია (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #8) მთავრდებოდა გაგრაში იოსებ სტალინის პატივსაცემად გამართული ვახშმის აღწერით.

“სტალინი აიღებს ცარიელ ჭიქას, ვითომ ვერ შენიშნავს, რომ სასმისში ღვინო არ ასხია და იტყვის:

_ გაუმარჯოს მამულიას.

მამულია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.

ყველა სახტად დარჩა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

სტალინმა ჭიქა პირთან მიიტანა და თითქოს ახლაღა შეამჩნია, რომ სასმისი ცარიელი იყო, მომიბრუნდა (მისგან 2-3 ნაბიჯში ვიდექი) და მითხრა:

_ ამხანაგო, ჭიქაში ღვინო რატომ არ ასხია? ამ კაცს (იგულისხმა მამულია) ბედი რომ არ აქვს, განა ჩემი ბრალია?!

და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო.

ლაკობა სხვებზე ადრე მიხვდა, რაშიც იყო საქმე, გულის ჯიბეებზე ხელი წაივლო, ჩამოგლიჯა პერანგს და საბუთებთან ერთად სუფრაზე დაყარა:

_ ამჟანაგო კობა, არ მინდა, რომ ჯიბეში მამულიას ხელმოწერილი საბუთები მედოს.

_ ჯიბეებს რას ერჩოდი, გამოგადგებოდა, _ უპასუხა სტალინმა.

ვახშამი დილის სამ საათამდე გაგრძელდა. სტუმრებმა დაშლა რომ დაიწყეს, ბერიამ სტალინს მიმართა:

_ ნება მომეცით, კაცურად გაკოცოთ.

სტალინმა ლოყა მიუშვირა. ორივენი ერთმანეთს კაცურად გადაეხვივნენ.

მეორე დილით იმ სახლის ეზოში ვიდექი, სადაც სტალინი ისვენებდა. დაცვის უფროსმა მთხოვა: გეთაყვა, ჭიშკარში გადით. დაინახავთ ორ კაცს, რომლებიც თბილისიდან არიან ჩამოსულები და სტალინის ნახვა სურთ.

გავედი, ის ორი კაცი მომიახლოვდა. ერთ-ერთი ვიცანი, ვასო ქურდაძე იყო, მეორე პარკაძედ წარმომიდგა. ორივემ განმიცხადა, რომ სტალინი მათ იატაკქვეშეთში მუშაობის დროიდან იცნობს, და თუ მოვახსენებთ, რომ ველოდებით, აუცილებლად მიგვიღებსო.

დავპირდი, რომ ყველაფერს მოვახსენებ ნესტორ ლაკობას, ის კი, თავის მხრივ, სტალინს შეუთანხმდება-თქო, და მოცდა ვთხოვე.

ავედი მეორე სართულზე და ყველაფერი წვრილად მოვუყევი ლაკობას. ნესტორს სმენა დაქვეითებული ჰქონდა და სპეციალური ყურსასმენით მისმენდა. შევატყვე, რომ ყველაფერი კარგად გაიგო.

ლაკობა სტალინთან შევიდა და, როცა მისგან გამოვიდა, მითხრა, რომ მოვახსენე, მაგრამ არაფერი მიპასუხა. ე.ი. მათი მიღება არ სურსო. ცოტა ხანში აივანზე გამოვა და თუ გინდა, შენ თვითონ მოახსენეო. ვნახოთ, რას გეტყვის.

მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ სტალინი გამოვიდა აივანზე. დავაყოვნე და მივმართე:

_ ამხანაგო კობა, თბილისიდან ორი ძველი ბოლშევიკი ჩამოვიდა და მიღებას გთხოვენ.

მეკითხება:

_ ვინ არიან?

ვუპასუხებ:

_ ერთი ვასო ქურდაძეა, მეორე _ პარკაძე, ორივენი გორიდან არიან. პარკაძე საშუალო სიმაღლისაა, დაახლოებით 45 წლის, სახეზე ნაყვავილარი ეტყობა.

_ ვიცნობ, გორის სემინარიაში ერთად ვსწავლობდით.

მეტი არაფერი უთქვამს.

ლაკობამ გამიხმო და მეუბნება:

_ უთხარი იმათ, რომ სტალინს სძინავს, წავიდნენ სასტუმროში, დაისვენონ. ხვალ მოვახსენებთ და მიიღებს.

გავედი ქუჩაში და გადავეცი დანაბარები.

საღამო იყო. ერთ საათში დაბნელდა. სტალინმა, როგორც ჩანს, სოჭში, თავის რეზიდენციაში დაბრუნება გადაწყვიტა. გამოვიდა გამცილებლებთან ერთად და, როცა მანქანაში დააპირა ჩაჯდომა, გამოჩნდნენ ქურდაძე და პარკაძე და მიეახლნენ. სტალინი გულღიად მიესალმა სტუმრებს, ესაუბრა. შემდეგ ჩაჯდა მანქანაში და სოჭში გაემგზავრა. ბერია, ლაკობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, მათ შორის, მეც ჩემი “გაზიკით” უკან გავყევით.

სოჭში, სტალინის რეზიდენციის ეზოში ერთი საათის განმავლობაში დავისვენეთ. ვტკბებოდით მშვენიერი ღამის სიმშვიდით. სწორედ მაშინ მომიყვა ლაკობა იმ მიზეზის შესახებ, რატომაც არ სურდა სტალინს ქურდაძესთან შეხვედრა.

1927 წელს სტალინმა მოსკოვში, თავის სახლში მიიღო და უმასპინძლა ქურდაძეს და მის ცოლს. ის ქალბატონი თავის დროზე სილამაზით იყო განთქმული. ქურდაძეზე მეორედ გათხოვდა. ამ სტუმრობის შემდეგ ქურდაძეს თავის მეგობრებში დაუტრაბახებია, რომ სტალინმა მისი ცოლის სადღეგრძელო ჩაის ჭიქით დალია. ამ ჭორმა სტალინამდე მიაღწია და, როგორც ჩანს, ამიტომ არ ისურვა გაგრაში ქურდაძესთან შეხვედრა.

დაახლოებით ერთ საათში სტალინის მეუღლემ სავახშმოდ მიგვიპატიჟა. დარბაზში რომ შევედით, სტალინმა ბერიას მიმართა:

_ კეთილი ინებეთ, უმასპინძლეთ სტუმრებს.

თვითონ პატეფონს მიუჯდა და ფირფიტებს ცვლიდა. ჩანდა, რომ წუხანდელის შემდეგ დაღლილი იყო. სხვებსაც არ ეტყობოდათ, რომ ჭამა-სმა სურდათ. წარმოთქვეს ორი სადღეგრძელო: პირველი _ სტალინისა და მისი მეუღლის, მეორე _ სტუმრების. ვახშამი დიდხანს არ გაგრძელებულა, დაახლოებით ერთ საათში წამოვიშალეთ. სტალინმა ეზომდე ჩაგვაცილა და ყველას სათითაოდ გამოგვემშვიდობა. ჩავსხედით მანქანებში და გაგრაში დავბრუნდით. ბერია იქ დარჩა.

* * *

მეორედ სტალინი გაგრაში 1931 წლის შუა ოქტომბერში ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლა წინამორბედივით მოულოდნელი იყო _ დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ სოჭიდან გაგრის მიმართულებით გამოემგზავრა იოსებ სტალინი.

დაუყოვნებლივ დავუკავშირდი სოხუმს, ლაკობასთვის რომ გადამეცა ეს ინფორმაცია, მაგრამ იგი ადგილზე არ აღმოჩნდა.

საღამო იყო, მზის ჩასვლის ჟამი.

სტალინი სერგეი კიროვთან ერთად ჩამოვიდა გაგრაში და ლაკობას სახელობის (დასასვენებელ) სახლში დაბინავდა.

ამ დროს ციტრუსები მწიფობაში შედის. ბაღებს ნარინჯისფერი ამკობს და ახალისებს. სტალინმა თვალი მოავლო მანდარინის ბაღს და თქვა:

_ ეტყობა, მანდარინები თქვენთან შესანიშნავ მდგომარეობაშია, მაგრამ ლიმონის ნარგავებს ვერ ვხედავ.

ვუპასუხე:

_ სპეციალისტები ამბობენ, რომ აქ ღია გრუნტში ლიმონი ვერ იხარებს, ყინვა დაღუპავს, ამიტომ არ არის.

სტალინი შედგა და დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის სუბტროპიკული კულტურების გაშენება, განსაკუთრებით, ჩაის, მანდარინისა და ლიმონის. ხაზგასმით ილაპარაკა ლიმონის სარგებლიანობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ..

დიდი ყურადღებით უსმენდა კიროვი სტალინის საუბარს.

_ მოგვიწევს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, _ დაასკვნა სტალინმა.

2 საათის შემდეგ სოხუმიდან ჩამოვიდა ლაკობა, მეორე დილას კი თბილისიდან ჩამოვიდნენ საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ქართველიშვილი და სომხეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ხანჯიანი. სტალინმა მიიღო ისინი და მათთან საქმიანი საუბარი გამართა.

დაახლოებით დილის 11 საათზე მეორე სართულის აივანზე სტუმრები სასაუზმოდ მიიწვიეს. ესწრებოდნენ: სტალინი, კიროვი, ლაკობა, მგალობლიშვილი, ხანჯიანი.

შუა საუზმის დროს რაღაც მკვრივი საგნის იატაკზე დავარდნის ყრუ ხმა გაისმა. ავვარდი ზემო სართულზე. ვხედავ, ყველაფერი თავის ადგილზეა, იატაკზე კი მზარეულის დანა გდია. შემოირბინა ოფიციანტმა, აიღო დანა. სტალინმა გამოართვა და ასეთ საინტერესო ამბავს მოგვიყვა.

1903 წელს ქუთაისის ციხეში იგი ცალკე საკანში იყო იზოლირებული. თვითმკვლელობის სიმულაციას შეეცადა _ მარცხენა ხელზე ვენების გადაჭრას და ამ მიზეზით ციხის საავადმყოფოში მოხვედრას. იქ თანამოაზრეები ეგულებოდა, რომლებსაც გაქცევის მოწყობა შეეძლოთ, მაგრამ დანა, რომლითაც ჭრილობის მიყენებას შეეცადა, ბლაგვი აღმოჩნდა და ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. გაიხსენა ეს ამბავი სტალინმა და დანა იატაკზე დააგდო.

ამ დროს გაგრას თბომავალი “აფხაზია” მოადგა, რაც საყვირით გვამცნო. სტალინი ადგილობრივებს შეეკითხა, როგორ მუშაობსო საბჭოთა წარმოების თბომავლები. ლაკობამ უპასუხა, რომ დიზელების გაუმართაობის მიზეზით ჩვენი თბომავლები ხშირად მწყობრიდან გამოდისო.

_ ჩვენმა სპეციალისტებმა ან არ იციან, როგორ უნდა აშენონ, ან, რასაც აშენებენ, წუნია, მაგრამ არა უშავს _ საქმე გამოსწორდება.

მიუბრუნდება კიროვს და ეუბნება:

_ ნიკოლაევის ქარხანა თბომავლებს აწარმოებს?

_ დიახ, _ უპასუხებს კიროვი.

_ საინტერესოა, თბომავლები, რომლებიც ირანს მივყიდეთ, კარგად მუშაობს?

_ ინფორმაცია არ მაქვს, _ უპასუხებს კიროვი.

ხანჯიანი საინტერესო ამბავს მოჰყვა.

_ ხმელთაშუა ზღვაში იტალიური თბომავალი თბომავალ “არმენიას” შეეჯახა, რომელიც მცირედ დაზიანდა, მაგრამ გაუძლო. ზარალის ასანაზღაურებლად იტალიურმა კომპანიამ 18 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

_ ძალიან კარგია, რომ პატარა სომხეთმა ფაშისტური იტალიის შემოტევას გაუძლო, _ ირონიულად შენიშნა სტალინმა და დაუმატა, _ საერთოდ კი საწყალი სომხეთი ყოველთვის იტანჯება.

სტალინის ჩამოსვლას აფხაზეთში 1931 წელს და მის საუბარს ჩვენი ქვეყნისთვის სუბტროპიკული კულტურების გაშენების აუცილებლობის შესახებ შედეგად მოჰყვა საკავშირო კომპარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს ცნობილი დადგენილება ამ საკითხზე.

1932-35 წლებსა და მომდევნო წლებში საქართველოში განხორციელდა გრანდიოზული სამუშაო ციტრუსებისა და ჩაის კულტურის დანერგვისა და განვითარებისთვის, რამაც სიმდიდრე შეჰმატა ჩვენს რესპუბლიკას”.

ჩანაწერები თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here