Home რუბრიკები საზოგადოება სანამ უცხოელებს მოვუმზადებთ კადრებს, იქნებ ჩვენს ქვეყანაზე გვეფიქრა?!

სანამ უცხოელებს მოვუმზადებთ კადრებს, იქნებ ჩვენს ქვეყანაზე გვეფიქრა?!

583
სანამ უცხოელებს მოვუმზადებთ კადრებს, იქნებ ჩვენს ქვეყანაზე გვეფიქრა?!

ამირან არსენიშვილის გვარი, შესაძლოა, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ეს კაცი მეტროპოლიტენის სადგურების მშენებლობის სპეციალისტია. მან ზუსტად იცის პროექტის დაგეგმარება, გვირაბების გაყვანის სპეციფიკა, ანუ იცის ის, რაც იცის ძალიან ცოტამ _ შეუძლია დაიწყოს და დაასრულოს საქმე, რომელიც მეტროპოლიტენის ახალი გვირაბის გაყვანას ეხება. როცა მან სამუშაო საქართველოში ვერ იშოვა, რუსეთში წავიდა, იქ 15 წელი იმუშავა ამ მიმართულებით და საქართველოში დაბრუნდა, პატარა სახლი ჩადგა სოფლად და ახლა სოფლის მეურნეობას ეწევა. ჰო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქაც ეძება შესაბამისი სამსახური, ისიც დაასაბუთა, რომ მისი დონის სპეციალისტი, საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათია, მაგრამ მშვიდად უთხრეს, რომ ის არ სჭირდებათ

ეს არის ერთი რეალური მაგალითი იმ ასიათასიდან, რომელიც საქართველოში გვაქვს. ერი, რომელიც ლამის მთელ ევროპაში ყველაზე განათლებულად ითვლებოდა, მოსახლეობის ოდენობის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მეცნიერი და აკადემიკოსი ჰყავდა, ახლა კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ეს _ ფურცელზე, თორემ…

ოფიციალურად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მილიონს არ აჭარბებს; არაოფიციალურად _ ორ მილიონამდეა. მხოლოდ რუსეთში ცხოვრობს 900 ათასამდე ქართველი და ამას დაუმატეთ ევროპის ლამის ყველა ქვეყანაში ჩასული ათასობით ქართველი და… უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ევროპული ქვეყნები ქართველთა წარმოჩენას მხოლოდ ცუდი კუთხით ცდილობენ. ეს ყველაფერი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, როცა ქართველი ერი კრიმინალად გამოაცხადა, ლამის ყოველ მეხუთე ადამიანს პირობითი სასჯელი “აკიდა”. არც ამჟამინდელი ვითარებაა უკეთესი _ ბოლო პერიოდში ევროპაში მცხოვრებ ქართველებზე გვესმის მხოლოდ ის, რომ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავეს ათეულობით მოქალაქე და მათი უმრავლესობა ქართველია. რომ ისინი ქურდავდნენ ბინებს, ძარცვავდნენ ადამიანებს, რომ შექმნილი ჰქონდათ კრიმინალური სინდიკატი, რომ აქაური სამართალდამცველები ევროპელ კოლეგებთან ერთად სპეცოპერაციას ოთხი თვის განმავლობაში ამზადებდნენ

2008-2011 წლებში ბარსელონას გარეუბანში ახალი დასახლება გაჩნდა. ახალ დასახლებაში 400-მდე სახლი აშენდა, რომლებიც იქ მცხოვრებმა ქართველმა დააპროექტა, სამუშაოდაც ქართველები მიიყვანა და სწორედ მათ ააშენეს სახლები. ფრანკფურტის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში ქართველი ექიმი ნინო მეგრელიშვილი წლებია, საუკეთესო სპეციალიტად ითვლება, თუმცა მხოლოდ ქალბატონ ნინოზე არ გვაქვს საუბარი _ სამედიცინო სფეროში ქართველები მსოფლიოს მასშტაბით უძლიერეს კლინიკებში მუშაობენ და წამყვანი სპეციალისტები არიან. ქართველები არიან გამომგონებლები, ფინანსური სფეროს ექსპერტები, არქიტექტორები, ბიოქიმიის ექსპერტები, მაგრამ რაღაც არ გაგვიგია, ვინმეს აზრად მოსვლოდა თავში, ერთი სპეცოპერაცია ამ მიმართულებითაც ჩაეტარებინა და საყოველთაოდ ცნობილი ქართველები ქართველებისთვისაც გაეცნო. არა, მხოლოდ ქურდები, მძარცველები და მხოლოდ ნეგატივი. ამ ყველაფრის მაყურებელ და მსმენელ ევროპელებს არ გაუკვირდებათ, ერთ დღეს საქართველოს ეკლიანი მავთული რომ შემოარტყან და ციხედ გამოაცხადონ, რადგან უყურებენ იმას, რომ ქართველები მხოლოდ იპარავენ.

ამხელა შესავალი კი იმის გამო დაგვჭირდა, რომ სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ქვეყნის პირველმა მოქალაქემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრებისთვის სამუშაო აღარ იქნება.

სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და სურვილის შემთხვევაში, მათ ლეგალურ დასაქმებას საზღვარგარეთ”, _ ეს ფრაზა ივანიშვილმა პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

რას ნიშნავს ეს? შვიდი წელია, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და პირდაპირ ვთქვათ, რომ დაპირებული სამუშაო ადგილები არ თუ ვერ შეიქმნა: არსად ჩანს დაპირებული ქარხნები, არსად ჩანს დაპირებული კეთილდღეობა და მასობრივად დასაქმების პროექტი. ეგ კი არა, დღეს იმაზე ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე შვიდი წლის წინათ, თუმცა თვითდასაქმებულების რაოდენობა თურმე გაზრდილა, მაგრამ არავინ ამბობს რის ხარჯზე. ჩვენ გეტყვით _ ნახევარი საქართველო ტაქსაობს და თავს სწორედ ამით ირჩენს. თუ გახსოვთ, თავის დროზე იმის გამო, რომ “ტაქსისტებს” თვითდასაქმებულები უწოდა, კახა ბენდუქიძე ლამის ჯვარზე გავაკარით. ახლა კი, არა მხოლოდ ვაღიარეთ ისინი თვითდასაქმებულებად, არამედ ახალი რეგულაციები დავუწესეთ, მკაცრ შეზღუდვებში მოვაქციეთ და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მხოლოდ _ დედაქალაქში, ანუ იქ, სადაც “ტაქსისტთა” წილი ძალიან დიდია. საზოგადოდ, თბილისს თავკომბალის ფუნქცია არ დაუკარგავს, პირიქით, უფრო გადიდდა _ ყველა დედაქალაქში ცდილობს ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოსვლას. სწორედ დედაქალაქის “ტაქსებს” შეეხო რეგულაციები და სწორედ მათი მეშვეობით მოხდება თბილისის ბიუჯეტის შევსება.

მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ ხელისუფლება რეალურად არ ფიქრობს სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამბობენ, რომ მოამზადებენ კვალიფიციურ კადრებს, რათა მათ შეძლონ ევროპაში ლეგალურად დასაქმება. არადა, პირიქით რომ მოხდეს _ კვალიფიციურმა კადრებმა საქართველოში დასაქმება რომ შეძლონ, ეგებ არც დაგვჭირდეს უცხოელების მოწვევა და ქართველების დაბრუნებით ამ პრობლემას მოვაგვარებთ?! დავით სერგეენკომ ერთხელ დაიწუწუნა: აქ შესაბამისი აპარატურა რომ გვქონდეს, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს ჩამოვიყვანდით და მსოფლიოში ქართულ მედიცინას ანალოგი არ ექნებოდაო. მას შემდეგ სერგეენკოს ამაზე სიტყვაც არ დასცდენია, ალბათ, უთხრეს: ხმა აღარ ამოიღოო. არადა, ჯანდაცვის ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდია და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კიდევ რამდენიმე მილიონი რომ დაამატონ, საერთაშორისო დონის ამბულატორიები გაკეთდეს და უმაღლესი ხარისხის აპარატურა ჩამოვიტანოთ, მერე აღარ დაგვჭირდება მეზობელ თურქეთში პაციენტების გაგზავნა; პირიქით, საქართველოში ჩამოვლენ სამკურნალოდ უცხოელები და ბიუჯეტში მართლაც არნახული ფული შევა. რომ ვამბობთ, ტურიზმიდან ყოველწლიურად 5-7 მილიარდია შემოსავალიო, ერთი მაგდენი მკურნალობიდანაც დაემატება და ტურიზმია ესეც, მარტო არავინ ჩამოვა, მარტო არავინ გაიკეთებს ოპერაციას, ყველას გულშემატკივარი და ოჯახის წევრი ჩამოჰყვება, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ დავყვებით ჩვენი ოჯახის წევრებს.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რეალურად რას აპირებს ივანიშვილი, მაგრამ რასაც ამბობს, დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. არავინ მალავს, არც ბატონი ბიძინა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მილიარდის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ იარსებებს იმაზე დიდი ქველმოქმედება, ვიდრე სამუშაო ადგილების შექმნაა. მუშახელის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა და მათ კვალიფიკაცია აქვთ, უბრალოდ, გადამზადებაც ეყოფათ. და ამით ივანიშვილი არათუ ათასობით კვალიფიციურ კადრს შეჰმატებს ქვეყანას, არამედ ოჯახებს შიმშილისგანაც იხსნის. ადამიანებს სამსახური ექნებათ და მერე ის საპენსიო პროგრამაც იმუშავებს, ახლა რომ ჩავარდნის პირასაა და ხალხს რომ ემუდარებიან: ხელფასის 2 პროცენტი გაიმეტეთ თქვენი მომავლისთვისო. ხალხს მომავალი არ ადარდებს, ვერ ფიქრობს, იმიტომ, რომ აწმყოს პრობლემა უდგას, იმიტომ, რომ ახლა შია, იმიტომ, რომ ის 2 პროცენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, სწორედ ამ უმუშევრობის გამო ადამიანები სოფლებში სახლებს ყიდიან, ქალაქში მოდიან, გირაობენ, ქირაობენ და ტაქსაობენ. ან ყიდულობენ და ყიდიან სოფლის პროდუქტს, იმ პროდუქტს, რომელიც თავად მოჰყავდათ თავის დროზე, მაგრამ შედეგი არ ჰქონდათ. ჰოდა, ასე, ნელ-ნელა გლეხი მოვაჭრედ გადაიქცა, ეკონომისტი _ “ტაქსისტად”, ექიმი _ ავტობუსის მძღოლად, ანუ გადასარჩენად ყველა ყველგან მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაკვალიფიცირება, გადამზადება მარტივად ჩაივლის და, სანამ უცხოელებს მოვუმზადებთ კადრებს, იქნებ ჩვენს ქვეყანაზე გვეფიქრა?!

ფაქტია, დღეს იმდენი თავისუფალი მუშახელი, რამდენიც საქართველოშია, ალბათ, არსად არ არის, უბრალოდ, ამ ხალხს გამოყენება უნდა და… ასე შენდება ქვეყანა.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ერთი მაგალითი: ვინც საკითხში ჩახედულია, იცის, რომ კუბაზე სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო განათლება ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში და უფასოც, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: სახელმწიფო, აძლევს რა თავის მოქალაქეს უფასო სამედიცინო განათლებას, ავალდებულებს, განათლების მიღებიდან შემდგომი 12 წელი კუბის  სამკურნალო დაწესებულებებში იმუშაოს, შემდეგ კი ოთხივ კუთხივ გზა ხსნილი აქვს. კვალიფიციური კადრების მომზადება კარგია, მაგრამ, ალბათ, კუბელების მაგალითიც გადმოსაღებია და სამუშაო ადგილები აქ არის შესაქმნელი, რათა კვალიფიციური ხალხი დაასაქმო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here