მთავარი პოლიტიკა სანამ საქართველოზე ორიენტირებული ძალა არ გამოჩნდება, არაფერი გვეშველება და 2020 წლის არჩევნებიც...

სანამ საქართველოზე ორიენტირებული ძალა არ გამოჩნდება, არაფერი გვეშველება და 2020 წლის არჩევნებიც ზუსტად ისევე ჩაივლის, როგორც წინანდელები

1415
გააზიარეთ
სანამ საქართველოზე ორიენტირებული ძალა არ გამოჩნდება, არაფერი გვეშველება და 2020 წლის არჩევნებიც ზუსტად ისევე ჩაივლის, როგორც წინანდელები

მთავარი ოპოზიციური ძალა” _ “ნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში უკვე ვნახეთ და აღარ გვინდა

როგორც იქნა, დადგა საარჩევნო წელი. როგორც იქნა იმიტომ, რომ ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება ამბობდნენ: მთავარია, 2020 წელი მოვიდეს, მერე ნახავთ, რა მოხდებაო. ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების იმედი ჰქონდა, მერე, როცა ეს იმედი გადაეწურა, საარჩევნო სისტემის შეცვლას აანონსებდა, მაგრამ ისე ჩანს, 2020 წლის არჩევნებიც ზუსტად ისეთივე სისტემით ჩატარდება, როგორც წინა და იმის წინა ჩატარდა. აი, ხელისუფლება კი ჯერ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დათანხმდა (რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავდნენ), მერე გადაიფიქრა და ახლა ძალაუფლებას ისე ებღაუჭება, როგორც ჩვილი ბავშვი საწოვარას.

დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ადამიანური რესურსის არმქონე ოპოზიცია ვერაფერს შეცვლის. ხელისუფლება, თავის მხრივ, არაფერს შეცვლის და ასე “მშვიდად” მიგორდება ქვეყანა 2020 წლის ოქტომბრამდე. სწორედ მიგორდება, რადგან ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას სვლას ან ქროლვას ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ალბათ, გახსოვთ, წინა წელს 32 პარტია რომ გაერთიანდა. პარტიას ვამბობთ, უფრო სწორად, თვითონ ამბობენ, _ პარტიები ვართო, თორემ მათი უმრავლესობა, უბრალოდ, რეესტრში რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაციაა, თორემ არც მხარდამჭერი ჰყავს, არც წევრთა ის რაოდენობა, რამე გადაწყვიტოს. ეს რიცხვი ოპოზიციას უცხოელებისთვის საჩვენებლად სჭირდებოდა, დასავლეთი რომ გაოცებულიყო და ხმამაღლა ეთქვა: “აუუ, რამდენი ხართ”, მაგრამ ასე არ მოხდა. პარტიათა რაოდენობის გარდა, დასავლეთმა ამ 32 პარტიის მხარდამჭერიც დათვალა დაანონსებულ აქციებზე და მიხვდა, რომ 26 მარტს საქართველოში გასამართ ერთა ლიგის ნახევარფინალზე, რომელშიც საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს, სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტი ხალხი მივა, ვიდრე ამ პარტიების აქციებზე დადიოდა, ამიტომ დასავლეთმაქართულ ოცნებასთითი ვერ დაუქნია, ვერ უთხრა, _ გინდა თუ არა, ხელისუფლება დათმეთო, რადგან შეატყო, რომ ხელისუფლების დათმობის შემთხვევაში ამ ძალაუფლების ხელში ამღები არავინ ჩანს, ანუ ისეთი არავინ არის, ვისაც ხალხი გაჰყვება.

სამაგიეროდ, როგორც კი ახალი წელი დადგა, მმართველი გუნდის ლიდერებმა ხმა დაიბოხეს, აქაოდა, ნახეთ 2020 წლისთვის როგორ საარჩევნო პროგრამას დავდებთ და რა პერსპექტივებს დავსახავთო. პერსპექტივები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ის გავიხსენოთ, რა პერსპექტივა გვქონდა 2012 წელს და რეალურად რა შეგვრჩა ხელში. აღარაფერს ვამბობთ ყბადაღებულ უფასო ფულზე, საოცარ მეოთხე წელიწადზე, 100 ახალ საწარმოზე, გაიაფებულ ტარიფებზე და კიდევ არაერთ სისულელეზე, რომლებიც პირადად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, რომ სისულელე ყოფილა და მათ კარგად ვერ დათვალეს. ჩვენ კი გვგონია, რომ მათ არათუ კარგად კი ვერ დათვალეს, არამედ საერთოდ არ დათვალეს, რადგან ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. სწორედ ამიტომ რაც შეიძლება მსუყე დაპირებები გასცეს, მერე რომ ეთქვათ: აგერ, ხომ ხედავთ, ჩვენ რომ მოვსულიყავით, ასე და ისე იქნებოდაო. ჰოდა, მართლა რომ მოვიდნენ, სულ რაღაც, ორი თვე დასჭირდათ იმის აღიარებისთვის, რომ მათი დაპირება სისულელე და ტყუილი იყო.

სამაგიეროდ, 2016 წელს უკვე ზუსტად იცოდნენ, რისი დაპირება შეიძლებოდა და რისი _ არა, მაგრამ… არ ვხუმრობთ, ეს ორი აბზაცი სწორედ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამიდან არის ამოღებული:

* “ქართულ ოცნებას” აქვს მკაფიო ეკონომიკური ხედვა და კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა შემდგომი 4 წლის განმავლობაში და როგორ უნდა გამყარდეს გრძელვადიანი მდგრადი განვითარების საფუძველი. წინა ხელისუფლებებმა ვერ უზრუნველყვეს ქართული ეკონომიკის ფუნდამენტური გარდაქმნა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი არ ითვალისწინებდა გრძელვადიანი განვითარების საფუძვლების შექმნას. ყოველივე ამას დაემატა წინა ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდები და ეკონომიკის საყრდენი მთავარი ღირებულების _ საკუთრების უფლების სრული უგულებელყოფა, რომლითაც ეკონომიკამ საბოლოოდ დაიწყო ჩიხში შესვლა, სოციალური გარემო კი წლიდან წლამდე მძიმდებოდა.

*”ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. არასწორი პოლიტიკის გამო წინა ხელისუფლებამ ქვეყანა 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა, უმუშევრობის დონე კი 12,6%-დან 15%-მდე გაიზარდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქცენტი წარმოების განვითარებაზე გაკეთდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ამოქმედებით გაიხსნა და გაფართოვდა ასობით საწარმო, რაც დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახა. 2012 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 56 ათასით გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 15%-დან 12%-მდე შემცირდა. ამასთან, დასაქმების მაჩვენებელი, ძირითადად, კერძო სექტორის ხარჯზე გაიზარდა. თუ 2004-2012 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 18%-ს სახელმწიფო სექტორი შეადგენდა, 2013 წლიდან ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო თვითდასაქმებულების შემცირდა…”

მოდი პირდაპირ ვთქვათ: თუ 2012 წელს ხელისუფლებამ არ იცოდა, რას ამბობდა, 2016-ში უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდა ეთქვა, მაგრამ მაინც მოგვატყუა. თუმცა, თუ 2012 წელს ნამუსი ეყოთ და აღიარეს ტყუილი, მერე და მერე ნამუსმა მეასე პლანზე გადაინაცვლა (როგორც ხდება ხოლმე) და ახლა ამ ტყუილს ბოლომდე “აწვებიან”.

არ გეგონოთ, ხელისუფლების კრიტიკის ფონზე ოპოზიცია ანგელოზად გამოგვყავდეს. არა, ბატონებო, პირიქით _ არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც ჩანს ასპარეზზე და რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვას. როგორც თავად უწოდებენ საკუთარ თავს, მთავარი ოპოზიციური ძალა” _ “ნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში უკვე ვნახეთ და აღარ გვინდა. ჰო, აღარ გვინდა, რადგან ისინი კი ამბობენ, ჭკუა ვისწავლეთო, მაგრამ გამორიცხულია, მათი დაბრუნების შემთხვევაში რეპრესიები კვლავ არ დაიწყოს (უკვე იმუქრებიან და სიებს ადგენენ), კვლავ არ იქცეს ჯოჯოხეთად ციხეები და ამას ისე შეფუთავენ, რომ ვეღარავინ მიხვდეს, რა ხდება და ვერავინ ვერაფერი გამოიტანოს გუნდის შიგნიდან. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი სათვალავში ჩასაგდებნი არ არიან, რადგან, 3-4 პარტიის გამოკლებით, დანარჩენებს იმდენი მხარდამჭერი ჰყავთ, ხელის თითები გეყოფათ ჩამოსათვლელად. იმ 3-4 პარტიას კი მხარდამჭერებიანად ერთი სტადიონის შევსება გაუჭირდებათ და აი, აქ დავსვათ წერტილი. ჰო, სტადიონის შევსება ნაციონალებსაც ძალიან გაუჭირდებათ და ესეც მათთვის ძალიან მწარე სიმართლეა.

ამ ყველაფრის შემდეგ ისღა რჩება, რომ გვარიანად შევიკურთხოთ და ხელი ჩავიქნიოთ, რადგან დღეს არ ჩანს ძალა, რომელმაც შეიძლება ქვეყანა წინ წაიყვანოს. მთავარი მიზეზი ამისა არის ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არსებობს, ხელს დასავლეთისკენ იშვერს და აღიარებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზად არის, დასავლეთს დაემონოს და მისი მითითებები შეასრულოს. ანუ, არავინ ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს; ამბობენ, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას დასავლეთი უბრძანებს და მბრძანებლებს სტრატეგიულ პარტნიორებს ეძახიან. შესაბამისად, “სტრატეგიული პარტნიორებიჩვენს ქვეყანას საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არგებენ, საკუთარ პრობლემებს სწორედ ჩვენი მეშვეობით წყვეტენ, წელიწადში ერთხელ კი ჩვენი განვითარებისთვის გარკვეულ თანხას გადმოგვიგდებენ და ეგ არის.

მოდი, მოვლენებს სხვანაირად შევხედოთ _ რა მოხდება “ნაციონალური მოძრაობა” რომ გაქრეს, ანუ “ქართულ ოცნებას” აღარ ჰყავდეს ე.წ. ბუა, რომლითაც ხალხს შეაშინებს? ერთმანეთზე არიან დამოკიდებულ-ჩამოკიდებულები მმართველი გუნდი და “მთავარი ოპოზიციური ძალა” და ეს კატათაგვობანას თამაში ორივეს ძალიან აძლევს ხელს. პარლამენტში გარანტირებული ადგილები ორივეს აქვს და მერე რა, თუ ხალხის ინტერესებს არც ერთი არ იცავს?! მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად. მათი ლიდერების წინასაარჩევნოდ გააქტიურებაც არ არის შემთხვევითი, გამსვლელ სიაში მოსახვედრად ყველა იბრძვის და ყველაფერზე მიდის. აი, ისე რომ მოხდეს, გამოჩნდეს ძალა, რომელიც იფიქრებს ქვეყანაზე და არა დასავლელი პარტნიორების სიამოვნებაზე, რომელიც იტყვის, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ქართველი ხალხია და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც რეალურად მხოლოდ ჩვენზე იზრუნებს, რა მოხდება? რა თქმა უნდა, დასავლეთ მიხვდება, რომ საქართველო ხელიდან ეცლება და ნებისმიერ პროვოკაციაზე წავა, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი თუ ოპოზიცია ერთად წაესევა ამ ძალას, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა თქვას. ცალკე თემაა რუსეთი, რომელსაც ძალით ვაკვეხებთ და ვტენით იქ, სადაც თვითონ არ ერევა. დასავლელი პარტნიორების მითითებით, ყველა უბედურებას სწორედ რუსეთს ვაბრალებთ, ვაბრალებთ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას მაშინ, როცა რუსეთის ოფიციოზი ამბობს, რომ ეს თემა არ აინტერესებს. ამით ლამაზად ფუთავენ იმას, რომ რეალურად საქართველოს საშინაო საქმეებში დასავლეთი ერევა და მხოლოდ საშინაო საქმეებში კი არა, წინა ხელისუფლების პირობებში, საძინებელშიც გვივარდებოდა, ამიტომაც, სანამ საქართველოზე ორიენტირებული ძალა არ გამოჩნდება, არაფერი გვეშველება და 2020 წლის არჩევნებიც ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც მანამდე ჩაიარა სხვა არჩევნებმა და ქვეყანა, სვლას კი არა, ისევ გორაობას გააგრძელებს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here