Home რუბრიკები საზოგადოება სანამ მქონეთა და არამქონეთა დაპირისპირებამდე მივალთ

სანამ მქონეთა და არამქონეთა დაპირისპირებამდე მივალთ

473
კაპიკების იმედად

ის ფილოსოფია, რომელსაც დღეს წაიკითხავთ, არც ჩემი ნააზრევია და არც რომელიმე ჩვენი თანამედროვის. მინდა, მადლიერება გამოვთქვა შესანიშნავი მოაზროვნის _ თამაზ ბუთხუზის მიმართ, რომელმაც მსოფლიოს ყველა დროის ფილოსოფოსების ზოგიერთი ნააზრევი წიგნად _ “შესაძლებლის აღსრულება” _ შეკრა და გაგვიზიარა საკუთარი შეხედულებები. ფილოსოფიის კლასიკოსების მიერ ათასწლეულების წინათ ნათქვამი დღესაც აქტუალურია.

არ მაქვს ილუზია, რომ ამ წერილით ყველა მოქალაქე დაინტერესდება, არც არის ყველასთვის დაწერილი, მოაზროვნე და პროგრესული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

არადა, ამის ცოდნა (და ბევრი სხვა რამისაც) არ აწყენდა დღევანდელ ჩვენს გზააბნეულ საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, შევეცდები ოქროს ასოებით შემონახული კლასიკური ფილოსოფიისა და დღევანდელი ჩვენი “ფილოსოფიის” გააზრებას. მკითხველს ბოდიშს ვუხდი აღნიშნული წიგნიდან ვრცელი ციტატების მოხმობის გამო, რომლებიც შეგნებულად არ შემიკვეცია.

დავიწყოთ დღევანდელი მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხით _ სიმართლე და სამართალი.

“49 საუკუნის წინანდელ ნაშრომში “ჰერაკლეოპოლელი მეფის სწავლება შვილისადმი” ავტორი გვარწმუნებს, რომ ფარაონს მოეთხოვება, არ გააკეთოს არაფერი არასამართლიანი, უკანონო. ირღვევა ეს პრინციპი _ ირღვევა სახელმწიფო”.

როგორ დავუკავშიროთ ეს დღევანდელობას?

ყველა პარლამენტარს, ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ წაკითხული უნდა ჰქონდეს, არამედ ამით უნდა ხელმძღვანელობდეს.

თუ სახელმწიფო მოღვაწე სოლონმა 2500 წლის წინათ განახორციელა სასამართლო რეფორმა და სახელმწიფოს ნგრევა ამით შეაჩერა, იქნებ ჩვენც ეს გზა აგვერჩია? თუ არა, უკეთესი გამოსავალი თქვენ შემოგვთავაზეთ, ბატონებო!

სოლონი (დაახლოებით ძვ, . აღ. 638-559), ცნობილი ათენელი რეფორმატორი, სახელმწიფო მოღვაწე და კანონმდებელი, პოეტი. ეს მოაზროვნე განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის. იგი იყო ხიდი დემოსსა (ხალხსა) და დიდგვაროვანთა შორის. ხალხმა სოლონი არქონტად (ქალაქსახელმწიფოებში უმაღლესი თანამდებობის პირად) აირჩია და არისტოკრატიასა და ხალხს შორის შუამავლის როლი დააკისრა. მან შექმნა ოთხასთა საბჭო და ამით არეოპაგი (ათენის უმაღლესი პოლიტიკური და სასამართლო ორგანო), არისტოკრატიის საყრდენი შეარყია. სოლონმა საბერძნეთში ცენზირებული დემოკრატია დაამკვიდრა. თავის ელეგიებში ის წერს: “მე, როგორც მგელი, ვტრიალებდი ძაღლთა ხროვაში”. მას საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებული სოციალური ფენები ჰქონდა მხედველობაში. სოლონი მათ შორის ჰარმონიის დამკვიდრებას ცდილობდა, რათა სახელმწიფო არ დანგრეულიყო. მან მქონეთა და არამქონეთა შორის კაბალური დამოკიდებულება აკრძალა. სოლონი მიხვდა, რომ სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, ინგრევა შიგნიდან და ეს ნგრევა უაღრესად გამდიდრებულ და უღარიბეს ფენათა შორის დაძაბულობის გამწვავებით იწყება…”

ათასწლეულების წინანდელი ეს მდგომარეობა დღევანდელ საქართველოს მოგვაგონებს. თუ მაშინ იპოვა სოლონმა გამოსავალი, ნუთუ ჩვენში ერთი თანამედროვე სოლონი ან სოლომონი არ გამოჩნდება?!

სადავო საკითხი როგორ მოვაწესრიგოთ? _ სოლონივით!

აუცილებელ საჭიროებად უნდა მივიჩნიოთ ეროვნული ქონების საერთო სარგებლობაში მოქცევა, რომელიც მდიდრებსა და ღარიბებს შორის თანაბრად იქნება გადანაწილებული. ღარიბი დაიცავს მდიდარს და მდიდარი დაიცავს ღარიბს, იმიტომ, რომ აქ მათი საერთო ინტერესი იქნება ჩადებული. ორივე დაიცავს ერთმანეთის ინტერესს თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, რაც არ ეწინააღმდეგება ბუნებრივ სიმართლეს, ანუ ბუნების კანონზომიერებას. სხვა შემთხვევაში ხდება დაპირისპირება მქონეთა და არამქონეთა შორის და, როგორც ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, არამქონენი რჩებიან მოგებული.

კანონი არის შემოქმედებითი, ბუნებრივი წყარო, რომელმაც, როგორც აუცილებელი პირობა, უნდა გაიაროს აპრობაცია 1 ან 2 წელი. დადგინდეს კანონის მოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები, 70 პროცენტი შესწორდეს ბუნების კანონის მიმართ, 30 პროცენტი კი ქვეყნის მოთხოვნას უნდა მოვარგოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიტანოთ სახელმძღვანელოდ. აუწონელი კანონი დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას.

ბუნებრივი სამართალი ჩვენ გარეშე არსებობს: ის სამართალი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს და არაა დამოკიდებული იმაზე, მას ვცნობთ, ვაღიარებთ თუ არა _ ბუნებრივი სამართალია. ყველა დანარჩენი პირობითი, ანუ ხელოვნური სამართალია”.

ზემოთ მოყვანილი მაგალითის გასამყარებლად მოგაწოდებთ არისტოტელეს აზრს, რომელიც სახელმწიფოს მართებული და არამართებული ფორმის საკითხს განიხილავს.

მართებულ სახელმწიფოში მმართველები საერთო სარგებელზე ფიქრობენ, არამართებულში _ მხოლოდ საკუთარ თავზე. მართებული სახელმწიფოა მონარქიული, არისტოკრატიული და პოლიტია, არამართებული _ ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია. იგი ყველაზე მართებულ ფორმად თვლის პოლიტიას _ უმრავლესობის მმართველობას საერთო სარგებლით, სადაც ურთიერთდაპირისპირებული სოციალური ფენების (შეძლებულთა და უქონელთა) ინტერესები იქნება გათვალისწინებული. არისტოტელე მკაცრად აკრიტიკებს უკიდურეს დემოკრატიას, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება დემოსს ეკუთვნის და ყველა სიმახინჯე აქედან გამომდინარეობს.

პოლიტიკური სამართლიანობა მოითხოვს ერთ შემთხვევაში რაოდენობრივ თანასწორობას, მეორეში _ თანასწორობას ღირსების შესაბამისად.

სახელმწიფოში, რომლის მმართველნიცსაშუალოადამიანები არიან, საუკეთესო სახელმწიფო წყობა, სისტემა იქმნება”. არისტოტელე ასე მსჯელობს: დამარცხებული ქვეყნის არისტოკრატი არისტოკრატად არ ჩაითვლება, რადგან მან პოლიტიკა ღრმად ვერ გაიაზრა, არ დახვეწა, მოსალოდნელი საშიშროება წინასწარ ვერ გაიაზრა, შესაბამისად, მან დაუშვა, რომ ვიღაც დამპყრობელს დაემონებინა, .. ის გაუაზრებელი, განუვითარებელი მონაა, თუმცა ამას ვერ ხვდება და საკუთარ თავს არისტოკრატს უწოდებს”.

ამდენად, ჩვენ არისტოკრატებად ვერ ჩავითვლებით. რადგან ჩვენი ყოფილი “პოლიტიკური არისტოკრატები” დამარცხებულები არიან?! _ ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განადგურება, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, ქართველების სამშობლოდან გაქცევა, აზროვნების დაქვეითება!.. სრული პოლიტიკური კრახი! თავისუფლების მაძიებლების უაზრო ლაყბობით მართლაც დავკარგეთ თავისუფლება და ვინ იცის, კიდევ რამდენს დავკარგავთ!

სამყაროს ბუნებრივი პროცესის განვითარების ჩამოყალიბებაში ყველაფერი უსამართლოდ მიიჩნევა, რაც ბუნებრივ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. უმაღლეს ხელოვნებად ყველა არსებულ ხელოვნებათა შორის დემოკრიტე (460-370 ძვ. . აღ.) სახელმწიფოს მმართველობას აღიარებს. მისი აზრით, უდიდესი დანაშაულია სახელმწიფო თანამდებობაზე იმ მოქალაქეების დანიშვნა, რომელთა განათლება ეჭვს იწვევს, რადგან გაუნათლებლობას თან სდევს თავხედობა და სისულელე. ის აკრიტიკებს დემოკრატიას იმ თვალსაზრისით, რომ დემოკრატია ანებივრებს ყველა განუვითარებელს, ბრბოს: იქ არ არის ადგილი ზნეობრივისა და განათლებულთათვის. განათლებული, ზნეობრივი უმცირესობის ნება _ უკვე კანონია”.

განა ყველა ჭკვიანია, ვინც უმაღლესი განათლება უცხოეთში მიიღო? ან ვინც 5 ენა იცის და 5 უნივერსიტეტი დაამთავრა, ხუთჯერ ჭკვიანი იქნება? ჭკუა სწავლებაში არ არის. სწავლა გონებას ავითარებს, გონება _ გონიერებას და გონიერება _ სიბრძნეს!

პოლიბიუსის აზრით (210-123 ძვ. . აღ.), დემოკრატიის დროს ბრბო სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას თანდათან ეჩვევა, ყველას ენდობა, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, თაღლითი სარგებლობს, ხოლო თვით ბრბოს კი სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის გადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფო უკეთილშობილესი სახალხო მმართველების სახით ინიღბება, რეალურად კი ის ყველაზე ცუდ სახეს იღებს, როგორიც კი საერთოდ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს”.

ჩვენ იმდენად გავერთეთ, ისე “დავთვერით” დემოკრატიით, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ გზას ვეღარ ვპოულობთ. გავიმეორებ, რომ კანონი უნდა მოარგო ერის ხასიათს და ქვეყნის საჭიროებას. შესაძლოა, ეს ერთადერთი გამოსავალი იყოს.

რომან რურუა

რედაქციისაგან: ეს ერთადერთი გამოსავალი იმ პირობით, თუ ხელისუფლებას, საკუთარი მერკანტილური კი არა, ქვეყნის საჭიროება და ინტერესები ექნება გააზრებული და მათ ხორცშესხმას ესწრაფვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here