Home რუბრიკები ისტორია სამგორი

სამგორი

1870
მახათას საკათედრო ტაძარი

სამგორი ისტორიული უბანია თბილისში. დღეს ის დედაქალაქის ერთერთი ხალხმრავალი რაიონია, რომელშიც 168 801 ადამიანი ცხოვრობს.

ტოპონიმის წარმოშობის თაობაზე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ცალხელა მოხუცი, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, ამ მიზნით ის საჭირო დროს მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა ხოლმე. ერთხელ მან სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაუყვანია და შვილებთან ერთად ზრდიდა. გავიდა დრო და კაცი გარდაიცვალა, მისი საქმიანობა კი მისმა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩენილა, უფროსი ძმისთვის ჩირაღდნით ხელში სვეტზე ასვლისას მტრის ისარს გულმკერდი გაუგმირია და ძირს ჩამოუგდია; ახლა მეორე ძმას უცდია ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარს ისიც უსულოდ დაუნარცხებია მიწაზე. მანამდე კი ჭაბუკს მოუფიქრებია და ქალაქში შველი გაუშვია წერილით კისერზე. ასე შეუტყვიათ ქალაქში მტრის შემოსევის ამბავი და ლაშქარიც შეკრებილა. შინ დაბრუნებულ შველს თავისი ძმობილები დახოცილი რომ უნახავს, თურმე თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევებია. ბრძოლიდან დაბრუნებულ ქართველებს უპოვიათ დახოცილები და სამივე ცალცალკე დაუსაფლავებიათ. მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოუღიათ: ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.

რევაზ ინანიშვილი კი თავის ერთ პატარა მოთხრობაში ასეთ ამბავს გვიყვება:

“კოშკის თავზე იდგნენ.

თავადის ასულმა ლამაზად ასწია ხელი:

– ერთი, ორი, სამი.

არტური ღიმილით მიადევნებდა თვალს თავადის ასულის ხელს.

მდინარის იქით, გრძელი მაღალი კბოდის თავზე, ტრიალი მინდორი იწყებოდა.

მიდიოდა ის მინდორი ჰორიზონტამდე ერთფეროვნად, სულ ყვითლად, იქ ოქროსფერი სუფთა ცა კვეთდა. გადაკვეთის სწორ ხაზზე სამი პატარა გორაკი იყო გამწკრივებული.

მზე იმ გორაკების უკან ჩასულიყო და ახლა სამივე მკვეთრად იყო მიხატული ცაზე.

_ დააკვირდით, ბატონო არტურ: შუალა გორა ოდნავ მომცროა. იმ შუალასთან ერთი გორა უფრო ახლოსაა, ვიდრე მეორე, ხომ აშკარაა?

_ რა თქმა უნდა, _ ისევ ეღიმებოდა არტურს.

_ იცით, რას ჰყვება ჩვენი ხალხი ამ სამ გორაზე? შუალა გორა ყოფილა მთავრის ქალიშვილი, რა თქმა უნდა, ლამაზი, მზეთუნახავი. ეს ქალიშვილი შეჰყვარებია ორ ვაჟკაცს, ორივე დიდგვაროვანს, ყოვლად შემკულს. ქალიშვილს ვერც ერთისთვის ვერ ეთქვა თანხმობა ცოლობაზე. ბოლოს გადაეწყვიტა: გაიქეცით, აი, ამ ველს შემოურბინეთ, ერთმა ამ მხრიდან, მეორემ იმ მხრიდან, და, რომელიც პირველი მოვა, მისი გავხდებიო. გაიქცნენ ჭაბუკები, შემოურბინეს ველს და ხედავს ქალიშვილი, აი, ის, მარცხნიდან წასული, მოდის ადრე, ვისკენაც უფრო ნაკლებად მიუწევდა გული, და შესთხოვა უფალს, ადგილზევე გაექვავებინა სამივე, და აუსრულა უფალმა, გაქვავდნენ სამივენი.

თავადის ასული ოდნავ შეყოვნდა და ისევ მიუბრუნდა არტურს.

_ ხომ არის ამ ლეგენდაშიც ლამაზი აზრი, ბატონო არტურ? ქართველები ან ისე ცოცხლობენ, როგორც მათ სურთ, ან სულ არ ცოცხლობენ, გაქვავება ურჩევნიათ ულამაზოდ ყოფნას.

ცხრა კოლაელი ყრმა
ცხრა კოლაელი ყრმა

გაღიმებულ არტურს ცრემლების მოწოლამდე მოუნდა პატარა ბავშვსავით მოჰფერებოდა თავადის მშვენიერ ასულს, ეს კი არ შეიძლებოდა _ თავადის ასული უკვე თექვსმეტი წლისა იყო _ და ამასღა ამბობდა აჩქარებით:

_ თქვენთან ყველაფერი ლამაზია, თავადის ასულო, მინდორიც, მთაც, ქვებიც, ბალახებიც.

_ რადგან ყველაფერს განწირულების შუქი ადგას, არა?

არტური შეკრთა. ახლა უკვე თავადის ასული იღიმებოდა გამომწვევად. ო, ეს ღიმილი!.. ღმერთო, სად ენახა ასეთი ღიმილი!.. სად ენახა!..

და უცებ მიხვდა:

“ბებერი დედოფლები იღიმებიან ასე”.

ორმოცდაშვიდი წლის არტური იმ ღამის ჩანაწერს ამთავრებს სიტყვებით: “ოჰ, ეს ძველი პატარა ხალხები! მე, დიდი ძლიერი ერის შვილს, სიკვდილი მომინდა მთლად ნორჩი თავადის ასულის ამ ღიმილის ქვეშ”.

9 ყრმა კოლაელის ტაძარი
9 ყრმა კოლაელის ტაძარი

რას შეეხება ისტორიულ წყაროებს, სამგორი მოხსენიებულია 502 წელს, როდესაც სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. მტერი ივრის ხეობაში შემოსულა _ რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები ყოფილა. ბრძოლის წინ კათალიკოს პეტრეს დაულოცია მეფე ვახტანგ გორგასალი და მისი ჯარი. სისხამ დილით მეფეს მტერზე იერიში უბრძანებია. შეუპოვრად მიიწევდა თურმე სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიუღწევია და შევარდნილა კიდეც შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულ კავადს წამსვე ცხენი შეუტრიალებია და ბრძოლის ველიდან გაუქუსლავს. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი, მაგრამ ქართველმა მეფემ სძლია და სიცოცხლეს გამოასალმა. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, მაგრამ მისმა ყოფილმა მონამ მოწამლული ისარი ესროლა იღლიაში. საქმე ისაა, რომ ქართული აბჯარი იღლიაში ღია იყო, რათა მებრძოლს ხელი თავისუფლად ემოძრავებინა. მოღალატემ, რომლის სამარცხვინო სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა, იცოდა ამის შესახებ. ისარი იღლიიდან “გავიდა ფირტუამდეო”, _ წერია წყაროში. მეფემ ჭრილობიდან ისარი ვერ გამოიძრო და, მიუხედავად ამისა, მაინც გმირულად იბრძოლა კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში. ქართველებმა მტერი დაამარცხეს, რის შემდეგაც ვახტანგ გორგასალი ცხენზე შეჯდა და დიდი გაჭირვებით თვითონ მივიდა უჯარმის ციხემდე, რათა ქართველებს იგი დასუსტებული არ დაენახათ.

არსენ კათალიკოსის სიტყვით, მეფე ვახტანგი ძალიან მაღალი ტანის კაცი ყოფილა. იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო “ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2.40 სმ _ რედ.) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს” მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით, ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ ტაძარში, “თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა”-ო. ე.ი, საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა. ეს, ალბათ, მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა. საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი მტერ-მოყვარენი გაოცებულნი შესცქეროდნენ იქვე, სვეტიცხოველში გამოფენილ უზარმაზარ სამოსელსა და საჭურველს, ხოლო ქართული სახელმწიფოს დროშას საუკუნეთა მანძილზე “ვახტანგიანსა” და “გორგასლიანსაც” უწოდებდნენ.

დღეს სამგორი დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია 168 801 მკვიდრით. იგი თბილისს 1951 წელს შეუერთდა, როდესაც მდინარე ივრის წყალი სამგორის არხით თბილისისკენ გამოუშვეს და ე.წ თბილისის ზღვა შეიქმნა.

დღეს თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტია; აქ აშენდა იახტკლუბი, მოქმედებს აკვაპარკი “ჯინო პერედაისი”, ღია და დახურული აუზებით, ატრაქციონებითა და “ველნეს” ცენტრით. თბილისის ზღვის ვარკეთილის მხარეს დგას 50-იან წლებში აღმართული ორი ობელისკი, რომელიც წყალსაცავის გახსნას უკავშირდება.

სამგორის რაიონში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხორციელდება ინფრასტრუქტურულ პროექტები, რომლებზეც 2018 წლის 9 თვეში 13 460 472 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი; ახალი სკვერები, სპორტული მოედნები, ფანჩატურები, ფიტნესტრენაჟორები, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვ.

რაც შეეხება ღირსშესანიშნაობებს, ისანი-სამგორის რაიონს ეკუთვნის მახათას მთა, სადაც 2012 წლის 17 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის, სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2017 წელს დასრულდა.

მახათას მთაზე არის შედარებით მცირე ზომის ცხრა ყრმა კოლაელის სახელობის ტაძარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here