Home რუბრიკები საზოგადოება “სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა...

“სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ?”

1682
დედა ენა

მამული! ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს”. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩვენთვის ის ტკივილი, რომელმაც დიდ ილიას ეს სიტყვები ათქმევინა, რამეთუ საფრთხის წინაშე დღესაც დადგა ქართული ენის შენარჩუნება და, ცხადია, ქართული სახელმწიფოს არსებობაც

შეიძლება მავანმა დამამუნათოს: ენას ვინ გვართმევს, პირიქით _ “ვამდიდრებთახალახალი სიტყვებითა და ტერმინებითო

როგორ?

აი როგორ: გაიარეთ თუნდაც დედაქალაქის ქუჩებში, უამრავ აბრას ნახავთ არა მხოლოდ უცხოენოვანი წარწერით, არამედ ქართული ასოებით დაწერილი უცხო სიტყვებით (ალბათ, ეს _ მათთვის, ვინაც უცხო ენაზე წერაკითხვა არ იცის). ასე რომ, ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენი ერისგანსანათლებლად”.

და ასეგამდიდრებულენაზე საუბრობენ, ორატორობენ თუ წერენ ისთანამედროვეადამიანები, რომელთათვისაც იაკობ გოგებაშვილისდედა ენასყავლი გაუვიდა. მაპატიეთ, ალბათ, ვადაგასული უნდა მეთქვა, აბა, რაღა დროსყავლია”?!

იმედს ვიტოვებ, რომ ბრძოლას ჩვენი ენის სიწმინდის დასაცავად ყავლი (მაინც ასე ვიტყვი!) არასოდეს გაუვა და ჩემს მკითხველს ამჯერად 14 აპრილს _ ქართული ენის დღეს _ მივულოცავ და თან 1876 წელს გაზეთდროებაშიდაბეჭდილ ილიას წერილს შევთავაზებ.

“მამული!.. ამ სიტყვის ყოვლად-მპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება – ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა – მთელის ხალხისა და მთელს ხალხს _ თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღველითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა _ დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია, და ყოველში ყველა არის.

ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემიმედა შენიმეჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა. ახლაო, მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვა-ღა უნდა? განა შენ თითონ არ იცი, რომ ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს, _ ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული? ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მოსდევს: განვთვითეულდით, და რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა? მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისათვის ძლევამოსილობა _ მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე _ ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი _ ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-შვილობა _ მხვნელისა და მთესველის სახელიღაა.

ზღვა კოვზით არ დაილევაო, ნათქვამია. აი თუ არ დაილევა, სად არის მამულის ყოვლად-მპყრობელი, ვრცელი, ფრთაგასაშლელი მნიშვნელობა?

განვიმეორებ, განვთვითეულდით და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა.

რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის ღონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრის-კაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი “მამული” დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდიმამულიდავშალეთ, პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო.

თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის “მამულის” ნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა, ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა.

ეხლა, ჩემო მკითხველო, შენ შენს კერძო მამულზედ სწუხხარ და სტირი, მე ჩემს კერძო მამულზედა, ყველას გაცალკევებული, საკუთარი და კერძო ნაღველი გვაქვს, როგორღა მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა? რადგანაც ვიცით, რომ ვეღარ მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა, ამიტომაც სალაპარაკოდაც აღარ შევყრილვართ. ან სალაპარაკოდ რიღასთვის უნდა შევყრილიყავით? ლაპარაკი აზრის აღებ-მიცემობაა. მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, საერთო აზრის აღებ-მიცემობა გაგვეწივა. რაკი შენ იმერლობა დაირქვი და მე კახელობა, მე შენთან სალაპარაკო აღარა მაქვს-რა და შენ _ ჩენთან; რაკი შენ შენს სახნავს მიწას და ერთობ შენს უძრავს ქონებას შენი მამული დაარქვი და მე ჩემსას _ ჩემი, მე შენთან საერთო მოსაფიქრებელი აღარა მაქვს-რა, და შენ _ ჩემთანა.

ამიტომაც დავშორდით ჩვენ ერთმანეთსა, შენ იქით წახველ და მე აქეთ წამოვედი, და მას აქეთ მე და შენ ერთად აღარ გვილაპარაკნია. დიდის ხნის ულაპარაკობამ, როგორც აზრით, ისე სიტყვითაც, ერთმანეთს დაგვაშორა. ერთიერთმანეთის სიტყვას ყური გადავაჩვიეთ: შენ ჩემი სიტყვა ან სულ არ გესმის და, თუ გესმის, შენებურად გესმის, მე კიდევ შენი სიტყვა ჩემებურად მესმის.

ამიტომაც ქართველი ვეღარავის გვიცვნია, თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ. რათ მოხდა ესე? იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველსფერში გავთავთავდით, აზრი და ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც, რომელიც მარტო აზრისა და საქმის ნიშანია, გათავთავდა. ამიტომაც ჩვენი ენა კილოიანი გახდა, იგავიანი, ორპირი შეიქმნა ასე, რომ ერთ და იგივე სიტყვას მრავალგვარი აზრი მიეცა. აბა რა გითხრა იმისთანა, რომ შენ კილო არ გამოაბა? მ ი ი რ თ ვ ი ც რომ გითხრა, ამ კარგს დარბაისლურს სიტყვას, თუ მოინდომებ, ცუდად ჩამომართმევ, თუ ნამეტნავად ზოგიერთა კაცის გულის გარყვნილებაში შენც წილი ჩაგიდვია.

შ ე მ ო ბ რ ძ ა ნ დ ი რომ მითხრა, ხომ კაი სიტყვაა, ეგ ჩემზედ ჰკიდია, საწყენად მივიღო თუ სალხენად. აი აქ “ჰ კ ი დ ი ა” ვიხმარე და შენც ათასჯერ ხმარობ, მაგრამ ვშიშობ, რომ მაგ სიტყვას ერთმა ბრიყვმა ვინმე თავისის წამხდარისა და გარყვნილის გონების აზრი არ მიაწეროს.

სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ, ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ, ენას აზრს ვინღა სთხოვს? ჩვენ თითონ დავცალიერდით გუდაფშუტასავით, ცალიერი სიტყვებიღა გვინდა, ცალიერი ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს. სხვა რისთვის გვინდა ენა? საერთო სახელი ქართველი კერძოობითად გავხადეთ, მამული დანეხვილ ნაფუძვრად გარდავაქციეთ, პატივი _ ნეხვად, თავი _ გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ, და მის შემდეგ კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?

ჩვენ რომ ერთი-ერთმანეთს გადუდექით, თავი შევიკეტეთ ჩვენს პატარა ხუხულაებში და ერთი-ერთმანეთს აღარ გაველაპარაკენით, რასაკვირველია, ენაც დაგვიმუნჯდებოდა და დაგვიკოჭლდებოდა. მეტყვეკლების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორც ყველაფერს სხვას. მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა. ჩვენ განკერძოვების შემდეგ გონებითად აღარ გვიცხოვრია და რადგანაც ენას მაინც პირში ტოკვა უნდოდა ჩვეულებისამებრ, ავიღეთ და უაზრო ხმები, რომელიც ჩვენი ხუხულაების გარეშემო პირუტყვის ბუნებაში ისმოდა, ენის სალაქლაქო ქართულ სიტყვებად ვაქციეთ, და მადლობა ღმერთსა, დღევანდლამდე ამგვარის სიტყვებით იოლად მივდივართ.

ამიტომაც პირუტყვ-ბუნების ხმის მსგავსის სიტყვებით აივსო ჩვენი ენა, და დახე, თუ ერთი გონებითი აზრის მცველი სიტყვა ემატნა. მაგალითები ათასია: ფრიალი, კრიალი, ბრიალი, პრიალი, გრიალი, ქრიალი, ღრიალი, ჭრიალი, ხრუტუნი, ღრუტუნი, სრუტუნი, წრუტუნი, ჟრუტუნი, ფრუტუნი, და ათასი ამისთანით აივსო აზრმოკლებული, უნიადაგო ჩვენი უბედური ენა. სადღაა ქართული ენა? ქართველობა გათავ-თავდა, მამული _ აგრეთვე, სადღა გაიბას ქართულმა ენამ თავისი ფესვი საერთო აზრიანობისათვის? კიდევ იმას ვიტყვი, რაც ზემოთა ვსთქვი: მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, რომ ერთმანეთის აზრის აღებ-მიცემობისათვის საერთო მნიშვნელობის სიტყვა და ენა შეგვექმნა? შენ შენთვისო, მე ჩემთვისო, ძმებმა ერთმანეთს ვუთხარით, ცივად ერთმანეთს თავი დავუკარით, უცრემლოდ ძმა ძმას გამოვესალმენით, უკანასკნელი საერთო სიტყვა “მშვიდობით” უკანასკნელადღა ვახსენეთ, შენ იქით წახველ და მე _ აქეთ, თვითვეულად, თავ-თავად, და ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული “გამარჯვება” მითხრა შენ _ მე, და მე _ შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო თუ დაო!.. (დაიბეჭდა გაზეთდროებაში”, 1876 ., 14 მარტი, #27).

P.S. დღესსადღა გაიბას ქართულმა ენამ თავისი ფესვი საერთო აზრიანობისათვის?”

აი ეს არის საკითხავი.

მტრობა ენის არს მტრობა ქვეყნის

დღეს საქართველოს კანონმდებლობა ყველა კომპანიასა თუ ორგანიზაციას ავალდებულებს, დაწესებულების აღმნიშვნელი აბრა თუ ბანერი აუცილებლად იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე. დასაშვებია უცხო ენაზე შესრულებული აბრაც, თუმცა ერთერთი ენა ქართული აუცილებლად უნდა იყოს. ამ საკითხს არეგულირებს ორი კანონი: “საქართველოს კანონი რეკლამის შესახებდასაქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ”.

კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი წარწერები სახელმწიფო ენაზე უნდა გაკეთდეს. არასახელმწიფო, მათ შორის ეროვნული უმცირესობების ენებზე წარწერების წარმოდგენის განრიგს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს და ამტკიცებს.

კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ამტკიცებს ქართული ენის საკონსტიტუციო სტატუსს, ადგენს მისი გამოყენებისა და დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს სახელმწიფო და არასახელმწიფოებრივი ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა აწყობილდალაგებული _ ენის სახელმწიფო დეპარტამენტი აკონტროლებს, რომ სარეკლამო წარწერები ქართულ ენაზე იყოს.

და წერია კიდეც ბევრ ადგილას, მაგალითად: ვინდამ გრანდი, ანდერგრაუნდი, მუთლუ, სერფ ენ ფრაისე, ართთაიმი, სპარი, ნეილ ბიუთი

ნუთუ ამ წარწერებზე შეიძლება თქვა: ქართულენოვანიაო?!

სარეკლამო ბანერები არაქართულ ენაზე სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ირღვევა, სახელმწიფო დეპარტამენტი უძლურია _ მას რაიმე სანქციების გამოყენების უფლება არ აქვს! ის მხოლოდ აღრიცხავს და აფრთხილებს კანონის დამრღვევებს!

კომიკური სიტუაციაა, მაგრამ როგორ გინდა, ამაზე გაიცინო?!

რა გაგაცინებს, როდესაც თბილისის ცენტრში ქართული ენა იგნორირებულია?!

არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება, რომლის შესაბამისად, მერია დედაქალაქის იერ-სახის, რეკლამისა და აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას აკონტროლებს. თუ როგორ სრულდება ეს დადგენილება, ვცადეთ, ფოტოკოლაჟის სახით წარმოგვედგინა, რასაც ძალიან მარტივად და სწრაფად გავართვით თავი, რადგან მსგავსი ბანერების ძებნაში დრო არ დაგვიკარგავს, ისინი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უამრავია.

მტრობა ენის არს მტრობა ქვეყნის და “არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი სული და გული ენაა”, ამიტომ ილიას მიერ დაარსებული “ივერია” ქართული ენის უფლებებისთვის ხმალამოწვდილი იბრძოდა. “ივერიას” დაარსებიდანვე ცხარე პოლემიკა მოუხდა ქართული ენის მტრებთან, ინდიფერენტულ ადამიანებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და მაღალი რანგის “ჩინოვნიკებთან”, მაგრამ არავისთვის არაფერი შეურჩენია, არასოდეს უკან არ დაუხევია. ეს ბრძოლა არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია. ის ბოლომდე ერთგული დარჩა სიჭაბუკის დევიზისა _ ჩვენ დედაენის შებღალვას მშობელ დედასაც არ ვაპატიებთო.

დღეს ჩვენ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ისევე დავუდგეთ ქომაგად მშობლიურ ენას, როგორც ილია და მისი თანამებრძოლები.

მივუბრუნდეთ ისევ ისტორიას: ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის თეზისი, რომ ენის კანონმდებელი ხალხია და სალიტერატურო ენა ხალხის მეტყველებას უნდა დაუახლოვდეს, ბევრმა უკუღმართად გაიგო, ხოლო “საქართველოს მოამბის” დახურვის შემდეგ პროცესმა ცალმხრივი მიმართულება მიიღო; 70-იან წლებში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა; დიალექტიზმების უკონტროლო, კანონს დაუქვემდებარებელმა მოზღვავებამ ენაში ქაოსი წარმოშვა. სამწუხაროდ, ამ მხრივ ცუდი როლი ითამაშეს “დროებამ”, “იმედმა” და “მნათობმა”, რამაც საბაბი მისცა ძველი თაობის ისეთ ქურუმებს, როგორებიც იყვნენ გრიგოლ ორბელიანი და დიმიტრი ყიფიანი, ხმა აღემაღლებინათ ქართულ სალიტერატურო ენაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის წინააღმდეგ.

მათ ცოცხალი მაგალითებით წარმოუდგინეს მკითხველს, რა განსაცდელში ჩავარდა “სალიტერატურო ქართული ახალი პატრონების ხელში”, რომლებიც არავითარ წესსა და კანონს, არავითარ გრამატიკას არ სცნობდნენ.

ილია ჭავჭავაძეს პასუხი არ გაუცია მათთვის, ძირითადად, უთუოდ იზიარებდა გრიგოლ ორბელიანის შენიშვნებს. მასში თანდათან მწიფდებოდა ის აზრი, რომ აუცილებელი იყო 1861 წელს დაწყებული საქმის გაგრძელება, დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ახალი სალიტერატურო ენის პრობლემათა პრაქტიკულად გადაწყვეტა.

ილიამ პირველი ნომრიდანვე მწვავედ დააყენა სალიტერატურო ენის პრობლემა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად გვიჩვენა ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნიმუშები.

მოწინააღმდეგეებმა პირველი ნომრიდან ცხარე კამათი გაუმართეს რედაქტორს. ამტკიცებდნენ, უფალ ჭავჭავაძეს ეხლა ალბათ შეშინებია იმ მიმართულების, რომელიც თვითონვე დაამყარაო. “ივერიისპირველ ნომერში ის უკან დახეულა ძველ მწიგნობრულ ენისკენ”.

აშკარაა, რომ ამ აზრის მომხრეებს მართებული წარმოდგენა არ ჰქონიათ სალიტერატურო ენის ხალხურ მეტყველებასთან დაახლოების არსზე. მოზღვავებულ დიალექტიზმებს, პროვინციის ანარქიულ მოძალებას შეკავება ესაჭიროებოდა. “ივერიას” სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ამითაც გამართლებული იქნებოდა მისი არსებობა.

სალიტერატურო ენის გარშემო კამათმა ბევრი მტერი გაუჩინა “ივერიას” და პირადად ილია ჭავჭავაძეს. მოწინააღმდეგეები პროვინციალიზმებით დანაგვიანებულ “უგრამატიკო ენას” უწოდებდნენ “ახალს”, ხოლო კანონებს დაფუძნებულ, ერთიან სალიტერატურო ენას _ “ძველს”.

“ივერია” უკომპრომისოდ ებრძოდა პროვინციალიზმს. “საყმაწვილო ჟურნალში სრულიად არ უნდა ჰქონდეს ხელი პროვინციალიზმებს, ენა უნდა იყოს წმინდა ქართული, ლიტერატურული” (მ. ნასიძე). “პროვინციალიზმი მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს ენაში, როდესაც რომელიმე საგნის ცნება არ მოიპოვება სალიტერატურო ენაში” (სტ. ჭრელაშვილი).

ილია ჭავჭავაძემ ყველაფერი იღონა იმისათვის, რათა “ივერიას” არა მარტო თეორიულად დაეცვა ერთიანი სალიტერატურო ენის პრინციპები, არამედ შემოქმედებითი პრაქტიკითაც დაემტკიცებინა მისი უპირატესობა, დაემკვიდრებინა იგი ყველა ჟანრში. ილია პირადად ასწორებდა თითოეულ მასალას და, როგორც ს. მგალობლიშვილის, ი. მანსვეტაშვილის, ა. ახნაზაროვის, გ. ლასხიშვილისა და სხვათა მოგონებებით ირკვევა, ხშირად რამდენიმე საათს ანდომებდა ერთი პატარა წერილის გასწორებას.

ილია ჭავჭავაძეს არ აკმაყოფილებდა ქართული ენის მეცნიერული შესწავლის არსებული მდგომარეობა და “ივერია” დაჟინებით მოითხოვდა ქართული გრამატიკის შექმნას. ამ ამოცანებს ემსახურებოდა რედაქციაში დაწესებული “ხუთშაბათობები”, რომელთაც პირადად ილია უძღვებოდა.

სალიტერატურო ენის განვითარების, დაცვისა და დამკვიდრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა “ივერიის” მხატვრულ-ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ილიამ “ივერიის” კარი ფართოდ გაუღო სამაგალითო მოქართულეებს: აკაკი წერეთელს, ალექსანდრე ყაზბეგს, ივანე მაჩაბელს, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლომოურს, სოფრომ მგალობლიშვილს, ეკატერინე გაბაშვილს, იონა მეუნარგიას, გრიგოლ ყიფშიძესა და სხვებს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here