მთავარი პოლიტიკა სააკაშვილის გარღვევა და პოროშენკოს ქვაბი

სააკაშვილის გარღვევა და პოროშენკოს ქვაბი

გააზიარეთ
სააკაშვილი

ყველას, ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოში გორში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვერტმფრენის დანახვაზე რა ჩაიდინა _ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ისე გაიქცა, რეკორდსმენ სპრინტერებს შეშურდებოდათ და ნათლად გამოჩნდა, რომ მიშა დიდ გულზე და მამაცი მაშინ იყო, როცა გარშემო დაცვა ეხვია და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

არა, სააკაშვილს დაცვის წევრები გორშიც ახლდნენ, მაგრამ მიხვდა, რომ ისინი საჰაერო თავდასხმას ვერ მოიგერიებდნენ და გაქუსლა. ალბათ, ეს იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ 10 სექტემბერს ექსპერტები უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის ჩასვლას აბსურდს უწოდებდნენ. მათ ზუსტად იცოდნენ, მიშას რისი ერთი ადგილი ჰქონდა და ამიტომ, სააკაშვილის ბაქიბუქს ირონიული კომენტარებით პასუხობდნენ. რეალურად, სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, _ აქ ჩავალ, იქ ჩავალო და არასდროს არაფერი შეუსრულებია, მაგრამ ვერც ექსპერტებმა და ვერც სხვებმა ვერ გათვალეს ერთი რამ: როცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს ექსპრეზიდენტი ამერიკაში იმყოფებოდა

მივყვეთ ქრონოლოგიურად.

სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, პოროშენკო _ საქართველოში. ყველამ ვნახეთ, რომ პოროშენკოს ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ქართულ მხარესთან შეეთანხმებინა: რა უნდა ექნა სააკაშვილისთვის. მოქალაქეობის ჩამორთმევაზე შეთანხმდნენ, მაგრამ დაკავებასა და გადმოცემაზე ქართულმა მხარემ კატეგორიული უარი განაცხადა. სააკაშვილის გარეშე კომფორტულად არის ხელისუფლება და ციხეში წამებული გმირის მანტიით მიშას შემოსვა ხელს არავის აძლევდა. შესაბამისად, პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და მისი ქვეყნიდან გაძევებაც არ დასჭირდა _ მიშა ამერიკაში იყო. უკრაინის პრეზიდენტმა კი გამოაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ვეღარ დაბრუნდებოდა. ეს იყო პოროშენკოს პირველი და ერთ-ერთი დიდი შეცდომა. ჯერ ერთი, მან ვერ გათვალა ის, რომ ამერიკაში მყოფი სააკაშვილი აუცილებლად მოინახულებდა თავის ლობისტებს და, უკრაინაში დაბრუნებას თუ არა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას მაინც შეეცდებოდა და იმავე უკრაინაში პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის ან ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქის სტატუსით დაბრუნდებოდა. პოროშენკომ ვერც ის გათვალა, სადამდე შეეძლო ჩვენი დროის ოსტაპ ბენდერს წასვლა და ეს იყო მეორე დიდი შეცდომა. მესამე და მთავარი შეცდომა, რომელიც პოროშენკომ დაუშვა, იყო ის, რომ განაცხადა: თუ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს გადმოკვეთს, უპირობოდ დავაკავებთო. იმავეს იმეორებდა უკრაინაში შს მინისტრი არსენ ავაქოვი და დარწმუნებულიც იყო, რომ მოსისხლე მტერს, მიშას, არსენა მარაბდელივით გაკოჭილს მიართმევდა ქვეყნის პირველ პირს… ამას ემატებოდა ქართველი ექსპერტების ვარაუდი: მიშა ვერ გაბედავს, მიშას შეეშინდება, უბრალოდ ბაქიბუქობს… და ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო.

სააკაშვილი

10 სექტემბერს სააკაშვილი ჯერ ავტობუსში ავიდა, საზღვარი უნდა გადავკვეთოო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და მატარებელში გადაინაცვლა. მატარებელი არ დაიძრა და, როგორც ჩანს, ამ საქმეში პოროშენკოსა და ავაქოვის ხელი ერია. ქართულმა არხებმა არ აჩვენეს ერთი საგულისხმო ვიდეო _ სააკაშვილი გაღიმებული გადაადგილდება რკინიგზის სადგურის ბაქანზე და ამ მომენტში მის გამო შეყოვნებული ერთერთი მოქალაქე ხელს კრავს. სააკაშვილს ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც 2008 წელს, ხელის კვრით შეშინდა მიშა და, სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო კატალიზატორი იმისა, რომ ამერიკის ელჩი საქმეში ჩაერთო. ამერიკელები მიხვდნენ, რომ კიდევ ერთი ხელის კვრის შემდეგ, სააკაშვილს, შესაძლოა, ისე მოეკურცხლა, პოლონეთის ტერიტორია ფეხით გადაეჭრა და სხვა ქვეყანაში გაქცეულიყო, ამიტომ მათ პოროშენკოს უთხრეს, რომ მიშა ქვეყანაში უნდა შესულიყო და, რაც მთავარია, არ უნდა დაეჭირათ. გარანტიების მიღების შემდეგ სააკაშვილი საზღვრისკენ დაიძრა, იქ ჯერ შოუ დადგა: ჯარისკაცებს მორალი წაუკითხა და, როგორც კი უკრაინის მხრიდან მისი მხარდამჭერები დაიძრნენ და კორდონი გაარღვიეს, ხვლიკივით გაძვრა ჯარისკაცებში და უკრაინაში შევიდა.

სააკაშვილმა საზღვარი დაარღვია და მას აუცილებლად დავაპატიმრებთ”, _ ეს იყო ბოლო საჯარო განცხადება, რომელიც არსენ ავაქოვმა გააკეთა. ამის შემდეგ უკრაინის შს მინისტრი, უბრალოდ, აღარავის უნახავს. როგორც ჩანს, ამერიკელებმა მასაც უთხრეს, რომ სააკაშვილისთვის კანონის დარღვევის შესაძლებლობა უნდა მიეცა და არ უნდა დაეკავებინა, რაზეც მან უარი ვერ თქვა. ვერ თქვა იმიტომ, რომ რეალურად დღევანდელი უკრაინა ამერიკის კოლონიაა და კოლონიზატორების ნებას ვერ გადაუხვევენ. თანაც, პეტრე პოროშენკო ხომ იმით ინარჩუნებს ხელისუფლებას, რომ მტრად ვლადიმერ პუტინი ჰყავს გამოცხადებული, ამერიკამ კი სააკაშვილს პუტინთან მებრძოლი ადამიანის იმიჯი შეუქმნა და ისე გამოვიდა, რომ პუტინთან მებრძოლი პოროშენკო პუტინის ნომერ პირველ მტერს ბლოკავდა. საბოლოოდ, ამერიკამ თავისი გაიტანა: პოროშენკოსა და ავაქოვს თავმოყვარეობა შეულახა, თავს ლაფი დაასხა, ხოლო საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში ზარზეიმით შევიდა.

მოკლედ, ამერიკელების მიერ წაქეზებულმა სააქკაშვილმა, რომელიც ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, უკრაინის საზღვრის გარღვევა მოახერხა, პოროშენკო კი, ისევე, როგორც მისი ჯარისკაცები .. ანტიტერორისტული ოპერაციისას აღმოსავლეთ უკრაინაში, დებალცევოს, ილოვაისკისა და ლუგანსკის აეროპორტთან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოლაშქრეების მიერ მოწყობილ მსგავს ქვაბში (ალყაში) აღმოჩნდა. ამ ქვაბებში კი, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპაპეტრე პოროშენკო ამერიკელმა პატრონებმა სწორედ ქვაბში ჩააგდეს და სააკაშვილიშეუკეთეს”. ამ ინციდენტიდან ნათლად ჩანს, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ფორმალურად არის დამოუკიდებელი და შეუმდგარია. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც ერთი დორბლიანი სააკაშვილი, თუნდაც ამერიკელების მიერ წაქეზებული, საზღვარზე ვერ შეაკავა და, ომის შემთხვევაში უცხო ქვეყნის ჯარის შეკავებას რომ ვერ შეძლებს, ცხადზე ცხადია.

ამასთანავე, 12 სექტემბერს უკრაინის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის. მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, სააკაშვილს 130-დან 330-მდე დოლარით დაჯარიმება ემუქრება, ანუ პოროშენკოსა და ავაქოვის განცხადებები, სააკაშვილს დავაკავებთო, უბადრუკი ბაქიბუქი აღმოჩნდა. “ჩადენილი გმირობისთვის” იქნებ ორდენიც გადაეცა უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილისთვის?..

ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული მხარე სააკაშვილს დააკავებდა და შემდეგ საქართველოს გადმოსცემდა, ქართული სასამართლო კი გირაოს სანაცვლოდ გაუშვებდა მიშას და ისიც საქართველოში უკვე ლეგალურად იცხოვრებდა. მაგრამ ასე არ მოხდა, მოხდა ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას არ მოეწონებოდა: “ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში”, _ საზღვარზე გადასვლის შემდეგ თქვა სააკაშვილმა და ამით მიანიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ზუსტად ასე მოადგეს საქართველოს საზღვარსაც.

რა მოხდება მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში?! ის, რომ საქართველო უკრაინაზე არანაკლები კოლონიაა და გადაწყვეტილებებს აქ ამერიკის ელჩი იღებს, ყველასთვის ცხადია. ჰოდა, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ წინასაარჩევნოდ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსოს, უკრაინაში ამერიკის ელჩის ქართველმა კოლეგამაც ზუსტად ისევე მოუწოდოს ხელისუფლებას, _ მიშა გამოატარეთო, როგორც ეს პოლონეთუკრაინის საზღვარზე ვიხილეთ და საქართველოს მიერ ძებნილი, რამდენიმე უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი სააკაშვილი, შესაძლოა, ახალ გმირად მოგვევლინოს და მართლა ხელში აყვანილი შემოიყვანონ ჩვენს ქვეყანაში.

ასეთია იმ ქვეყნების ბედი, რომლებიც ფორმალურად დამოუკიდებლები არიან, რეალურად კი _ კოლონიები და უცხო ქვეყნის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ. უსიტყვო მორჩილებისას კი თავმოყვარეობა და პრინციპები ლიტონი სიტყვებია და არავის ახსოვს. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის იმიჯი და პირველი პირების თავმოყვარეობა ამერიკის ელჩის ნებაზეა დამოკიდებული. ის, რომ სააკაშვილმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია, სახელმწიფოებრიობა მოშალა, ფაქტია, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი ამას ხელს ვერ უშლის, რადგან ზუსტად იცის, რომ, თუ ამერიკა მოინდომებს, იმ სკამს, რომელზეც ზის, გამოაცლის და ეგებ დაიჭირონ კიდეც, ამიტომ პოროშენკო აიტანს ყველაფერს, რასაც ამერიკა ეტყვის და მონური მორჩილებით შეასრულებს ყველა მითითებას. ყველანაირი ლოგიკით, უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერია და…

გვერწმუნეთ, ბატონებო, საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში სიტყვა კოაბიტაცია ლექსიკონიდან დაიკარგება და ნაციონალები არ დაიწყებენ მოფერებას: მიშას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა “ყველანი ციხეში” მძლავრად ამუშავდება.

ბესო ბარბაქაძე

Загрузка...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here