მთავარი პოლიტიკა რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და უცხოელთა შეშფოთების საფუძველიც ეს არის

რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და უცხოელთა შეშფოთების საფუძველიც ეს არის

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრის ნაცვლად ამერიკისგან მამასისხლად ნაყიდ იარაღს ვაჟღარუნებთ

1038
გააზიარეთ
კვირიკაშვილი-პენსი

ნატოს სამიტის წინ საქართველოს ხელისუფლება კვლავ იმის მოლოდინშია, რაც აქამდეც არ მიუღია და რეალურად, არც არავინ იცის, როდის მიიღებს. სამოქმედო პროგრამა, რომელიც თითქოს ნატოს კარს გაგვიღებს, რამდენჯერმე მოგვცეს, მერე შეგვაქეს კიდეც: საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ალიანსის წევრის სტატუსი მოიპოვოსო, და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ვერაფერი ვერ მივიღეთ.

2008 წელს დაგვარწმუნეს, უძლეველი არმია გყავთო, და რუსეთთან ომი დაგვაწყებინეს. სანაცვლოდ კი მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება მივიღეთ, რადგან რეალურად დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები რუსეთთან კონფლიქტს ერიდებიან, რადგან ზუსტად იციან, წარმატების შანსი ნული აქვთ. სამაგიეროდ, საქართველოს მსგავს ქვეყნებს აგულიანებენ და ზესახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას აიძულებენ. ამერიკელების განცხადება ქართველების მიმართ, რუსეთთან უკანასკნელ ჯარისკაცამდე უნდა იბრძოლთო, თავდაპირველად ბევრმა ხუმრობად აღიქვა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, სახუმარო არაფერია. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის და საქართველოს პირველ პირებს კვლავ ეუბნებიან, რომ რუსეთს უნდა ებრძოლონ. შესაძლოა, ბევრი არ დაგვეთანხმოს ამ მოსაზრებაში, მაგრამ…

ნატოს სამიტამდე საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკას ეწვია და ახალი დირექტივები მიიღო. ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა კვირიკაშვილს თავის სახლში უმასპინძლა და საქართველოდან ხბოს აღტკინებით ტაში დაუკრეს, _ ხედავთ, ამერიკის მეორე პირმა რა პატივი დაგვდო, სახლში მიგვიღო სტუმრადო. ვერ გეტყვით, რა ისაუბრეს კონკრეტულად სამიტის შესახებ პენსის სახლში, მაგრამ იმის თქმა კი გადაჭრით შეიძლება, რომ ამერიკამ საქართველოს პრემიერმინისტრს დამოუკიდებლობის დღეს იარაღის ჟღარუნი მოსთხოვა. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ მთელი 3 თვის განმავლობაში ხელისუფლება ამტკიცებდა, 26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართებაო და პენსი-კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ქვეყნის მთავარ ქუჩაზე ამერიკისგან 75 მილიონად ნაყიდ “ჯაველინებს” ჩაატარებდნენ. ამით ყველას დაანახვებდნენ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მოგვყიდა, რომ თავის დაცვა შეგვიძლია და რომ უძლეველი არმია გვყავს. ეს ყველაფერი კი ძალიან, ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის წინა პერიოდს, როცა იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებდა, ასეთი ძლიერი შეიარაღება და ასეთი ძლიერი ჯარი საქართველოს არასდროს ჰყოლიაო… ამას მოჰყვა ის, რომ პიპინია ერისთავივით, პორტ-არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწრო, ბრძოლის ველიდან გაიქცა და გმირი ბიჭები უპატრონოდ მიატოვა.

რეალურად, აშშ ხელს არ აძლევს დამშვიდებული კავკასია, არ სურს ისეთი საქართველო, რომელსაც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთისგან მონსტრს ვეღარ შექმნის და ვერც ევროპას აიძულებს, სანქციების დაწესებაში აჰყვეს. აბა, რა გამოვა, თუ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობას მოაგვარებს, ვიღას აიძულებენ იარაღის შესყიდვას?! აზერბაიჯანი ამას არასდროს გააკეთებს, სომხეთის ეკონომიკა, პრაქტიკულად, რუსეთთან ექსპორტ-იმპორტზე დგას და დარჩა საქართველო, ქვეყანა, რომელსაც წელიწადში ერთხელ რამდენიმე მილიონს მიუგდებენ და ჩვენი ხელისუფლებაც მზად არის, ყველა პირობას დათანხმდეს.

ჩრდილოეთ კორეის მაგალითიც ვთქვათ. ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე თანხმობა გამოთქვა და ამ შეხვედრას ისტორიული დაერქვა, თუმცა ამერიკამ ნამდვილი სახე მალე გამოაჩინა და ტრამპმა შეხვედრა გააუქმა.

“სამწუხაროდ, იმ ღია მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს ბოლო განცხადებაში იყო ნაჩვენები, მივიჩნევ, რომ ამ მომენტში დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია. ვიმედოვნებ, რომ კიმ ჩენ ინი, საბოლოო ჯამში, გააკეთებს იმას, რაც მართებულია არა მხოლოდ თავისთვის, არამედ კორეელი ხალხისთვის, რომელიც ძალიან იტანჯება. მიმაჩნია, რომ ეს უზარმაზარი დარტყმაა ჩრდილოეთ კორეაზე და ნამდვილი მარცხი მსოფლიოსთვის. ამერიკელი სამხედროები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის სულელურ ან წინდაუხედავ საქციელზე რეაგირებისთვის. იაპონია და სამხრეთ კორეა მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ ხარჯების ნაწილი ამერიკის ოპერაციაში, თუკი ასეთი სამწუხარო სიტუაცია შეიქმნება”, _ ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

რეალურად კი, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა: ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე თუ დაემუქრება, ყველა არსებულ რესურსს გამოვიყენებ თავის დასაცავადო, და ეს ამერიკას არ მოეწონა. ამერიკას არ მოეწონა ის, რომ ქვეყანამ გაბედა და თქვა: ტერიტორიულ მთლიანობას არავის დავარღვევინებო. ვერ გეტყვით, რისი იმედი ჰქონდა ტრამპს, რა უნდოდა რეალურად და რა უნდა ეთქვა ინისთვის ისეთი, რამაც შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აღნიშნული განცხადება გააკეთებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკა რაღაცას ამზადებდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაში რაღაც მოხდა და ამერიკამ თამაშის წესები კიდევ ერთხელ შეცვალა. “ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის თარიღი უცვლელია. გაუგებრობა მოხდა და გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შეხვედრა გადაიდო. არადა, შეხვედრა 12 ივნისს აუცილებლად გაიმართება და მას ისტორიული მნიშვნელობა ექნება”, _ ეს განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გაავრცელა, როცა ყველა მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ ტრამპს ინთან შეხვედრა გადაფიქრებული აქვსო.

აშშ ორმაგ თამაშს თამაშობს, ჩვენ კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით ამერიკაში დავრბივართ მაშინ, როცა რეალურად, არც შტატებს და არც ევროპას არ აინტერესებთ ჩვენი საზღვრები. სიმართლე კი არის ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან დიალოგის გარეშე არანაირად არ გამოვა, მაგრამ, დიალოგის ნაცვლად, ჩვენ ისევ იარაღს ვაჟღარუნებთ (ამერიკისგან მამასისხლად ნაყიდს) და ისევ ევროპასა და ამერიკას ვეაჯებით: დაგვეხმარეთ დაკარგული ტერიტორიების აღდგენაშიო.

და ეს იმის მიუხედავად, რომ გიორგი მარგველაშვილის ნაგვიანებ განცხადებას, რუსეთის პრეზიდენტს შევხვდებიო, რუსულმა მხარემ დიპლომატიურად უპასუხა: ამ შეხვედრის მომზადება და განხორციელება შესაძლებელიაო. ეს მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია, თუმცა რუსეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთ-საქართველოს შეხვედრები გასცდეს აბაშიძეკარასინის ფორმატს და უფრო მაღალ დონეზე გაიმართოს. მაგრამ არა _ ამერიკა და ევროპა ამის წინაამდეგი არიან. წინააღმდეგი არიან იმიტომ, რომ ეჭვი აქვთ, რუსეთი ომის ენას კეთილმეზობლურ ურთიერთობას ამჯობინებს, დათმობებზე წავა და იმ მონსტრისგან, რომელიც წლების განმავლობაში ხელოვნურად შეიქმნა, არაფერი დარჩება.

რა გამოდის? რუსეთი ყველა ქმედებით მიანიშნებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, ჩვენ კი მაინც ამერიკისა და ევროპის მხარეს ვართ და სასაუბროდ არ ვსხდებით. რუსეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ კიჯაველინებიდავანახვეთ. რაც მთავარია, ოვაციებით შევხვდით ინფორმაციას, რომელიც ამერიკის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს: აქაოდა, რუსები მსოფლიოს ბალისტიკური რაკეტებით რომ აშინებდნენ, თურმე ეს რაკეტები უვარგისია და მათი გამოყენება შეუძლებელიაო. ესეც ჩვენი დარი სახელმწიფოებისთვის არის გათვლილი, რომ გული მოგვეცეს, ისევ ომში ჩავებათ და მერე დაველოდოთ, როდის ჩამოდგება ბათუმის პორტში ამერიკული წყლითა და პამპერსებით დატვირთული გემი, რათა მოსახლეობას მოვატყუოთ, პამპერსების გარდა, გემზე იარაღიც არისო. რაც მთავარია, ამ ყველაფრის გვჯერა. გვჯერა იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკა ჯადოსნურ ჯოხს დაიქნევს, ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ნატოში მიგვიღებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებით, რუსეთი კი დასუსტდება, დაიშლება და რიგითი სახელმწიფო გახდება. ეს უკვე სატირალიც აღარ არის… ამერიკა და ევროპა, უბრალოდ, დაგვცინის და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თვითონაც უკვირთ, რატომ სჯერა საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობის ნაწილს იმ დაპირებების, რომლებსაც, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, არ ასრულებენ და არც შესრულების პერსპექტივა ჩანს. ერთი ეგაა, მოსახლეობა თანდათან ხვდება, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და უცხოელთა შეშფოთების საფუძველიც ეს არის. სწორედ ამიტომ მოთხოვნა რეფერენდუმზე, რომელიც გაარკვევს, რა სურს რეალურად საქართველოს მოსახლეობას და რომელ საგარეო კურსს ამჯობინებს, არც კი განიხილება. “გონივრული ეჭვი” აქვთ, რომ ქართველი ხალხის პასუხი ამერიკა-ევროპისთვის მძიმე მოსასმენი იქნება. არადა, რეალობა ასეთია _ საქართველოს დაპირებების აღარ სჯერა და უნდობლობა ევროპა-ამერიკის მიმართ დღითიდღე იზრდება.

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here