Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთთან დიალოგი საქართველოსთვის ზრდის ფაქტორია!

რუსეთთან დიალოგი საქართველოსთვის ზრდის ფაქტორია!

667
რუსეთთან დიალოგი საქართველოსთვის ზრდის ფაქტორია!

ზრდის ფაქტორი _ ეს არის ისეთი პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციები და გარემოებები, რომლებიც იწვევს ჩვენი პროფესიონალური, კომუნიკაციური და პერსონალური განვითარების ზრდას, მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ზრდაგანვითარების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აშკარა, თუ ამ პრობლემებსა და კონფლიქტებს მივიღებთ, როგორც გამოწვევას, როგორც ამოცანას, რომლებიც საჭიროებს და ექვემდებარება გადაწყვეტას.

ზრდის ფაქტორი, ძირითადად, გამოიყენება პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ინდივიდების პერსონალური განვითარების კუთხით, მაგრამ სახელმწიფოებრივი განვითარებისა და პოლიტიკის ეფექტურობის კუთხითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე მიდგომა, ხედვები, მეთოდები და ტექნიკა.

ზრდის ფაქტორის დეტალებზე შემდეგ წერილებში მოგახსენებთ, ახლა კი _ რიტორიკული კითხვა: ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობა არის თუ არა ზრდის ფაქტორი საქართველოსთვის? უფრო გასაგები რომ იყოს, კითხვას ასე დავსვამ: უწყობს თუ არა ხელს საქართველოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ განვითარებას პოლიტიკური ურთიერთობები აშშსა და ევროპის ქვეყნებთან?

პირადად ჩემი პოზიცია, ამ მხრივ, უარყოფითია და მოგახსენებთ რატომ:

ევროპა და, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ეწევიან დომინირებულ პოლიტიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანის უფლებას არ უტოვებენ საქართველოს ხელისუფლებას და სთავაზობენ მზა დირექტივებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვასა და კორექტირებას.

შესადარებლად ასეთ შეკითხვას დავსვამ: ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, პრობლემას თქვენ მაგივრად რომ წყვეტდეს თქვენი მეგობარი, ეს გამოიწვევს თქვენს ზრდა-განვითარებას? _ რა თქმა უნდა, არა! ასეთი დამოკიდებულება დეგრადირების წინაპირობაა პიროვნებისა და სახელმწიფოსთვის.

როგორც ადამიანს, ისე სახელმწიფოს, როცა არ აქვს არჩევანი, მიიღოს ინდივიდუალური, ალტერნატიული გადაწყვეტილება და გააკეთოს სასურველი არჩევანი; როცა ექვემდებარები სხვის დირექტივებსა და ხედვებს, იწყება ატროფია, დეგრადაცია და კვდომა. ამ ყველა დესტრუქციული გარემოების საწინააღმდეგოა ურთიერთობა სახელმწიფოსთან, რომელთანაც მწვავე კონფლიქტი გაქვს, მაგრამ შენი მეზობელია და მასთან მტრული დამოკიდებულება წამგებიან პოზიციაში გაყენებს.

უბედურება გაუცნობიერებლობაშია! კიდევ უფრო მეტი უბედურებაა, როცა აცნობიერებ რუსეთთან მტრული დამოკიდებულების წამგებიანობას და მაინც იზიარებ საქართველოსდირექტორადმოვლენილი სახელმწიფოს დირექტივებს. ამერიკელი დიპლომატები ხშირად გვევლინებიან არაკეთილმოსურნე წამქეზებლების როლში. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამერიკელი დიპლომატის _ დევიდ კრამერის სიტყვები, რომლებიც მან თქვა რადიოსადგურ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ “პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის” და მოუწოდა ქართველებს, წინააღმდეგობა გააძლიერონ რუსეთის მიმართ, ამასთანავე, უსაფუძვლოდ და ლაჩრობად მიიჩნია ყოველვარი დიალოგი და ფრთხილი პოლიტიკა რუსეთთან.

ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი სახელმწიფოები (მაგალითად, საფრანგეთი) ქვეყნის უსაფრთხოებაზე მსჯელობისას პრიორიტეტად მიიჩნევენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას; თვით ამერიკის პრეზიდენტსაც მიაჩნია, რომ საერთაშორისო გლობალური საკითხების გადაწყვეტა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ქართველმაც რომ ასე იფიქროს და შემდეგ განაცხადოს, კრემლის აგენტად და მოღალატედ შერაცხავენ. შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხების მოგვარება, სანამ ქართველები რუსეთთან დიალოგის მიუღებლობასა და შეუძლებლობაზე ფიქრს თავს არ დაანებებენ.

ცნობილი ისრაელელი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკოსი მოშე დაიანი აღნიშნავდა: “თუ მშვიდობა გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს უნდა ესაუბრო!” თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა ეს და ყველამ ვიცით, მაგრამ რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ეფექტიანად მოქმედებას?

ყველაფერი დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული!

რადგან ჩვენი დამოკიდებულება რუსეთისადმი უარყოფითია, რადგან ჩვენი რწმუნებულება რუსეთის მიმართ შემზღუდველია, უარყოფითი და შემზღუდველი იქნება ნებისმიერი, თუნდაც პოზიტიური ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რადგან დასაწყისშივე ვამჟღავნებთ უარყოფით ემოციურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და, რადგან ემოცია ნეგატიურია, პოზიტიური შედეგი ვერ გვექნება.

მაშასადამე, ნებისმიერი გადაწყვეტილება და, მათ შორის, გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ეფექტიანი და შედეგიანი რომ იყოს, უნდა გავაცნობიეროთ და შევცვალოთ დამოკიდებულება. უნდა შევცვალოთ საერთო ეროვნული ისტერიკა და რუსეთთან დავიწყოთ მოლაპარაკებები; უარყოფითი და შემზღუდველი რწმუნებულებები შევცვალოთ დადებითით და ნებისმიერ მოვლენაზე ჩვენი რეაქცია სასურველ შედეგზე იყოს ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სერიოზულ მუშაობას საჭიროებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე. შემზღუდველი რწმუნებულებები, რომლებიც ეროვნულ დონეზე ვიბრირებს, თითოეული ჩვენთგანის და განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან საჭიროებს ტრანსფორმირებას პიროვნული ზრდა-განვითარების გზით.

დიახ, ამ ყველაფერს სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც გვეზარება ქართველებს და ვამჯობინებთ, სხვამ გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები. დავიმახსოვროთ: ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაითავისებს და ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემას ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც შეგვიძლია.

მაშ, დავიწყოთ საკუთარი თავით! ზრდის ფაქტორად და წარმატების მომტან გამოწვევად ვაქციოთ თითოეული პრობლემა და კონფლიქტი. გავავრცელოთ ეს სულისკვეთება ქვეყნის მასშტაბით და პოლიტიკოსებსაც აღარ გაუჭირდებათ, მართებული რეაქცია ჰქონდეთ მოვლენებზე და იყვნენ მუდამ შედეგზე ორიენტირებულები.

რითაც დავიწყე, იმით დავასრულებ:

რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ზრდის ფაქტორია!

ბესიკ კაიშაური,

საჯარო მმართველობის მეცნიერებათა დოქტორი

1 COMMENT

  1. თუ გვინდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდეთ სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები ერთმორწმუნე რუსეთთან, რომელიც პატივს სცემს, უყვარს და ვალშია ქართველ ხალხთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here