მთავარი საქართველო როცა მკვლელებს აწინაურებენ

როცა მკვლელებს აწინაურებენ

4929
გააზიარეთ

გარდაიცვალა გია მაისაშვილი, საქართველოში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი, სპორტსმენი.
გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად, რომელიც განუვითარდა 2009 წლის 6 მაისს დედაქალაქის პოლიციის სამმართველოსთან მოწყობილ საპროტესტო აქციაში სააკაშვილ-მერაბიშვილის ზონდერ-პოლიციელების მიერ მიყენებული დაზიანებით გამოწვეული ჯანმრთელობის შეუქცევადი გართულების გამო.
გია იხსენებდა: `როცა `უცნობს ხალხი გალავანზე გადასახტომად მიჰყვებოდა, მივხვდი, რომ სისხლისღვრა გარდაუვალი იყო. გამოვტაცე გუნცაძეს მიკროფონი და დავიწყე ფაქტობრივად ბღავილი, რომ ხალხს უკან დაეხია. შეიარაღებული შავნიღბოსნებისგან გავიგონე ჩემი სახელი და გვარი, მოვტრიალდი და ამ დროს მიზანმიმართულად დამაჭედეს შუბლში. ეს იყო ქიმიური შემადგენლობის პლასტიკური ტყვია.
ტყვია ნასროლი იმ `არალეტალური იარაღიდან, რომლითაც მოამარაგა საქართველო სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იმ სახელმწიფომ, რომლის მიერ დეკლარირებული პრინციპების გულწრფელად სჯეროდა გია მაისაშვილს და ცდილობდა მათ დანერგვას საქართველოს საზოგადოებრივ აზროვნებასა და ჩვენი ქვეყნის რეალობაში.
არის მსხვერპლი, არიან ჯალათები _ შემსრულებლები, ბრძანების გამცემნი და ამ უკანასკნელთაგან არავინ არა თუ არ დაუსჯიათ, პასუხიც არ მოუთხოვიათ, პირიქით, კარიერულადაც დაწინაურებულან და მორალსაც გვიკითხავენ ტელებიზნესის სივრცეში გალაღებული მკვლელები.
მაისაშვილის შემთხვევა გამონაკლისი რომ იყოს, კიდევ ჰო. მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გავრცელებულია კოაბიტაციის ეპიდემიით დაავადებულ `ქართული ოცნების პერიოდის საქართველოში, ნორმად ყალიბდება.ორიოდ დღის წინათ ეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც კი აღიარა, მოქმედი ხელისუფლების თავგამოდებულმა ოპონენტმა ნაცების მხრიდან (სტილი დაცულია):
`… ის ადამიანები, ვინც ეს 200-მდე ადამიანი დააპატიმრა, აწამა, საქმე შეუკერა, მერე სასამართლოში ეს ყველაფერი დაადგინა და გაამწესა პოლიტიკურ პატიმრობაზე, ამ ადამიანებს ხელს არავინ ჰკიდებს. მეტიც, ხდება ამ ადამიანების დაწინაურება თავიანთ სისტემაში, იქნება ეს სასამართლო, თუ სხვა უწყებები. რთული და ცოტა ძნელად გასაგებია ეს ყველაფერი.
კანონი ამბობს, რომ ამდენი პოლიტპატიმარი გვყავდაო და მერე ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და აღასრულა, კარიერულ ზრდაში არიან~.
სიმართლე თქვა.
მღვდელმა უღელი გადააგდო და კურდღელი მოკლაო.
შემთხვევით.
მარგველაშვილის აღიარება შემთხვევით მოხვედრილს ჰგავს, თუ სახელმწიფო მოღვაწის ნათქვამია, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს, ამ დღეებში გაირკვევა, როცა იუსტიციის საბჭო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხს, ხოლო პარლამენტი `გირგვლიანის შესწორებების~ კანონპროექტს დაუბრუნდება.
ან _ არ დაუბრუნდება.

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here