საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 2018 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 14 იანვარს დასრულდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ რამდენიმე კვირის წინ თქვა.
მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 28 დეკემბერს, პარასკევს დასრულდება. რაც შეეხება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, არდადეგები საგაკვეთილო პროცესს ეხება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი. “ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციასთან, დირექტორთან უნდა გაარკვიოს”, _ აცხადებენ სამინისტროში. სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.
ასევე ცნობილია, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.