მთავარი საზოგადოება როდის არიან ხელისუფალნი “ბრმა გონებისა თუალითა” და “ყრუ გონებისა ყურითა”

როდის არიან ხელისუფალნი “ბრმა გონებისა თუალითა” და “ყრუ გონებისა ყურითა”

161
გააზიარეთ
როდის არიან ხელისუფალნი “ბრმა გონებისა თუალითა” და “ყრუ გონებისა ყურითა”

ივანე ჯავახიშვილი გახლდათ ფართო ინტერესების მეცნიერი, რომელიც ოდნავადაც არ იფარგლებოდა მარტოდენ თავისი სპეციალობის _ ისტორიის საკითხების კვლევაძიებით. იგი გულისხმიერად სწავლობდა და იკვლევდა ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს. მის ნარკვევებში გაშუქებული არაერთი საჭირბოროტო საკითხი მარტოდენ ისტორიულკულტურული მნიშვნელობის როდია. ამ მხრივ საინტერესოა ნარკვევიმოძღვრება ადამიანზე”, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ავტორი ცნობილი ისტორიული წყაროების მოშველიებით საუბრობს ცხოვრებისათვის ადამიანის ფიზიკური თუ გონებრივი მზაობის შესახებ და ამ ფაქტორის უდიდეს მნიშვნელობაზე, რამეთუ ის განსაზღვრავს, რამდენად მომწიფებულია ფიზიკურად და გონებრივიად ადამიანი ამა თუ იმ საქმის გასაძღოლად.

მას ადამიანის მდგომარეობათა დამახასიათებელი ტერმინების შესახებ ცნობები მოჰყავს სულხანსაბა ორბელიანის ლექსიკონიდან: “სულელი არს, რომელი არცა სრულიად ცნობამიღებული იყოს და არცა სასარგებლო ქმნას რამე”, ხოლონაღველიანიისეთი მდგომარეობის აღმნიშვნელია, როდესაც ადამიანიოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა”. “ტეტერიკიდევ ისეთს ეწოდებოდა, “რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურსა რასმე იქმოდეს”. “შლეგიკი _ ყოფილაარცა ხელი, არცა ცნობამიღებული, არამედ დაუცადებელად თავგანწირვით განუსუენებელი”. დასასრულ, “შტერითურმესაგრძნობელთა ორღანომიღებული და საქმისა ვერ კეთილად მქნელიყოფილა.

ახლა კი მკითხველმა დათვალოს, დამოუკიდებლობის გზაზე ამ ხნის განმავლობაში რამდენი ადამიანი გვყავდა ხელისუფლებაში, რომელიცარცა სრულიად ცნობამიღებული იყოდა არც რა გაუკეთებია სასარგებლო; ან განათლება აკლდა, ან არ აკლდა, მაგრამხელურსა რასმე იქმოდა”; ან სამშობლო კი უყვარდა, მაგრამ თავისი საქმისა არა გაეგებოდა რა

და იყვნენბრმა გონებისა თუალითადაყრუ გონებისა ყურითა”.

მოძღვრება ადამიანზე

ადამიანის სიცოცხლე ორ მთავარ ნაწილად იყოფებოდა: პირველს ნაწილს ყრმობა ეწოდებოდა, მეორეს ჰასაკს ეძახდნენ. “ჰასაკი” ქართულში სქესობრივი სიმწიფის ხანითგან იწყებოდა და “ჰასაკად მოსვლაი” ამ სქესობრივ სიმწიფეს ეწოდებოდა.

…”მატიანე ქართლისაის” ავტორს გიორგი I-ის შესახებ ნათქვამი აქვს: ის გამეფდა “ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისა, რამეთუ იყო რაჟამს მეფე იქმნა წლისა ათექუსმეტისა”-ო. ამ სიტყვებითგან ჩანს, რომ თექვსმეტი წლის ვაჟი უკვე ჭაბუკად ითვლებოდა. მაგრამ, რაკი ისტორიკოსი ხაზგასმით ამბობს “ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა”-ო, საფიქრებელია, რომ მეთექვსმეტე წელიწადი ამ სიჭაბუკის, ანუ ვაჟის სქესობრივი სიმწიფის სწორედ დასაწყისად უნდა ჩაითვალოს, სიყრმისა და სიჭაბუკის საზღვარი იყო, უკანასკნელის პირველ ან მეორე წელიწადად ყოფილა მიჩნეული. მსოფლიო ეკლესიის შჯულის კანონშიაც ვაჟი უკვე მეთხუთმეტე წლითგან ჰასაკად მოსულად ითვლებოდა.

ჰასაკის, ვითარცა სქესობრივი სიმწიფის, დასაწყისი წლოვანების მნიშვნელობა თავისდათავად ცხადჰყოფს, რო ვინც “უჰასაკოი” იყო, ის ბავშად, ყმაწვილად უნდა ჩათვლილიყო.

… ყრმობა ბავშვობის ხანას ეწოდებოდა… “სიყრმე” უნდა სიყმაწვილის ხანას ნიშნავდეს…

მაგრამ შემდეგში, და, როგორც ჩანს, უკვე XII ს-ში ამ ტერმინს საზოგადო და ფართო მნიშვნელობაც მიენიჭა და მას ახალგაზრდობის გამოსახატავადაც ხმარობდნენ. სწორედ ასე არის “სიყრმე” შოთას დიდებულ ქმნილებაში ნაგულისხმევი, სადაც ნათქვამია:

“მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს…

სიბრძნე, სიმდაბლე, სიუხვე, სიყრმე და მოცალეობა”.

ადამიანის სიცოცხლის ზემოაღნიშნულ ორ მთავარ ნაწილს, ყრმობასაც და ჰასაკსაც, თავის მხრივ ცალ-ცალკე რამოდენადმე ნაწილად ჰყოფდენ ხოლმე და თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი ეწოდებოდა.

ჰასაკი, სახელდობრ, სამად იყო დანაწილებული წლოვანობისდა მიხედვით: პირველი წლოვანობის ადამიანს ჭაბუკი ერქვა, მეორე წლოვანობისას _ შუაკაცი”, უკანასკნელს ხანში-შესულობისას _ “ბერი (რუის-ურბნისის ძეგლის-წერა, II, 68). ბერიკაცობის ღრმა მოხუცებულობის ხანასაც თავისი სახელი ჰქონდა და ამ წლოვანობის ადამიანს დღეთა სიმრავლითა მიმხცოვნებული ეწოდებოდა.

“ჭაბუკი” და “სიჭაბუკე”, ვიწრო და სპეციალური მნიშვნელობით ნახმარი, ტერმინი “ჰასაკი”-საგან იმ მხრივ განსხვავდებოდა, რომ უკანასკნელი სქესობრივი სიმწიფის წლოვანების აღმნიშვნელი იყო, პირველი კი _ დავაჟკაცების ხანისა და ვაჟკაცისა…

ჯერ კიდევ ზედმიწევნით თქმა არ შეგვიძლია, თუ რა წლოვანობამდე ითვლებოდა ადამიანი ჭაბუკად. იოანე საბანისძის ნათქვამითგან ცხადია მხოლოდ, რომ 17-18 წლის ყმაწვილი კაცი ჯერ კიდევ ჭაბუკად ითვლებოდა. აბო ტფილელზე მას სხვათა შორის ნათქვამი აქვს: “ესე იყო ყრმა ჭაბუკ ვითარ ათრვამეტისა წლისა, გინა უკნინს ათშვიდმეტისა წლისაო”-ო.

ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სრულწლოვანებას ჰქონდა, რომელიც იყო მისიჰასაკი სისრულისაი”. დიმიტრი II თავის თავზე ამბობს: “მე ყრმა “ღმერთმან, ღმრთისმშობელმან… და ჯუარმან პატიოსანმან… მიმაწია ჰასაკად სისრულისა”-ო. სრულწლოვანება ანუჰასაკი სისრულისასხვადასხვაგვარი არსებობდა: სამოქალაქოც იყო, პოლიტიკურიც და სამხედროც. ეს სამი ცნება ერთიერთმანეთს არ უდრიდა და არ ეთანასწორებოდა. ვინც სამხედრო მოქმედების მონაწილეობისათვის მომწიფებული იყო, იმას ეწოდებოდა “სრული დღეთა ბრძოლათათვის”. ქართველი ჟამთააღმწერელი დიმიტრი თავდადებულის შესახებ ამბობს, რომ 1281 წელს ამასის ბრძოლის დროს “მეფე დიმიტრი… ჯერეთ არა სრული იყო დღეთა ბრძოლათათვის”.

სამწუხაროდ, უძველეს ქართულ საისტორიო და იურიდიულს წყაროებში ჯერ არსად პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება ზემოდასახელებული სხვადასხვა სრულწლოვანების ხანის განსაზღვრისათვის. მართალია, ეფთვიმე მთაწმინდელის ნათარგმნ თხზულებაში სწერია, რომ “ყოველი ცოდვაი, რომელი უწინარს 30 წლისა ჰასაკისა შემთხუეულ ვისდა იყოს, უსუბუქესად განიკანონების, რამეთუ ვიდრე 30 წლამდე უმეცრებაი გონებისაი და მხურვალებაი ხორცთაი დიდად მძლავრობს კაცსა”-ო, მაგრამ ეს აზრი ბერძნული დედნისაა არსებითად, თუმცა იქ ცოტა სხვანაირად არის იგი გამოთქმული. ამასთანავე არც ის ვიცით, მიღებული იყო ეს იოანე მმარხველის მოძღვრება ქართულ სისხლის სამართალში, თუ არა. მეტად საეჭვოა, რომ ოცდაათ წლამდე დამნაშავეს საქართველოში ამგვარი შეღავათი მისცემოდა. მეფე ვახტანგ VI ამბობს მხოლოდ, რომ “ათს წლამდის, ყმაწვილის ნაქნარის საქმისა, რასაც ფერის ავის კაცის ნაქნარს, ავს საქმესთან არ ჩაიგდების” იმიტომ, რომ “ყმაწვილობით და უჭკუობით უქნია”-ო. ამაზე უფროსი ყმაწვილი კი პასუხისმგებელი იყო, მით უმეტეს საფიქრებელია, რომ ჭაბუკს ოცდაათ წლამდე სასჯელს არ შეუმსუბუქებდნენ.

XI-XIV საუკუნეების ძეგლებში მაინც ორიოდე ცნობა სრულჰასაკოვნობისათვის სავალდებულო წლოვანების გამოსარკვევად საქართველოში მოგვეპოვება და ასე თუ ისე ამ მნიშვნელოვანი საკითხის გამორკვევა შესაძლებელი ხდება. ჯუანშერს თავის საისტორიო ნაწარმოებში ნათქვამი აქვს, რომ ჯუანშერ სპასპეტმა ვახტანგ გორგასალს მოახსენა: ოსების შემოსევისაგან ბევრი მწუხარება გვინახავს ამ ხუთი წლის განმავლობაში იმიტომ, “რამეთუ ყრმა იყავ და არა ძალ-გედვა მხედრობა და წყობათა წინამძღურობა და არცა შინა მეფობისა განგება, აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა, ძალითა და სიმხნითა და ასაკითა, არამედ გაკლს სისრულე დღეთა მხედრობისათვის. ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა, დაღაცათუ ყრმა ხარ, არამედ ძალ-გიც განგება მეფობისა, არამედ მხედრობისა და წყობისა წინამძღურობისა და განწყობისა შენისა არა არს ჟამი”-ო. მომდევნო მოთხრობითგან ირკვევა, რომ, როდესაც განვლო კარი “დარიალანისა შესლვისა ოვსეთად, იყო ვახტანგ წლისა თექუსუმეტისა”. მაშასადამე, 16 წლის უფლისწულს, განსაკუთრებულ შემთხვევაში მაინც, უკვე ქვეყნის მართვა-გამგეობის ტვირთვა შეეძლო, მაგრამ სამხედრო მოქმედებისთვის ამ დროს ის ჯერ სრულჰასაკოვნად არ ითვლებოდა.

ჟამთააღმწერელსაც აღნიშნული აქვს, რომ ამასის (ჰემსის) ბრძოლაში “მეფე დიმიტრი (თავდადებული)… ჯერეთ არა სრულ იყო დღეთა ბრძოლათათვის”. ამ დროს კი იგი უნდა 20-21 წლისა ყოფილიყო. საფიქრებელია, რომ 21-22 წლითგან სამხედრო სრულჰასაკოვნობაც იწყებოდა.

„რეგუენი საქმეს წაახდენს, ფატერაკს დააბრალებსა“
„რეგუენი საქმეს წაახდენს, ფატერაკს დააბრალებსა“

ადამიანი ითვლებოდა “საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მეფობისად”, გრძნობისა და გონიერების სამყაროსა და ნიჭის შემაერთებლად. ეს თვისება ადამიანს თვით ღვთაების ხატებას ამსგავსებდა (დავით აღმაშენებელის “გალობანი სინანულისანი”). ამიტომ არც გასაკვირველია, თუ რომ ადამიანის სულიერსა და გონებრივ ნიჭს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.

იოანე საბანისძე თავის მიმართვაში მსმენელებს სთხოვდა: “სურვიელითა გულითა მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროისღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა თქუენისა და გონებათა თქუენთანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა”-ო (წამებაი ჰაბოისი). ქართველი ისტორიკოსის ამ სიტყვებითგან ცხადი ხდება, რომ მისი შეხედულებით ყოველ ადამიანს აბადია, რასაკვირველია, “საჩინონი სასმენელნი”, ანუ სმენის ორგანო, ყურები, მაგრამ ამასთანავე აქვს აგრეთვეყურნი გულისა და გონებისანი”, რომელნიც გარეთგან არ ჩანან და ამიტომ, ალბათ, უჩინარ სასმენლად ითვლებოდნენ.

ისტორიკოს ჯუანშერსაც ერთგან ნათქვამი აქვს, რომ ვახტანგ გორგასალმა სინდთა მეფეს უთხრა: შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა და ყრუ ხარ გონებისა ყურითა”- და ამიტომ “არა ხედავ და არცა გესმის, არცა უწყი ცხორება სრული”-ო. ამ ისტორიკოსის სიტყვებითგანაც ირკვევა, რომ გამონათქვამი და ცნება “გონებისა ყური” მარტო იოანე საბანისძის პირად თავისებურებასა და რწმენას არ შეადგენდა, არამედ VIII-XI და, უეჭველია, შემდეგ საუკუნეებშიაც საქართველოში საყოველთაოდ მიღებული ყოფილა. ამას გარდა, ჯუანშერის თხზულების ზემომოყვანილი წინადადებითგან ჩანს, რომ, როგორც ერთის მხრითსაჩინონი სასმენელნი”, ანუ საჩინონი ყურნი და მეორეს მხრითგონებისა ყურნიც”, ისევე ყოველ ადამიანს ჰქონდა, აგრეთვე, “გონების თუალნიდა იმავე დროს, რასაკვირველია, “საჩინონი თუალნიც”.

თუყურნი გულისა”, შემდეგშიგულისყურ”-ად ქცეული, ქართულს შენარჩუნებული აქვს ვითარცა ჩვეულებრივი სიტყვა და სპეციალური ტერმინი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ხმარობს და რომელიც, . ორბელიანის განმარტებით, თითქოს უნდა იყოსმოსწავლეთაგან სწრაფად სმენა, სწრაფად სწავლა, მიხდომა და ქმნა(ლექსიკ.), ნამდვილად კი ყურადღების აღმნიშვნელია, “გონების ყურნი” და “გონების თუალნი” ქართულ მერმინდელ მწერლობას თითქოს არ გამოუყენებია და დავიწყებული აქვს: თვით სახელოვან ქართველ ლექსიკოგრაფსაც კი ეს ტერმინები თავის ნაშრომში არ შეუტანია. ეს ტერმინები კი მეტად საყურადღებოა და ადამიანის სულიერი მოქმედების ფრიად საგულისხმო და მნიშვნელოვანი თვისების გამომხატველი არიან. უეჭველია ორივე ეს ტერმინი იმ დაკვირვებაზე უნდა იყოს დამყარებული, რომ ადამიანს გარეშე საგნისა და ბგერის თვალითა და ყურით აღქმის ნიჭის გარდა შეუძლია საგნების გამოხატულება და ბგერის ჟღერა გარეთგან აღუქმელადაც, აგრეთვე “გონებითად წარმოიდგინოს” თითქმის ისეთივე სიცხადით, როგორც სინამდვილეში.

მაგრამ ადამიანს ამნაირადვე, რასაკვირველია, უტყვი ლაპარაკიც შეუძლია, როდესაც მეტყველების ორგანო სდუმს და მხოლოდ გონებით წარმოებს ხოლმე შინაგანი, გონებითი მეტყველება. იოანე საბანისძეს აღნიშნული აქვს, რომ აბო ტფილელის გადაბირება რომ უნდოდათ და საპყრობილეში მაცდური პირები ებაასებოდნენ, ის გაჩუმებული ყოფილა: “არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თვსითა”-ო. ხოლო როდესაც მათი ლაპარაკი მოჰბეზრებია, აბოს განუცხადებია: “ჩემდამო ნურას იტყოდეთ, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი და ვითარცა უტყუმან რაი არა ალაღის პირი თვისი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაი”, ტყუილად თავს ნუ იწუხებთ, ჩემგან პასუხს ვერ ეღირსებითო. მაშასადამე, არსებობდა ხმიანიცა და უხმო, უტყვი ლაპარაკიც, რომელსაც ალბათ გონების ენა ერქმეოდა.

როგორც არსებობს მეტყველების ორგანოს ნაკლი, როდესაც ადამიანს ლაპარაკის დროს ენა ებმის და ზოგიერთი ბგერის გამოთქმა ეძნელება, რომელსაც “ენაბრგვნილობაი” ეწოდებოდა, ისევე იხსენიება “ენაბრგვნილობა იგი სულისაი”, ე.ი. აქაც გონებითი ენის ენაბრგვნილობა იგულისხმება. ამგვარად, ძველი ქართული მოძღვრების თანახმად, ადამიანს აბადია თვალისა, ყურისა და ენის ორგანოები და ამას გარდა გონებისა თვალი, ყური და ენაც აქვს.

გონება ადამიანის საუკეთესო ნიჭი და სამკაულია, იმიტომ, რომ “გონებაი” არის, რომ ადამიანის მთელ მოქმედებას “განაგებს ფარულად და უხილავად”. თვით მეტყველების ნიჭიც ხომ შობილ არს გონებისაგან” და “სიტყუაი” მხოლოდ იმას “თარგმანებს, რაიცა იყოს გონებასა შინა”, როცა კაცი დუმს და “ვიდრემდის არა იშვეს სიტყუაი მისგან”, მანამდის აკი არც “არავინ იცის, თუ რა არს გულსა მოყუასისა თვსისა”. ადამიანმა რომ თავისი “ნამუშაკევნი გულისანი” ე.ი. ნაფიქრი და გულისნადები გამოსთქვას, უნდა “აღძრას”, რასაკვირველია, “ორღანონი და საქანელნი მეტყუელებისანი”, რომელთაც გონების ნააზრევის “ენა-გაბეთა-შორისობით მადინებელისა ნეკტარისა” წარმოჩენა შეუძლიათ. ნიკოლოზ კათალიკოზი ამბობს: “აღვძრნეთვე ორღანონი და საქანელნი მეტყუელებისანი და უხუებით უკუც წარმოაცენებდინ ნამუშაკევთა გულისათა ენიბაგეთა-შორისობით მადინებელსა მას ნეკტარსა… და ვიტყოდით სიტუათა შესხმისათა”-ო.

რასაკვირველია, ადამიანს გონების ნაყოფიერება, ნიჭი და ბრძნული სიდინჯე ჩვეულებრივ შუახანში და ხანშიშესულობისას ემჩნევა ხოლმე, როდესაც მას ისკეთილი მოხუცებულებაი გონებისაიამშვენებს, რომელიც სწორედ რომარს გონიერებაი კაცისაი”. მაგრამ უკვე გ. მერჩულს აღნიშნული აქვს, რომ ადამიანის გონიერებასა და გონებრივ ნიჭში თავიდათავი იმდენადარა მრავალი ჟამი არს და არცა რიცხვ დღეთაი აღრაცხილ”, რამდენადაც ეს ბუნებისა და განგებისაგან თანდაყოლილი თვისება იყო. ამიტომაც იყო, რომ “არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ” აუცილებლივ, არამედ ჭაბუკიც ჭკუით შეიძლებოდა იმდენად უხვად ყოფილიყო დაჯილდოვებული, რომ მას ხანშიშესულზე მეტად ჰქონოდა სულიერი “მხცოვანებაი” და “კეთილი მოხუცებულებაი გონებისაი”. ამისდა მიხედვით იყვნენ მხცოანნი ჰასაკითაცა და გონებითა (ვაჰანის მონასტ. ძეგლი, შიომღ. ისტ. საბ. 39), მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომელნიც მხოლოდ ჰასაკით იყვნენმხცოანნიან მხოლოდგონებითითვლებოდნენ მხცოვანებად.

მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ სწავლისათვისაც თავისი დრო არსებობს, რომ უკვე დაჰასაკებული ადამიანის განსწავლა მეტად ძნელი იყო. ამაზე მეტიც ითქმის, ხშირად “შეუძლებელ იყო ჰასაკთა სრულთა და განმწვსებულთაგან სწავლა”. ამიტომ, ვისი სწავლებაც ჰსურდათ, უნდა პატარაობითგანვე დაეწყებინებინათ, როდესაც გიორგი ხუცეს-მონაზონის სიტყვით ბავში “ბუნებაი იგი ლბილი და ჩვილი” ყველაფერს ადვილად ითვისებს ვითარცა ცველი საბეჭდავსა, ეგრეთ მიიღებს სწავლულებასა”.

რუისურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრებამ 8 წლის ყმაწვილის ეკლესიაში წიგნის მკითხველად დადგენის უფლება დართო და ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ბავშვი ამდროინდელ საქართველოში შესაძლებელი იყო 8 წლის უკვე იმდენა განსწავლული ყოფილიყო, რომ სამღვდელმსახურო წიგნების შეგნებული კითხვა შესძლებოდა. რათგან ასეთი განსწავლისათვის საკმაო წინასწარი მუშაობა იყო საჭირო, ამიტომ საფიქრებელია, რომ, როცა მაშინ ბავშვის სწავლება ჰსურდათ, სწავლას 5-6 წლისას აწყებინებდნენ ხოლმე.

საეკლესიო განათლების გარდა, არსებობდა საერო განათლებაც, რომელთაც რამდენიმე საფეხური ჰქონდა. მაშინ მიღებული იყო განთქმულ მოძღვრებთანა და მეცნიერებთან მიბარება. უცხოეთში სასწავლებლად წასვლაც კი იცოდნენ. სწავლა-განათლების საქმის შესახებ საგულისხმო ცნობები მოიპოვება, მაგრამ აქ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა.

ძველ დროს გონების საქებურ თვისებად ითვლებოდასიმახვილე გონებისაი”. ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც აზროვნებისა და შეგნების სისწრაფე ჰქონდა, ითვლებოდა “ბრძენი და გონიერი გონებითა და გულის ხმის ყოფითა”. რასაკვირველია, ადამიანის სულიერი წარმატებისათვის მარტო ეს საკმარისი არ იყო, არამედ, თუ მას “მისწრაფებაი” და “გულმოდგინებაი” აკლდა, მარტო გონების სიმახვილით ვერას გახდებოდა. როდესაც ეს ორი თვისება შეერთებული იყო, მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამგვარი თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი დიდად დაწინაურდებოდა. გიორგი ხუცესმონაზონი ამბობს მაგ., რომ გიორგი თაწმინდელმა უკვე ყმაწვილობაში “ათორმეტსა მას წელსა ყოველივე მოსწრაფებაი და გულისმოდგინებაი ერთბამად შემოიკრიბა” ისე, რომ “სიმახვილითა გონებისაითა და მოსწრაფებითა მრავალჟამ გამოცდილთა წარემატა და მოსწრაფეთა და გულსმოდგინეთა სიმახვილითა გონებისაითა აღემატა”-ო. მაშასადამე, “წარმატებაი” ჯერ ბავშის “მოსწრაფება”-ზეა დამოკიდებული, ასეთს პირობებში თავისი ბეჯითი სწავლით მას შეეძლო თვით “მრავალჟამ გამოცდილთა”-თვისაც კი ეჯობნა და გაესწრო. ხოლო თანასწორად მოსწრაფეთა და გულმოდგინეთა შორის ის სჯობნიდა, ვინც მათ შორის “სიმახვილითა გონებისაითა” აღემატებოდა. ამიტომ მაშინაც სწორედ ამ ორი თვისების მიხედვით მსჯელობდნენ ხოლმე ბავშვის შესაძლებელსა და მოსალოდნელ მომავალზე. იმავე ისტორიკოსს აღნიშნული აქვს, რომ გიორგი მთაწმიდელი პატარაობისასვე “სიმახვილითა და მოსწრაფებითა გონებისაითა საგონებელ იყო მხილველთაგან თუ აღყუავებასა თანა მეყუსეულად ნაყოფსა გამოიღებს”-ო.

წლოვანებასთან ერთად ადამიანის გონებაც იზრდებოდა: ბავშვს, “ყრმა”-ს რასაკვირველია “სიტყუაი და გონებაი ყრმებრივი” ჰქონდა, მოზრდილს თავისი ჰასაკის შესაფერისი გონებრივი სიმწიფე უნდა დასტყობოდა საუბარსა და მოქმედებაში. მაგრამ ზოგიერთს ფიზიკური და გონებრივი ზრდა თანასწორად არ უვითარდებოდა, არამედ ზოგჯერ გონებრივი წარმატება უჩერდებოდა ხოლმე და სრულჰასაკოვან ადამიანს გონებრივი განვითარება ბავშვისას მიუგავდა…

გონიერება”- ყველას თანასწორად არ ჰქონდა თანდაყოლილი: ზოგი ამ თვისებით ჯეროვანად იყო შემკული დაგონიერიადამიანის სახელი ჰქონდა, როგორც მაგ. იოანე მთაწმიდელის შესახებ არის მის ბიოგრაფიაში ნათქვამი, რომ ის იყო “გონიერი გონებითა და გულის ხმისყოფითა”-ო, ზოგს აზროვნების ისეთი სიღრმე და სიდინჯე ახასიათებდა, რომ “ბრძენი” ეწოდებოდა ხოლმე, _ ზოგს აზროვნების კეთილშობილება და თავდაბლობა ამშვენებდა, როგორც მაგალითად ეფთვიმე მთაწმიდელს, რომელიც იყო “გონებითა წრფელ და მდაბალ” (გ. მთაწმიდელი), ზოგს სწრაფი აზროვნებამეტყველების უნარი ჰქონდა, “სიმახვილეი გონებისაი” ეტყობოდა გირგი მთაწმინდელსავით, რომლის შესახებაც ნათქვამია, ომ “განკვრდა პატრიარქი (ანტიოქიისა) ეპისკოპოსთა თვსთა თანა სიმახვილესა გონებისა მისისასა, რამეთუ, ვითარცა მდინარე დაუწყუედელად, ესრეთ დიოდეს სიტყუანი… პირით მისით”-ო, ზოგს კიდევ “სილაღითა გონებისაითა” მოჰქონდა თავი; დასასრულ, ზოგი ამით უაღრესად და უნაკლოდ იყო დაჯილდოებული, იყო “უმეტეს ყოველთა კაცთა სრული გონებითა”.

უმეტესობას, რასაკვირველია, სისრულემდე ჩვეულებრივ ბევრი უკლია ხოლმე და უკლდა კიდეც. როგორც გონიერთა და ნიჭიერთა შორის, ისევე ამ თვისებების ბევრად თუ ცოტად მოკლებულთა ჯგუფშიაც სხვადასხვა საფეხურები არსებობდა. საისტორიო და მხატვრულ მწერლობაში მათ შესახებაც გვხვდება ცნობები.

“მატიანე ქართლისაი” და სუბბატ დავითის ძე იხსენიებენ მაგ. ბაგრატ II-ს, რომელიც ისტორიაში თავისი მეტსახელით არის უფრო ცნობილი. ამ უკანასკნელ ავტორს ნათქვამი აქვს, რომ სუმბატ კურაპალატმა “დაუტევნა ძენი ორნი, _ ბაგრატ ერისთავთა-ერისთავი, რომელი ქართველთ მეფედ დასუეს რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი”. ეს სახელი მას მეფობის დროსაც, სიკვდილამდე შეჰრჩენია ისე, რომ სუმბატ დავითის ძე მისი გარდაცვალების შესახებ ცნობაში ამ სათაკილო სახელს არ ივიწყებს და ასე ამბობს: “გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი, ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისა”-ო.

“რეგუენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსა”, _ ნათქვამია ძველად და ანდაზადაც კი არის ქცეული. საბა ორბელიანის განმარტებითაც რეგვენი არს, რომელსა სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს-ო (ლექსიკ. იხ. გიჟის გარეშე).

კახთა უკანასკნელ მეფე აღსართანზე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს ნათქვამი აქვს, რომ მას “არა რა ჰქონდეს ნიშანნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რამე, უსჯულო და ყოვლად უმეცრად უსამართლო”-ო. ს. ორბელიანის სიტყვით, “ცუნდრუკი” თურმე “ჩურჩნით და თვალის დაწამწამებით მოყვასის ბოროტის ზრახვა და ვერა პირისპირ თქმა”-ს ეწოდება და ამ თავის განმარტების სისწორე 40,8 ფსალმუნით აქვს დამოწმებული. ამ ადგილას ფსალმუნში მართლაც ნათქვამია: “ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსაო. ბერძნულად ამის შესატყვისად ნახმარია ზმნა, რაც სწორედ ჩურჩულს, დაჩურჩნას ნიშნავდა.

საბა ორბელიანის ნაშრომი ცხადყოფს, რომ გონიერებას მოკლებულთა თვისებების დაკვირვება და ამისდა მიხედვით ერთგვარი კლასიფიკაციაც უნდა არსებულიყო ძველ საქართველოში. ტერმინი “გიჟი”-ს ქვეშ მას ნათქვამი აქვს, რომ “სიგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად _ შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღველიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად და შეთიანად”- (ლექსიკ). სულითავადმყოფობის აღმნიშვნელ სიტყვებს რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ გონებანაკლულობას რომ მივაქციოთ ყურადღება, უკვე მოხსენებულის გარდა, ს. ორბელიანის განმარტებათაგან შემდეგ მდგომარეობათა დამახასიათებელი ტერმინების შესახებ ცნობების მოყვანა შეიძლება. მისი სიტყვით, სულელი არს, რომელი არცა სრულიად ცნობამიღებული იყოს და არცა სასარგებლო ქმნას რამე”, ხოლო “ნაღველიანი” ისეთი მდგომარეობის აღმნიშვნელია, როდესაც ადამიანი “ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა”. “ტეტერი” კიდევ ისეთს ეწოდებოდა, “რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურსა რასმე იქმოდეს”. “შლეგი” კი _ ყოფილა “არცა ხელი, არცა ცნობა-მიღებული, არამედ დაუცადებელად თავგანწირვით განუსუენებელი”. დასასრულ, “შტერი” თურმე “საგრძნობელთა ორღანო-მიღებული და საქმისა ვერ კეთილად მქნელი” ყოფილა (ლექსიკ).

ვგონებ, ყველა ზემომოყვანილითგან ძველ საქართველოში ადამიანის გონებრივი ნიჭისა და მუშაობის საგულისხმო დაკვირვებულობა ცხადი ხდება.

საგულისხმოა, რომ გონების შემოქმედებითს მუშაობასაც ჰქონია ყურადღება და ცოდნისმოყვარეობა მიპყრობილი. აღსანიშნავია ამ მხრივ, რომ მეცნიერისა და მწერლის გონებრივ მოღვაწეობას გ. ხუცეს-მონაზონი ქიმიურ-მეტალურგიული მუშაობის პროცესს და “მრავალ-ღონეობა”-ს ადარებდა. გიორგი მთაწმიდელის სამწერლობო მოღვაწეობის შესახებ მას ნათქვამი აქვს: “ემსგავსა იგი ოქროსმღებელსა მას ხელოვანსა, ვითარცა იგი ქიმიათათვის წერილ არს, რომელნი იგი მრავალღონეობითა სიღრმეთაგან ქუეყანისაგან გამოიღებენ და ბრძმედისა მიერ და ცეცხლისა ბრწყინვალებასა მისსა წარმოაჩენენო”-ო.

მაშასადამე, მეცნიერის გონებრივ მუშაობაში ქართველი ისტორიკოსი მთავარ ყურადღებას რთული მოვლენებისგამოდნობის”, გამოხურვებისა და გარჩევაგაწმენდისა და განბრწყინვების, ანუ ანალიზისა, კრიტიკული განხილვის შემდგომ სინთეზის საშუალებით ჭეშმარიტების გამორჩევის პროცესებს აქცევდა ყურადღებას.

ივანე ჯავახიშვილი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here