Home რუბრიკები საზოგადოება როგორ უნდა გავრცელდეს ჩვენში წესიერი მეფუტკრეობა

როგორ უნდა გავრცელდეს ჩვენში წესიერი მეფუტკრეობა

1028
როგორ უნდა გავრცელდეს ჩვენში წესიერი მეფუტკრეობა

ამ სათაურით 1888 წელს ქართულ ყოველკვირეულ სასოფლოსამეურნეო ჟურნალმეურნეშიდაიბეჭდა წერილი, რომელშიც ამ დარგის განვითარების გზებსა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებაზეა საუბარი _ “როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ევროპიელებს მეფუტკრეობის გავრცელებაში მაინც დავემსგავსოთო”: “მოვკიდოთ ხელი მეფუტკრეობას, შევისწავლოთ წიგნებიდან და თითონ ფუტკრის ცხოვრების დაკვირვებით ეს მეტისმეტად გამრთობი და სასარგებლო საქმე. როგორ მოვკიდოთ ხელი?.. ვინ და როგორ უნდა გაისარჯოს ამ საქმისათვის?”

დღეს ევროკავშირში თაფლით ვაჭრობის ძირითადი ჰაბები არიან გერმანია და საფრანგეთი. გერმანია თაფლის უდიდესი იმპორტიორი, ექსპორტიორი, მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყანაა, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია საბაზრო მოთხოვნის მხოლოდ 20%- აკმაყოფილებს. საფრანგეთი ძირითადად მოიხმარს ადგილობრივი წარმოების თაფლს და დიდი რაოდენობის თაფლის რეექსპორტს ახდენს. მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან ასევე დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბელგია; იმპორტის მზარდ ტენდენციებს ავლენენ უნგრეთი, ხორვატია და ბულგარეთი. უკანასკნელ წლებში კი ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყანა გახდა უკრაინა, რაც რუსეთთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდება და სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან (უკრაინა უფლებამოსილია, წელიწადში 5.000 ტონა თაფლი შეიტანოს ევროკავშირის ტერიტორიაზე საბაჟო მოსაკრებლის გადახდის გარეშე).

მეფუტკრეობა საქართველოში დღესაც საკმაოდ პერსპექტიული დარგია, მაგრამ, საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტზე გატანის მხრივ, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი კლებაა: 2015 წელს 73,1 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 21, 2 ათასი დოლარი იყო, 2017 წელს კი მხოლოდ 15, 8 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ თაფლი ევროპის ბაზარზე გავიდეს?

რა თქმა უნდა, მისი ხარისხიც და რაოდენობაც მისაღები უნდა იყოს ევროკავშირის ბაზრისთვის და კონკურენცია უნდა გაუწიოს ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან შეტანილ თაფლს. ევროკავშირის მიერ დადგენილი სურსათის ჰიგიენისა და უვნებლობის რეგულაციები სხვა რეგიონებში არსებულთან შედარებით უფრო მკაცრია. ევროპელი მყიდველები ხშირად თავად აყენებენ მკაცრ მოთხოვნებს პროდუქციის მიმართ. სამრეწველო დანიშნულების ორგანული თაფლი ბაზრის საინტერესო ნიშას იკავებს. ასეთ თაფლზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ადგილია, სადაც შესაძლებელია ორგანული მეფუტკრეობის მეურნეობის მოწყობა. ორგანული თაფლის წარმოებისთვის ერთერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს სკებიდან 3 კმ რადიუსში ქიმიური დაბინძურების რისკის არარსებობა, რაც საკმაოდ რთული პირობაა.

დღეს არსებულ მდგომარეობაზე, მეფუტკრეობის განვითარების პრობლემებსა და პერსპექტივებზე ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეიძლება ინტერნეტსივრცეში, სადაც ქართველი მეფუტკრეები ლაპარაკობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა გასაღების ბაზარი, ინვესტიციების მოძიების სირთულეები, პროდუქტის ფალსიფიკაცია და ექსპორტზე გატანის დამაბრკოლებელი გარემოებები; ასევე, ცოდნის დეფიციტი (მაგალითად, მეფუტკრეების დიდმა ნაწილმა არ იცის, როდის შეიძლება ანტიბიოტიკების მიცემა ფუტკრისთვის და როდის არის კატეგორიულად დაუშვებელი) და თაფლის შესამოწმებელი სრულყოფილი ლაბორატორიის არარსებობა. ზოგ მათგანს ამ დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ერთერთ საუკეთესო საშუალებად კოოპერატივებში გაერთიანება მიაჩნია (ისევე, როგორც XIX საუკუნის პუბლიკაციაში, “აი სწორედ აქ არის საჭიროამხანაგობაო”, რათანასწავლ მეფუტკრეთა, რომ უსწავლელთა თვალწინ გაიმართოს სამაგალითო საფუტკრეები, რომ მათ თვალდათვალ დაინახონ, როგორ უნდა ფუტკარს მოვლამოშენება, რადარა იარაღები არსებობს მეტისა და უმჯობესი თაფლის მისაღებად. რა გვარი სკა უფრო გამოსადეგია ფუტკრისთვისაც და მისი მომვლელისთვისაც და სხვადასხვა. ვინ და რა ღონისძიებანი უნდა ვიხმაროთ ასეთ საფუტკრეთა დასაარსებლადო”). ზოგი კი თვლის, რომ ქართული თაფლი ვროპის ბაზარზე რამდენიმე წელი მაინც ვერ მოხვდება, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში თაფლის საშუალო ფასი 15-30 ლარია. ევროპაში კი თაფლის დიდი ნაწილი ჩინეთიდან შედის, სადაც ის ძალიან იაფია, მაგრამ ხარისხიან ქართულ თაფლს მაინც ვერ შეედრება. მართალია, საქართველო თაფლის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და ეს კრიტერიუმი ნებისმიერი ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ რაკი საქართველოში თაფლი ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ ძვირია, მისი საექსპორტო ფასი ევროპაში ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება.

ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც არის ის, რომ მეფუტკრეები დღეს არ არიან მზად, აწარმოონ იმ ხარისხის თაფლი, რომელიც ევროპისთვის მისაღები იქნება _ ქართველი მეფუტკრეები ევროპაში არსებულ რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებენ.

“…ძლიერ სასურველია, მართლა ვგვანდეთ ევროპიელებს არა მარტო მეფუტკრეობით, არამედ ყოველ-გვარი საზოგადო და კერძო საქმეების გაძღოლა-გავრცელებაში, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ ნათქვამი: “თავს ზევით ძალა არ არის”, _ რაც არა ვართ, იმად ერთბაშად ქცევა შეუძლებელია, კიდეც რომ გულითა გვსურდეს. განა არა, ჩვენც ადამიანები ვართ, ჭკუა-გონება და ბუნებითი ნიჭი ღმერთს ჩვენთვისაც არა ნაკლები მოუცია ვიდრე ევროპიელებისთვის, განათლებით კი მათ ვერ მივწვდებით, მაგრამ სოფლის მუშა ხალხი, საზოგადოდ რომა ვსთქვათ, იქაც ამ მხრით გვარიანად ჩამოქვეითებულია… თავი და თავი მათნი უპირატესობა ჩვენზედ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დიდით პატარამდის, ნასწავლთან უსწავლნიც, ასე ვთქვათ, გაწვრთნილ-გაწაფულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრება-მოღვაწეობაში. ეს უპირატესობა მათთვის მათს პოლიტიკურს ცხოვრებას, მათს ისტორიას უანდერძებია. ერთხელვე თავისი თავის გაძღოლას მიჩვეული ევროპიელი თვითონვე იღწვის თავის ყოფა-ცხოვრებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, და ჩვენსავით არ შეჰყურებს სხვას: აცა რას მიწყალობებს და საით გამიძღვებაო.

ჩვენებურ საზოგადო საქმეში ჩვენი იმედი და ნუგეში ჩვენი მეთაურ-წინამძღოლია, ჩვენ თვითონ მასზედ ვართ დამოკიდებული; იქ კი საზოგადო საქმეს თითონ საზოგადოება ჰმართავს და მეთაურიც მისგან აღრჩეულს გზას ადგია…

ავიღოთ მაგალითად ჩვენებური კერძო “საზოგადოებანი”, “ამხანაგობანი”. აღირჩევენ თუ არა მათნი წევრნი გამგეობა-მმართველობას, თითონ განზედ გადგებიან და, თითქოს სეირს უყურებენო, შეაცქერდებიან აღრჩეულებს, აბა რა სასწაულთ-მოქმედებას მოახდენენო; თითონ-კი თითსაც აღარ სძრავენ “საზოგადოების” სასარგებლოდ. წლიურ კრებასაც-კი არ ესწრებიან!.. ასეთს გულ-გრილობას იჩენენ გაუნათლებლებზედ არა-ნაკლებ, თუ არ მეტადაც, თითონ ნასწავლ-განათლებულებიცა.

ამას შემდეგ როგორღა უნდა იხეირონ ჩვენში სხვა-და-სხვა “ამხანაგობათა”? კერძოდ მეფუტკრეობაზედ რომ ვსთქვათ, როგორ უნდა შევადგინოთ “ამხანაგობა” მეფუტკრეთა? ან ვინ არიან ჩვენებური მეფუტკრეები, რომ მათ მივმართოთ და ერთმა მეორეს მხარი მივსცეთ?

ჯერჯერობით ჩვენებური მეფუტკრეები არიან უსწავლელი სოფლის გლეხები, რომელთაც ევროპიულ ამხანაგობისა, საზოგადოდ მეურნეობაში და კერძოდ მეფუტკრეობაში, არა გაეგებათ-რა. მეფუტკრეობაში ნამეტნავად ყოველი ხერხი და ცოდნა ფუტკრის მოვლისა ხალხს რაღაც საიდუმლოებად მიაჩნია; იმასაც კი საიდუმლოდ ინახავს, რომ მას ფუტკარი ჰყავს, რომ ის ხეირობს და მას სარგებლობას აძლევს. ეშინიან სინამდვილის გაცხადებისა, რომ ხარბმა თვალმა და არამმა გულმა მოშურნე მეზობლისამ არ “გაუთვალოს” და არ “გაუღალოს” მისი საყვარელი ფუტკარი.

აი სწორედ აქ არის საჭირო “ამხანაგობა” ნასწავლ მეფუტკრეთა, რომ უსწავლელთა თვალ-წინ გაიმართოს სამაგალითო საფუტკრეები, რომ მათ თვალ-და-თვალ დაინახონ, როგორ უნდა ფუტკარს მოვლა-მოშენება, რა-და-რა იარაღები არსებობს მეტისა და უმჯობესი თაფლის მისაღებად. რა გვარი სკა უფრო გამოსადეგია ფუტკრისთვისაც და მისი მომვლელისთვისაც და სხვა-და-სხვა. ვინ და რა ღონისძიებანი უნდა ვიხმაროთ ასეთ საფუტკრეთა დასაარსებლად? ამ კითხვის პასუხად გვახსენდება რუსულ გაზეთებში ამ ერთის თვის წინად მოყვანილი ამბავი, რომ ვარშავაში ათასს კაცს ხუთ-ხუთი თუმანი, სულ ორმოცდა-ათი ათასი (50,000) მანათი გამოუღია იმ მიზნით, რომ ეს ფული დაატრიალონ მეფუტკრეობაში, რომ თითონაც თავის ფულის სარგებელი იღონ და გონივრული მეფუტკრეობაც გაავრცელონ.

ღმერთმა ჩვენც მოგვასწროს ჩვენს ქვეყანაში ისეთს ღონიერს “ამხანაგობას”, რომელსაც დაეარსებინოს ჩვენი ქვეყნის სხვა-და-სხვა კუთხეში წერა-კითხვის შკოლები და მათთან სამაგალითო საფუტკრეები, რომელთაც (საფუტკრეებს) შესძლებოდეს ყოველწლიურ შემოსავლით თითონ შკოლების ხარჯის გაძღოლაცა. ეს მეტისმეტი ნატვრა, შესაძლებელია, ამ ცოტას ხანში რამოდენადმე მაინც შეგვისრულდეს, თუ-კი მანამდის ცოტას მაინც გავირჯებით მეფუტკრეობისათვის. აქ ისევ უნდა ვიკითხოთ; ვინ და როგორ უნდა გაისარჯოს ამ საქმისათვის?..

მართალია, სოფლის მასწავლებელს უიმისოდაც ბევრი საქმე და დავიდარაბა აწევს კისერზედ, მაგრამ არა მგონია, რომ სოფლის მასწავლებელს გამოუჩნდეს სხვაგარეშესაქმე ამაზედ უფრო საჭირო ხალხისთვის, სასარგებლო თვითონ მასწავლებლისთვის და შესაფერი მოსწავლეთათვის. პირველი ის, რომ სკოლის საფუტკრის დაარსებას და საზოგადოდ ფუტკრის მოშენებას თავდაპირველად დიდი თანხა არ ეჭირვება, _ საკმარისია სასწავლო მთავრობამ სკოლას ოციოცდაათი მანეთი შესწიროს, რომ ოთხიხუთი წლის შემდეგ შკოლას ოციოცდაათი ძირი სკა ჰყვანდეს; მეორეც, თუ კი მასწავლებელი ფუტკრის მოშენებას ხალისიანად მოჰკიდებს ხელს, მისს თხელ ქისას ცოტაოდენი შემოსავლის წყარო გაუჩნდება ამით; მესამეც, უკანასკნელი მიმართულება სასოფლო სკოლების ბედიღბლის გასაუმჯობესებლად პირდაპირ ხელს უწყობს ამ მოსაზრებას, რადგან ახალის მიმართულებით სოფლის სკოლას უფრო პრაქტიკული მიმართულება უნდა მიეცეს, და მეფუტკრეობა ხომ ერთი არა უკანასკნელი წყაროთაგანია, ხალხის ნივთიერად გამაღონიერებელი.

სასურველია მხოლოდ, რომ სოფლის მასწავლებელმა იცოდეს ფუტკრის მოვლა-მოშენება. ამისთვის ურიგო არ იქნება, რომ საოლქო მზრუნველობამ ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებას და მომავალ სოფლის მასწავლებელს, თვით სემინარიებში, შეისწავლონ ეს სასარგებლო ნაწილი მეურნეობისა… მანამდის-კი, დღევანდელს სოფლის მასწავლებლებს, არ გვარგია, რომ ჩვენდამი რწმუნებულ სკოლებს არ მივსცეთ ცოტაოდნად მაინც პრაქტიკული ხასიათი. მოვკიდოთ ხელი მეფუტკრეობას, შევისწავლოთ წიგნებიდან და თითონ ფუტკრის ცხოვრების დაკვირვებით ეს მეტისმეტად გამრთობი და სასარგებლო საქმე. როგორ მოვკიდოთ ხელი? ან გამოიღებს, თუ არა ნაყოფს ჩვენი ცდა?..”

მეურნე”,

1888., #44.

P.S. “ეს მეტისმეტად გამრთობი და სასარგებლო საქმე”, “ხალხის ნივთიერად გამაღონიერებელი”, დღევანდელ სოფლის სკოლებში თუ მოიკიდებს ფეხს, ურიგო კი არა, მართლაც სასარგებლო იქნება, რადგან ისევ ამ წერილის ავტორს დავესესხები, “არა მგონია, რომ სოფლის მასწავლებელს გამოუჩნდეს სხვაგარეშესაქმე ამაზედ უფრო საჭირო ხალხისთვის, სასარგებლო თვითონ მასწავლებლისთვის და შესაფერი მოსწავლეთათვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here