მთავარი პოლიტიკა რატომ უჭირთ ქართველ კონსერვატორებს?

რატომ უჭირთ ქართველ კონსერვატორებს?

388
გააზიარეთ
რატომ უჭირთ ქართველ კონსერვატორებს?

ცხარე დისკუსიებისას, რომელიც ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში მიმდინარეობს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეები ერთმანეთს ან საკუთარ თავს ლიბერალებსა და კონსერვატორებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლიბერალიზმი ფრიად სპეციფიკურ ფენომენს წარმოადგენს, ის, ასე თუ ისე, შესწავლილი და აღწერილია. კონსერვატიზმი კი _ პირიქით. ერთი მხრივ, მიჩნეულია, რომ ის საზოგადოებაში დომინირებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით.

კონსერვატიზმის აღსაწერად არაერთი კლასიფიკაციის გამოყენება შეიძლება და, ალბათ, აჯობებს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გავიხსენოთ. 1957 წელს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა სემუელ ჰანტინგტონმა ჩამოთვალა სამი გავრცელებული წარმოდგენა კონსერვატიზმზე, როგორც იდეოლოგიაზე, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ კონფლიქტშია. პირველი მათგანი კონსერვატიზმს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტთან მჭიდრო კავშირში განიხილავს, XIX საუკუნის არისტოკრატიის რეაქციასთან საფრანგეთის რევოლუციის გამოწვევებზე. მეორე მიდგომის ფარგლებში, კონსერვატიზმი არ უკავშირდება ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდს და განიხილება, როგორც იდეების ავტონომიური სისტემა, რომელიც, ჰანტინგტონის მიხედვით, “ორიენტირებულია სამართლიანობაზე, წესრიგზე, ბალანსსა და ზომიერებაზე”. და ბოლოს _ მესამე წარმოდგენის თანახმად, კონსერვატიზმი, უპირველესად, იმ ინსტიტუტების დამცველთა იდეოლოგიაა, რომელთაც პერმანენტულად ფუნდამენტური საფრთხე ექმნება. ჰანტინგტონის აზრით, ეს სამი მიდგომა ღირებულებებთან დაკავშირებით პრინციპულ წინააღმდეგობას არ შეიცავს, განსხვავება კი ისაა, თუ როგორ განიხილება კონსერვატიული იდეოლოგიისა და ისტორიული პროცესის ურთიერთკავშირი. ჰანტინგტონი თვლიდა, რომ საუკეთესოა ის, რომელიც უკეთ ხსნის ედმუნდ ბერკის (როგორც კონსერვატორის ერთგვარი არქეტიპის) იდეების გამოვლინებას ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში.

ზოგიერთი ქართველი ავტორი კონსერვატორებისა და ლიბერალების ამჟამინდელი დაპირისპირების წინასახედ XIX საუკუნის “მამებისა და შვილების ბრძოლას” მიიჩნევს. ამ მოსაზრებას, ალბათ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. არც გრიგოლ ორბელიანს, არც “მამების” რომელიმე სხვა წარმომადგენელს საკუთარი იდეების საფუძვლიანი სისტემატიზაცია არ მოუხდენიათ ისე, როგორც ეს შატობრიანმა ან ჟოზეფ დე მესტრმა გააკეთეს. შესაბამისად, იქ, სადაც ქართული კონსერვატიზმის იდეური ქვაკუთხედი გვეგულება, რეალურად მხოლოდ რამდენიმე ზოგადი მოსაზრება და პოეტური მეტაფორების დიდი კრებული გვხვდება. მოგვიანებით მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი ქართული ნაციონალიზმის მითოლოგიის შექმნაში, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. “მამების” რეაქცია ახალ იდეებზე არსებითად ცვლილებების უარყოფას წარმოადგენდა. მათ ვერ ჩამოაყალიბეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რაც მათი მარცხის მთავარი მიზეზი გახდა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში, ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძისა და მარქსისტების დაპირისპირების დროს, ქართული კონსერვატიზმი არ ჩამოყალიბდა, როგორც მწყობრი იდეოლოგიური სისტემა. ის ჰგავდა ესკიზს მომავალი ნახატის ადგილას. ის, რომ იმ ეპოქაში გამოქვეყნებულ ამა თუ იმ მოსაზრებაზე დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ის ჭეშმარიტად კონსერვატიულია”, არაფერს ცვლის.

“კონსერვატიული ალტერნატივა” არც გასაბჭოების შემდეგ შექმნილა, რადგან საქართველოში სათანადო პირობები არ იყო, ხოლო ემიგრაციაში მენშევიკები დომინირებდნენ. ზოგიერთი ქართველი ნაციონალისტი ფაშისტური იდეებით მოიხიბლა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ “დააქორწინა” კონსერვატიზმი და ფაშიზმი, როგორც ეს “ესპანური ფალანგის” დამაარსებელმა ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ და მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს.

საბჭოთა პერიოდის დასკვნით ეტაპზე ინტელიგენციისა და სასულიერო პირების ნაწილში დამკვიდრდა შეხედულებები, რომლებიც ჰანტინგტონის “მეორე წარმოდგენის” ფარგლებში ნამდვილად შეიძლება აღიწეროს, როგორც კონსერვატიული, მაგრამ ის, ცხადია, ვლინდებოდა არა დოქტრინების ჩამოყალიბებაში, არამედ ცალკეულ მოზომილ ფრაზებში, ჟესტებში, ზოგადად რომ ვთქვათ _ ეთიკასა და ესთეტიკაში.

ამავე პერიოდში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც “წითელი ელიტისგან” თავს დაჩაგრულად გრძნობდა (უფრო ზუსტად _ წარმოადგენდა ოჯახებს, რომლებიც მის ქვედა რგოლს მიეკუთვნებოდნენ), დაინახა ლიბერალიზმში უძლიერესი ინსტრუმენტი, ერთგვარი ტარანი, რომელიც ძველ საქართველოს დაანგრევდა და შესაძლებლობას მისცემდა, ახალში წამყვანი როლი ეთამაშათ. ცხადია, იყვნენ ისეთებიც, ვისაც მხოლოდ იდეალისტური მოტივები ამოძრავებდა, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ: კომუნისტური იდეოლოგიის დისკრედიტაციის ფონზე ძველ ელიტას არ შეეძლო ლიბერალური იდეების გავრცელებისთვის ხელი შეეშალა და მან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია _ ხელი შეუწყო ავანსცენაზე რადიკალი ლიბერალების გამოსვლას, რომელთა დანახვისთანავე საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეროვნული იდენტობა, ეკლესია, ოჯახი და .. საფრთხეშია. ამან ჰანტინგტონის მიერ ნახსენებითავდაცვითი კონსერვატიზმისგააქტიურება გამოიწვია.

თანამედროვე ქართული ელიტისთვის, რომელიც სერიოზულად მხოლოდ ერთ “იდეოლოგიას” _ ანგარებას აღიქვამს, მომგებიანია, რომ პოლიტიკურ ავანსცენას ნაგიჟარი რადიკალები იკავებდნენ. ეს შესაძლებლობას აძლევს, “გათიშე და იბატონე”-ს პოლიტიკა გაატაროს. “კონსერვატიულ უმრავლესობას” “გიჟი ლიბერალების” ეშინიათ და მათ წინააღმდეგ ერთიანდებიან; ლიბერალების _ რადიკალი ფუნდამენტალისტების, რომელთაც ჯვარი ხელკეტი ჰგონიათ. ყველას ერთად ეშინია ნაცისტების, ისტერიული მემარცხენეებისა და ა.შ. შეშინებული საზოგადოების ცალკეული სეგმენტები ასეთ ვითარებაში ვერ ხედავენ თავიანთ მთავარ მტერს _ დანაშაულებრივ, კლეპტოკრატიულ ელიტას.

საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა მძლავრი ქრისტიანულ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად (აქ, ცხადია, იგულისხმება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპული პარტიები და არა შესაბამისი სახელწოდების მქონე ქართული მოძრაობა). პრინციპში, შესაძლებელია ზომიერი ლიბერალების, აგრეთვე, თანმიმდევრული სოციალისტების გაერთიანებაც, მაგრამ მმართველი ელიტა და ხელისუფლება, როგორც მისი ინსტრუმენტი და უსაფრთხოების გარანტი, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ “პარადი” რადიკალებს მიჰყავდეთ.

“თავდაცვითი კონსერვატიზმის” მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის აერთიანებს ადამიანებს მხოლოდ გარკვეული, ზოგჯერ წარმოსახვითი საფრთხის მოგერიებისთვის, მაგრამ იმის იქით აღარ მიდის. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის კულტივაციას ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოება აღშფოთდა და ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია. ამით ყველაფერი თითქოს დასრულდა. მარიხუანის ექსპორტისა და ლეგალიზაციის მომხრეებს აქვთ თავისი ხედვა, ბიზნესგეგმა და პროგრამა, მათ კონსერვატორ მოწინააღმდეგეებს კი _ მხოლოდ მათი შეჩერების სურვილი, მაგრამ, თუ ისინი არ ჩამოაყალიბებენ ალტერნატიულ ხედვას და არ შექმნიან განსხვავებულ პროგრამას, ადრე თუ გვიან დამარცხდებიან, რადგან საზოგადოებას არ შეუძლია მხოლოდ ცუდი იდეების უარყოფის რეჟიმში იცხოვროს, მას პოზიტიური პროგრამები და მათი რეალიზება სჭირდება.

“თავდაცვითი კონსერვატიზმი” არასაკმარისად შემოქმედებითია იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების სრულყოფილი ხედვა ჩამოაყალიბოს, მისი იდეოლოგიური ბაზისი, არსებითად, უცხოური წყაროებიდან ამოკრეფილი ციტატების უსისტემო ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებმაც შეიძლება შექმნას ხმაური, მაგრამ არა დოქტრინა. იმ ადამინების უმრავლესობას, რომლებიც თავს კონსერვატორებს უწოდებენ, პრობლემის არსი გაცნობიერებული არ აქვთ, ხშირად ისიც კი არ ესმით, რომ იმ არენის გარდა, სადაც ლიბერალებს უპირისპირდებიან, არსებობს სხვა საოპერაციო სივრცეც. საბოლოო ჯამში, ქართული კონსერვატიზმი შეიძლება შევადაროთ ნაყოფს, რომელიც ცოცხალია, მაგრამ მშობიარობამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო რჩება.

საქართველოს აშკარად სჭირდება ახალი კონსერვატიზმი, რადგან, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ორიენტირებულია “სამართლიანობაზე, წესრიგზე, ბალანსსა და ზომიერებაზე” (ჰანტინგტონს თუ დავესესხებით) და მისი ინტერესები უზრუნველყოფილია საპარლამენტო წარმომადგენლობით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, დანაშაულებრივი პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, თეორიული ფუნდამენტის შექმნაზე მუშაობა თითქმის არავის სურს, ყველას მოქმედება სწყურია. ალბათ, სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ საქართველოში დღემდე თუნდაც ერთი მკაფიო დოქტრინის ან პოლიტიკური პროგრამის ფორმულირება არ მომხდარა. არსებობს მხოლოდ ერთი, ყოვლად უვარგისი პრინციპი _ მთავარია, ხელისუფლებაში მოვიდეთ (დანარჩენი მერე, დანარჩენს ეშველება და ა.შ.).

ცნობილი გერმანელი კონსერვატორი, მწერალი ერნსტ იუნგერი წერდა, რომ კონსერვატიზმი უნდა განისაზღვროს “არა როგორც ლტოლვა იმის მიმართ, რაც იყო გუშინ, არამედ როგორც ცხოვრება იმის საფუძველზე, რაც მარად ღირებულია”. ის წინააღმდეგი იყო იმისა, რომ კონსერვატიზმის ძველი, მომაკვდავი ფორმები დაცვას დაკავშირებოდა და თვლიდა, რომ ეს აპრიორი წამგებიანია, “ამიტომ, _ წერდა იუნგერი, _ ეს სიტყვა ტრადიციის ჩარჩოდან უნდა ამოვგლიჯოთ… იმის ჩაბღაუჭება, რის შენარჩუნებაც შეუძლებელია, კონსერვატიულ კრიტიკას უნაყოფოს ხდის”.

ქართული კონსერვატიზმის აწმყო და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებენ თუ არა იდეალისტები, რომლებიც კონსერვატიულ თვალსაზრისს გულწრფელად იზიარებენ, საკუთარი კრედო ჩამოაყალიბონ. ამაში ხელს, უპირველესად, ისინი შეუშლიან, ვინც თავდაცვით კონსერვატიზმში პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტს ხედავენ. თუ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, კონსერვატორი მხოლოდ ანტილიბერალის სინონიმად დარჩება და მმართველ ელიტას ამ მხრიდან არანაირი რეალური საფრთხე არ შეექმნება.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. საინტერესო და მისასალმებელია თქვენი ხედვები. ჩანს კარგა ხნის ნაფიქრალი და გააზრებულია… მოკრძალებული რჩევა; ეგებ სამოქმედო გეგმა, ახლებური სამოქმედო პროგრამა, წარსულს დავესესხები “პროგრამა მინიმუმი” და “პროგრამა მაქსიმუმი” შეგემუშავებინათ, სამზეოზე გამოგეტანათ, შემდეგ კი თანამოაზრეთა კლუბიც დაგეანონსებინათ…
    საშვილთაშვილო საქმეს ჩაუყრიდით საფუძველს…

  2. ბატონი დიმიტრი მონიავა ყოველთვის პოზიტიურ და ობიექტურ პლატფორმაზე დგას. ეს წერილი აქტულურია და კარგად მოწოდებული საზოგადოებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here