Home რუბრიკები საზოგადოება რატომ ვასუსტებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რას ვუპირებთ ავლაბრის სამთავრობო რეზიდენციას?

რატომ ვასუსტებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რას ვუპირებთ ავლაბრის სამთავრობო რეზიდენციას?

887
რატომ ვასუსტებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რას ვუპირებთ ავლაბრის სამთავრობო რეზიდენციას?

უცხო ძალების დიქტატსა და ჩვენი ვაიპოლიტიკოსების ვიწრო, მერკანტილურ ინტერესებზე დამყარებულ იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ პოლიტიკას თუ არ გამოვასწორებთ და ასე უგუნურად და სამარცხვინოდ განვაგრძობთ, თუ არ ჩამოვაყალიბებთ ჯანსაღ პრინციპებზე დამყარებულ იმ საკანონმდებლო ბაზასა და მმართველობის იმ სქემებს, რომლებიც გარანტირებულად მიგვიყვანს ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი გარემოს შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან, საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიაში, დიდი ალბათობით, ჩვენ აღმოვჩნდებით ქართველთა სწორედ ის სამარცხვინო თაობა, რომელიც არა მხოლოდ ვერ შევინარჩუნებთ ისედაც მყიფე და ნომინალურ დამოუკიდებლობას, ეთნიკურადაც გადავგვარდებით და გადავშენდებით ჩვენივე სამკვიდრო ღვთითმომადლებული მიწაწყლიდან, რომელზეც, როგორც გეოსტრატეგიულად მიმზიდველ და ამასთანავე უმშვენიერესი ფლორით შემკულ ტერიტორიაზე, აშკარად თუ შეფარვით, მუშტრის თვალი უჭირავთ როგორც შორეულ, ისე მეზობელ ძალებს.

განა ნორმალურია, რომ სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისთვის განვლილი 28 წლის შემდეგაც საჭიროა საკანონმდებლო ბაზის არსებითად გადამუშავება, მათ შორის უმთავრესის _ საქართველოს კონსტიტუციისა, რომელიც, 1995 წლის პირველი კონსტიტუციის მიღებისთანავე თანდაყოლილ ხარვეზებთან ერთად, შემდგომ წლებში, ვითომ სახელმწიფოს მართვის უფრო მაღალი დემოკრატიის რანგში საპარლამენტო მართვაზე გადასვლის “კეთილშობილური” განზრახვის საბაბით, რეალურად კი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ბატონობის სამარადჟამოდ განმტკიცების მიზნით, ისე დავამახინჯეთ, რომ ვეღარ გაგვირკვევია, რა არის ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ფუნქციები; ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე მეთაური; რა მეთოდებით უნდა იმართებოდეს სახელმწიფო საომარ ვითარებაში, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ექვემდებარება პრემიერმინისტრს, ხოლო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი პრეზიდეტია. მით უმეტეს, რომ, კონსტიტუციის ბოლო შესწორებული ვარიანტის თანახმად, პრეზიდენტს მაქსიმალურად შეეკვეცა ის დარჩენილი უფლებებიც და, ამასთანავე, 2024 წლიდან საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად, მას აირჩევს, პარლამენტართა ჩათვლით, ეგრეთ წოდებული სამასი ხმოსანი?!

ცხადია, რომ ასეთი კონსტიტუციით სახელმწიფოს მართვა არათუ მიუღებელი, არამედ საფრთხის შემცველიცაა.

ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, შემიძლია განვაცხადო, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ ვითომ უფრო მეტიევროპელობისმოჩვენებითი თვალსაზრისით, წინა ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო შესწორებითნაანდერძევისაპარლამენტო მმართველობის შემოღება, ამ ფსევდოდემოკრატიულ, შეუმდგარ და ფინანსურეკონომიკურად გაპარტახებულ სახელმწიფოში ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯია და ემსახურება მხოლოდ იმ მერკანტილურ ინტერესს, რომ ქვეყნის უმაღლეს პოსტზე ვირჩევდეთ კანდიდატს არა პირდაპირი, საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით, არამედ, ამომრჩეველთა რაც შეიძლება შეზღუდული კონტიგენტით, რაც მავანთათვის სასურველი კანდიდატის გაყვანის უფრო კომფორტული და შედარებით იოლად მისაღწევი საშუალებაა.

საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ნამდვილად ესაჭიროება მოსახლეობის საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით მინიჭებული მაღალი ხარისხის ლეგიტიმურობითა და აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის უფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს შექმნილი კრიზისული ჩიხიდან.

მაღალი ლეგიტიმურობა და ფართო უფლებები რომ არ გადაიზარდოს ავტორიტარიზმსა და ერთპიროვნულ დიქტატურაში, მოქმედი პრეზიდენტი რომ განიმსჭვალოს ამომრჩეველთა წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით, ამისთვის საჭიროა, კონსტიტუციურად დაკანონდეს, რომ, თუ იგი გარკვეულ პერიოდში არ ან ვერ შეასრულებს ქვეყნის წინაშე შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს, პარლამენტსა და რიგით ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ რეალური საკანონმდებლო მექანიზმები, რათა გაიწვიონ ასეთი პრეზიდენტი და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ჩვენს სინამდვილეში, როდესაც ჭეშმარიტი და სრულყოფილი დემოკრატიისთვის ჯერაც არ მიგვიღწევია და, ამასთანავე, პარლამენტი მეტწილად დაკომპლექტებულია “კომფორტულ გალიაში შეფრენილი ჩიორებით და გუგულებით”, სახელმწიფოებრიობის განვითარების ამ ეტაპზე უცილობლად გვესაჭიროება არა საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, არამედ ისეთი საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც არჩევნების ყველა მონაწილე მხარისთვის, პარიტეტულ პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს გაუყალბებელი და სამართლიანი შედეგის მიღწევას და ამ გზით შევქმნით მტკიცე საპრეზიდენტო მმართველობის ვერტიკალს, რომელიც ესოდენ საჭიროა ჯერაც შეუმდგარი ქვეყნისთვის რეფორმების გზით ჯანსაღი დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებისთვის.

რაც შეეხება საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, თავის დროზე, ყველაზე მისაღები და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ რუსთაველის გამზირზე განთავსებული მე-19 საუკუნის სამოციანი წლების დასასრულის არქიტექტორ ოტო სიმონსონის სარეკონსტრუქციო პროექტით აგებული ამიერკავკასიის მთავარმართებლის ყოფილი რეზიდენცია (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე), რომელიც თავისი დაგეგმარებითა და ფასადური გამომსახველობით, რაღა თქმა უნდა, წარმოადგენს ადმინისტრაციული მმართველობის ტიპის ნაგებობას და რომლის მოდერნიზება დღევანდელ მოთხოვნათა გათვალისწინებით დაჯდებოდა, ალბათ, 10-15 მილიონი დოლარი; ის სრულად დააკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელისუფლო მმართველობის აღსრულებისთვის.

განა ნორმალურია ის, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ობიექტურ და რეალურ მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით ააგო პომპეზური, სამასმილიონიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის სახელმწიფოს, აშშ-ის თეთრ სახლად წოდებულ რეზიდენციაზე ორ-სამჯერ დიდი სასახლე, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ მის ამბიციებსა და პრემიერმინისტრის სახით სახელმწიფოს მეთაურად სამარადჟამოდ დარჩენის ანტიდემოკრატიულ, ყოვლად გაუმართლებელ მიზანს?!

იმ მოტივით, რომ ეს ნაგებობა ძვირად ღირებულია და, ამასთანავე, ზოგიერთისთვის ასოცირდება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელთან, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, იძებნება, როგორც ბრალდებული, და ამიტომ ამ ნაგებობამ უნდა შეწყვიტოს ფუნქციობა, როგორც სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციამ, სრული უგუნურებაა, ვინაიდან, ჯერ ერთი, ფაქტია და, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამ ღონისძიებით ვეღარ გავაიაფებთ; და მეორე _ ვინაიდან, ეს ნაგებობა უკვე ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საკუთრებაა და ამასთანავე, ვისაც არქიტექტურული დაგეგმარების ანაბანა მაინც გაეგება, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იგი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ერთგვარ სპეციფიკურ სიმბოლოს.

რაც შეეხება ზოგიერთისთვის ამ შენობის ასოცირებას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სახელთან და ამ მცდარი არგუმენტით შენობის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის, ფუნქციობის შეწყვეტის მოთხოვნას, მათ გასაგონრად შემიძლია განვმარტო: საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდის ამ საეტაპო ღირებულების, უმშვენიერესი ნაგებობის ავტორი და შემოქმედი გახლავთ ცნობილი ქართველი არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი და დღეიდან შეგიძლიათ გაითავისოთ, რომ ეს ნაგებობა ასოცირდება არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მის შემოქმედ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან. აქვე შევახსენებ მკითხველს, რომ საპროექტო ობიექტის მოცულობასა და მის სავარაუდო ღირებულებას განსაზღვრავს დამკვეთი მხარე და არა არქიტექტორი.

ზემოაღნიშნული არგუმენტაციით, ამ შენობისთვის სხვა ფუნქციის მინიჭება და გასხვისება ისეთივე დანაშაული იქნება, როგორც თავის დროზე ქვეყნის დუხჭირი ვითარების გათვალისწინების გარეშე გაუმართლებლად მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე იყო მისი აშენება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ავლაბრის სასახლე უნდა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციად.

განა პარადოქსი არ არის, რომ დიდი წინაპრების _ დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭაჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და იოსებ სტალინის შთამომავალი ერი ისე დავკნინდით და დავმცირდით, რომ გვიჭირს საკუთარი ქვეყნის წარმატებით მართვა?!

განა სამარცხვინო არ არის, რომ ჩვენი ბედკრული ისტორიის განმავლობაში რა ზიანიც მოუყენებია გარეშე მტერს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში არანაკლები ზიანი მივაყენეთ ჩვენსავე თავს ჩვენივე ეგოისტური, უგუნური და ქვეყნისადმი მოღალატური ქმედებებით?!

მაგრამ ისტორიისათვის ამ მცირე მონაკვეთში ქართველმა ხალხმა დააგროვა ის მწარე გამოცდილება, რომლითაც 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაანახვა ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და, თუ იგი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების კუთხით, წერტილს დაუსვამს მის ყოფნას ხელისუფლებაში.

ანზორ დავითაშვილი,

არქიტექტორი, . გურჯაანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here