მთავარი პოლიტიკა რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ევროპის ლიდერები?

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ევროპის ლიდერები?

267
გააზიარეთ
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ევროპის ლიდერები?

გასულ კვირას კიდევ უფრო გართულდა საფრანგეთის ურთიერთობა ევროკავშირის ორ წამყვან სახელმწიფოსთან _ გერმანიასა და იტალიასთან. ევროპული გაერთიანება, რომელიც ბრიტანულიბრექსიტისგამო მრავალ სირთულეს განიცდის, ახალი პრობლემების წინაშე დადგა. როგორ შეიძლება აისახოს ეს ევროკავშირის მომავალზე და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე?

7 თებერვალს დადასტურდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურმა პარიზმა ეს საშინაო პოლიტიკურ სიტუაციას დაუკავშირა (იგულისხმებოდა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო გამოსვლები, რომელმაც გასულ კვირას ახალი ძალით იფეთქა _ ქუჩაში 100 ათასამდე ფრანგი გამოვიდა; მოხდა რამდენიმე სერიოზული შეტაკება).

მერკელისა და მაკრონის ერთობლივი გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე მის დამაგვირგვინებელ აკორდად უნდა ქცეულიყო. “გვინდა, ყველას დავანახვოთ, რომ ევროკავშირი დაშლას არ აპირებს”, _ ამბობდა კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი. მაკრონის უარმა ერთიანობის დემონსტრირება შეუძლებელი გახადა.

იანვარში აახენში მაკრონმა და მერკელმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის მეგობრობის ახალ ხელშეკრულებას, რომელმაც შეცვალა 1963-ში კონრად ადენაუერისა და შარლ დე გოლის მიერ ხელმოწერილი “ელისეს ხელშეკრულება”. ის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს _ იქმნება გერმანია-საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო, რომლის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება პირველი პირების შეხვედრები. ხელშეკრულება, აგრეთვე, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში, ეკონომიკურ დაახლოებასა და ინტეგრაციის გაძლიერებას მთელ რიგ სფეროებში. გერმანიისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭება ერთობლივ პრიორიტეტად დასახელდა.

მაგრამ პარალელურად ორი ქვეყნის ურთიერთობებში აღინიშნება ის, რასაც ჟაკ დელორის სახელობის გერმანულ-ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჰაინრიხ ენდერლაინი “გახანგრძლივებულ გაუცხოებას” უწოდებს. “ზუდდოიჩე ცაიტუნგმა” ამ თემას ახლახან საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა და არსებული პრობლემები ჩამოთვალა, მათ შორის: ორი ქვეყნის უთანხმოება ევროზონის რეფორმირების გზებზე, ბერლინის მიერ დაბლოკილი მაკრონის ინიციატივა “ციფრული გადასახადის” თაობაზე და პარიზის სურვილი, _ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ენერგეტიკული რეგულაციების შეცვლას. ინფორმაცია ამის შესახებ 7 თებერვალს გავრცელდა, იმავე დღეს შესწორებებს მხარი დაუჭირეს აშშ-ის ელჩებმა ევროკავშირში, გერმანიასა და დანიაში. ბერლინში ამას საკმაოდ ნერვულად შეხვდნენ.

მომდევნო დღეს გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ კომპრომისს მიაღწიეს. კომენტატორების უმრავლესობამ, უბრალოდ, ვერ გაიგო, რას ნიშნავდა პარიზის მოულოდნელი დემარში და სწრაფი უკანდახევა და რა არგუმენტები მოიშველიეს გერმანელებმა ფრანგების დასარწმუნებლად. ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის შეცვლა, კონკრეტულად კი მისი მოქმედების გავრცელება საზღვაო გაზსადენებზე, გაზრდის იმის ალბათობას, რომ დაიბლოკება პროექტი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”. ამ გაზსადენით რუსული გაზი გერმანიაში უნდა მოხვდეს. მისი მშენებლობის ღირებულება 9,5 მილიარდი დოლარია. მან წელიწადში 5,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. ამ პროექტის რეალიზაციას ეწინააღმდეგებიან აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები. მათი აზრით, ის რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის. გერმანიის ხელისუფლება პროექტს მხარს უჭერს, რადგან რუსული გაზის მიღება ენერგეტიკული სექტორის ფუნდამენტური რეფორმის პირობებში მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ემანუელ მაკრონის მოულოდნელმა ვირაჟმა ბერლინის შეშფოთება გამოიწვია.

პრობლემას კიდევ ერთი ასპექტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის “ღერძი” გერმანია-საფრანგეთის ალიანსია, ხოლო ევროპული გაერთიანების ყველა ქვეყანა თანასწორად ითვლება, გერმანიაში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ გადამწყვეტი სიტყვა მაინც ბერლინს ეკუთვნის. პრეზიდენტად არჩევის პერიოდში ემანუელ მაკრონი ევროკავშირის რეფორმირების ამბიციურ გეგმებს ახმოვანებდა; აშკარა იყო, რომ, ანგელა მერკელის “პოლიტიკური დაისის” ფონზე, მას სურდა, ევროპის “პირველი ვიოლინო” გამხდარიყო. ეს არ იწვევდა გაღიზიანებას მანამ, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეები გერმანიის ინტერესების საპირისპირო არ შეიქნა. ემანუელ მაკრონი, რომელიც ერთი წლის წინათ პოპულარობის მწვერვალზე იდგა, შეეჯახა მძლავრ საპროტესტო, თითქმის რევოლუციურ მოძრაობას ქვეყანაში და სერიოზულ პრობლემებს სამეზობლოში.

გასულ კვირას საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არ მომხდარა. დაძაბულობის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისის ბოლოს იტალიაში მემარჯვენე “ჩრდილოეთის ლიგა” და პოპულისტური “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” კოალიციის შექმნასა და მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. მათი თვალსაზრისი ქვეყნისა და ევროკავშირის მომავალზე დიამეტრულად განსხვავდება მაკრონისა და მისი თანამოაზრეების თვალსაზრისისგან. მწვავე პოლემიკა მიგრანტების პრობლემის გამო დაიწყო _ ოფიციალურმა პარიზმა გააკრიტიკა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება, _ მიგრანტებით სავსე გემები თავის პორტებში არ მიიღოს. იტალიურმა მხარემ უპასუხა, რომ საფრანგეთი თვითონვე ამბობს უარს მიგრანტების მიღებაზე და მათ, ვინც იტალია-საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, უკან აბრუნებს.

ოქტომბერში საფრანგეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კლიპი ევროპარლამენტის არჩევნების თაობაზე, რომელიც იტალიის პრემიერმინისტრის მოადგილეს _ მატეო სალვინის უარყოფით ფიგურად წარმოაჩენდა. იანვარში პრემიერის კიდევ ერთმა მოადგილე ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ საფრანგეთი ათობით აფრიკული სახელმწიფოს კოლონიზებას განაგრძობს; ხოლო სალვინიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი იტალიაში ძებნილ ტერორისტებს იფარებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის ელჩი განმარტებისთვის დაიბარა, ემანუელ მაკრონმა კი იტალიელი ვიცეპრემიერების განცხადებების კომენტირებაზე უარი თქვა, რადგან “ისინი სწორედ ამას ელოდებიან”. თვის ბოლოს სალვინიმ “ფეისბუკში” დაწერა, რომ 26 მაისს (ამ დღეს ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება) “ფრანგები შეძლებენ, აღადგინონ კონტროლი თავიანთ მომავალზე, ბედზე და სიამაყე დაიბრუნონ” და მათ “საშინელი პრეზიდენტისგან” გათავისუფლება უსურვა. სრულმასშტაბიანი დიპლომატიური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 თებერვალს ლუიჯი დი მაიო პარიზის მახლობლად შეხვდა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს _ ინგრიდ ლევავასერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება “ყვითელი ჟილეტების” კანდიდატების სიას ევროპარლამენტის არჩევნებზე, და კრისტოფ შალენსონს. ამ უკანასკნელმა დეკემბერში “ფეისბუკში” დაწერა, რომ საფრანგეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა და პრემიერმინისტრად გენშტაბის ყოფილი უფროსის _ პიერ დე ვილიეს დანიშვნა მოითხოვა. იტალიელმა პოლიტიკოსმა “ყვითელი ჟილეტები” გაამხნევა.

საინტერესოა, რომ დავოსის ფორუმზე იტალიელმა ტელეჟურნალისტებმა შემთხვევით (ან თითქოს შემთხვევით) გადაიღეს ნაწყვეტი იტალიის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტისა და ანგელა მერკელის საუბრიდან. კონტი ამბობდა, რომ “სალვინი ყველას წინააღმდეგ მიდის, ხოლო “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას” სურს, საფრანგეთის წინააღმდეგ კამპანია აწარმოოს”. გასული წლის ოქტომბერში იტალიური “ლიგის” თავკაცმა მატეო სალვინიმ და საფრანგეთის “ეროვნული ფრონტის” (2018 წლის 1 ივნისიდან მას “ეროვნული გაერთიანება” ეწოდება, მაგრამ კომენტატორების უმრავლესობა რატომღაც ისევ “ფრონტს” ახსენებს) ხელმძღვანელმა მარინ ლე პენმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ ალიანსს აყალიბებენ და ერთობლივი კამპანია დაიწყეს. პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ აპირებენ “ერების ევროპა” შექმნან.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე დღეს არაერთი პროგნოზი კეთდება. ზოგიერთი შეფასების თანახმად, ნაციონალ-კონსერვატორები მოახერხებენ წარმატების მიღწევას, მძლავრ ბლოკს შექმნიან და ხელს შეუწყობენ ევროკავშირის დაჩქარებულ დეზინტეგრაციას, მით უმეტეს, რომ მათ შეიძლება ხელი შეუწყოს ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელსაც ევროპული გაერთიანების დასუსტება აძლევს ხელს. “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, გასული წლის 24 აპრილს ტრამპმა მოლაპარაკებების დროს მაკრონს ჰკითხა: “ევროკავშირის დატოვებაზე ხომ არ გეფიქრათ?” და ამის შემდეგ საფრანგეთს უკეთესი სავაჭრო რეჟიმის შემოღება შესთავაზა, ვიდრე ევროკავშირის ფარგლებში აქვს. დონალდ ტრამპმა არა მხოლოდ გააკეთა მრავალი “ანტიევროპული” განცხადება, არამედ ევროკავშირთან სავაჭრო-სატარიფო ომი დაიწყო.

არის შედარებით ფრთხილი პროგნოზებიც, რომელთა თანახმად ევროკავშირის შენარჩუნების მომხრეები პროცესებზე კონტროლს შეინარჩუნებენ, მაგრამ ევროსკეპტიკოსების მოსალოდნელი გაძლიერება, რომელშიც ეჭვი თითქმის არავის ეპარება, მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და, შესაბამისად, კრიზისი გაღრმავდება. რაც შეეხება ევროკავშირის დაშლას, ექსპერტების უმრავლესობა მას ექსტრემალურ, ნაკლებად სავარაუდო სცენარად თვლის, თუმცა არა წარმოუდგენლად, მით უმეტეს, რომ ხუთიოდე წლის წინათ ვერავინ იფიქრებდა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას დააპირებდა.

კრიზისი ევროკავშირში, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ მას ნაყოფიერი სამეზობლო პოლიტიკის ფორმულირება და გატარება გაუჭირდება, რაც, სავარაუდოდ, საქართველოს მდგომარეობაზეც აისახება, მით უმეტეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესმა შორეული რეგიონების მიმართ იკლო. საქართველო და მისი მნიშვნელობა დასავლურ “რადარზე” შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, რაც ოფიციალურ თბილისს საგარეო პოლიტიკის კორექტირების აუცილებლობის წინაშე დააყენებს.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here