მთავარი პოლიტიკა რას ერჩის ტრამპი კუბას?

რას ერჩის ტრამპი კუბას?

გააზიარეთ
ტრამპი

საბჭოთა პერიოდში ქართველი მკითხველითავისუფლების კუნძულისშესახებ უამრავ ინფორმაციას იღებდა, დღეს კი მასზე ძალიან ცოტა იცის _ ფიდელ კასტროს გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივ მედიას კუბა არ გახსენებია. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ დღეს კუბელები.

19 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ “აშშ უპირისპირდება კუბის კორუმპირებულ და მადესტაბილიზებელ რეჟიმს და მიესალმება კუბელების ოცნებას, თავისუფლად იცხოვრონ. ჩემმა ადმინისტრაციამ ახლახან მაცნობა, რომ არ მოხსნის სანქციებს კუბის ხელისუფლების წინააღმდეგ, სანამ ის ფუნდამენტურ რეფორმებს არ გაატარებს”. ეს სანქციები ჯერ კიდევ 1960 წელს შემოიღეს, 1962-ში კი მათ თითქმის სრული ემბარგოს სახე მიეცა. ცოტა ხნის წინ მათი გაუქმება სავსებით რეალური ჩანდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის ივლისში კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა, თუმცა ტრამპი ისევ კონფრონტაციის პოლიტიკას დაუბრუნდა.

2010 წლიდან რაულ კასტროს ხელისუფლება ეკონომიკურ რეფორმას ატარებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი კერძო ბიზნესის ლეგალიზება და განვითარებაა. დაახლოებით 15-20 წლის წინათ ცხადი გახდა, რომ იმ სფეროებში, რომლებშიც კერძო ბიზნესი ტრადიციულად უფრო ეფექტურია, ვიდრე სახელმწიფო რეგულირება (მაგალითად, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, მცირე მაღაზიები და ა.შ.), ჩრდილოვანი სექტორის ჩამოყალიბება დაიწყო. ამგვარად, რეფორმის პროცესი გულისხმობდა არა მხოლოდ ახალი კერძო ფირმების შექმნის ხელშეწყობას, არამედ ნახევრადლეგალური ბიზნეს-სქემების ლეგალიზაციასაც. მხოლოდ 2010 წელს სახელმწიფომ ბიზნესის წარმოების 250 ათასამდე ლიცენზია გასცა (ქვეყნის მოსახლეობა 11 მილიონია). 2016 წელს ხელისუფლებამ ბიზნესმენებს შედარებით მსხვილი კერძო კომპანიების გახსნის ნება დართო.

მიუხედავად იმისა, რომ, რაულ კასტროს ინიციატივით, ადგილობრივმა კომუნისტებმა შეცვალეს დამოკიდებულება კერძო ბიზნესის მიმართ, ის, რაც დღეს კუნძულზე ხდება, არ ჰგავს 90-იანებისველურ კაპიტალიზმსაღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს არ კარგავს. ზოგიერთმა მისმა ნაბიჯმა შეიძლება გაგვახსენოს ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკა ბელარუსში 10-15 წლის წინათ, როდესაც ხდებოდა კაპიტალიზმის ელემენტების ფრთხილი, ეტაპობრივი ინტეგრირება სოციალისტურ სისტემაში.

ამ პროცესს ერთი საგულისხმო პრობლემა უკავშირდება. კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი ტურიზმზე მიბმული მცირე ფირმები, დინამიკურად ვითარდებიან, მაშინ, როდესაც საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს სწრაფი გამდიდრების პერსპექტივა ნაკლებად აქვთ. ეს იწვევს კადრების გადინებას, განსაკუთრებით ჰავანასა და მსხვილ ტურისტულ ცენტრებში. ზოგი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის _ ქვეყნიდან გასვლა ბოლო წლებში შედარებით იოლი გახდა. კერძო სექტორის სწრაფმა განვითარებამ ორი, ერთმანეთის პარალელური ეკონომიკური რეალობა შექმნა და ხელისუფლებას მათ შორის გარკვეული ბალანსის დაცვა უწევს.

კუბას დიდი ზიანი მიაყენა იმან, რომ ათიოდე წლის წინათ ნავთობის ფასის ზრდა შაქრის ფასის ვარდნას დაემთხვა. შაქრის ექსპორტი, შემდგომ კი წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა. 90-იან წლებამდე კუბა შაქრის მონოკულტურის ქვეყნად და მის ერთ-ერთ უმსხვილეს ექპორტიორად რჩებოდა. ექსპორტის შემცირებამ დააზარალა ბიუჯეტი და, შესაბამისად, სახელმწიფო დოტაციების სისტემა. ადრე მოქალაქეები უფასოდ იღებდნენ ავეჯს, ტანსაცმელს, წამლებს, რძეს ბავშვებისთვის, ორჯერად კვებას სამუშაო ადგილებსა და სკოლებში და ა.შ. ბოლო დროს ეს ხარჯები მცირდება, თუმცა არა ელვისებური სისწრაფით, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

შაქრის ექპორტის კოლაფსის ფონზე, იმედისმომცემად გამოიყურება მსხვილი ჩინური ინვესტიციები ნიკელში, ამავე დროს, ვენესუელა კვლავინდებურად აწვდის კუბას ნავთობს შეღავათიან ფასში. ამან და ტურიზმის განვითარებამ, ეკონომიკა კოლაფსს გადაარჩინა, მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, შეემცირებინა იმ მიმართულებების დაფინანსება, რომელიც ფიდელ კასტროს სოციალისტურ ექსპერიმენტს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მიმზიდველს ხდის. მაგალითად, კუბას რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა ბრაზილია და არგენტინა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კუბელი ექიმები მოიზიდონ, ვენესუელაზე, ნიკარაგუაზე და შედარებითYმცირე და ღარიბ მეზობლებზე რომ არაფერი ვთქვათ. საინტერესო და სიმბოლური ეპიზოდი: კუბელმა ოფტალმოლოგებმა, ბოლივიაში განხორციელებული პროგრამის ფარლებში, მხედველობა დაუბრუნეს მარიო ტერანს, რომელმაც 1967-ში ჩე გევარა მოკლა.

ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის მეტად აქტუალურია საფინანსო რეფორმის ჩატარება. საქმე ისაა, რომ ქვეყანას, ფაქტობრივად, ორი ვალუტა აქვს, “ჩვეულებრივი” და კონვერტირებადი პესო _ ამ უკანასკნელს ტურისტულ სექტორსა და სავალუტო მაღაზიების ანალოგებში იყენებენ (როგორც ე.წ. “ჩეკებს” გვიანდელ სსრკ-ში). ორი “პარალელური” ვალუტის არსებობა ათასგვარ მაქინაციას წარმოშობს; ციხეებში საკმაოდ ბევრი “ვალუტჩიკი” ზის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა კერძო მეწარმეობის დაკრედიტების სისტემის შექმნაა. ის არ არსებობს; მცირე ბიზნესი ფულს ჩრდილოვანი ფინანსური წყაროებიდან, მევახშეებისგან იღებს და, შესაბამისად, მაღალი პროცენტის გადახდა უწევს. არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც _ სოფლის მეურნეობის რეფორმა, რომელიც აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შაქრის წარმოება მკვეთრად შემცირდა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფორმატიზაცია და ინერნეტიზაციაა, ამერიკული სანქციების გამო, კუბა ამ მხრივ სერიოზულად ჩამორჩება.

რაულ კასტრო 50 წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, უპირველესად, სამხედროებს დაეყრდნო. მათი გავლენა თანდათან გაიზარდა, ხოლო პარტიული ელიტის _ შემცირდა. დღეს რაულ კასტრო 86 წლისაა, მან პირობა დადო, რომ 2018 წელს პოლიტიკიდან წავა. სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კუბის უახლეს ისტორიაში _ სახელმწიფო და პარტიული იერარქიების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მაღალი თანამდებობების ერთ ხელში კონცენტრაციის ეპოქის დასრულება.

რაულ კასტროს შემცვლელად 56 წლის (ეს კუბის მთავრობისთვის ახალგაზრდული ასაკია) მიგელ დიასკანელი განიხილება. ამჟამად ის კასტროს პირველი მოადილეა, ადრე განათლების მინისტრი გახლდათ, თუმცა მისი კარიერის დიდი ნაწილი სწორედ პარტიულ სტრუქტურებს, იდეოლოგიურ მუშაობას უკავშირდება. შესაძლოა, ეს გარემოება დაამშვიდებს პარტიის ლიდერებს ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის წინ. ის, რომ დიას-კანელი ხელისუფლების სათავეში მოვა, გარანტირებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა ექსპერტები მას დიდი ყურადღებით აკვირდებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ნიკოლას მადურომ უგო ჩავესის იმედები ვერ გაამართლა და ქვეყანა კრიზისმა მოიცვა.

ორი ქვეყნის პრობლემები მნიშვნელოვანწილად განსხვავებულია და ეს, უპირველესად, პოლიტიკურ სისტემას ეხება. სანავთობო ვენესუელაში მრავალპარტიული დემოკრატიაა, პარლამენტსა და საინფორმაციო საშუალებების დიდ ნაწილს ოპოზიცია აკონტროლებს, მაშინ, როდესაც კუბა პოლიტიკური ლიბერალიზაციის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს. ჰავანაში უკვე შესაძლებელია მცირერიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების ხილვა, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი იყო (ზოგი მეტ სოციალიზმს მოითხოვს, ზოგი _ ნაკლებს), თუმცა ორგანიზებული, რამდენადმე ძლიერი ოპოზიცია ქვეყანაში არ არსებობს. ბევრ უკმაყოფილოს ურჩევნია, უბრალოდ, წავიდეს კუნძულიდან (მითუმეტეს, რომ ემიგრაციის პროცედურა გამარტივდა), ვიდრე უსაფრთხოების მრისხანე სამსახურებთან ბრძოლაში ჩაებას.

ლიბერალიზაციის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ის საკმაოდ ნელია. ხელისუფლებას არ სურს, პროცესებზე კონტროლი დაკარგოს და “ფერადი რევოლუციის” საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ძალიან ფრთხილად ემოქმედა, რათა, რეჟიმის შერბილების პარალელურად, ნელ-ნელა გაეზარდა გავლენა კუბის საშინაო საქმეებზე, თუმცა შემდგომ მოვიდა ტრამპი და უხეში რიტორიკით, ულტიმატუმებით სიტუაცია თითქოს წარსულში დააბრუნა.

ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, პოლიტიკისა და ეკონომიკის გარდა, მნიშვნელოვან გავლენას ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს. კუბელები ათწლეულების განმავლობაში უძლებდნენ ამერიკული სანქციებით გამოწვეულ სირთულეებს, რომლებიც განსაკუთრებით საგრძნობი სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ გახდა. მათ დაძლიეს უამრავი პრობლემა და თავს გამარჯვებულად თვლიან. ამ ნიადაგზე აღმოცენდა განსაკუთრებული სიამაყე, რომელიც კუბელებს შესაძლებლობას არ აძლევს, არათუ მიიღონ, არამედ, უბრალოდ, განიხილონ ვაშინგტონის ულტიმატუმები. ამ დროს კი დონალდ ტრამპი თითს უქნევს. ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს იმ კუბელების რიგებშიც კი, რომლებიც სანქციების მოხსნას და აშშთან ურთიერთობების ნორმალიზებას ემხრობიან.

შესაძლოა, სწორედ ეს არის იმ რევოლუციის მთავარი შედეგი, რომელიც ფიდელ კასტრომ, მისმა ძმამ და თანამებრძოლებმა მოახდინეს. ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუნქტურა კიდევ არაერთგზის შეიცვლება, რომ იტყვიან, “წყალნი წავლენ და წამოვლენ”, მაგრამ ღირსება, რომელიც კუბელების გულებში დაიბადა მას შემდეგ, რაც “აშშ-ის მთავარი ბორდელის და კაზინოს” სტატუსზე უარი თქვეს, სავარაუდოდ, აღარ გაქრება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ კუბას სერიოზული პრობლემები აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის ადმინისტრაციამ მისი დამორჩილება შეძლოს.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here