მთავარი საზოგადოება პური კიდევ გაძვირდება

პური კიდევ გაძვირდება

სახელმწიფო მზად არის, ისედაც გაძვალტყავებულ მოსახლეობას ქამარი კიდევ ერთხელ შემოუჭიროს და მთავარი საკვები პროდუქტი გაუძვიროს

40
გააზიარეთ

რუსეთიდან პურის ფქვილის იმპორტზე გადასახადი არ არის, ანუ რუსულ მხარეს ნულოვანი ბაჟი აქვს დაწესებული. სამაგიეროდ, პურის ფქვილის საწარმოებლად საჭირო ხორბლის ბაჟი მცურავია და დღეს 97,1 დოლარს შეადგენს. ეს ფასი ყოველთვიურად იცვლება და, ძირითადად, იზრდება, რადგან ხორბალზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე დიდია და რუსეთი, როგორც მთავარი მიმწოდებელი, ფასებს თვითონ კარნახობს მსოფლიოს.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევდა კონკრეტულად ამ თემაზე რუსეთთან საუბარი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ნაბიჯის გადადგმისგან დღემდე თავს იკავებს. შედეგად მივიღეთ რამდენიმეჯერ გაძვირებული პური და ათზე მეტი გაჩერებული წისქვილკომბინატი. მათ, უბრალოდ, აღარ უღირთ ხორბლის შემოტანა, რადგან კონკურენციას ვერ უწევს პურის ფქვილს. ვიღაც იტყვის, ფქვილი შემოვიტანოთო, მაგრამ პურის ფქვილით გამორიცხულია იმ ორთვიანი მარაგის შექმნა, რომელიც ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. გარდა იმისა, რომ ეს გაეროს სტანდარტია, სახელმწიფოს ორთვიანი მარაგი შესაძლებლობას აძლევს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მშვიდად იყოს. ფორსმაჟორი კი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიქმნას, თუნდაც პანდემიის გამო საზღვრების სრულად ჩაკეტვისას, ცუდი მოსავლისა და ფასების არარეალურად მატების შემთხვევაში

წისქვილკომბინატების ხელმძღვანელები გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი, რა თქმა უნდა, შექმნილი პრობლემის მოგვარებას შეეხო. ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფქვილზე, წისქვილკომბინატების გაჩერებამ ქატოს წარმოება მოსპო და შედეგად ქატოც გაძვირდა. შესაბამისად, ავტომატურად გაძვირდა ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცი, გაძვირდა რძის პროდუქტებიც და მერძევეთა ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, თუ სახელმწიფო ერთ ლიტრ რძეზე 20 თეთრის სუბსიდიას არ განახორციელებს, ეს დარგიც მოკვდება. რადგან რძე ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ გასულ წელს საქართველოში 200 მლნ ლარის რძის ფხვნილი შემოვიდა, ამან ადგილობრივი წარმოება, პრაქტიკულად, მოცელა. ეს ის რძის ფხვნილია, რომელზეც ადრე ვწერდით და ვამბობდით, რომ მისგან დამზადებული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშია და, პრაქტიკულად, არც ერთ ქვეყანაში არ იყიდება საქართველოს გარდა. იმხანად რძის ფხვნილის აკრძალვაზე იყო საუბარი და, როგორ აიკრძალა, კარგად ჩანს.

“აღქმა იმისა, რომ წისქვილების ოპერირების პრობლემა ქვეყანაში სერიოზულად დგას, არის. დიდი სურვილია, მდგომარეობა ისე წარიმართოს, რომ წისქვილების მუშაობა და ხორბლისა და ფქვილის იმპორტი დაბალანსდეს. პურის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ფაქტორებზე. აუცილებელია, რომ ინდუსტრიამ იმუშაოს, შენარჩუნდეს ხორბლისა და ფქვილის იმპორტი და პურზე ფასი. ეს სამი გამოწვევაა აქ. კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ ის აღქმები, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შესაძლებელია გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომ ეს სამი მიმართულება დაბალანსდეს. კიდევ იქნება შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს, და გამოიკვეთება კონტურები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო”, _ განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო, რომლის იმედად არიან წისქვილკომბინატების ხელმძღვანელები, რუსეთთან ხორბალსა და ფქვილზე საუბარს არ აპირებს და პრობლემის მოგვარებას პურის ფქვილზე ბაჟის დაწესებით შეეცდება, ანუ სახელმწიფო პურის ფქვილის შემოტანას გააძვირებს, რაც ხორბლის შემომტანებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, მაგრამ ეს აუცილებლად გააძვირებს პურს, რომლის ფასიც, სულ ცოტა, 1,50 ლარი გახდება. ეს ნიშნავს, სახელმწიფო მზად არის, ისედაც გაძვალტყავებულ მოსახლეობას, ქამარი კიდევ ერთხელ შემოუჭიროს და მთავარი საკვები პროდუქტი გაუძვიროს.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2004 წლიდან ცდილობდა, მოენახა ქვეყანა, რომელიც ხორბალს მოგვაწვდიდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ყველას გრძელვადიანი კონტრაქტები ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფოსთან და საქართველოს გამო თავი არავინ შეიწუხა, მათ შორის არც საფრანგეთმა, რომელსაც საქართველოს ოფიციალური უმაღლესი პირები კონკრეტულად ამ საკითხის მოსაგვარებლად არაერთხელ ეწვივნენ. შემდეგ იყო სანქციები რუსეთისთვის და, იმის მიუხედავად, რომ იმხანად რუსეთის ფედერაციას არნახულად გაუჭირდა, ჩვენთვის ხორბლის მოწოდება არასდროს შეუფერხებია. ჰოდა, სწორედ ამ კრიზისისა და სანქციების დროს გადაწყვიტა რუსეთმა ხორბლის წარმოების გაზრდა და მიწების ათვისება. “ამას მეც ვერ წარმოვიდგენდი. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ვერ ვაწარმოებდით იმდენ ხორბალს, რამდენიც ადგილობრივ მოსახლეობას სრულად დააკმაყოფილებდა. ახლა კი, არათუ ვაწარმოებთ საჭირო რაოდენობას, არამედ ბაზარზე მთავარი მოთამაშეები ვართ. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ ხორბლის წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დანარჩენი მსოფლიო მიახვედრა, რომ სანქციებით რუსეთის შეშინება აღარ გამოვა. როგორ გგონიათ, რუსეთის გარშემო დღეს ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ხორბალსა და ნავთობპროდუქტებზე ესაუბრებიან თუ არა რუსეთს?! რა თქმა უნდა, ესაუბრებიან და, რაც მთავარია, ისინი გრძელვადიან ხელშეკრულებებს აფორმებენ, რათა რუსეთმა მათ ხორბალი შეუფერხებლად მიაწოდოს და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. ამას აკეთებს ყველა, საქართველოს გარდა, რადგან, საქართველო ხორბალზე სასაუბროდ ამერიკელებსა და ევროპელებს ხომ არ წაიყვანს და მარტო კი დასავლელი პარტნიორები არ გვიშვებენ. ამიტომ მიიღო საქართველოს ხელისუფლებამმარტივიგადაწყვეტილება და ადგილობრივ მოსახლეობას პური, უბრალოდ, გაუძვირდება, მერე რა, რომ პრობლემის მოგვარება რუსეთთან ერთი შეხვედრითაც შეიძლება, მაგრამ ეს დასავლეთს არ მოეწონება.

ახლა არ თქვათ, ხალხი ამას ვერ აიტანსო. ავიტანეთ წყლის, დენისა და ბუნებრივი აირის გაძვირება, ავიტანეთ პურის რამდენიმეჯერ გაძვირება და, საზოგადად, საკვები პროდუქტების არნახული სიძვირე, ამიტომ ამასაც იოლად ავიტანთ და, თუ ფული არ გვექნება, ნაკლებს შევჭამთ, ნაკლებს მოვიხმართ, რისი ნიშნებიც უკვე არის. ქსელური მაღაზიების მეპატრონეები არ მალავენ, რომ მუშტარი მოაკლდათ და ამის გამო არაერთმა დიდმა მაღაზიამ მოლარეები დაითხოვა, იმიტომ, რომ, რასაც ადრე ოთხი მოლარე სჭირდებოდა, ახლა იმას ორიც მარტივად ახერხებს. მსოფლიოში, პრაქტიკულად, ყველა ექსპერტი ამბობს, რომ პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა მეწარმეებს აიძულებს, პროდუქცია გააძვირონ და ეს, უწინარესად, საკვებს ეხება, მათგან უმთავრესი კი ხორბალია. ამიტომაცაა, დიდმა ქვეყნებმა ხორბლის დათესვა რომ დაიწყეს ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არ დაუთესავთ და არაერთი კულტურა ჩაანაცვლეს, მაგრამ იმისთვის, რომ რუსეთს გაეჯიბრონ, სულ ცოტა, ხუთი წელიწადი სჭირდებათ, თანაც რუსეთმა თვითონ აღარ უნდა გაზარდოს წარმოება. არადა, ჩვენი მეზობლები აცხადებენ, რომ მომავალშიც მთავარი აქცენტი ხორბალზე გაკეთდება და უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში მიწების ათვისების პრაქტიკა გაგრძელდება, შემდეგ კი გადაწყვეტენ, ეს საკმარისია თუ კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ცნობისათვის: ქართველმა ექსპერტებმა გაიანგარიშეს და თქვეს, საქართველომ მიწების ათვისებისას აქცენტი მხოლოდ ხორბალზე რომ გააკეთოს, საჭირო რაოდენობის მხოლოდ 35-40%-ის მოყვანას შეძლებს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის (დღეის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 2-3%-ია). ამისთვის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სახსრები (როგორც რუსეთში მოხდა), უნდა ჩამოაყალიბოს კოოპერატივები, შექმნას კოლმეურნეობები და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბალანსზე უნდა იყოს. მაგრამ ეს რომ გაკეთდეს, მაშინვე დაიწყება საუბარი საბჭოთა გადმონაშთზე და იმაზე, რომ თურმე კოლმეურნეობები მხოლოდ სოციალისტური წყობის ნიშანია და დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ჰო, ჩვენ სწორედ ამან მიგვიყვანამათხოვრობამდე”, დემოკრატია კოლმეურნეობების დონემდე რომ დავიყვანეთ და კარგისა და ცუდის გარჩევას გადავეჩვიეთ.

ხორბლის პრობლემის გადაჭრის გარდა, რუსეთმა დასაქმების პრობლემაც მოაგვარა ნაწილობრივ და აუთვისებელი მიწების ათვისებით სოფლებიც გააცოცხლა, ადამიანები მამა-პაპის კერას დაუბრუნდნენ.

საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ და არ გააკეთებს. ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ საამისო სახსარი, უბრალოდ, არ არსებობს, და არ გააკეთებს იმიტომ, რომ ჩვენთან მხოლოდ განვითარების გეგმების წერას არიან მიჩვეულნი, განხორციელებაზე არავინ ფიქრობს. მაგალითი გნებავთ? ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი პრემიერობისას წარადგინა განვითარების ათწლიანი გეგმა, შემდეგ იგივე გააკეთა კვირიკაშვილმა, მერე _ ბახტაძემ, შემდეგ _ გიორგი გახარიამ და ახლა _ კვლავ ღარიბაშვილმა. ამასობაში ზუსტად 10 წელი გავიდა და სად არის თქვენი პირველი 10-წლიანი გეგმა, ბატონებო? როცა ღარიბაშვილი შეიცვლება, ახალი პრემიერი ისევ დაწერს ათწლიან გეგმას და იმას გავყვებით. ასეთი გეგმები ნაციონალებსაც ჰქონდათ და, ახლა რომ ჰკითხოთ, ალბათ, იტყვიან, ხელისუფლებაში 9 წელი ვიყავით და არ დაგვცალდაო.

ძაღლი ყეფს… იმიტომ, რომ შია, პური კიდევ ძვირდება!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here