Home სხვადასხვა დაიჯესტი პროვოკაცია ქერჩის სრუტეში და საქართველოს ინტერესები

პროვოკაცია ქერჩის სრუტეში და საქართველოს ინტერესები

1694
პროვოკაცია ქერჩის სრუტეში და საქართველოს ინტერესები

დაძაბულობის მორიგი ესკალაცია რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც მაშინვე აისახა გლობალურ პოლიტიკაზეც, უკრაინის სამხედრო გემების მიერ ქერჩის სრუტეში აზოვის ზღვის მიმართულებით სვლას მოჰყვა. მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას (ბრიტანულიბიბისისმიხედვით):

25 ნოემბრის დილას უკრაინის მცირე ჯავშანკატარღებმა “ბერდიანსკმა” და “ნიკოპოლმა”, ბუქსირ “იანი კაპუს” თანხლებით, წამოიწყეს გადასვლა ოდესიდან მარიუპოლის მიმართულებით. ქერჩის სრუტეში მათ შეხვდნენ რუსული სასაზღვრო გემები, რომელთაგან ერთ-ერთმა უკრაინული ბუქსირი გატარნა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინულმა გემებმა გადაკვეთეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შევიდნენ დროებით დახურულ აკვატორიაში. უკრაინის საზღვაო-სამხედრო ძალებში კი ამბობენ, რომ მათ რუსული მხარე წინასწარ გააფრთხილეს გადასვლის შესახებ.

საღამოს ჯერ უკრაინამ, შემდეგ რუსეთმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინულ კატარღებს რუსებმა ესროლეს და დააკავეს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინელი მეზღვაურები არ დაემორჩილნენ მესაზღვრეების მოთხოვნას და რუსულ ტერიტორიულ წყლებში განაგრძობდნენ უკანონო ქმედებებს, სახიფათო მანევრებს.

როგორც გაირკვა, უკრაინულ გემებზე 23 სამხედრო იმყოფებოდა, რუსებმა ყველანი დააკავეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს საზღვრის დარღვევისთვის. ამასთანავე, 3 უკრაინელი დაიჭრა და აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყოველივე ზემოთქმული იწვევს რიგ შეკითხვებს. პირველი _ რა მიზნით წამოვიდა 3 უკრაინული კატარღა აზოვის ზღვის მიმართულებით? “ბიბისი”, უკრაინელებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ესგეგმურიგადასვლა იყო, მაგრამ აქვე ჩნდება მეორე კითხვა _ თუკი გეგმური გადასვლა იყო, რატომ შევიდნენ უკრაინული გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში? თანაც, როგორც გაირკვა, სწორედ იმ აკვატორიაში მოხდა მათი დაკავება, რომელიც რუსეთს ეკუთვნოდა ჯერ კიდევ ყირიმის შეერთებამდე. ასე რომ, დარღვევა უკრაინული მხარის მიერ ერთმნიშვნელოვანია. ესეც არ იყოს, რაღა 25 ნოემბერს მოეპრიანათ რუსებს უკრაინული გემების დაკავება, თუკი ისინი “გეგმიურად” მოძრაობდნენ ამ ხნის განმავლობაში შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ და პირიქით? განა რა კონკრეტული სარგებელი უნდა ენახა რუსეთს ამ ინციდენტიდან?!

მოტივი, რომ ვითარება დაიძაბოს, უფრო უკრაინის ხელისუფლებას აქვს, უკრაინაში ხომ 2019 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი… პრეზიდენტმა პოროშენკომ, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ არც აცია, არც აცხელა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღო 30 დღის ვადით, რომელიც პარლამენტმა გარკვეული ვნებათაღელვის შემდეგ დაამტკიცა. უკრაინის ხელისუფლებას მწვავე რეაქცია ჰქონდა ინციდენტზე და, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ მიმართა როგორც დასავლეთს (ეს ტრადიციული ჟესტია), ისე თურქეთის ხელისუფლებას. თურქეთისგან პრეზიდენტი პოროშენკო ითხოვს, რუსულ გემებს აეკრძალოთ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობა იმ მოტივით, რომ ქერჩის სრუტეში ინციდენტის შემდეგ რუსულმა მხარემ, სრუტე უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე დღით ჩაკეტა. უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციული განწყობა ამ ფაქტიდანაც ჩანს, ვინაიდან მას უკვე გათვლილი ჰქონდა ინციდენტის შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯები. პოროშენკომ ისიც თქვა, რომ საომარი ვითარების გამოცხადება არ გულისხმობს უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელებას. როგორც იტყვიან, ჭკუა ეყო! მაგრამ, მეორე მხრივ, გაუგებარია, რისთვის აცხადებ საომარ ვითარებას, როცა ომი არ შეგიძლია _ რატომ აგზავნი სამხედრო გემებს და რატომ აგდებ შენსავე სამხედრო პირებს საფრთხეში? ხომ შეიძლებოდა, რუსეთის მესაზღვრეებს ჩაეძირათ საზღვრის დამრღვევი გემები? საბედნიეროდ, რუსეთის ხელისუფლება არ იღებს აფექტურ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, სამხედროები კი მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ. სამი უკრაინელი მეზღვაური, გავრცელებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, მსუბუქად დაშავდა _ ისინი არ არიან დაჭრილი რუსების მიერ ნასროლი ტყვიებით. როგორც ქერჩის საქალაქო საავადმყოფოში გაირკვა, ერთ მათგანს მხარი ნამსხვრევებისგან აქვს დაზიანებული, მეორეს – მაჯა, ხოლო მესამეს _ ბარძაყის რბილი ქსოვილი. ერთი სიტყვით, “დიდი არაფერი” მომხდარა. ყველა უკრაინელი მეზღვაური წარდგება რუსული სასამართლოს წინაშე, რადგან ამას მოითხოვს კანონი და ფორმალური პროცედურები.

უკრაინელი სამხედროების დაკავება საბაბი შეიქნა აშშის ადმინისტრაციისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს უარი ეთქვა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე არგენტინის დედაქალაქ ბუენოსაირესში, სადაც მსოფლიოს 20 განვითარებული ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ. რუსეთის ადმინისტრაციის პასუხი ამ ფაქტზე დამცინავი იყო: “რუსეთის პრეზიდენტს დამატებით ორიოდე საათი გამოუთავისუფლდა სასარგებლო შეხვედრების ჩასატარებლად”, _ აღნიშნა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში. მართლაც, უკვე მომაბეზრებელია ამერიკის პოლიტიკური ბომონდის შიდა დაპირისპირება და საკუთარი პრეზიდენტის დიპლომატიური აქტიურობის შებოჭვა. მეტიც, ამერიკის პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს სახელმწიფოს ინტერესები და იგი ანგარიშს უწევს გლობალისტური ძალების მიერ ინიცირებულ ისტერიკულ ანტირუსულ კამპანიას. ამ კამპანიის შედეგებს ჩვენც ვიმკით, საქართველოში, როდესაც ვუყურებთ გაუბედურებულ “ქოცებს”, ოღონდ კი “ნაცებმა” არ გამოიჭირონ “პრორუსულობაში” და ნებისმიერ ბრიყვულ განცხადებას მოაწერენ ხელს _ საქართველოსთვის საზიანოს.

ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი, რომელმაც, ვგონებ, ლიეტუვასაც კი დაასწრო და პირველმა შეაფასა რუსეთის ქმედებები ქერჩის სრუტეშიუკანონოდ”. არადა, მინისტრს მეტი ტაქტი და დაფიქრება მართებს, თუკი იგი საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. უკრაინის მხარდაჭერა ამ ინციდენტში საქართველოს არაფერს აძლევს, რადგან თვით დასავლეთის სახელმწიფოები, იმავე აშშის ჩათვლით, ასე ერთმნიშვნელოვნად არ აფასებენ ვითარებას. გავიმეორებ: ტრამპმა პუტინთან შეხვედრაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მყისვე არ გაათავისუფლეს, მაგრამ მას არ შეუფასებია რუსეთის სასაზღვრო ჯარის ქმედებები. “ვაშინგტონ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეფასებების გასაკეთებლად იგი დაელოდება ეროვნული უშიშროების საბჭოს სრულ დასკვნას ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე. გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა, ზომიერი პოზიცია დაიკავეს ევროპელებმაც. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა მერკელმა პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ იგი ემხრობა ინციდენტის გაანალიზებას რუსი და უკრაინელი სასაზღვრო ექსპერტების მონაწილეობით და თავად მჭიდრო კონტაქტში იქნება რუსეთის პრეზიდენტთან. თუნდაც ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთლიანად ხელისუფლება უნდა მოერიდონ რუსეთთან ვითარების გამწვავებას, განსაკუთრებით შავ ზღვაზე, ვინაიდან შავი ზღვა ჩვენთვის სავაჭრო და სატრანზიტო თვალსაზრისით გადამწყვეტი მიმართულებაა და ნებისმიერი გართულება პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ეკონომიკას. საქართველომ, უკვე კარგა ხანია, შეწყვიტა თურქული სავაჭრო ხომალდების დაკავება, რომლებიც უკანონოდ მოძრაობენ და ვაჭრობენ აფხაზეთთან. შესაძლოა, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იგი ასახავს იმ უმწეო ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება. ამ დროს კი ხალხს მასმედიიდან არწმუნებენ, თითქოს ჩვენ კავკასიის ლიდერი სახელმწიფო ვართ და ლამის სრულიად მსოფლიო ჩვენ გარშემო ტრიალებს… მოკლედ, რუსეთის დიპლომატიური გამოწვევა შავ ზღვაზე (ომზე საერთოდ არ ვლაპარაკობ) ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ანაკლიის პორტი ავიღოთ. რუსეთთან ვითარების დაძაბვა წყალში ჩაყრის ამდენ ინვესტიციას და ტაშ-ფანდურს, რომელიც ამ ჯერ დაუსრულებელ პროექტში დაიხარჯა. ანაკლია ზედ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. რუსეთი შავი ზღვის ამ მხარეში ერთმნიშვნელოვნად ბატონობს თავისი შავი ზღვის ფლოტით. რუსეთს ბოლო პერიოდში ძალზე ინტენსიური ურთიერთობები აქვს თურქეთის ხელისუფლებასთან. მართალია, თურქეთი არ ცნობს ყირიმს რუსეთის ნაწილად (თავისი ისტორიული ფესვები აქვს თურქეთს ყირიმში და იმიტომ), მაგრამ ანკარა თანამშრომლობს მოსკოვთან ენერგეტიკის სფეროში და ამ თანამშრომლობას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. “თურქული ნაკადის” ამოქმედება შექმნილ ვითარებას განამტკიცებს. ყოველ შემთხვევაში, თურქეთი, შავი ზღვის მეორე “ბატონი”, არანაირ დახმარებას არ გაუწევს საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. რუმინეთი და ბულგარეთი ხომ, საერთოდ, არ წარმოადგენს სერიოზულ ფაქტორს. რაც შეეხება აშშ-ს, იგი ისევ თურქეთზე იქნება დამოკიდებული, შემოვა მისი გემები შავ ზღვაში თუ არა. ესეც არ იყოს, ამერიკას არც იმის დიდი სურვილი ექნება, რეალური დახმარება გაუწიოს საქართველოს. ევროპასთან ერთად, აშშ-ც “შეშფოთდება” და ჩვენ ისევ მარტო დავრჩებით რუსეთის წინაშე, როგორც 2008 წელს.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here