Home სხვადასხვა დაიჯესტი პრეზიდენტის პოსტის მნიშვნელობა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობისთვის

პრეზიდენტის პოსტის მნიშვნელობა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობისთვის

729
ნურსულთან ნაზარბაევი

დამოუკიდებელ ყაზახეთში პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნის დღედ დამსახურებულად მიიჩნევა 1991 წლის 1 დეკემბერი. სწორედ ამ დღეს რესპუბლიკაში, რომელიც უკვე თითქმის სუვერენული იყო, ჩატარდა პრეზიდენტის საყოველთაოსახალხო არჩევნები. იმ მომენტისთვის უკვე მოქმედმა სახელმწიფოს მეთაურმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხმათა 98,7% მოაგროვა. ათი დღის შემდეგ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ყაზახეთის სსრის სახელწოდების ყაზახეთის რესპუბლიკად შეცვლის შესახებ, 16 დეკემბერს კი უმაღლესმა საბჭომ ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაშასადამე, ყაზახეთში, რომელიც უკვე ფლობდა ფაქტობრივ სუვერენიტეტს, ჯერ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, დამოუკიდებლობა კი ოფიციალურად გამოცხადდა ოდნავ მოგვიანებით _ პრეზიდენტის საყოველთაოდ არჩევის შემდგომ.

ისტორიულად ყაზახეთი არასოდეს ყოფილა იერარქიულად აგებული სახელმწიფო, ყაზახები არასოდეს ემსახურებოდნენ ტირანებს. ისტორიის მსვლელობამ განაპირობა ყაზახთა მენტალობა _ შრომისმოყვარე, არააგრესიული, მშვიდობიანი, ღირსეული, ნიჭიერი ხალხი, რომელსაც აქვს დიდი მიღწევები მხატვრულ ჭედურობაში, კერვაში, სამხედრო საქმეში, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებასა და ცხოვრების კიდევ ბევრ სხვა სფეროში. ისტორია ყაზახეთში ლიდერობის ხასიათის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ნურსულთან ნაზარბაევი არის შინაგანად დემოკრატიული ადამიანი, როგორც ეს ნამდვილ ყაზახს შეჰფერის; მისი შინაგანი დემოკრატიულობა დიდწილად აისახა ახალი ყაზახეთის ჩამოყალიბების პროცესზე, მისი სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემით. ყაზახეთი მუსლიმურ სამყაროსა და სრულიად აზიაში სამაგალითო დემოკრატიას წარმოადგენს.

ყაზახები გაჯერებულნი არიან თავისუფლების სულისკვეთებით. ამ ხალხის წინაპრები, შესაძლოა, დედამიწაზე პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ცხენები მოიშინაურეს. მხედრები, მეცხენეები – თავისუფლების ადამიანები არიან; მებრძოლნი, მაგრამ არააგრესიულნი; ამაყნი, მაგრამ არა ამპარტავანნი. დღემდე სწორედ ასეთია ყაზახების ხასიათი. ამ ხასიათისა და სულისკვეთების შენარჩუნება და გამყარება სურს ერის ლიდერ ნაზარბაევს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, მოდერნიზაციის გზაზე. თავის სტატიაში “დიდი სტეპის შვიდი ზღვარი” ნაზარბაევი სწორად შენიშნავს: “დროშის მპყრობელი მხედრის გამოსახულება გმირული ეპოქის ყველაზე უფრო ცნობილი ემბლემაა და, ამასთანავე, იგი წარმოადგენს მომთაბარე სამყაროს “კულტურულ კოდს”, რომლის ფორმირება დაკავშირებულია მხედრობის წარმოშობასთან. საავტომობილო ძრავების სიმძლავრე დღემდე ცხენის ძალებით გაიზომება. ეს ძველი ტრადიცია იმ დიდი ეპოქისადმი ხარკია, როდესაც დედამიწაზე მხედარი ბატონობდა”.

2012 წლიდან ყაზახეთში ყოველწლიურად აღინიშნება პირველი პრეზიდენტის დღე. ეს არის პატივისცემისა და ხსოვნის გამოხატულება მოვლენისადმი, რომელიც ყაზახური სახელმწიფოს მატიანეში ერთერთი მნიშვნელოვანია; მოვლენისადმი, რომელიც ყაზახეთის სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მოხდა. ამომრჩეველთა თითქმის ასი პროცენტით არჩეული ნაზარბაევი შეუდგა შორ და ეკლიან გზაზე სვლას, ეს გზა აღმოჩნდა წარმატებული, ხალხმა გამოავლინა უდიდესი ნდობა და გააკეთა გადამწყვეტი არჩევანი ძლიერი და აყვავებული ქვეყნის სასარგებლოდ.

პრეზიდენტობის ინსტიტუტის დამსახურებაა, რომ ყაზახეთმა შეძლო, აეშენებინა ახალი, მანამდე უცხო, მაგრამ თავისი ეპოქის შესაბამისი საბაზრო ეკონომიკა. შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი, ხოლო მაშინდელი უმაღლესი საბჭო გადაკეთდა ამჟამინდელ ორპალატიან პარლამენტად. შემდგომ გამოჩნდა ყაზახეთის ხალხის ასამბლეა და ბევრი სხვა, რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვანი სტრუქტურა. ქვეყანა გადავიდა მართვის ახალ, მეტად საჭირო და ეფექტიან სისტემაზე.

იმისათვის, რომ ყოველივე ეს შესაძლებელი ყოფილიყო, გატარდა კარდინალური გარდაქმნები; კერძოდ, თვით საპრეზიდენტო მართვის ფორმაზე გადასვლა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ მისი გააზრება შესაძლებელია ყაზახეთის უახლესი ისტორიის კონტექსტში, როდესაც იშლებოდა საბჭოთა კავშირი. ჩინელებს აქვთ ერთი ასეთი ბრძნული გამონათქვამი: “ღმერთმა დაიფაროს, გარდაქმნის ეპოქაში დაიბადო”. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ყველგან გორბაჩოვის მიერ ინიცირებული “პერესტროიკა” გაბატონდა, მრავალმილიონიანი ქვეყანა მათხოვრის მდგომარეობაში აღმოჩნდა. აბსოლუტურად ყველაფერი დეფიციტად იქცა, ადამიანები კილომეტრებიან რიგებში იდგნენ და ელოდნენ მაღაზიებში პურის, რძის, შაქრისა და ზეთის გამოჩენას. მილიონობით ადამიანი დადიოდა ქვითრებით, ბარათებითა და ჩეკებით და ამაოდ ოცნებობდა ელემენტარულ ყოფით ნივთებზე.

მაგრამ უფრო საშინელი იყო ის, რომ ხალხმა არ იცოდა, რას უქადდა ხვალინდელი დღე. იმჟამინდელი მოვლენების მოწმეები იხსენებენ _ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აგონიაში იყო, სახელმწიფო კი უპატრონოდ მიტოვებული გემს ჰგავდა, რომელსაც ჩაძირვა ელოდება. საჭირო იყო ადამიანი, პიროვნება, რომელსაც შეეძლო, ეს გემი გადაერჩინა თავისი ახალი მიდგომებით, მართვის პრინციპებით, მაგრამ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ასეთი ადამიანი არ გამოჩნდა და მანამდე ძლევამოსილი სსრკ ჩაიძირა კიდეც.

ამ მომენტამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, 1990 წლის მარტში, დაფუძნდა სსრკ პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც დაიკავა “პერესტროიკის” ავტორმა მიხეილ გორბაჩოვმა. იმავე წლის აპრილში ანალოგიური თანამდებობა შემოიღეს ყაზახეთში. პრეზიდენტის ახალი სტატუსით, თავის ძველ პოსტზე აირჩიეს ყაზახეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნურსულთან ნაზარბაევი. ამასთანავე, საწყის ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარიზმი და ცენტრისადმი მორჩილება საბჭოეთში თითქმის უკვე დასრულდა, ახალგამომცხვარი პრეზიდნეტის ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდული, ფაქტობრივად, ფორმალური იყო.

და აი სწორედ ამ მომენტში ნურსულთან ნაზარბაევი დგამს თავის ისტორიულ და ერთადერთ სწორ ნაბიჯს. როგორც მოქმედი სახელმწიფო მეთაური, რომელიც 1990 წლის აპრილში აირჩია უმაღლესმა საბჭომ და რომელსაც კიდევ ოთხი წლით ჰქონდა უფლებამოსილება, სავსებით გაცნობიერებულად აცხადებს პრეზიდენტის საყოველთაო-სახალხო არჩევნებს, პრეზიდენტის ინსტიტუტის გამყარების მიზნით, რაც ამავე დროს, ყაზახეთისთვის უფრო ღრმა კრიზისისა და სულაც გაჩანაგების თავიდან აცილებას ნიშნავდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მამაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო უმაღლესი ლეგიტიმურობა ხალხის მხრიდან, ნაცვლად უსახური დეპუტატებისა. როგორც აღვნიშნეთ, ეს ფაქტი 1991 წლის 1 დეკემბერს მოხდა.

პრეზიდენტობის ჩამოყალიბების პროცესი ყაზახეთში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. საპრეზიდენტო რესპუბლიკა იურიდიულად გაფორმდა 1995 წლის კონსტიტუციის მიღებით, თუმცა რეალურად ყაზახეთი 1993 წლის ბოლოს, უმაღლესი საბჭოს თვითდაშლის შემდეგ, უკვე ფაქტობრივად ასეთს წარმოადგენდა, როდესაც ვადა გაუვიდა საბჭოთა პერიოდში არჩეული სახალხო დეპუტატების ამ კრებულს.

ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და რომელმაც შემდგომ სავსებით დამსახურებულად მიიღო ერის ლიდერის სტატუსი, ავტორია დამოუკიდებელი ყაზახეთის რესპუბლიკისა. მისი დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი ყაზახური საზოგადოება, ეკონომიკა, თვით სახელმწიფოებრიობა, დამტკიცდა ამ სახელმწიფოს საზღვრები, რომლებიც ქვეყანას უწინ არც არასოდეს ჰქონიაყოველივე ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა, ამჟამინდელმა ლიდერმა ნაზარბაევმა.

საქართველოში არ გვყავს და არც გვყოლია პრეზიდენტის ამგვარი “მამობრივი” ტიპი, პირიქით, პრეზიდენტის თანამდებობა საქართველოში თავიდანვე იქცა კონფრონტაციისა და დამღუპველი პოლიტიკური ქიშპის წყაროდ. მიუხედავად ამისა, სულაც არ გვწყინს და პირიქით, გვიხარია, ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი საპრეზიდენტო რესპუბლიკის წარმატებები, რომელსაც სათავეში უდგას უნიჭიერესი ადამიანი, ნურსულთან ნაზარბაევი.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here