Home რუბრიკები ისტორია პირველი რესპუბლიკის მოედანი

პირველი რესპუბლიკის მოედანი

3808
რესპუბლიკის მოედანი

პირველი რესპუბლიკის მოედანი ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ამ გამზირს 1918 წლამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გოლოვინის პროსპექტი ერქვა, ხოლო შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შემდეგ, საბჭოთა პერიოდში, პროსპექტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: 30-იან წლებში გაფართოვდა ყოფილი სასახლის ქუჩა, რომელიც ვიწრო ყელს ქმნიდა პროსპექტსა და ერევნის მოედანს შორის. ამის შედეგად პროსპექტი უშუალოდ შეუერთდა მოედანს; ქუჩიდან აიღეს ტრამვაის ხაზები; 1965 წელს კეთილმოწყობისა და გამწვანების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა; აიგო საბჭოთა მონუმენტალიზმისთვის ტიპური შენობები, როგორიცაა მთავრობის სახლი, ტელეგრაფი, კავშირგაბმულობის სახლი, სასტუმრო “ივერია”… ამასთანავე განადგურდა XIX საუკუნის რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის სამხედრო ტაძარი, რომლის ეზოში 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაცემული ქართველი იუნკრები იყვნენ დაკრძალული.

რესპუბლიკის მოედანი

პროსპექტის დასავლეთ ნაწილში მოედანი 1983 წელს შეიქმნა და მას რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. 2005 წლამდე აქ ბეტონის არკადებიანი ტრიბუნები იდგა, რომელიც კომუნისტური აღლუმებისთვის გამოიყენებოდა. ცნობილია, რომ არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილს ეს მონუმენტი სხვაგვარად ჰქონდა ჩაფიქრებული _ გაკეთდა მთელი კომპლექსის მხოლოდ ერთი ნაწილი _ გაყინული ტალღები, მაგრამ საბოლოო სახით ავტორის იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, ამიტომ ხალხმა ამ მონუმენტსანდროპოვის ყურებიშეარქვა (იური ანდროპოვი საბჭოთა პოლიტიკოსი და სკკპის გენერალური მდივანი იყო) ნაწილობრივ მისი ფორმების გამო, მაგრამ უფრო მეტად იმდროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მინიშნების მიზნით.

ე.წ. ანდროპოვის ყურები მოედნიდან 2005 წელს აიღეს და რესპუბლიკის მოედანს ამიერიდან “ვარდების რევოლუციის” მოედანი დაარქვეს. მოგვიანებით, 2018 წლის 25 მაისს, კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო წლის აღსანიშნავად მოედანს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი ეწოდა.

* * *

მოედანზე მდებარეობს Radisson Blu Iveia Hotel _ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქ თბილისში (ყოფილი “ინტურისტის” სასტუმრო). თავდაპირველი 18-სართულიანი ნაგებობა 1967 წელს აიგო არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის მიერ, ი. ცხომელიძის მონაწილეობით. ის XX საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში იყო ქალაქში.

რესპუბლიკის მოედანი

რაც შეეხება ფოსტისა და ტელეგრაფის ყოფილ შენობას თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე, ის იქნება ტურისტული და ბიზნეს ცენტრი.

რვა სართულიან ნაგებობას სამი მიწისქვეშა სართული გააჩნია. დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად 170-180 ნომრიან სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას მივიღებთ.

მომავალი სასტუმროს შენობისთვის საჭირო სრული ტექნიკური აღჭურვილობა, წყლის ავზები და მარაგები, მომსახურების ოთახი და სხვა დამხმარე ობიექტები შენობის სარდაფშია განთავსებული. სასტუმროს პირველ სართულზე ჯაზკლუბი განთავსება, რომელსაც ქუჩიდან პირდაპირი შესასვლელი ექნება.

რესპუბლიკის მოედანი

პროექტის მთავარ კომპონენტს სასტუმროს მთავარი შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ექნება. ლობი რესტორანთან და ბართან, მთავარ სამზარეულოსთან და შეხვედრების (საკონფერენციო) საბანკეტო დარბაზებთან ერთად პირველ სართულზე განთავსდება; მეორე სართული სტანდარტული ტიპის სასტუმრო ოთახებსა და სპორტულ დარბაზს დაეთმობა; მესამე და მეოთხე სართულებზე კი სტანდარტული ბიზნეს და უმაღლესი კლასის, ხოლო მეხუთე სართულზე მხოლოდ ბიზნეს და უმაღლესი კლასის სასტუმრო ნომრები განთავსდება; შენობის ბოლო სართული საპრეზიდენტო სიუტსა და პენტ ჰაუზს დაეთმობა.

მოედანი კი გადაიქცევა რეკრეაციულ სივრცედ, სადაც ქალაქის სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ, შეიქმება სრულიად უნიკალური სივრცე, რომელიც ნამდვილად დაამშვენებს ჩვენს ქალაქს.

წლეულს, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, აქ საახალწლო სოფელი მოეწყო და დაიდგა ულამაზესი ნაძვის ხე, დაგეგმილია სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც, იმედია, კარგ განწყობას შეუქმნის დედაქალაქის მკვიდრთ და საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here