Home რუბრიკები პოლიტიკა პატრიოტიზმი ქართულად ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ერთ მხარეს ნუ სთხოვთ პატრიოტობას

პატრიოტიზმი ქართულად ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ერთ მხარეს ნუ სთხოვთ პატრიოტობას

1040
პატრიოტიზმი ქართულად ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ერთ მხარეს ნუ სთხოვთ პატრიოტობას

გაატარე ზაფხული საქართველოში” _ ამ სახელწოდების პიარაქცია საქართველოში ერმა თუ ბერმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტისაოკუპაციო აქციად მონათლულმა, შემდეგ კი პოლიტიკურ აქციაში გადაზრდილმა გამოსვლამ საქართველოდან რუსი ტურისტები გააქცია. გაქცევას ვინ ჩივის, რუსებმა ჯავშნებიც გააუქმეს და განაცხადეს, რომ საქართველოში ჩამოსვლას უსაფრთხოების არარსებობის გამო აღარ აპირებენ. რუსი ტურისტების მიმართ რამდენიმე ადამიანის აგრესიული დამოკიდებულება შეიქნა ამ გადაწყვეტილების მოტივატორი და, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუს ტურისტებს არ ერჩის, ერთი და ორი არაკაცის აგრესიულმა გამოხდომამ ისინი შეაფიქრიანა და, სამწუხაროდ, ვერც გაამტყუნებ.

ჰოდა, დაიწყო კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში” და სოციალურ ქსელებში, რიგითი ადამიანების გარდა, მოწოდებას ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად გამოეხმაურნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად შეიფუთა პატრიოტული სულისკვეთებით _ თუ პატრიოტი ხარ, სწორედ საქართველოში უნდა დაისვენო და არა სხვაგან. აბა, რა ძნელი მისახვედრია ის, რომ, როცა ქვეყანას უჭირს, როცა ჩვენივე უთავბოლობით მხოლოდ რუსი ტურისტებისგან ქართულ ეკონომიკაში შემოსასვლელ 500 მილიონ დოლარზე მეტ თანხას გზა გადავუკეტეთ, სამშობლოს მხარში ხომ უნდა ამოვუდგეთ, მაგრამ…

მოწოდებას “სიხარულით” გამოეხმაურნენ საქართველოს კურორტებიც და ფასდაკლებაც კი დააწესეს ქართველებისთვის. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში დასვენება დღე-ღამეში 250 დოლარი ღირს. ათი დღე რომ დაისვენოთ მეუღლესა და შვილთან ერთად, 2500 დოლარის გადახდა მოგიწევთ, ანუ 7125 ლარის. აი, რამდენიმე ტურისტული კომპანია კი საინტერესო კრუიზებს გვთავაზობს: ბარსელონაში 10-დღიანი კრუიზი _ 3 ათასი ლარი, ეგვიპტეში _ 2500 ლარი, ანკარაში _ 2500 ლარი. სერვისი ზუსტად იგივეა, რაც ბათუმში, მაგრამ ფასი _ განახევრებული. ახლა ვინმემ უნდა აგვიხსნას, რატომ უნდა დავისვენოთ საქართველოში და არა ესპანეთში, თურქეთში, ეგვიპტეშიჩვენ თუ გვთხოვთ პატრიოტიზმს, იმ სასტუმროს მეპატრონეები არ არიან პატრიოტები თუ ჩემს პატრიოტიზმზე უნდა გააკეთონ ფული და მერე მე და ჩემნაირებმა მთელი წელი ვიშიმშილოთ?! მშიერ კუჭზე პატრიოტიზმი ცოტა რთული აღსაქმელია და ამასაც აგიხსნით, რატომ.

ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ანუ დეპუტატები, მინისტრები აუცილებლად დაისვენებენ ძვირად ღირებულ სასტუმროებში _ “შერატონში”, “ჰილტონშიდა უამრავ ფულსაც დახარჯავენ. შემდეგ, საქართველოში რომ მოიხდიან პატრიოტულ ვალს, აუცილებლად წავლენ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტებზე. ჰო, ის კი არავის ემახსოვრება, რომ აღნიშნული სასტუმროების ქსელი, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, უცხოელებისაა და იქ დახარჯული ფული ისევ უცხოელთა ჯიბეში და მათი ქვეყნების ბიუჯეტში მიდის. საოჯახო ტიპის სასტუმროებს არ იკადრებენ პარლამენტარები და იქ ისევ ჩვენ, რიგითი მოკვდავები, უნდა წავიდეთ, თუმცა იაფი არც ის არის.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ტურისტული სეზონი საქართველოში საშინელ ფასებთან ასოცირდება. ოთხსულიან ოჯახს დღეში, გარეთ რომ იკვებოს, ანუ მართლა რომ დაისვენოს, 100 ლარი არ ეყოფა. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც ტურისტულ სეზონზე გვხვდება და, თუ საოჯახო სასტუმროში კვებაც შემოგთავაზეს, ნუ იჩქარებთ, ჯერ მენიუში ჩაიხედეთ, რადგან შარშან დილის საუზმეში 20 ლარი რომ მოითხოვეს, 3 ნაჭერი გახუხული პური, სამი ცალი მოხარშული კვერცხი და ჩაი შედიოდა, ანუ ორი ლარიც კი არ დახარჯეს. სამაგიეროდ, ამ ყველაფერს ხმამაღალი სახელი ერქვა _ “სასტუმრო დილის კვებით”.

მომსახურება ჩვენი აქილევსის ქუსლია, სასტუმროს მენეჯმენტსა თუ ოფიციანტებს გაღიმება უჭირთ და ეს მაშინ, როცა უცხოურ კურორტებზე მომსახურე პერსონალი ისე გიღიმის, მსოფლიოში მათზე ბედნიერი არავინ გეგონება. აქ კიდევ გამადლიან, რომ გემსახურებიან და მერე რა, თუ ამ მომსახურებაში იმაზე მეტს იხდი, ვიდრე ევროპისა თუ აზიის ნებისმიერ ქვეყანაში. ვინმეს არ უჩნდება კითხვა _ რატომ ღირს ესპანეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, ბულგარეთში, გერმანიაში დასვენება იმაზე იაფი, ვიდრე საქართველოში? შვეიცარიის ალპები არ არის სვანეთსა და რაჭაზე ნაკლები, მაგრამ იქ სასტუმროს ნომრის ფასები 30 ევროდან იწყება. აი, სვანეთში და რაჭაში მაჩვენეთ სასტუმრო, რომლის ნომრის ფასი 30 ლარიდან დაიწყება. ვერ მაჩვენებთ, არ არის. იმიტომ, რომ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ერთ თვეში უნდა გავმდიდრდეთ, ერთ თვეში უნდა ვიშოვოთ იმდენი, რომ მთელი წლის განმავლობაში არაფერი ვაკეთოთ და მერე რა, თუ ფასებით დამფრთხალი ქართველი შემდეგ ჯერზე აღარ გაგვეკარება, გოიმი უცხოელები ხომ აქ არიან… მაგრამ რუსეთთან არეული ურთიერთობის შემდეგ ისინიც აღარ არიან, ფასები კი ჯიუტად არ მცირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1125 ლარია. რა თქმა უნდა, ამას ბევრი არ დაეთანხმება, რადგან ეს რიცხვი არარეალურია და ოთხნიშნა ანაზღაურება ჩვენთან ძალიან ცოტას აქვს, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი იმათ ხარჯზეა გაზრდილი, ვისაც მართლა ოთხნიშნა და ხუთნიშნა ჯამაგირი აქვს. და მაინც, დავუშვათ, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 1125 ლარია. ოჯახიდან ორი დასაქმებული ძალიან დიდი იშვიათობაა და ამიტომ ვიანგარიშოთ, რა მოხდება, თუ სწორედ ამ ხელფასით დავაპირებთ დასვენებას საქართველოში. სასტუმროს ფასები 70 ლარიდან იწყება. ორი კვირით რომ წავიდეს ოჯახი დასასვენებლად, 980 ლარია საჭირო. ამას დაუმატეთ კვება, რომელიც დღეში 100 ლარამდე დაგიჯდებათ, ეგ თქვენი 1400 ლარი; დაუმატეთ მგზავრობის 200-300 ლარი, იქ მომზადება სეზონისთვის _ ტანსაცმლის ყიდვა, ბავშვების გართობა ატრაქციონებზე და გამოვა, რომ დაახლოებით 4 ათასი ლარი ჯდება ორი კვირით დასვენება. 4 ათასი ლარი კი 20 თვის პენსიაა, ანუ პენსიონერების დასვენება გამორიცხულია. საშუალო სტატისტიკურად, 4 ათასი ლარი 4 თვის ხელფასია, ანუ წლიური ნამუშევრის ერთი მესამედი კონკრეტულმა ოჯახმა ორკვირიან დასვენებაში უნდა გაისროლოს და მერე მთელი წელი საკვები მოიკლოს, გადასახადების ქვითარს შიშით ელოდოს, რასაც ნახევარზე მეტი არ და ვერ გააკეთებს.

აგერ, ინტერნეტში მარტივად იძებნება _ დასვენება ერთი კვირით თურქეთში 950 ლარად. ღირებულებაში შედის: ავიაგადაფრენა, სასტუმროში განთავსება, კვება, ჯგუფური ტრანსფერი, სამედიცინო დაზღვევა… გესმით, სასტუმროების მფლობელებო? ეს ყველაფერი შედის 950 ლარში და თქვენ ეს არ გაქვთ _ არ აფინანსებთ მგზავრობას, არ აფინანსებთ კვებას, არ გაქვთ სამედიცინო დაზღვევა… არაფერი არ გაქვთ, გაბერილი ფასების გარდა. ისე, რომ იცოდეთ, რუსეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, საქართველო დატოვეთო, რუსი ტურისტების უდიდესმა ნაწილმა სწორედ თურქეთს მიაშურა და სოციალურ ქსელებში ბევრგან იწერება, რომ საქართველოსთან შედარებით კომფორტი მეტია და ფასები _ დაბალი. დაბალ ფასებში, იცით, რა იგულისხმება? აჭარულ ხაჭაპურს, რომლის გამოსაცხობ ინგრედიენტებს 3 ლარზე მეტი არ სჭირდება, 15 ლარად, ანუ 5-ჯერ ძვირად რომ ყიდით, ეგ არისსიიაფე”? იმავეს გეტყვით კუბდარზე, გურულ ღვეზელსა და კიდევ ბევრ რამეზე. არ შეიძლება, ტურისტულ სეზონზე სასტუმროების მეპატრონეები საბუთიან ყაჩაღებად იქცეთ და არც ის შეიძლება, რიგითი ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში წელზე ფეხს იდგამენ, რათა შემდეგ ორი კვირა მაინც დაისვენონ, დაადანაშაულოთ და მოღალატეები უძახოთ. პატრიოტიზმი ქართულად ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ერთ მხარეს ნუ სთხოვთ პატრიოტობას.

ისე, კონკურენციის სააგენტო რომ შეუქმნეს ნოდარ ხადურს და 5 ათასი ლარიც დაუნიშნეს ხელფასი, არ შეიძლება ამ სააგენტომ მოახერხოს და კონკრეტული ფასი დააწესოს სასტუმროებზე, რომ ამის ზემოთ ან ქვემოთ არ შეიძლება? სხვაგვარად არაფერი გამოვა, არაფერი გვეშველება და ეს ტურისტული სეზონიც, რომელიც ძალით ჩავაგდეთ, ნებითაც ჩავარდება, რადგან არავინ მოინდომებს, დაგოიმდეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და სამ კვერცხსა და გახუხულ პურში 20 ლარი გადაიხადოს.

დამანახვეთ, რამდენი ადამიანი აპირებს ასეთ პირობებში საქართველოში მხოლოდ პატრიოტიზმის მოტივით დასვენებას და ჩემი წილი კენჭი მერე მესროლეთ. სასტუმროს მეპატრონეები ჯიუტად არ აპირებენ ფასების დაწევას და შეღავათი მხოლოდ საჯარო საპირფარეშოებზეა, სადაც ქართველის შესვლა 50 თეთრი ღირს, უცხოელის _ ერთი ლარი. არადა, ფულს სუნი არ აქვსო… საქართველოში აქვს, ბატონებო, აქვს!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here