Home რუბრიკები პოლიტიკა პარიზის თავზე წითელი დროშა ფრიალებს

პარიზის თავზე წითელი დროშა ფრიალებს

899
სი ძინპინი

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში კვლავ ერთერთი მთავარი თემაა. მას თითქმის ეპოქალურად წარმოაჩენენ. რატომ შეიძინა ამ ვიზიტმა ასეთი მნიშვნელობა და მოჰყვება თუ არა მას ევრაზიაში ძალთა ბალანსის შეცვლა?

წელს ჩინეთის ხელმძღვანელი წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდა, თუმცა მისი ქვეყნის გავლენის მნიშვნელოვანი ზრდა ევროკავშირის პერიფერიიდან, შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან დაიწყო. 2012-ში შეიქმნა ფორმატი “16+1”, რომელმაც ჩინეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დააკავშირა. მან ხელი შეუწყო ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას 44 მილიარდიდან (2010 წელს) 68 მილიარდ დოლარამდე (2017 წელს), ჩინურმა ინვესტიციებმა პარტნიორ ქვეყნებში 8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ფულით აშენდა, მაგალითად, ჩქაროსნული რკინიგზა “ბუდაპეშტი-ბელგრადი” და რიგი ტრასებისა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. “16+1”-ის ოპონენტები, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან, ამბობენ, რომ ეს ფორმატი ძირს უთხრის ევროპის ერთიანობას და მიუთითებენ, რომ აღმოსავლეთევროპულმა ქვეყნებმა არაერთგზის დაბლოკეს ანტიჩინური რეზოლუციები ევროპის საბჭოში. ფორმატი “16+1” ჩინეთს დაეხმარა, ევროკავშირში ერთგვარი ლობი და საიმედო პარტნიორის იმიჯი შეექმნა.

მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბინავდა, აშშ-მა გააჩაღა სავაჭრო ომი, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან, რამაც მათ დაახლოებისკენ უბიძგა. 2018 წელს 2017-თან შედარებით ჩინური ინვესტიციების მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში 82%-ით გაიზარდა და 60,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ის ეკონომიკაში, პირიქით, 66%-ით შემცირდა. დღეს უცხო ქვეყნებში ჩინური ინვესტიციების 56% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

ბოლო ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინმა აქცენტი წამყვან ევროპულ სახელმწიფოებზე გადაიტანა, უპირველესად, იტალიასა და საფრანგეთზე. ემანუელ მაკრონმა, რომელიც საშინაო პოლიტიკაში, “ყვითელი ჟილეტების” გამოსვლების ფონზე, მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდის, შესაძლებლობა მიიღო, ამომრჩევლებისთვის შემდეგი შეთანხმებები წარედგინა: ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტის, მის ტერიტორიაზე ელექტროსადგურების აშენების, საფრანგეთში 10 კონტეინერმზიდი გემის აგების თაობაზე და ა. შ. მთლიანობაში ამ შეთანხმებების რეალიზაციის შედეგად ჩინეთიდან საფრანგეთში 40 მილიარდამდე ევრო შევა. რაც მთავარია, ჩინეთმა გადაწყვიტა, ევროკაშირში კონცერნეარბასისგან” 300 სამგზავრო თვითმფრინავი შეიძინოს (მათ შორის 290 “320” და 10 “350”), რაც ამერიკულიბოინგისთვისძალიან სერიოზული დარტყმაა. გასათვალისწინებელია, რომ ეს მოხდა ეთიოპიაშიბოინგ 737 მაქსისკატასტროფის შემდეგ, როდესაც ჩინეთში, ევროპის ქვეყნებსა და სხვა რეგიონებში ამ სერიის თვითმფრინავებს ფრენის უფლება დროებით შეუჩერეს. ემანუელ მაკრონმა ქულები არა მხოლოდ ფრანგ ამომრჩეველთან დაიწერა, არამედ შესაძლებლობა მიიღო, ეთქვა, რომ ამ კონტრაქტებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩინეთევროკავშირის სავაჭრო ბალანსი.

თუ მხოლოდ ციფრებს დავეყრდნობით, სი ძინპინის ვიზიტი საფრანგეთში შეიძლება უფრო შთამბეჭდავად მოგვეჩვენოს, ვიდრე იტალიაში, სადაც 20 მილიარდის შეთანხმებები გაფორმდა, მაგრამ იტალიაში ვიზიტს უფრო დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ იტალია გახდა “დიდი შვიდეულის” პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პეკინის ინიციატივას “ერთი სარტყელი _ ერთი გზა”, რომლის ფარგლებში ჩინეთი აუმჯობესებს კომუნიკაციებს და სავაჭრო კავშირებს პარტნიორ ქვეყნებთან ევრაზიაში (ამაზე ჯამში 1,2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება). იტალიის შემთხვევაში ეს, უპირველესად, ნიშნავს ორი პორტის _ გენუისა და ტრიესტის გადაქცევას ევროპა-ჩინეთის ვაჭრობის საკვანძო ჰაბებად; გაფართოვდება რავენისა და პალერმოს პორტების შესაძლებლობებიც. პეკინი სხვა ევროპულ პორტებთანაც მუშაობს. ჩინურმა სახელმწიფო კომპანია “კოსკომ” 35-წლიანი არენდით ბერძნული პირეის საკონტეინერო ტერმინალების ნახევარი აიღო, მოლაპარაკებები ინვესტიციებზე როტერდამისა და ჰამბურგის საპორტო ტერმინალებში დასკვნით სტადიაში შევიდა. ამასთანავე, იტალიაში გაგრძელდება ჩინური კომპანია “ჰუავეის” მუშაობა, რომლის წინააღმდეგ აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ნამდვილი ომია გაჩაღებული. ამ თემაზე საუბრისას ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თქვა, რომ ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთი წინ გაიჭრა და ევროპელები ვერაფრით ჩაანაცვლებენჰუაივეისმიერ შექმნილ “5G”-ქსელების ტექნოლოგიას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მოუწოდებს, მასზე უარი თქვან. კიდევ ერთი ნიუანსი: იტალიის ინტეგრაციას “აბრეშუმის გზაში” აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი დააფინანსებს, რომელიც განიხილება, როგორც მსოფლიო ბანკისა და სხვა დასავლური საკრედიტო ინსტიტუტების ჩინური ალტერნატივა, რაც ბანკირების ნაწილს ძალიან არ მოსწონს.

ევროკავშირის ლიდერები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ, მათ არ სურთ, უარი თქვან ჩინურ ფულზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ჩინეთთან დაახლოების გამო ვაშინგტონის ზეწოლას განიცდიან, ამასთანავე, სურთ, რომ ევროპულმა ბიზნესმა ჩინეთში ისეთივე პრეფერენციებით ისარგებლოს, როგორც ჩინურმა _ ევროპაში. სწორედ ამიტომ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟანკლოდ იუნკერმა თქვა: “მინდა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა თანასწორუფლებიანი იყოს. ევროპულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ ისეთივე, ანუ სრული შეღწევა ჩინურ ბაზარზე”. იმავე თემას შეეხო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც: “გერმანიას სურს, მონაწილეობა მიიღოს პროექტში “ერთი სარტყელი _ ერთი გზა”… ჩვენ, ევროპელებს, გვინდა, მასში უფრო აქტიური როლი ვითამაშოთ და ჩვენი ურთიერთობა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. ამ საკითხზე კი შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ”.

(უნდა ითქვას, რომ თანასწორ თანამშრომლობაზე ლაპარაკისას გერმანიაც და საფრანგეთიც უფრო იმას ცდილობენ, რომ ჩინურმა ინვესტიციებმა მათ ხელში გაიაროს, ე.ი. ჩინური ფული ბერლინმა და პარიზმა გაანაწილონ ევროპაში. ამით ისინი მათ მიერვე შემუშავებული “ორსიჩქარიანი ევროპის” კონცეფციის განვითარებას ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ევროპაში მთავარი ეს ორი ქვეყანაა, დანარჩენები კი _ მათი ინტერესების მსახურნი. _ რედ.)

ჩინეთის ევროპული პოლიტიკა ხელს არ უწყობს ევროკავშირის ერთიანობის განმტკიცებას, რადგან საქმე არა იმდენად ევროგაერთიანებასთან, რამდენადაც ცალკეულ ქვეყნებთან აქვს და ამ დროს თითოეული მათგანისთვის პრიორიტეტული საკუთარი ინტერესები ხდება და არა საერთო ევროპული. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “16+1” ფორმატში მონაწილე ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა ევროპაში ჩინეთის ლობისტად გადაიქცა და იმავე გზას შეიძლება ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიც, უპირველესად კი, იტალია დაადგნენ. საბოლოო ჯამში, ეს თანამშრომლობა აძლიერებს ეროვნულ თვითიდენტიფიკაციას, ხოლო საერთოევროპულს ასუსტებს.

საინტერესოა, რომ ვიზიტის დღეებში ჩინური მედია და პირადად სი ძინპინი გამუდმებით უსვამდა ხაზს იმას, რომ 55 წლის წინათ საფრანგეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. საქმე ისაა, რომ 1964-ში დასავლეთის ქვეყნები ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ კომუნისტური ჩინეთის აღიარების წინააღმდეგ, ხოლო ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად კუნძულ ტაივანზე გამაგრებულ ნაციონალისტებს განიხილავდნენ. შარლ დე გოლი მაშინ მოკავშირეების კრიტიკას არ შეუშინდა და კომუნისტური ჩინეთის აღიარებაზე წავიდა. დღეს პეკინი ქვეტექსტში ცდილობს, პარალელები იმ მოვლენებთან გაავლოს და ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ევროპული თუ ევროატლანტიკური სოლიდარობა ეჭვქვეშ დააყენოს. პეკინს სურს, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობებმა შეაკავონ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩინური პროექტების დრაკონული მონიტორინგით შეიძლება მნიშვნელოვნად შეასუსტოს ჩინეთის პოზიციები. ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება საკმაოდ ალარმისტულია. “ევროპის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ელექტროქსელები, ჩქაროსნული რკინიგზა და ნავსადგომები აღარ ეკუთვნის ევროკავშირს, ის ჩინეთის ხელშია”, _ განაცხადა ახლახან ევროკომისარმა ბიუჯეტის საკითხებში _ გიუნტერ ეტინგერმა. ემანუელ მაკრონმა, ერთი მხრივ, შეხვედრაზე სი ძინპინთან ანგელა მერკელი და ჟან-კლოდ იუნკერი მიიწვია, რათა ხაზი გაესვა ევროპის ერთიანობისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მის ქვეყანას ხელს აძლევდა.

ვაშინგტონს აშფოთებს ჩინეთის ევროპული პოლიტიკა, მაგრამ სიტუაციის შეცვლა რამდენიმე გარემოების გამო უჭირს. ტრამპისსატარიფო ომმაევროკავშირის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად გააუფასურა მისი ანტიჩინური რიტორიკა ევროპული აუდიტორიისთვის. ამასთანავე, აშკარად გამოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების უმრავლესობას, რომლებიც სხვა შემთხვევებში მედგრად იცავენ ვაშინგტონის ინტერესებს, პეკინის წინააღმდეგ წასვლა არ სურთ. ეს ადასტურებს იმ სტრატეგიის სისწორეს, რომელიც ჩინეთმა აირჩია, როდესაც ევროპის ათვისების პროცესში დიდი ყურადღება მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერიფერიას დაუთმო (“16+1” და სხვა). საბოლოო ჯამში, ჩინელებმა და ევროპელებმა ერთობლივად მიანიშნეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ აქვთ რესურსი, რომელიც შეიძლება მის ხისტ პოლიტიკას დაუპირისპირონ.

ზემოაღნიშნული საქართველოს თითქოს არ ეხება, მაგრამ, ალბათ, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ იქცევიან ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები, როდესაც არჩევანის გაკეთება ეროვნულ ინტერესებსა და ძია სემის ინტერესებს შორის უწევთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამომრჩეველთა პოზიციას ითვალისწინებენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ნამდვილად სასარგებლო გაკვეთილია.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here