Home რუბრიკები ეკონომიკა პაატა კოღუაშვილი: სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის პირდაპირი შედეგია

პაატა კოღუაშვილი: სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის პირდაპირი შედეგია

“ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. საქართველოს ჰყავს ძველი სამთავრობო კადრები, ოღონდ ხელახლა დანიშნული”

560
პაატა კოღუაშვილი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD 4) მეოთხე ფაზის დაწყებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს. შეთანხმება, რომლის ბიუჯეტიც 55 მილიონ ევროს შეადგენს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს), კოვიდ-19-ის გამოწვევების დასაძლევად გაწეული დახმარებების ნაწილია: “2013 წლიდან ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვსურს, მომავალში ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ”, _ განაცხადა შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ევროკავშირის სურვილია, სოფლად კიდევ უფრო განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რომლებიც მთლიანობაში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას: “გარდა ამისა, გვსურს, ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას…”

რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა, გააუმჯობესა თუ არა ევროკავშირის მიერ 2013 წლიდან დღემდე გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ ამ მიმართულებით მდგომარეობა და რა შედეგებს მოიტანს ამჯერად გამოყოფილი 55 მილიონი ევრო _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა კოღუაშვილი.

_ ბატონო პაატა, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დავით ზალკალიანთან ერთად, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის დაწყებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სურვილია, უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები იხილოს, რომლებიც თავიანთი ნაწარმის ევროკავშირში გატანას უპრობლემოდ შეძლებენჯერ მოდი, იმ დახმარებაზე ვისაუბროთ, რომელიც დღემდე მიგვიღია ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. რა შედეგები მოიტანა ამ დახმარებებმა და რას მოიტანს ის მომავალში?

_ თავისთავად ამ პროგრამაში იდეის დონეზე ცუდი არაფერია, პირიქით _ მისასალმებელია და დასაფასებელი, თუ ვინმე რამე კარგს აკეთებს, მაგრამ ერთია პროგრამა, რომელიც თეორიულად შეიძლება მოსაწონია, თუნდაც მისი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, და მეორე _ მისი განხორციელება. ჰარცელმა ხაზი გაუსვა, პირველ რიგში, კოოპერატივების განვითარებას და შემდეგ _ ფერმერების მხარდაჭერას. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამოკიდებულება კოოპერატივებისადმი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით იყოს ხელშეწყობა და ჩამოყალიბდეს პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების ერთიანი ციკლი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს მხოლოდ გადამამუშავებელ საწარმოებს. არადა, ეს საწარმოები სოფლად, ფაქტობრივად, გვევლინებიან ფეოდალებად, რომლებიც, ცხადია, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება იაფად ართმევენ გლეხებს წარმოებულ პროდუქციას. აი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღეს სოფლად ბევრს ეკარგება პროდუქციის წარმოების სურვილი და იძულებულია, იქიდან აიყაროს

_ რა არის მიზეზი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უკვე მრავალი წელია, ამგვარ პოლიტიკას ატარებს?

_ მიზეზი ისევ და ისევ არის ის ე.წ. ლიბერტარიანული ხედვა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩა საქართველოს მთავრობაში. ეს ხედვა და მიდგომები დღეს ისევ დომინირებს მმართველ გუნდში. ცალკე საკითხია, დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი, რომლებიც, პრაქტიკულად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს.

_ მოდი, დავაკონკრეტოთ: რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?

_ მთავარი პრობლემა არის ის .. ეკონომიკური ლიბერალიზმი (შეიძლება, ფსევდოლიბერალიზმიც დავარქვათ), რომელიც გვეუბნება, რომ, თურმე, ბაზარი თავისით არაგულირებს ყველაფერს და სოფელს არ სჭირდება მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს არის 21- საუკუნის ჩვეულებრივი ბოროტება, რომელიც პირდაპირ, მიზანმიმართულად გათვლილია სოფლისა და სოფლის მეურნეობის ცნების გაქრობაზე. სხვათა შორის, ეს პოლიტიკა არ დაწყებულა ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო, როცა საჯაროდ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობაარარენტაბელურიადა სახელმწიფოს მძიმე ტვირთად აწვება. ადრეც არაერთხელ ვთქვი და ახლაც მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სოფლის მეურნეობა მსოფლიოში, რომელ ქვეყანაზეც არ უნდა იყოს საუბარი, რეგულირებას დაქვემდებარებული დარგია _ ეს არის ერთერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულება, რომლის მიმართაც გულგრილმა დამოკიდებულებამ შეიძლება სახელმწიფოები კატასტროფამდე მიიყვანოს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ ვითარებას, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის და, ალბათ, არც სურს, ესმოდეს ელემენტარული რამ: იმ ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა სურსათის ნაკლებობის გამო, ადგილობრივი წარმოების განვითარება ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს მასიური შიმშილის და სრული ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. სხვათა შორის, ეს რომ არ ესმით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამის დასტურია ის პოლიტიკაც, რომელიც ახლახან განახორციელეს ფქვილის მიმართ. ვგულისხმობ იმას, რომ 10-მილიონიანი სუბსიდია მისცეს მხოლოდ მონოპოლისტ წისქვილკომბინატებს; ხოლო თონეებს, რომელთა წილიც ასევე ძალიან დიდია პურით მომარაგებაში, მხედველობაში მაქვს მცირე საწარმოები, არ დაეხმარნენ. აი, ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ქართული პური, .. ლავაში, უკვე ერთი ლარი და ოცი თეთრი გახდა; სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება. გაგრძელდება თუნდაც იმიტომ, რომ იმავე რუსეთმაც, რომელიც მსოფლიოში ხორბლის ერთერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, გააძვირა ხორბალი.

ახლა რაში ვხედავ უმთავრეს პრობლემას ამ კონკრეტული მიმართულებით: პირველი. პრობლემა არის ის, რომ საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტრო არ ფიქრობს მარცვლეულის მოყვანისა და წარმოების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე. ამ დროს საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე 100-120 ათასი ჰექტრის დამუშავებით უზრუნველყოს ჩვენი მოთხოვნების 60-65%-ის დაკმაყოფილება. საერთოდ, ნებისმიერ სპეციალისტს რომ ჰკითხო, გეტყვით, რომ სიღარიბე სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის პირდაპირი შედეგია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაში დღეს ეს არ ესმით; არ ესმით და, ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებენ, იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი განათლება, არ აქვთ კომპეტენცია და არ იცნობენ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს.

_ დავუბრუნდეთ ისევ ჰარცელის განცხადებას. შეხვედრაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამის ერთერთი მიზანია, ქართველმა ფერმერებმა დაუბრკოლებლად შეძლონ ევროკავშირის ქვეყნებში თავიანთი პროდუქციის გატანა. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია?

_ მაინტერესებს, რა გაგვაქვს დღეს საექსპორტოდ ან რა გვაქვს და რის გატანა შეგვიძლია? ბორჯომირომ გაგვაქვს, ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაა?! რაც შეეხება ხილს, ჩაიხედოს, ვისაც აინტერესებს, ციფრებში და ნახავს, რომ, სულ რაღაც, ხუთი მილიონის კარალიოკი გაგვაქვს, ექვსი მილიონის _ ხურმა და .. ეს არის ექსპორტი?! სხვა დანარჩენი მე არ ვიცივთქვი და კიდევ გავიმეორებ: საქართველოში, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სახელმწიფო მარეგულირებელი სამსახური, რომელიც იმუშავებს რამდენიმე სექტორის მიმართულებით _ ეს არის ხორბალი, ხორცი და რძე. ეს არის ძირითადი სასურსათო პროდუქტები, რომლებსაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა… სხვათა შორის, რაც ჩვენთან ხორცის წარმოების მიმართ ხდება, წარმოუდგენელი რამაა, მხედველობაში მაქვს ის, რომ ნედლი ხორცი იბეგრება 18%-იანი დღგთი. მსგავსი რამ არსად არ ხდება და, ალბათ, არც მომხდარა. აი, ეს არის მთავრობის სრული სიბეცე, კონკრეტულად კი _ ეკონომიკის სამინისტროსი.

_ თუმცა დღეს საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც უახლოეს მომავალში შეუდგება საქმიანობას. გაქვთ იმედი, რომ ახალი გუნდი ნაწილობრივ მაინც გაატარებს იმ ცვლილებებს, რომლებიც აუცილებლად მიგაჩნიათ?

_ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ვინაა ახალი?! საქართველოს ჰყავს ძველი სამთავრობო კადრები, ოღონდ ხელახლა დანიშნული. გუნდში ახალია მხოლოდ გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ნამდვილი პროფესიონალი და ჩამოყალიბებული პიროვნებაა, მაგრამ, როგორც ვიცი, იგი საზღვარგარეთ მიემგზავრება… დანარჩენი რა გითხრათ, ყველაფერი იგივეა; დავითაშვილისგან არაფერი გამოვა, იმავეს ვიტყვი სხვებზეც.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, გამომდინარე ამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკიდან, დარწმუნებული ვარ, არაფერი არ შეიცვლება. დაიწყებენ ისევ ლაპარაკს იმაზე, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და ექსპორტი იზრდება, სინამდვილეში, როგორც გითხარით, ექვსი მილიონის ვაშლი გააქვთ და ხუთი მილიონის ჩირი. აი, ეს არის ყველაფერი. ხოლო ის, რომ სოფელი დაიცალა, ხალხი გარბის და ტოვებს ქვეყანას, თურმე არაფერია. სანამ არ მოხდება სოფლის ტერიტორიულ ერთეულად გადაქცევა და მას არ ექნება სამართალსუბიექტის სტატუსი, არაფერი არ გამოვა. ლაპარაკი დარჩება ლაპარაკად, ხოლო მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here