Home რუბრიკები ეკონომიკა პაატა კოღუაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ჟამი დაინახა და ამიტომ დაბრუნდა

პაატა კოღუაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ჟამი დაინახა და ამიტომ დაბრუნდა

3193

თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქვს, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას ეფუძნება და მას ფონდი დადებითად აფასებს. კერძო სექტორში 2017 წელს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და შეიქმნა 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი”, _ ამბობდა აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ის, აგრეთვე, ამბობდა, რომ საქართველოს 7,5 მილიონი ტურისტი ეწვია რამდენიმე თვეში. სპეციალისტები კი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი კვირიკაშვილის მიმართ, აღმოჩნდა, რომ მისი არც ბიძინა ივანიშვილს სჯეროდა. რას შეეწირა პრემიერი კვირიკაშვილი _ ტყუილს, კორუფციას თუ გარემოცვას? ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი გვესაუბრება.

 _ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ დაბრუნდა, განაცხადა, რომ დაბრუნების მიზეზი, სამთავრობო კრიზისთან ერთად, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირეც იყო. რა მდომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა?

_ ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ჟამი დაინახა და ამიტომ დაბრუნდა, ბოლო ჟამი მეორედ მოსვლას უსწრებს წინ. ივანიშვილმა დაინახა კვირიკაშვილისა და მისი გარემოცვის კორუფციული გარიგებები…

_ მართალია, რომ თი-ბი-სი ბანკის პრეზიდენტმა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მთავრობას ასი მილიონი მოსთხოვა და პრემიერმაც ეს ფული მისცა?

_ ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ თვითონ განსაჯეთ: ამ ხნის განმავლობაში აშკარად ჩანდა კვირიკაშვილის კეთილგანწყობა ბანკებისადმი. როდესაც დაიწყო საფინანსო კრიზისი, საბანკო სისტემა ამ კრიზისიდან წელში გამართული გამოვიდა. ადამიანები, რომლებსაც კრედიტები ჰქონდათ აღებული, განადგურდნენ. ჩვენთვის ცნობილი შეიქნა, რომ მომზადებული იყო კანონპროექტი, რომლითაც ბანკები თავისუფლდებოდნენ მოგების გადასახადიდან, მაშინ, როდესაც მათ განვითარების ხელშემწყობი პირობები ისედაც ჰქონდათ. ბანკები ძლიერდებოდნენ…

კვირკაშვილმა დაივიწყა ხალხი, დაივიწყა, რომ ადამიანი არის უმთავრესი, ის არის მიზანი და არა საშუალება. მან, პრაქტიკულად, შეწყვიტა ხალხთან ურთიერთობა, არ ხვდებოდა რეგიონულ მმართველებს და ყველაფერი გადააბარა რეგიონული განვითარების მინისტრს. ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა, რაც გახდა ივანიშვილის დაბრუნებისა და კვირიკაშვილის გაშვების მიზეზი.

_ ყოფილი პრემიერი გამუდმებით საუბრობდა ტურისტების რაოდენობის მატებაზე, ის ამბობდა, რომ 7 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს ქვეყანას. ასევე, განაცხადა, რომ 40 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა…

_ ის ტერმინ “ტურისტს” გამოიყენებდა ისე, როგორც ხელს აძლევდა. სინამდვილეში ეს იყო ვიზიტორი, ადამიანი შემოვიდა და გავიდა, ზოგი პირდაპირ გავიდა, ზოგი რამდენიმე საათს დარჩა. ტურისტების იმ რაოდენობას, რომელსაც კვირიკაშვილი ასახელებდა, მილიონობით მომსახურე პერსონალი არ ეყოფოდა.

რაც შეეხება 40 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, მის ამ გამოსვლაზე, ზურაბ ჟვანიას მილიონი სამუშაო ადგილი გამახსენდა, როდესაც სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული ადამიანები გამოცხადდნენ დასაქმებულად.

2012 წლის შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ვერ გადახედეს საარსებო კალათას, ვერ გადახედეს სასურსათო და სამომხმარებლო კალათებს. არსად ხდება, რომ კალათაში 70 პროცენტი უკავია საკვებს და 30 პროცენტი _ სხვა დანარჩენს. 180 ლარად ადამიანი ვერ იცხოვრებს. თუ აინტერესებთ, რამდენია მინიმალური საარსებო კალათა ჩვენს ქვეყანაში, ვეტყვი _ 390 ლარი. დათვლის მეთოდიკით სასურსათო პროდუქტს სჭირდება იმდენივე, რაც სხვა დანარჩენს. ადამიანს, საკვების გარდა, სხვა მოთხოვნებიც აქვს. მსოფლიო არ იცნობს ისეთ მეთოდს, როგორსაც ესენი იყენებენ. ჩვენი ხალხი უხორცობით იხოცება, ცილოვანი შიმშილია, ჩვენი ბავშვები მალე აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების ბავშვებს დაემსგასებიან, გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილ ბავშვთა რიგებში იქნებიან.

_ დავუბრუნდეთ კვლავ პრემიერს. რას შეეწირა იგი _ ტყუილს, კორუფციას, გარემოცვას?

_ გიორგი კვირიკაშვილი შეეწირა კორუფციულ სქემებს, მისი გუნდი მთლიანად უნდა წავიდეს. მას ჰყავდა ორი მრჩეველი, ერთს არაფერს ვერჩი, მაგრამ მეორე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი კირველიძე, რომელმაც 2013 წლიდან დაიწყო კორუფციული სისტემის დანერგვა სოფლის მეურნეობაში, ის უნდა მოშორდეს. შესაცვლელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა თანამშრომელი. იქ დღესაც მძვინვარებს კორუფცია, კორუფციას ეწირება სამეგრელო და ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა. ტრაქტორები სჭირდებათ კოოპერატივებს, ტენდერების გამოცხადებაა საჭირო, მაგრამ ტენდერში იმარჯვებენ მხოლოდ კირველიძესთან დაკავშირებული ადამიანები. სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე პასუხისმგებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროცაა.

_ რა ვითარებაა ანაკლიის პორტში?

_ ამ საქმეზე მეც იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ. ვიცი, რომ იქ მხოლოდ სახელმწიფო ინვესტიციაა ჩადებული, რაც ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმს თანხა უნდა შემოეტანა, არ ჩანს. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ისე, ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შეჩერდება.

_ მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ინიციატივებით გამოვიდა საბანკო განუკითხაობის, მისი ყოველი ინიციატივა, ერთი შეხედვით, ბანკებისგან ადამიანების თავის დაღწევაზე იყო გათვლილი. შეძლებს, რომ ამ კუთხით რეფორმები გაატაროს?

_ როდესაც ბახტაძე ამ ინიციატივებით გამოვიდა, მაშინვე გამოვეხმაურე, ვთქვი, რომ ის მართალი იყო, მაგრამ მისი განცხადება საკმარისი არ იყო. ფინანსთა მინისტრს არ ჰქონდა რეფორმების გატარების საშუალება, რეფორმები უნდა გატარდეს ეროვნული ბანკის მიერ. ვიცნობ რა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ პერიოდიდან, როდესაც ის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, გეტყვით, რომ მსგავსი უინიციატივო ადამიანი არ მინახავს, ის არც წყალია და არც ღვინო.

ის, ვისაც ეროვნულ ბანკზე ზეგავლენა შეუძლია, არის პრემიერმინისტრი და ამ გავლენას ახდენდა კიდეც კვირიკაშვილი. ახლა ბახტაძეა პრემიერი და მან ბანკების განადგურება არ უნდა დაისახოს მიზნად, რადგან ბანკი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია სახელმწიფოში, მაგრამ ისინი უნდა მუშაობდნენ კანონის ფარგლებში. ბანკებს არ უნდა ჰქონდეთ არაპროფილური საქმიანობები. ფინანსური კრიზისების დროს პასუხისმგებლობა მხოლოდ მეანაბრეს კი არ ეკისრება, არამედ ბანკსაც. ჩვენთან კი ბანკი წამქეზებელია, სტიმულატორია კრიზისის და ყველაზე სუფთადაც თვითონ გამოდის კრიზისიდან.

ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მიდის ბანკში მოლარე-ოპერატორად სამუშაოდ, რადგან იქ დიდი ხელფასებია, რაც კიდევ ერთი დიდი უბედურებაა, ამიტომ ყველაფერს კარგად უნდა მოფიქრება, გააზრება. იაპონიამ 1885 წელს ბანკი რომ გახსნა, მასზე ააგო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ილია ჭავჭავაძემაც ასე გააკეთა. ბანკი უზარმაზარი ძალაა, მაგრამ სწორად უნდა იყოს გამოყენებული ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის.

_ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა პრემიერმა, რათა ოდნავ მაინც გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა. რა არის, პირველ რიგში, გასაკეთებელი?

_ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პრიორიტეტების განსაზღვრით იწყება. აი მერე უნდა დაიწყო მოქმედება. პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ მთავრობის დაკომპლექტებაა აუცილებელი. უნდა ვიცოდეთ, როგორი მთავრობაა გვჭირდება.

რიგი სამინისტროების გაუქმებაა საჭირო. მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ქვეყანას არ სჭირდება, ის უნდა შეუერთდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს. ე.წ. პენიტენციური სისტემა უნდა შეუერთდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს. არ არის საჭირო სახელმწიფო მინისტრის აპარატი, არასწორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება, ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება. უკეთესი იქნება, თუ რეგიონული მართვისა და ეკონომიკის სამინისტროები გაერთიანდება. რეგიონული სამინისტროს რიგი ფუნქციები სოფლის მეურნების სამინისტროში უნდა გადავიდეს. უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს მიწის საკითხი. მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც თითქმის არ ფუნქციონირებს, აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ გასცემს ლიცენზიებს და ა.შ.

სამინისტრო მოსაპარავი ადგილი არ არის, ის ქვეყნის მსახურების, ერთგულების, ზრუნვის ადგილია. ეს უნდა შეიგნონ. ახლა ბახტაძემ ტაიმ-აუტი მოითხოვა და ვფიქრობ, სწორედ იმიტომ, რომ განსაზღვროს პრიორიტეტები.

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მინისტრის შეცვლა არ ნიშნავს თავზე ცის დამხობას და ფეხქვეშ მიწის გამოცლას. საზოგადოება შესანიშნავი ბარომეტრია და მან კარგად იცის, რომელი მინისტრია შესაცვლელი. ვინმეს შეცვლა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი და ორი ადამიანის თვალსაზრისზე. ვეთანხმები, რომ ეკონომიკის მინისტრი მოსახსნელია, საგარეო საქმეთა მინისტრიც მოსახსნელია…

განსაზღვრონ პრიორიტეტები, იზრუნონ ხალხზე და ყველაფერი კარგად იქნება. იფიქრონ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ეს ფეხზე დაგვაყენებს.

 ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. დამაშაულია ქვეყანას, პაატა კოღუაშვილი ჰყავდეს და არ იყენებდეს მის,ნიჭს
    “გამოყენებას ვინ ჩივა“, საერთოდ არ კითხულობენ))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here