Home რუბრიკები საზოგადოება “ოცნება”, ფსევდოოპოზიცია და გაკოტრებული პარტიები

“ოცნება”, ფსევდოოპოზიცია და გაკოტრებული პარტიები

384
“ოცნება”, ფსევდოოპოზიცია და გაკოტრებული პარტიები

ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, ბუნებრივია, ნიშნავს, ხალხის როლის ამაღლებას და მის ჩართულობას ქვეყნის მართვაგამგებლობაში. ძლიერი პარლამენტი ქვეყნის საძირკველია, ხოლო მისი სიძლიერე, პირველ რიგში, დამოკიდებულია შემადგენლობაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება პროფესიონალიზმზე, პატიოსნებასა და პატრიოტიზმზე, რომლებიც ნამდვილად აკლდა ჩვენი ქვეყნის ცხრავე მოწვევის პარლამენტს.

სამწუხაროდ, არც ამჟამინდელი პარლამენტი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, ავტორიტეტით, პასუხისმგებლობითა და საქმიანობით. საქართველოს პარლამენტში 150-დან 35 დეპუტატი არ მონაწილეობს საპარლამენტო დებატებში. მათი სახე და ხმის ტემბრი სანატრელი გაგვიხდა. ისინი თავიანთ ამომრჩევლებზე იფიქრებენ და იზრუნებენ? ან რა ანგარიშს ჩააბარებენ მათ, როცა პარლამენტში მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერით არიან დაკავებულნი?

40-მდე დეპუტატი მილიონერია, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე ფიქრობენ, როგორ გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, ხალხი და ამომრჩეველი არ ადარდებთ. არიან პარლამენტარები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და მხოლოდ თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, აუცილებელია, თუ იგი ხელისუფლებას სახელმწიფოს ჭეშმარიტ მმართველობაში ეხმარება, გონიერ პაექრობაში იბადება სიმართლე, რაც ქვეყანას სარგებელს აძლევს, ჩვენთან კი რა ხდება? ერთმანეთის ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა და საკანონმდებლო ორგანო ზოგიერთისთვის თავშესაქცევ ადგილად იქცა. ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში ოდესმე თუ ყოფილა, რომ რომელიმე საკითხი გონიერებით, ურთიერთშეთანხმებით გადაეწყვიტოთ? ჩემი გონებიდან არ ამოდის ეპიზოდი საპარლამენტო ცხოვრებიდან, როცა სააკაშვილი ტრიბუნიდან გაჰკიოდა: ყველანი ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობაო. ამ მომენტში ყველა პარლამენტარი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშსან, როცა

 ანტიდისკრიმინაციულ და ქვეყნის საწინააღმდეგო სხვა კანონებს იღებდნენ, ეკლესია კი მათი წინააღმდეგი იყო. ან კიდევ, როცა ამ პარლამენტმა კენჭი უყარა მოსამართლეების უვადო დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებისა და “ნაციონალური მოძრაიბის” დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების შესახებ საკითხებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათი საქციელი, ვინც ამ საკითხებს მხარი არ დაუჭირა, არავიათარ ზნეობას არ ექვემდებარება, რაც სამარცხვინოა, აგრეთვე, სრულიად ქართველი ხალხისთვის. ამის შემდეგ შეიძლება ამ პარლამენტს ხალხის რჩეული ვუწოდოთ? ნეტავ, თუ გაუჩნდებათ ოდესმე სინანულის განცდა ჩადენილი დანაშაულის გამო?!

ისე, თუ ადრე პარლამენტს ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა რეფორმატორები განაგებდნენ, ახლა მიმდინარეობს მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა რესტავრატორებით, რომლებსაც სურთ, რესტავრაცია ჩაუტარონ, გააპატიოსნონ და ახალი სული შთაბერონ თავიანთ სასამართლოსა და “ნაციონალურ მოძრაობას”. ოცნება გაივსო ე. წ. ჩანერგილი და გადაბირებული ნაციონალებით. პარლამენტში აღმოჩნდა მხოლოდ 45 დეპუტატი, რომლებიც იბრძოდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ და თავის დროზე “ოცნების” ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ, მათ დიდი როლი ითამაშეს არა მხოლოდ 2012 წელს, არამედ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებაშიც, რაც, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული. ყოველივე ამის შედეგია ის, რაც დღეს “ოცნებაში” ხდება _ დაპირისპირებები და უმრავლესობის რიგების დატოვება.

რაც შეეხება ფსევდოოპოზიციას, საერთოდ, დამპყრობელ ქვეყანას დაპყრობილი ქვეყნის სათავეში რომელიმე მმართველ პარტიასთან ერთად მოჰყავს ფსევდოოპოზიცია და ამით ქმნის თითქოს დემოკრატიულობის ფონს. ეს ფსევდოოპოზიცია მხარს უჭერს მმართველ პარტიას. მათ პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ბიზნესად აქციეს _ ფინანსდებიან როგორც ბიუჯეტიდან, ისე უცხოეთიდანაც, რაც უნდა აღიკვეთოს. სწორედ ამიტომ არის ქვეყანაში 240-ზე მეტი პარტია: ზოგი _ ერთკაციანი, ზოგი _ ორკაციანი, რომელთა წევრები პარტიიდან პარტიაში გადადიან; ზოგი პარტია სახეს იცვლის და ადრე თუ შენების პარტია იყო, ახლა ქვეყნის ნგრევის პარტიად წარმოგვიდგება. ვითარება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, მათი “ნაღვაწის” შედეგიცაა და პასუხისმგებლობაც ეკისრებათ. ეს გაკოტრებული, ურეიტინგო, უავტორიტეტო, უთავმოყვარეო პარტიები, რომელთა წარმომადგენლებს ხშირად იწვევენ ტელევიზიებში, ნდობადაკარგულები არიან და მობეზრდა ხალხს მათი ყურება. კარგად იციან, ცალ-ცალკე ბარიერს ვერ გადალახავენ და უნდათ, გაერთიანდნენ, თანაც გაჰკივიან პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, რათა როგორმე შეძვრნენ პარლამენტში.

მახსენდება ჩვენი უნიჭიერესი მსახიობისა და ფეხბურთის უბადლო კომენტატორ ეროსი მანჯგალაძის ფრაზა, როცა თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა თამაშს და ჩვენს კარში დაინიშნა საჯარიმო დარტყმა: “მკვდრებმა (იგულისხმა ფეხბურთელები _ ჯ.ც.) აღმართეს ცოცხალი კედელი”-ო, ახლა კი სწორედ პოლიტიკურად მკვდარმა პარტიებმა მოინდომეს პარლამენტში შესვლა.

პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხზე კი მინდა აღვნიშნო, რომ, სანამ არ გაჩნდება ეროვნულ-პატრიოტული პარტიების ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმი, მანამდე პროპორციული არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ის გამართლებული და მისაღებია, თუ ავირჩევთ ნიჭიერ, ხალხში პოპულარულ, განათლებულ და კეთილსინდისიერ კადრებს და არა ფულიან ტომრებს. ამიტომაა, რომ ფსევდოოპოზიცია მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს, ვინაიდან მაჟორიტარად წარდგენის შემთხვევაში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ _ სახელგატეხილ და შერცხვენილ პირებს მხარს არავინ დაუჭერს. როგორ ვხედავთ საპარლამენტო ცხოვრებაში დუღილის ტემპერატურა მატულობს, ხალხში კი _ მღელვარება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჯონი ცინცაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here