მთავარი პოლიტიკა “ოცნება” ბჭობდა, ამერიკის ელჩი იცინოდაო

“ოცნება” ბჭობდა, ამერიკის ელჩი იცინოდაო

საქართველოს უზენაესი კანონი ყველას ერთად და, გნებავთ, ცალ-ცალკე თავზე გადაგვახიეს

2145
გააზიარეთ
“ოცნება” ბჭობდა, ამერიკის ელჩი იცინოდაო

ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელი შეიქნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის შესახებ თავადაც იცოდნენ ოპოზიციურმა პარტიებმა. დღეს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული.

მართალია 2020 წელს ჩატარდება შერეული წესით არჩევნები, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდება სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის შემდეგ არჩევნები უკვე ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით”. _ ეს განცხადება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დაქართული ოცნებისმოქმედ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, კაცს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებებში. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტმა კანონი ჩააგდო, დაბეჯითებით მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანია დაეწყოთ, რადგან სხვა შანსი, უბრალოდ, არ არსებობდა და ახალი მოლაპარაკებები აღარ გაიმართებოდა.

მხოლოდ კობახიძე არა, იმავეს იმეორებდა ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე. საზოგადოდ, “ოცნების” ყველა ჩინიანი თუ უჩინო ერთ ხმაში ამტკიცებდა, რომ არჩევნები 73/77 სისტემით ჩატარდებოდა და ამას ალტერნატივა არ ჰქონდა. მაგრამ _ ოცნებაბჭობდა, ამერიკის ელჩი იცინოდაო. ჰო, ამერიკის ელჩი წინა ხელისუფლებისთვისაც ღმერთი იყო და ახალი ხელისუფლებისთვისაც ღმერთია. მერე რა, რომ ელჩები პერიოდულად იცვლებიან, თაყვანისცემის პროცესი არ ნელდება და მუხლზე დაჩოქილი ქართველი პოლიტიკოსები კიდევ არაერთხელ მოწმენდენ ამერიკის საელჩოს შესასვლელს.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ადამ კინზინგერის განცხადებას გაგაცნობთ. ის ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვალდებულება ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებამ და უფრო მეტიც, ქართველმა ხალხმა დააკისრა. იმედი მაქვს, ეს სიტუაცია გამოსწორდება და გამოსწორდება ძალიან მალე. როდესაც რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ რუსეთი კრახს განიცდის თავისი რეპრესიული მმართველობის გამო. საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე ეს პარლამენტმა აჩვენა”, _ განაცხადა მისტერ ადამმა.

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ რა იცის კინზინგერმა, რას იმსახურებს და რას არა ქართველი ხალხი? ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც კანონი ჩააგდეს, მაჟორიტარი დეპუტატები არიან. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მათ თქვეს, რომ თავიანთ ამომრჩეველს დაეკითხნენ და სწორედ მათგან მიიღეს დავალება, კანონპროექტი არ გასულიყო. ე.ი. პარლამენტარებმა იმოქმედეს ამომრჩევლის, ქართველი ერის მოთხოვნის შესაბამისად და კინზინგერმა კიდევ თავისი განცხადებით პირდაპირ თქვა, რა ერი და ბერი, მთავარია, მე რა მინდაო. რაც შეეხება რუსეთის კრახს, ეს ცალკე თემაა. კრახგანცდილ რუსეთს აგერ უკვე მერამდენე წელია, ეჭიდავება ცალკე ამერიკა და ცალკე “პრადვინუტი” ევროპა, მაგრამ ძვრაც ვერ უყვეს.

კინზინგერის განცხადების შემდეგ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა დალალები (აქვს) გაიშალა და ხელისუფლება თუ ოპოზიცია თავის რეზიდენციაში გამოიძახა. სანამ ქალბატონ კელის მოსასმენად შევიდოდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომახიანად განაცხადეს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბარი არ იქნება, 73 მაჟორიტარს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და საუბარი, სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერს შეეხებაო. მმართველი გუნდის ლიდერები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ რაიმეს შეცვლა კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა. მოკლედ, შევიდნენ დეგნანთან სასაუბროდ და…

“როგორც აღმოჩნდა, მოლაპარაკების რესურსი კვლავ არსებობს და შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება”,_ ასეთი იყო ხელისუფლების ნირწამხდარ წარმომადგენელთა შემდგომი განცხადებების საერთო პათოსი.

ორი ვარიანტია: ან ამერიკის ელჩმა უკეთესად იცის საქართველოს კონსტიტუცია, ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ან მან პირდაპირ უთხრა მათ, მე და კინზინგერს გვკიდია თქვენი კონსტიტუცია, როგორც გეტყვით, ისე იქნებაო. უფრო რეალური მეორე ვარიანტია, რადგან საეჭვოა, ქალბატონ კელი დეგნანს ქართული კანონების კითხვით თავი შეეწუხებინა, თანაც ძალიან კარგად იცის, რომ მთავარი კანონმდებელი საქართველოში თვითონაა და რატომ იწვალოს სხვისი ნაჯღაბნის კითხვით?

პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს _ მესამე და ნელ-ნელა იკაკვებოდნენ წელში მმართველი გუნდის ლიდერები. საბოლოოდ, ოპოზიციამ კი არა, ამერიკის ელჩმა გაიტანა თავისი და სასაცილო კანონი შემოგვაჩეჩა. ახლავე გეტყვით, რატომ არის ეს კანონი სასაცილო: 30 მაჟორიტარი ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ერთმა მაჟორიტარმა 100 ათასი ადამიანის ინტერესები უნდა დაიცვას, ასი ათასი ადამიანის პრობლემა ერთმა კაცმა უნდა შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს. ამ ასი ათასიდან, ნახევარმა კი არა, მეოთხედმაც (25 ათასმა) რომ მოინდომოს თავის რჩეულთან შეხვედრა, ფიზიკურად ვერ მოახერხებს. გამოდის, რომ არაფრისმომცემია ეს 30 მაჟორიტარი და იმიტომ შეგვაჩეჩეს, რომ ხელისუფლების “გაფარჩაკება” ბოლომდე არ გამოჩენილიყო. ნამუსი მოწმინდეს და რამდენიც უნდა ვიძახოთ, “მეფე შიშველია”-ო, მაინც გვეტყვიან, კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდითო. ჰო, კინზინგერი უნდა ვახსენოთ ისევ, მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ კინზინგერმა განაცხადა, თუ მემორანდუმი კანონად არ იქცევა, ისეთ რამეს მოვიმოქმედებთ, ყველა გაოცდებაო. “ისეთ რამეში”, ალბათ, მორიგი რევოლუცია იგულისხმება, რადგან უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის უკან სწორედ შტატები იდგა კინზინგერის მამა და მარჩენალი ჯონ მაკკეინის მეთაურობით.

ასე და ამგვარად, საქართველოს უზენაესი კანონი ყველას ერთად და გნებავთ, ცალცალკე თავზე გადაგვახიეს და, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ოფიციალურადაც გააფორმებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ვეღარ ახსენებენ კონსტიტუციას, ვეღარ აკეთებენ ისეთ რიხიან განცხადებებს, როგორსაც მანამდე და მხოლოდ გაიძახიან, ამ კოდექსითაც დიდი უპირატესობა გვაქვს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთო. არადა, უკვე დამარცხებულები არიან, დამარცხებულები ამერიკის ელჩთან და ყველაზე კარგად სწორედ მათ უნდა ესმოდეთ, რომ სახელმწიფოს კი არ აშენებენ, სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ ამერიკელების ნებართვით. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები ძალიან გვანან იმ ბავშვებს, რომლებიც როცა რაღაცაზე ხმაურს ატეხენ, ოთახის კარს უფროსი შემოუღებს, დატუქსავს, ყველას თავ-თავის ადგილს მიუჩენს და აიძულებს, იმ წესებით ითამაშონ, რომლებიც მას სურს. სწორედ ასე შეაღო ქართული პოლიტიკის კარი სულ რაღაც ოთხიოდე თვის წინათ დანიშნულმა დეგნანმა და “რჩეული ვაჟკაცები” დააჩოქა.

ისევ შედარება უნდა გავაკეთოთ: რუსეთის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ეთქვა, მე მაქვს საქართველოს საარჩევნო კოდექსზე კარგი იდეა, იქნებ მომისმინოთო, რა მოხდებოდა?! ქართული პოლიტიკისრაინდებირიგში დადგებოდნენ მის გასაკრიტიკებლად, ამერიკა ამ განცხადებას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად მონათლავდა და რუსეთს კიდევ ერთხელ გამოაცხადებდა უდიდეს მტრად და საფრთხედ. არადა, ნათლად დავინახეთ, რომ ჩვენ, რიგითი ადამიანები, არც არავის ვირჩევთ და არც არაფერს ვწყვეტთ. ყველაფერი მიდის ისე, როგორც ამერიკას სურს და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველაფერთან ერთად, დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებს იმასაც ეტყოდა, ვინ რამდენი პროცენტი უნდა მიიღოს არჩევნებზე და რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ახალ პარლამენტში.

არის თუ არა ეს მონობა ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით? რა თქმა უნდა, არის და ვინც საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის უმაღლესი პირების 1-2 თვის წინანდელ და ამჟამინდელ განცხადებებს გადაავლოს თვალი. ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს განსხვავება სწორედ ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. ისე, ამერიკის ელჩამდე ქართველ პოლიტიკოსებს ევროპელი ელჩებიც შეხვდნენ ასევე არაოფიციალურად, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული მათრახი უფრო მწარეა და სანამ დეგნანმა არ გადაუჭირა, მანამდე გონს ვერ მოეგნენ.

მოვა 2020 წლის ოქტომბერი, წავა ქართველი ხალხის ნაწილი არჩევნებზე, დაიჯერებს ან არ დაიჯერებს დაპირებებს და საბოლოოდ, დამდგარი შედეგი ამერიკას თუ არ მოეწონა, კინზინგერის მეთაურობით მორიგი რევოლუცია აგორდება. ჩვენ კი ყველა შემთხვევაში შევუყვებით ისევ იმ აღმართს, რომელზეც რამდენიმე წელია, მივდივართ და ბოლო არ უჩანს. ჰო, ამ აღმართზე ნატოსა და ევროკავშირის კარზეც ვაკაკუნებთ ხოლმე, თუმცა როგორც დიდი ილია იტყოდა, არსაიდან ხმა, არსით ძახილი…”

P.S. და კიდევ _ “ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა”.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here