მთავარი პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1448
გააზიარეთ
“ოქროს კვეთა”

მეოთხე გადაცემა

დასავლეთში კვლავ დაძრწის ფაშიზმის აჩრდილი

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია გადაცემაოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე, ვალერი კვარაცხელია.

როგორ ესმით საქართველოში სტრატეგიული პარტნიორის ცნება? ხშირად მოისმენთ: “ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია”, “ევროპა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია”, “უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია”. რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა და რაში გამოიხატება ან რაში ვლინდება ის? გასაანალიზებლად ავიღოთ ბოლო პერიოდში მომხდარი ერთი ფაქტი.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ჩადენილი მრავალი მძიმე დანაშაულის გამო გასამართლებული პირია. ამჟამად იგი ძებნილია, ვინაიდან მართლმსაჯულებას ემალება და ამერიკასა და ევროპას შორის უკანონოდ დაძრწის. საქართველოს კანონიერ მოთხოვნას, რომ დამნაშავე სააკაშვილი გადმოსცენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები _ ამერიკა და ევროპა, ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, ფეხებზე იკიდებენ. უკრაინის პრეზიდენტმა კი იგი ვიცეპრემიერის პოსტზე წარადგინა. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინა გააფრთხილა, რომ ასეთი ყოვლად გაუმართლებელი და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი საკადრო დანიშვნა თუ განხორციელდებოდა, საქართველოს ამაზე მწვავე რეაქცია ექნებოდა.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერმინისტრი: _ უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, სასჯელმისჯილი და ძებნილი პირის ვიცეპრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი გადაწყვეტილება თუ იქნება, ელჩს, სულ ცოტა, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ.

ვალერი კვარაცხელია: _ ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა, მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა კი უკრაინის პრეზიდენტის სახელზე წერილი აფრინეს, რომელშიც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ნათქვამი იყო შემდეგი.

ამონარიდი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მიერ უკრაინის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილიდან: “შეუძლებელია, რომ უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ. ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფა იქნება”.

ვალერი კვარაცხელია: _ სააკაშვილმა უკრაინის ვიცეპრემიერის პოსტი ვერ დაიკავა, ოღონდ არა საქართველოში გამოთქმული პროტესტის გამო, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკრაინის სახელისუფლო პარტიამ პრეზიდენტ ზელენსკის ავანტიურისტულ საკადრო გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს ხელისუფლებამ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ჩვენს პოზიციას უკრაინაში ანგარიში გაუწიესო, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

BBC NEWS: _ ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ვალერი კვარაცხელია: _ საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ფაქტის შემდეგ ნირწამხდარნი არიან, მაგრამ, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, იხტიბარს არ იტეხენ.

გიორგი გახარია: _ რა თქმა უნდა, გაუგებარია, როცა სტრატეგიული პარტნიორი სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულ პირს მაღალ სამთავრობო თანამდებობაზე ნიშნავს. ახლა ელჩს ვიწვევთ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ, რისკის ქვეშ დააყენონ უკრაინასთან ურთიერთობა.

ვალერი კვარაცხელია: _ გაუგებარი იყო “ამ პოლიტიკურ ავანტიურისტებში” ბატონმა გახარიამ მხოლოდ სააკაშვილი იგულისხმა თუ უკრაინის პრეზიდენტიც მიაყოლა, მაგრამ ამ უკანასკნელისგან თავხედობით გაჯერებულმა პასუხმა მაინც არ დააყოვნა.

ვლადიმერ ზელენსკი
ვლადიმერ ზელენსკი

ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: _ ვფიქრობ, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. ნებისმიერი ქვეყნის საკადრო პოლიტიკა ეხება ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა.

ვალერი კვარაცხელია: _ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მიმართ თავხედურად იქცევიან. თავხედურად მოიქცნენ მაშინაც, როდესაც სააკაშვილი ოდესის მხარის გუბერნატორად დანიშნეს და თავხედურად იქცევიან დღესაც, უკვე სხვა პრეზიდენტის ვითარებაშიც, როდესაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ახალი თანამდებობა უბოძეს, მაგრამ, უკრაინის მხრიდან ამ შეურაცხმყოფელი გამოხდომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება, ჟარგონით რომ ვთქვათ, მაინც სტრატეგიულ პარტნიორობას აწვება.

გიორგი გახარია: _ ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ან დიპლომატიურ ურთიერთობას, ან სტრატეგიულ პარტნიორობას.

ვალერი კვარაცხელია: _ მართლაც უცნაური რამ ხდება საქართველოში! ვინმემ აგვიკრძალა უკრაინის ხსენება ისე, რომ ზედ სტრატეგიული პარტნიორი არ დავაყოლოთ, თუ რაშია საქმე? რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ლაპარაკი მაშინ, როდესაც უკრაინაში, დიდი ხანია, რაც ფაშისტური იდეოლოგია გაბატონდა. ვინმეს თუ ეჭვი გეპარებათ, ინებეთ.

Газета.рu: _ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის ნაციონალისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს (1941-59 წ.წ.), ფაშისტ სტეპან ბანდერას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. იუშჩენკოს თქმით, ბანდერასთვის გმირის წოდების მინიჭებას მილიონობით უკრაინელი მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდა.

ვალერი კვარაცხელია: _ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში რამდენჯერმე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება _ ხან ხავერდოვანი და ხან სისხლიანი. ყოველი გადატრიალების შემდეგ ძალაუფლებას ახალი პერსონები იგდებდნენ ხელში, მაგრამ ნაციონალისტური და ფაშისტური იდეოლოგია უცვლელი რჩებოდა, ანუ მუდმივად ფაშისტური იდეოლოგია იმარჯვებდა. პრეზიდენტმა იუშჩენკომ 2010 წელს ფაშისტი სტეპან ბანდერა თუ ეროვნულ გმირად აღიარა, მის მერე ხელისუფლებაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ბანდერას მთელი ორგანიზაცია გმირად შერაცხა.

Rambler.ru: _ 2015 წლის მაისში პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ნაციონალისტთა ორგანიზაციის მებრძოლების უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებად ცნობის შესახებ.

ვალერი კვარაცხელია: _ ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინა ფაშიზმის აღზევების გზას ადგას. სხვა რა მტკიცებაა საჭირო, აგერ, ზელენსკიმ სააკაშვილს რეფორმების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უბოძა. რით დაიმსახურა სააკაშვილმა ზელენსკის ესოდენ მაღალი ყურადღება? პასუხი მარტივია: პირველ რიგში, მისი ფაშისტური მსოფლმხედველობით. დიახ, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ფაშიზმის ბუდეა. აი, კიდევ ერთი, სულ ახალი დადასტურება ამისა. 2020 წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75- წლისთავზე უკრაინის სახელისუფლო პარტიამ, რომელსაცსლუგა ნაროდაჰქვია, ასეთი მკრეხელური განცხადება გააკეთა.

Comimtet.Su _ უკრაინის პრეზიდენტის პარტიამ “სლუგა ნაროდამ” დღეს დაადასტურა, რომ მისთვის არ არსებობს გამარჯვების დღე. დღეს პარტიის 9 მაისის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დღე არის გლოვის დღე.

ვალერი კვარაცხელია: _ აქ კი ძალიან სერიოზული შეკითხვა ჩნდება: უკრაინა თუ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაშინ რა გამოდის, ფაშისტური იდეოლოგია ჩვენთვისაც მისაღებია? ეს რთული შეკითხვაა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ფაშიზმში თითქოს ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სხვა, არანაკლებ რთული შეკითხვა წამოიჭრება. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მსოფლმხედველობრივი პოზიციები თუ არ აერთიანებს, მაშინ რა არის ის, რის გამოც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ისე ილტვის უკრაინისკენ, რომ მისი პრეზიდენტისგან სილის გაწვნასაც და სახეში შეფურთხებასაც მთელი ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი თავდახრილობით იტანს?

ორი კლოუნი
ორი კლოუნი

საქმე ის არის, რომ უკრაინაც და საქართველოც ამერიკელებს მძევლებად ჰყავთ აყვანილი, ამიტომ ორივე ეს სახელმწიფო ამერიკელთა ხელში რუსეთთან დაპირისპირების ინსტრუმენტებია. აი, ერთ-ერთი დამახასიათებელი გამონათქვამი ათას სხვა ამგვარ გამონათქვამთა შორის, სადაც შესანიშნავად ჩანს ამერიკელების მიერ ჩვენთვის დაკისრებული გეოპოლიტიკური ამოცანა და ფუნქცია.

კეი ბეილი ჰათჩისონი
კეი ბეილი ჰათჩისონი

კეი ბეილი ჰათჩისონი, აშშის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში: _ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განწყობილნი ვართ, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რომ ისინი წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას.

ვალერი კვარაცხელია: _ დააკვირდით! ამერიკელებისთვის ჩვენთან (საქართველოსა და უკრაინასთან) ურთიერთობის, ჩვენთვის გასაწევი დახმარებისა და, საერთოდ, ჩვენი არსებობის საზომიც კი რუსეთთან ჩვენი დაპირისპირებაა. ჩვენ მათ რუსეთთან სამტროდ ვჭირდებით და, მომავალშიც, მხოლოდ ამისთვის დავჭირდებით. ესაა ამოხსნა იმ მარტივი პოლიტიკური ამოცანისა, რომლის გამოც საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთის პარტნიორები ჰქვიათ. ერთი ბატონის ყურმოჭრილ ყმობას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უწოდებენ, რათა ნამდვილი არასახარბიელო ვითარება ტერმინებს მიღმა მიჩქმალონ. აშშ-სა და საქართველოს შორის რეალურად არსებულ ბატონყმურ ურთიერთობასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია. ყმათა ყურს ეს ტერმინი ესალბუნება, მაშინ, როდესაც რეალობის გაცილებით უკეთესად გამომხატველი ტერმინები _ მონათმფლობელობა და კოლონიალიზმი, ძალიან მძიმედ მოხვდებოდა. სტრატეგიული პარტნიორის ცნების შემოტანისა და გააქტიურების წყალობით ჩვენი მძიმე ხვედრი შედარებით მსუბუქი და მისაღები გვეჩვენება, ვიდრე მოვლენებისთვის ნამდვილი სახელების დარქმევის შემთხვევაში მოგვეჩვენებოდა. ამერიკაში შესანიშნავად აქვთ დამუშავებული ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ის მიმართულება, რომელსაც სოციალური ფსიქოლოგია ჰქვია. მეცნიერების ამ დარგს ადრეხალხთა ფსიქოლოგიასუწოდებდნენ. აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო პრაქტიკულ საქმიანობაში ფართოდ იყენებს მეცნიერების ამ დარგის სპეციალისტთა რეკომენდაციებს. ამის ერთი კონკრეტული დადასტურება ისიცაა, რომ საქართველოსა და აშშის ურთიერთობას, რომელიც სიუზერენისა და ვასალის, მეტროპოლიისა და კოლონიების ურთიერთობების კლასიკურ სქემაზეა აგებული, სტრატეგიულ პარტნიორობას უწოდებენ.

რამდენიმე დღის წინათ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა კონსტანტინე კოსაჩოვმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

კონსტანტინე კოსაჩოვი
კონსტანტინე კოსაჩოვი

კონსტანტინე კოსაჩოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: _ რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგი სრულად აღადგინოს. ჩვენ გვაქვს სათქმელი და მზად ვართ, მოვისმინოთ მათი არგუმენტებიც.

ვალერი კვარაცხელია: _ რუსეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა და თანამდებობის პირმა შემოგვთავაზა საპარლამენტო დიალოგის აღდგენა, რომელიც რეალურად არ გვაქვს (მართალია, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები ხშირად ჩადიან რუსეთში და ხვდებიან იქაურ კოლეგებს, მაგრამ ამ შეხვედრებს ოფიციალური საპარლამენტო შეხვედრების სტატუსი არ აქვს), კოსაჩოვმა კი ოფიციალური საპარლამენტო შეხვედრებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

სულ ეს იყო.

მოდი, გადავავლოთ თვალი, რა რეაქცია გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ წრეებში კოსაჩოვის ამ განცხადებამ და რა კარგად გამოაჩინა ამ კონკრეტულმა ფაქტმა საქართველოს ვასალური და კოლონიური მდგომარეობა.

სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი, ნაციონალური მოძრაობა”: _ ეს იმის სიგნალია, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ რუსებს საქართველოში თავიანთი პოლიტიკური გავლენის გაძლიერების იმედი აქვთ.

გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი, “ევროპული საქართველო”: _ ჩვენ არ გვჭირდება რუსეთთან იმგვარი დიალოგი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნის სიგნალს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები არ არის და ყველაფერი კარგადაა.

ვალერი კვარაცხელია: _ რა შეიძლება ამ განცხადებებს უწოდო, თუ არა ბოდვა პოლიტიკურ მოტივებზე. დიახ, ბოდვა, თანაც სრულიად უპასუხისმგებლო, კოლონიური ფსიქოლოგიის საუკეთესოდ გამომხატველი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როდია, გაცილებით მეტი უპასუხისმგებლობით გაჯერებული ბოდვის მოსმენის “ბედნიერება” წინ გაქვთ, თანაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთაგან.

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

გია ვოლსკი, “ქართული ოცნება”: _ ასეთი შეხვედრა რომც გაიმართოს, პირველივე ჯერზე რეზულტატის გარეშე დასრულდება. ჩვენ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით. არ შეიძლება, რომ რუსეთის ფედერაციას ბორდერიზაციის პირობებში, ხალხის გატაცების პირობებში, ჰქონდეს რამე პოზიტიური მოსაზრებები.

მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე, “ქართული ოცნება”: _ სანამ რამე ურთიერთობებზე იქნება საუბარი, მანამდე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა პირობები აქვთ მათ შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევენ, როგორ ექცევიან ადამიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე.

ვალერი კვარაცხელია: _ როგორც ხედავთ, მმართველი პარტია რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვისა და საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების თვალსაზრისით წინ თუ არ არის წასული, ნამდვილად არ ჩამორჩება “ნაციონალურ მოძრაობას”.

რუსეთი, რომელთანაც, ერთი მხრივ, უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემები გვაქვს; მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად არის მასზე დამოკიდებული, როდესაც საპარლამენტო დონეზე დიალოგს გვთავაზობს, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კი ისე პასუხობენ, როგორც ზემოთ წაიკითხეთ, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე მხოლოდ უპასუხისმგებლობასთან კი არა, შეგნებულ მავნებლობასთან გვაქვს. ბევრს ლაპარაკობენ ყბადაღებულ კოაბიტაციაზე. ბევრს ჰგონია, რომქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის მერკანტილურ გარიგებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რეალურად, როგორც ჩანს, უფრო რთული ვითარებაა. ისინი გარიგებულნი კი არ არიან ერთმანეთთან, ერთნი არიან მენტალობითა და პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ზემოთ კი ვთქვი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ფაშისტურ მხედველობაში თითქოს ვერ დაადანაშაულებმეთქი, მაგრამ სააკაშვილის ფაშისტურ ბანდასთან თავიდანვე თუ თანამშრომლობდი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი რვა წლის მანძილზე მასთან კოაბიტაციაში იმყოფები, უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორი თუ ხარ და მათი ამერიკელი პატრონები შენი პატრონებიც არიან, მაშინ ჩვენ კი არ უნდა ვამტკიცოთ, რომ შენ ფაშისტურ იდეოლოგიასთან ახლოს დგახარ, არამედ შენ მოგიწევს იმის მტკიცება, რომ ფაშისტებთან მსოფლმხედველობრივი ნათესაობა არ გაკავშირებს, თუმცა გაგიჭირდება.

ფაშიზმის თემა, სამწუხაროდ, წარსულის კუთვნილება არ არის, ფაშიზმი დღევანდელი რეალობაა და არაა გამორიცხული, რომ მომავლის უბედურებადაც მოგვევლინოს. ევროპაში ტყუილად არ ებრძვიან განმათავისუფლებელი საბჭოთა არმიის სიმბოლოებს, ობელისკებს, ძეგლებს. ევროპასა და, საერთოდ, დასავლეთში კვლავაც დაძრწის ფაშიზმის აჩრდილი, კვლავ წამოჰყვეს თავი წარსული ბოროტების ლანდებმა, რომლებიც გაუთავებლად გაიძახიან, რომ საბჭოთა კავშირთან ომში თუ დავმარცხდით, ე.წ. ცივ ომში გავიმარჯვეთ და საბჭოთა კავშირზე ისეთი რევანშისტული იერიში მივიტანეთ, რომ ნანგრევებად ვაქციეთო, ახლა კი კვლავ ჩვენი დრო დგებაო. უფრო შორსაც მიდიან, ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირს არ გაუმარჯვია, ჩვენ გავიმარჯვეთო. აშშ-ის პრეზიდენტმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავზე, განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა:

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ 75 წლის წინათ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ ნაცისტებზე გამარჯვება მოიპოვეს.

ვალერი კვარაცხელია: _ საბჭოთა კავშირი ისე, სხვათა შორისაც კი არ ახსენა: აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომო. სტალინი თურმე არ არსებობდა, ამერიკელთა მიერ დაფინანსებულ და შეიარაღებულ ევროპულ ფაშიზმს სამი ათეული მილიონი საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლე თურმე არ შეუწირავს, წითელ არმიას ევროპა ყავისფერი ჭირისგან თურმე არ გაუთავისუფლებია, ეგოროვსა და ქანთარიას რაიხსტაგზე გამარჯვების წითელი დროშა თურმე არ აუფრიალებიათ და, საერთოდ, რაც აქამდე მსოფლიომ იცოდა, სიზმარი ყოფილა, რომლისგანაც ბატონმა ტრამპმა ერთბაშად და მოულოდნელად გამოგვაღვიძა.

ასეთია დასავლური ზნეობა, დასავლური ლოგიკა და დასავლური ჭეშმარიტება, რომელიც კვლავაც იმ გზას ადგას, რომელმა გზამაც მეოცე საუკუნეში პლანეტა ორჯერ გახვია მსოფლიო ომის ქარცეცხლში.

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”. მომავალ შეხვედრამდე…

P.S. აშშსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსის გამო ჩინეთს ადანაშაულებს და აცხადებს: ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო ჩინეთში, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ეს იყო ყველაზე მძიმე შეტევა, რომელიც ოდესმე ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებულა. ეს იყო უარესი, ვიდრეპერლ ჰარბორიდა ვიდრე 2001 წლის 11 სექტემბრის შეტევა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრზე.

ეს ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის ოფიციალური საბაბია. ნამდვილი მიზეზი კი ჩინეთის კომუნისტური სისტემაა, რომლის წინაშეც მთელი კაპიტალისტური სამყარო შიშით ცახცახებს.

ვალერი კვარაცხელია

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. gmadlobt,batono valeri. tkveni shepasebebi gamoircheva realisturi azrovnebit!
    magram mainc..marto shepasebebeis dro agar gvrcheba..gaertianebaa sachirosagad moazroven liderebtan da qartveli sazogadoebis jansag naciltan ertad brdzolis dackebis( ara iaragis jgarunit) dro dadga. simartlistvis brdzolaa sachoro rom ri gadarches, qvekana gadzlierdes. es erti cicqna qvekana

  2. თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, ბატონო ვალერი, მაგრა ჭკვიანები ვის სჭირდება?
    ნამდვილად არა იმათ, ვისზეც თქვენ ასეთ დაუფარავ სიმართლეს ამბობთ…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ელისო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here