Home რუბრიკები პოლიტიკა ომისთვის ტაშის დაკვრა და მით უმეტეს მასში რაიმე ფორმით მონაწილეობა ჩვენთვის საკონტროლო...

ომისთვის ტაშის დაკვრა და მით უმეტეს მასში რაიმე ფორმით მონაწილეობა ჩვენთვის საკონტროლო გასროლასავით იქნება

200

ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული ვითარებაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს წყობიდან”, _ ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 11 თებერვალს გააკეთა და დაახლოებით ერთ საათში, პრაქტიკულად, ყველა ევროპულმა ქვეყანამ და ავსტრალიამაც კი თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

ჯო ბაიდენის განცხადება, ერთი შეხედვით, ვითარების არარეალური შეფასება იყო, რადგან არანაირი საბაბი იმისა, რომ მსგავსი მოწოდება გაკეთებულიყო, არ არსებობდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთი დღით ადრე ევროპამ და ამერიკამ რუსეთს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. მასში საკმაოდ ხისტად იყო დაწერილი, რომ დასავლეთი რუსეთის ყველა მოთხოვნაზე უარს ამბობს და, რაც მთავარია, არ აპირებს იმ პირობის შესრულებას, რომლის მიხედვითაც ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. ისე, აქვე ისიც ვთქვათ, რომ ქართული ოცნებისგასვლა შარლ მიშელის დოკუმენტიდან ლამის გლოვის დღედ გამოგვიცხადა დასავლეთმა და ყველაზე დიდი სამხედრო კავშირის მიერ პირობის შეუსრულებლობა ისე შეფუთეს, თითქოს დემოკრატიის ბოლო გამოძახილი იყოს.

ამერიკა მეორედ დამარცხდა; პირველად მაშინ, როცა “ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ “რუსეთი უკრაინაში შეიჭრა”, და მეორედ ახლა. მხოლოდ ამ მიმართულებით, ამერიკასა და რუსეთს შორის ანგარიში 2:0-ია ჩრდილოელი მეზობლის სასარგებლოდ და ეს დიპლომატიური დუელი პირწმინდადაა მოგებული. სხვათა შორის, ამ განცხადების შემდეგ ერთერთმა ჟურნალისტმა ბაიდენს მოურიდებლად ჰკითხა: “არსებობს თუ არა სცენარი, რომელმაც შეიძლება ბიძგი მისცეს მისტერ ბაიდენს, რომ ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს უკრაინაში?” ბაიდენმა მოკლედ უპასუხა: “არ არსებობსდა იქვე დაასაბუთა: “თუ ამერიკელები და რუსები ერთმანეთს სროლას დაუწყებენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ”.

“ტანკებსა და ავტომატებზე უკეთესად პანიკა ანადგურებს სახელმწიფოს. “ჩვენ ყოველ დღე ვძლიერდებით თავდაცვით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად. ერთადერთი, რაც დღეს დანამდვილებით გვჭირდება, არის ის, რომ არ წამოვეგოთ მტრის ჰიბრიდულ პროვოკაციასა და დეზინფორმაციას”, _ განაცხადა უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა დეზინფორმაციის გამავრცელებელ მტერში.

საქმე ის არის, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ, ამერიკა და ევროპა ვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს არ დგამენ, უფრო პირიქითო, ბევრმა ამოიღო ხმა და აღნიშნა, რომ დასავლეთი სიტუაციის დაძაბვაში უდიდეს როლს თამაშობს და ის თითქოს აქეზებს რუსეთს, რათა მან სამხედრო ოპერაცია რაც შეიძლება მალე და მაქსიმალურად აგრესიულად დაიწყოს. ალბათ, გემახსოვრებათ, მიმდინარე პროცესებზე ჩინეთის პოზიცია თითქოს ცნობილი რომ არ იყო და მას დიდი ქვეყნები მოუთმენლად ელოდნენ. ჩინურმა მხარემ განცხადებებისგან თავი კვლავ შეიკავა და, როცა ლამის ყველა ქვეყანამ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, ჩინეთის საელჩომ ოფიციალურ ვებგვერდზე უკრაინაში მყოფი ჩინელებისთვის ორად ორი სიტყვა დაწერა: “იყავით ყურადღებით!”

“ჩინეთის მთავრობა სიამოვნებით აკრიტიკებს ავსტრალიას, მაგრამ ჩუმადაა და არაფერს ამბობს უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრის გამო”, _ ეს განცხადება ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა გააკეთა და ამით მიანიშნა, რომ ჩინეთის აზრი ძალინ მნიშვნელოვანია… მორისონს არ უთქვამს, ამერიკის დარად, რა ესაქმება ავსტრალიას უკრაინაში, ოკეანის გაღმაგამოღმა ქვეყნები რატომ ცდილობენ მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს _ ჩინეთსა და რუსეთს _ მათი სურვილის საწინააღმდეგო. განცხადებები გააკეთებინონ. ავსტრალია, რომელსაც გვერდი აუარა ყველა ომმა და ქარტეხილმა, ტერორიზმმა და ათასმა უბედურებამ, ცდილობს, შექმნას მოლოდინი, რომ მსოფლიო პოლიტიკა მისი თავის ტკივილიც არის და მერე რა, რომ ავსტრალიაში საცხოვრებლად ან სამუშაოდ წასვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ მილიონერი არ ხარ და იქაურ ეკონომიკას რამე ღირებულს არ შემატებ.

ბაიდენს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარიც ჰქონდა და ამ საუბრის შემდეგ მიმართულება არ შეუცვლია, კვლავ კატეგორიულად მოითხოვა უკრაინიდან ამერიკელი მოქალაქეების გაყვანა. კრემლის პასუხი კი ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელია.

“ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ მოსკოვი ყურადღებით შეისწავლის მოსაზრებებს, რომლებიც ბაიდენმა გამოთქვა და, თუ ეს შესაძლებელია, გაითვალისწინებს მათ აშშ-ისა და ნატოს პოზიციების მიმართ რეაგირებაზე მუშაობისას. რუსეთმა უწყებათაშორისი კონსულტაციები შესაძლო ნაბიჯების შესახებ თითქმის დაასრულა და განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება. ჩვენ მალე ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებსა და საზოგადოებას ჩვენს რეაქციას”, _ განაცხადა კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, დიპლომატიური გზა იმისა, რომ წონასწორობა დააკარგვინოს რუსეთს, დასავლეთს აღარ დარჩა. კრემლში ამბობენ, რომ ისინი მალე აცნობებენ პარტნიორებს მიღებულ წერილებზე თავიანთ მოსაზრებას, ანუ თოფს კი არ ვისვრით, მოსაზრებას გაგაცნობთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყება შეიძლება მხოლოდ პროვოკაციით. დაახლოებით ისეთი პროვოკაციით, როგორიც 2008 წელს საქართველოში მოაწყვეს.

როგორ გგონიათ, რატომ დღემდე ვერავინ ამბობს ასპროცენტიანი სიზუსტით, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში? იმიტომ, რომ რეალურად არავინ იცის, ვინ ისროლა პირველმა, და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა გააკეთეს, შემდეგ კი უკონტროლო პროცესები დაიწყო. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უკრაინაში ახლა იმდენია, გასროლას კი არა, შტურმსაც მოახერხებენ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, შემთხვევით რომ ვიღაცამ გაისროლოს, მას მეორე გასროლაც მიჰყვეს და შემდეგ წლების განმავლობაში არკვიონ, ვინ გაისროლა პირველმა და პასუხი ვერ იპოვონ. რა თქმა უნდა, დასავლეთი ყველაფერს რუსეთს დააბრალებს და, როგორც ვიხილეთ, საამისოდ ყველა მიმართულებით არის მზად _ გამოცემებიც გამზადებულია, ფოტოებიც კი ექნებათ შერჩეული წინა კონფლიქტიდან, სანამ ახალსა და ცხელცხელს მიიღებენ და, თუ რამე მოხდება, ზუსტად ერთ საათში (ან უფრო ნაკლებში), მსოფლიოს დაანახვებენ სურათს, თითქოს უკრაინაში წარღვნა დაიწყო და ამის შემოქმედი რუსეთია.

პარალელურად კეთდება მოწოდება, რომ არსებული მდგომარეობით საქართველომ უნდა ისარგებლოს, უნდა ჩაერთოს, როგორც აქტიური მოთამაშე და შავიზღვისპირა ქვეყანა, და დერეფანი გააკეთოს, რათა ამერიკული წყალქვეშა ნავები შავი ზღვით შევიდნენ უკრაინაში. მარტივად აგიხსნით, რატომ არის ეს საქართველოს პროვოკაციაზე წამოგებისა და შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის მცდელობა. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს არ შეუძლია წყალქვეშა სივრცის კონტროლი იმ მარტივი მიზეზით, რომ ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ გვაქვს და რეალურად არც საჭიროება გვიდგას. თუ ჩვენს პორტებს წყალქვეშა ნავები მოადგებიან, მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ამოყვინთავენ. საქართველოს ნამდვილად არ შეეკთხება არც ამერიკა და არც ევროპა, თუ დასჭირდათ, ისე გამოიყენებენ ჩვენს წყალქვეშა თუ წყალსზედა სივრცეს, კითხვის დასმასაც ვერ გავბედავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან განცხადება, რომ თურმე წყალქვეშა ნავებს უფლებას მივცემთ ჩვენს ტერიტორიაზე იცურონ, რუსეთისთვის იქნება სიგნალი, რომ ჩვენ ვართ მხარე კონფლიქტში და ვდგავართ რუსეთის მტრის გვერდით. ეს აღარ იქნება ნეიტრალიტეტი და საქართველოს არაკეთილმოსურნეებს რუსეთში (ასეთი არაერთია) ნებისმიერ მომენტში შეეძლებათ იმის თქმა, რომ საქართველო კონფლიქტის კონკრეტულ მხარეს დგას და უნდა დაისაჯოს. რა საჭიროა დასტური ან უარი საკითხზე, რომელშიც, თუ დასჭირდება, დასავლეთი ცხვირს არ ჩაგვაყოფინებს?! თუ მაინცდამაინც ჩვენი პორტის მისადგომებთან უნდა გავმართოთ წყალქვეშა ნავების ომი და მერე ამ ყველაფერში თურქეთიც ჩავრიოთ? რატომ თურქეთი? იმიტომ, რომ რატომღაც გვგონია, ჩვენს ზღვისპირა ქალაქებზე თვალი სწორედ თურქებს უჭირავთ და, თუ ვინმე ხეირს ნახავს უკონტროლო თუ კონტროლს დაქვემდებარებული წყალქვეშა ნავების ცურვით ჩვენს წყლებში, ის სწორედ თურქეთი იქნება.

ზუსტად ვერავინ ამბობს, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავაცნობიეროთ, არის ის, რომ ომის დაწყების შემთხვევაში საქართველომ უნდა მოახერხოს და დარჩეს ქვეყნად, რომელიც მზად იქნება, მიიღოს დაჭრილები ორივე მხრიდან, დაეხმაროს ჰუმანიტარული პროდუქტით მოსახლეობას, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. ომისთვის ტაშის დაკვრა და მით უმეტეს მასში რაიმე ფორმით მონაწილეობა ჩვენთვის საკონტროლო გასროლასავით იქნება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here