Home რუბრიკები საზოგადოება “ნუღარ ჩაქრები, ილიცლიცე ცადაჭრილ სვეტად”

“ნუღარ ჩაქრები, ილიცლიცე ცადაჭრილ სვეტად”

756
პრეზენტაციის მონაწილენი, ცენტრში - რუსუდან ჭუბაბრია

ჩვენი გაზეთის ამ წლის მე-19 ნომერში გამოქვეყნებული ერთი ნოველის (“ჰანა”) ნაწყვეტით (“აქ, ჩვენთან, ბრაიტონში”) ქართველმა მკითხველმა, შეიძლება ითქვას, დააჭაშნიკა აშშში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის _ რუსუდან ჭუბაბრიას შემოქმედება.

და აი, 27 მაისს ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა მისი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც, მხატვრული ლიტერატურის მოყვარული და დამფასებელი ქართული დიასპორის წარმომადგენელთა აზრით, ჭეშმარიტი პოეზიისა და პროზის დემონსტრაცია იყო.

სიტყვით გამოსულებმა აღნიშნეს ქალბატონ რუსუდანის ლირიკული პოეზიის დახვეწილობა და სიკისკასე, ბუნებრიობა და თავისთავადობა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა თარგმანებმა ბრწყინვალე რუსი პოეტების: ანა ახმატოვას, ნიკოლაი გუმილიოვის, ბელა ახმადულინასა და სხვების გადმოქართულებულმა შედევრებმა, რომლებიც თარგმანის სანიმუშო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.

“ნუღარ ჩაქრები, ილიცლიცე ცადაჭრილ სვეტად”

ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარმა და მოქანდაკემ ელისო წიკლაურმა აღნიშნა: “ასეთი შესანიშნავი საღამო ნიუ-იორკში ჯერ არ მახსოვს… არაჩვეულებრივი იყო რუსიკო თავისი სილაღით, იუმორითა და ბრწყინვალე პოეზიით; გადავსებული დარბაზი, აღფრთოვანებული, თვალზე ცრემლმომდგარი, ერთ სულ და ერთ ხორცად გაერთიანებული მსმენელები სახეებზე აღბეჭდილი ღიმილით, სიხარულით, სიყვარულით.

სამწუხაროდ, ასეთი საღამოები, არათუ ნიუ-იორკისთვის, თბილისისთვისაც უკვე იშვიათობაა. არადა, როგორ გვჭირდება… შემდეგი გაჩერება _ თბილისი”.

თბილისში კი რუსუდანის მშობლებმა მილოცვები მიიღეს.

“ცრემლი ვერ შევიკავე, სიხარულის ცრემლი. როგორ იგრძნობა, რომ რუსიკო იქაურებს ძალიან უყვართ. ტექსტიდან პირდაპირ იღვრება თითქოს ეს სიყვარული”, _ წერს მანანა გიგინეიშვილი.

შუქია აფრიდონიძე კი აღნიშნავს: “რა არაჩვეულებრივი საჩუქარი იყო ჩემთვის ამ პრეზენტაციის ჩატარების ამბისა და შემდეგ გამოძახილის გაცნობა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და თან მრავალფეროვანი წიგნებია. რუსიკო თვითონ არის ნამდვილი ბედის საჩუქარი…”

თავად რუსუდანი კი საკუთარ წარმატებას მეგობრებს უმადლის. ერთ-ერთი წიგნის (“ლექსებად წაკითხული კარდიოგრამა და გულიდან ამოცვენილი თარგმანები”) შესავალში წერს: “ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ სათარგმნად ლექსებს, მიწონებდნენ და მისწორებდნენ, მუხტს მაძლევდნენ, ელოდნენ და, ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ჩემი მოთხრობებისა თუ ლექსების წერის პროცესში. მათ მიერ ნათქვამ სიტყვას თუ მონათხრობს ზოგჯერ საოცრად შთამბეჭდავი ძალა ჰქონდა და ჩემი გული ტვინთან ერთად დაუყოვნებლივ იწყებდა დუღილს”.

ეს მეგობრობაა, რომ აძლებინებს გადახვეწილ ადამიანს უცხოობაში.

ერთ-ერთ ლექსში რუსუდან ჭუბაბრია დუმილის ენაზე საუბრობს:

, რა მსუყეა დუმილის ენა,

ენა, რომელიც საფეთქლებს გიმტვრევს,

ზიხარ სიჩუმის ქვადქცეულ სვეტში,

მალული მზერით დაჰყურებ ციფრებს.

, რა მკაცრია დუმილის ენა _

ტყვიის მარწუხი შუბლზე ძარღვს ხეთქავს,

აზრი, სიმივით ბასრი და ცივი,

დაჩირქებული თითივით ფეთქავს.

ნუთუ გაამტვრევს სულის კარიბჭეს,

ნუთუ აქამდე არნათქვამს იტყვის

არა! ავჭედე ყველა სარკმელი!

არ მაქვს უფლება არც ერთი სიტყვის!

და მაინც: თავისი კრებულებით მან თქვა “აქამდე არნათქვამი სიტყვა”.

ბარაქალა მას!

“ნუღარ ჩაქრები, ილიცლიცე!”

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here