Home სხვადასხვა დაიჯესტი ნობელის პრემიის ლაურეატი: დადგა დრო, გამოვაცხადოთ ნეოლიბერალიზმის გარდაცვალების შესახებ

ნობელის პრემიის ლაურეატი: დადგა დრო, გამოვაცხადოთ ნეოლიბერალიზმის გარდაცვალების შესახებ

1698
ჯოზეფ სტიგლიცი

აშშ და სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში ემხრობოდნენ თავისუფალი ბაზრის პროგრამას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ვერ გაამართლა, _ ამბობს ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი. ვებგვერდ Project Syndicateზე გამოქვეყნებულ სტატიაში სტიგლიცი წერს, რომ 40-წლიანი მოქმედების შემდეგ ნეოლიბერალიზმი აშშსა და სხვა ქვეყნებში აღარ მუშაობს.

დღეს განმსაზღვრელად ითვლება საკითხი იმის შესახებ, ეკონომიკური სისტემის რომელი სახეობაა უკეთესი ადამიანის კეთილდღეობისთვის. ნეოლიბერალური ექსპერიმენტი _ მდიდრებისთვის გადასახადების შემცირება, შრომისა და საქონლის ბაზრების დერეგულაცია, გლობალიზაცია _ ჩაფლავდა. ეკონომიკის ზრდის ტემპი ამჟამად იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო მეორე მსოფლიო ომიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ. შემოსავლების ათწლიანი უძრაობის თუ დაცემის შემდეგ ნეოლიბერალიზმი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ. წარმატების მისაღწევად, სულ ცოტა, სამი პოლიტიკური ალტერნატივაა: უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალიზმი, მემარცხენე-ცენტრისტული რეფორმიზმი და პროგრესული მემარცხენე-ცენტრიზმი.

მაგალითად, მემარცხენეცენტრიზმი წარმოადგენს ნეოლიბერალიზმს ადამიანური სახით. მისი მიზანია, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის _ ბილ კლინტონისა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის _ ტონი ბლერის პოლიტიკის რეალიზაცია XXI საუკუნეში, მცირე ცვლილებებით დაფინანსებასა და გლობალიზაციაში. მემარჯვენე ნაციონალიზმი ამჟამად შექმნილ ყველა პრობლემაში მიგრანტებსა და უცხოელებს ადანაშაულებს და უარყოფს გლობალიზაციას.

მიუხედავად ამისა, როგორც დაადასტურა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ, ის ემხრობა მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას, სოციალური პროგრამების დერეგულირებასა და შემცირებას ან ლიკვიდაციას.

ლიბერალიზმი

მესამე ბანაკი იცავს პროგრესულ კაპიტალიზმს, რომელიც ვარაუდობს რადიკალურად განსხვავებულ ეკონომიკურ დღის წესრიგს, დაფუძნებულს 4 პრიორიტეტზე. პირველი: აღდგეს ბალანსი ბაზარს, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ნელი ეკონომიკური ზრდა, მზარდი უთანაბრობა, ფინანსური არასტაბილურობა და გარემოს მდგომარეობის გაუარესება _ ეს არის პრობლემები, რომლებსაც წარმოშობს ბაზარი. თვით ბაზარი მათ ვერ მოაგვარებს. მთავრობები ვალდებულნი იქნებიან, შეზღუდონ და ჩამოაყალიბონ ბაზარი ბუნების დაცვის, ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და რეგულირების სხვა სახეობების მოთხოვნების გათვალისწინებით. მთავრობის ამოცანაა, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბაზარს არ შეუძლია: აქტიურად დააფინანსოს ფუნდამენტური გამოკვლევები, ტექნოლოგიები, განათლება და ჯანდაცვა.

მეორე პრიორიტეტი: აღიარება იმისა, რომ “ერის სიმდიდრე” _ ეს არის სამეცნიერო კვლევებისა და სოციალური ორგანიზაციის შედეგი, რომელიც ადამიანების დიდ ჯგუფს საშუალებას აძლევს, იმუშაოს საერთო კეთილდღეობისთვის. სოციალური თანამშრომლობის განვითარებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ ბაზრებმა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგულირება ხდება კანონის უზენაესობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები შეიძლება გამდიდრდნენ სხვების ექსპლუატაციით და არა თავიანთი მოხერხებულობით. დღევანდელი მდიდრებიდან ბევრმა გაიარა ექსპლუატაციის გზა. მათი ქმედებები გამყარებული იყო ტრამპის რენტოორიენტირებული (ინდივიდუმების, ორგანიზაციისა და ფირმების მოღვაწეობა საკანონმდებლო ან ეკონომიკური პირობების მანიპულაციით, რომელიც მიმართულია სარგებლის მისაღებად) პოლიტიკით, რომელიც ანადგურებს სიმდიდრის შექმნის ძირითად წყაროებს. პროგრესული კაპიტალიზმი საწინააღმდეგოსკენ მიილტვის.

მესამე პრიორიტეტი: საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის მზარდი პრობლემის მოგვარება საინფორმაციო უპირატესობის გამოყენებით, პოტენციური კონკურენტების მოსყიდვითა და ბარიერების შექმნით, დომინირებულმა კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ რენტოორიენტირებული ქცევები სხვების დასაზარალებლად. კორპორაციული ბაზრის გავლენის ზრდა და მშრომელთა ძალაუფლების შემცირება ხსნის უთანასწორობის ზრდას. თუ მთავრობა არ ითამაშებს იმაზე უფრო აქტიურ როლს, როგორსაც ითვალისწინებს ნეოლიბერალიზმი, ეს პრობლემები გაღრმავდება რობოტიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში მიღწევების გამო.

მეოთხე: გაწყვიტოს კავშირი ეკონომიკურ ძალაუფლებასა და პოლიტიკურ გავლენას შორის. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, განსაკუთრებით იქ, სადაც, როგორც აშშ-ში, შეძლებულ ადამიანებსა და კოპორაციებს შეუძლიათ შეუზღუდავად ჩაატარონ არჩევნები. და, სანამ აშშ უახლოვდება აბსოლუტურად არადემოკრატიულ სისტემას “ერთი დოლარი _ ერთი ხმა”, დემოკრატიისთვის აუცილებელ შეკავებისა და საპირწონეების სისტემას ცოტა შანსი აქვს, რომ გადარჩეს: ვერაფერი შეზღუდავს მდიდართა ძალაუფლებას. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური პრობლემა: ეკონომიკები უთანაბრობის ნაკლები დონით უფრო ეფექტიანად მუშაობენ. პროგრესული კაპიტალისტური რეფორმები საჭიროა დაიწყოს პოლიტიკაში ფულის გავლენისა და სიმდიდრეში უთანაბრობის შემცირებით.

არ არსებობს ჯადოსნური ხერხი, რომელიც აღადგენს ათეული წლების განმავლობაში ლიბერალიზმის მოქმედებით გამოწვეულ ზარალს, მაგრამ ზემოაღწერილის ჩარჩოებში ყველაფრისმომცველი გეგმის შემუშავებას შეუძლია ამის გაკეთება. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი გაბედულებით იქნებიან განწყობილი რეფორმატორები ისეთი პრობლემების წინააღმდეგ, როგორიც არის საბაზრო ძალაუფლება და უთანასწორობა.

ყურადღება უნდა გამახვილდეს განათლებაზე, კვლევებსა და სიმდიდრის შესაქმნელად მიმართულ სხვა ჭეშმარიტ წყაროებზე. აუცილებელია გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ ყველა მოქალაქეს ექნება ღირსეული პირობები ცხოვრებისთვის. იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოება, სამუშაოს ხელმისაწვდომობა, საარსებო მინიმუმი, სამედიცინო მომსახურება, ღირსეული საცხოვრისი, პენსიაზე გასვლა თუ შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.

ეს ყველაფერი შესაძლებელია. ნაციონალისტებისა და ნეოლიბერალების ალტერნატიული ვარიანტები უფრო მეტი სტაგნაციის, უთანასწორობის, გარემოს პირობების გაუარესებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გარანტიას იძლევა. ეს კი უკიდურესად ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.

პროგრესული კაპიტალიზმი _ ეს არ არის ოქსიუმორონი (გონებამახვილური სისულელე, პარადოქსი), ეს არის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და ნათელი იდეოლოგია, რომელმაც მარცხი განიცადა. ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური კრახის თავიდან აცილების შანსი.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here