მთავარი პოლიტიკა ნებაყოფლობითი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე

ნებაყოფლობითი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე

508
გააზიარეთ
მამუკა ბახტაძე

განათლება ყველა ერისთვის უმნიშვნელოვანესია. გაუნათლებელი თაობა ადვილი სამართავია, თუმცა საკმარისია, რამდენიმე გაუნათლებელი თაობა ერთმანეთს მიებას და უკვე სახელმწიფოს არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან დღეს მეზობელი ქვეყნები ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებენ. ისე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, საქართველოს ოდესმე მეზობლების მიმართ თუნდაც სადავო ტერიტორიებზე განეცხადებინოს ხმამაღალი პრეტენზია.

ეგ კი არა, ახლა იმასაც ამბობენ, აზერბაიჯანში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი თავის კოლეგას საზღვრის დადგენაზე შეუთანხმდაო. ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანი საზღვრის ხაზების გავლების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან სადავოდ დავითგარეჯის სამონატრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიასა და ჩიჩხიტურის კოშკს მიიჩნევდა და მათ დათმობას არ აპირებდა. საზღვრის დემარკაცია თუ მართლა მოხდება და თანაც ისე, რომ გარკვეულ ტერიტორიას დავთმობთ, ეს მარტივ ენაზე ღალატი იქნება, ოფიციალურ ენაზე კი _ სახელმწიფოსა და ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

ისევ განათლებას დავუბრუნდეთ, სფეროს, რომელიც ყველას ხელში ნაკვერჩხალივით უჭირავს და მის მოშორებას ცდილობს. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება აბურთავებდა განათლების სისტემას საექსპერიმენტო მოედანზე და განათლების მინისტრის პოსტზე ისეთი ადამიანებიც კი მოსვა, როგორიც არან გაუნათლებელი ალექსანდრე ლომაია და გია ნოდია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა: ნახავთ, როგორი განათლება გვექნება, მსოფლიოს გავაოცებთ და, რაც მთავარია, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ავაშენებ და ქვეყანას ვაჩუქებო. ივანიშვილმა გამოაქვეყნა გეგმაც, რომელიც 2016 წელს უნდა განხორციელებულიყო და ჩვენ ის სისტემა უნდა გვქონოდა განათლების სფეროში, რომელიც მსოფლიოს გააოცებდა…

ივანიშვილის წასვლისა და ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ განათლების სფერო კვლავ აღიარეს პრიორიტეტად, თუმცა ამჯერად მსოფლიოს გასაოცებელმა სისტემამ ცოტა გადაიწია და ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში მისი დასრულების ვადად 2018 წელი გამოცხადდა. შედეგად მივიღეთ ივანიშვილის მიერ შემუშავებული გეგმის განახლებული ვარიანტი ორწლიანი გაგრძელებით.

ისე როგორ იქნებოდა, ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ მის შემცვლელ გიორგი კვირიკაშვილს მთავარ გამოწვევად კვლავ განათლება არ დაესახელებინა, თუმცა, წინამორბედის დარად, გეგმა კვირიკაშვილმაც შეცვალა და მსოფლიოს გასაოცებელი განათლების სისტემის რეფორმის დასრულების თარიღად 2021 წელი დაასახელა. წესით, მხოლოდ ორი წელი უნდა მიემატებინა, მაგრამ, მოგეხსენებათ, 2020-ში რამე დასრულდებაო, რომ ეთქვა, ეს მოქმედი ხელისუფლების მმართველობის დასასრულთან გაიგივდებოდა, 2019 ძალიან ახლოს იყო და ამიტომ თქვა 2021 წელი. სხვათა შორის, ვინც არ იცის, სწორედ ეს დამტკიცებული გეგმა დევს განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მაგრამ გვგონია, რომ შეიცვლება, რადგან მანამდე იმავე გვერდზე ღარიბაშვილის მიერ დამტკიცებული გეგმა იდო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ პრემიერების ცვლილებასთან ერთად განათლების მინისტრებიც იცვლებოდნენ. ერთი ეგ იყო, გიორგი მარგველაშვილი წავიდა საკუთარი ნებით, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს, თორემ შემდეგ ჯერ თამარ სანიკიძე აუშვეს სახლში, შემდეგ _ ალექსანდრე ჯეჯელავა, მას მიხეილ ჩხენკელი მიაყოლეს და ახლა განათლების სისტემა მიხეილ ბატიაშვილზე დგას… იმ ბატიაშვილზე, რომელმაც გამოცდები გააუქმა.

კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ ახალმა პრემიერმა ბახტაძემ განათლების სისტემისთვის ვერ მოიცალა. მას სხვაც ბევრი დახვდა გასარკვევ-გასაკეთებელი, თანაც, წინა პრემიერის მიერ შემუშავებულ-დამტკიცებული გეგმა ხომ უკვე მაგიდაზე იდო და განათლების სამინისტროც ამ სტრატეგიას 2017 წლიდან მიჰყვებოდა, მაგრამ სამინისტრო ბჭობდა, პრემიერი იცინოდაო, თუ არ გაგიგიათ, ახლა გაიგებთ…

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ, თუ ქვეყნის ეკონომიკაში განალების სექტორს არ აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრი, 21- საუკუნეში ასეთ ერებს უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ორიენტირიც, რომ აღნიშნული იდეის რეალიზაციის შემდეგ, განათლების სექტორი გახდეს დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს, მინიმუმ, ორნიშნა ციფრი _ მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%. 2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სისტემა, რომლის ბიუჯეტიც იყო 700 მილიონი. 2019 წლის ბიუჯეტში ეს რიცხვი 1.6 მილიარდია. გვაქვს გეგმა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში განათლების სისტემის ბიუჯეტი 2 მილიარდი იყოს, 2021 წელს _ 2.5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-, ანუ იქნება 3.4 მილიარდი”, _ განაცხადა ბახტაძემ.

ბატონო მამუკა, ჯერ ის ვთქვათ, რომ “იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრი _ მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%” რას ნიშნავს?! მინიმუმ ორნიშნა ციფრი, ანუ მაქსიმუმ სამნიშნა? ხომ ხვდებით, რომ აბსურდია, რადგან პირველი სამნიშნა ციფრი 100-ია და 100% განათლების სისტემაზე კი არა, ვერაფერზე დაიხარჯება. ეს ერთი.

მეორე _ 2012 წელს რომ 700 მილიონი იყო ბიუჯეტი, დოლარში იმ მონაცემებით ეგ თანხა 411 მილიონია და დღევანდელი 1.6 მილიარდი იმავე დოლარში 592 მილიონია, ანუ 7 წლის განმავლობაში რეალურად 181 მილიონი დაემატა განათლების სისტემას და არ გაგიორმაგებიათ.

და მესამე _ გამოდის, რომ 2022 წელსაც კი 3.4 მლრდ-ით ვერ ვახერხებთ სასურველ ორნიშნა ციფრამდე მისვლას _ განათლების სისტემა, სულ ცოტა, 3 წლის განმავლობაში კიდევ ექსპერიმენტების სფერო იქნება. იმის გარანტიას ჩვენ მოგცემთ, რომ 2022 წლისთვის პრემიერი არ იქნებით და იმასაც გეტყვით, რომ თქვენი შემცვლელი აუცილებლად დაიწყებს საკუთარი გეგმის განხორციელებას, შეცვლის თქვენ მიერ დალაგებულს ზუსტად ისე, როგორც თქვენ ცვლით წინამორბედისას და ისე, როგორც წინამორბედმა წინამორბედის გეგმა შეცვალა. ჰოდა, ვიტრიალებთ ასე ერთ წრეზე, დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ არნახულსა და გაუგონარს ვაკეთებთ, რომ საამისოდ ყველა რესურსი გვაქვს, რეალურად კიბატონო მამუკა, ეს არეული ციფრები დამინიმუმ ორნიშნა ციფრისწამოცდენა, იცით, რისი ბრალია?! არ ხართ მზად რეფორმისთვის, ვიღაცამ დაგიწერათ, დაგიხაზათ, და თქვენც წაუკითხავად და ანალიზის გარეშე მოგვახსენეთ; მინიშნებითაც კი არ გითქვამთ, რომ გამოცდების გაუქმება, რომელიც ერმა თუ ბერმა გააპროტესტა, განათლების სისტემაზე უარყოფითად აისახება. გამოდის, ეთანხმებით იმას, რომ ბავშვებმა ატესტატი გამოცდების გარეშე აიღონ და ფულის გადახდის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ჩაიდონ ჯიბეში. განათლების სისტემის მთავარი ფუნქცია ხომ ცოდნის მიცემა უნდა იყოს და არა დიპლომის. თუმცა მთავარი ესეც არ არის?!

პოლიტიკაში მობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოში დემოკრატია საგრძნობლად უსწრებს ეკონომიკასო და თითქმის ანალოგიური რამ თქვით თქვენც, ოღონდ განათლების სისტემაზე. თქვენი სიტყვებით, ეკონომიკა ვერ ეწევა განათლებას, ე.ი., მთავარ პრობლემად თქვენც ეკონომიკა მიგაჩნიათ. ეს ის შემთხვევაა, როცა ბოლომდე უნდა დაგეთანხმოთ თქვენც და ბატონ ბიძინასაც _ ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის მთავარი მიზეზი ეკონომიკაა და არა სხვა რამ. რომ არა ეკონომიკური სიდუხჭირე, რომ არა უმუშევრობა, რომ არა მიზერული ხელფასები და პურის ფულის საშოვნელად წელში გაწყვეტილი მოსახლეობა, პრობლემების მოგვარებას ხალხი თვითონ შეძლებდა. როგორ? მაგასაც მოგახსენებთ.

ხალხს, ეკონომიკურად წელში გამართული რომ იყოს, შვილებს საკვებით, ტანსაცმლით რომ უზრუნველყოფდეს, აუცილებლად დარჩებოდა იმაზე ფიქრის დრო, როგორ მიეცა შვილისთვის უკეთესი განათლება. მოსახლეობა თვითონ აწევდა განათლების ხარისხს, აიძულებდა მასწავლებელს, მეტი ეშრომა, აიძულებდა სასწავლებელს, მეტი გაეცა და, თუ აქ არ მოეწონებოდა, შვილს საზღვარგარეთ გაუშვებდა, იმ ევროპულ სასწავლებლებში, რომლებსაც ვეტოლებით და რომლებიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისთვის არის. მერე კონკურენციაც გაიზრდებოდა და კონკრეტულ ვაკანსიაზე ერთის ნაცვლად ასი განათლებული მოვიდოდა. ასიდან 99 უარს რომ მიიღებდა, სწორედ ის 99 მოინდომებდა უფრო მეტს, დაძებნიდა, მოიკითხავდა, ისწავლიდათუმცა ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, სერიოზული ფინანსები. საუბარი არ არის მხოლოდ წიგნზე, აქ საუბარია კომპიუტერზე, რომელიც უკვე ყველა აბიტურიენტსა თუ მოსწავლეს სჭირდება და რომელიც არ არის იაფი.

სხვათა შორის, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ჩვენ მიერ დაანონსებული რეფორმებით აქაური ელჩები დაინტერესდნენ და შეხვედრას შეხვედრაზე ვმართავთ, რათა ჩვენი პროგრამა გავაცნოთო. ბოლოს ისრაელის ელჩი გაეცნო საქართველოს “ნოუ ჰაუს” და უთქვამს: ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ და ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებსო. რა თქმა უნდა, ეს ყველას გაუხარდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია _ ვერავის წარმოუდგენია, როგორ შეიძლება გამოცდების გარეშე განათლების მიღება და ამიტომ მშვენიერი ექსპერიმენტი აქვთ თვალწინ, რომელსაც ერი ნებაყოფლობით ატარებს საკუთარ თავზე: გაამართლებს ექსპერიმენტი _ წაიღებენ თავის ქვეყანაში, არ გაამართლებს და _ სხვა ექსპერიმენტებს დაელოდებიან.

ჰო, ისევ ექსპერიმენტების ქვეყანა ვართ, ბატონო მამუკა, და თქვენ მიერ დასახელებული ციფრები შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა თქვენ მიერვე ნათქვამი ფრაზა: არაფერი გვეშველება მანამ, სანამ მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრი არ დაიხარჯება განათლებაზეო. ეს 2022 წლისთვისაც კი ვერ ხერხდება და მერემერე თქვენ პრემიერი აღარ იქნებით, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრემიერს საქართველოში სამი წელი გაეძლოს. მერე მოვა თქვენი შემცვლელი, ახალ გეგმას მოიგონებს, განათლების მინისტრსაც შეცვლის და ევროპელი ელჩები ისევ ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ ატარებს საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტს ხელისუფლებაჰო, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან გაგიხარდებათ და ეჭვი გვაქვს, ბოლოს გაღიმებული დავრჩებით ყველა

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here