მთავარი პოლიტიკა ნაცების რეალური სახე და ნიღბის თვითჩამოგლეჯა პირდაპირ ეთერში

ნაცების რეალური სახე და ნიღბის თვითჩამოგლეჯა პირდაპირ ეთერში

1843
გააზიარეთ
ომი

ყოველ აგვისტოს რამდენიმე დღით რომ აქტიურდება 2008 წლის რუსეთსაქართველოს მოკლევადიანი ომის თემა, ახალი ამბავი არ არის. უამრავი დისკუსია გვინახავს და უამრავი ვერსია მოგვისმენია იმის შესახებ, ვინ არის პატრიოტი და ვინ _ მოღალატე. ურთიერთბრალდებების ძალიან ფართო სპექტრიც სააშკარაოზეა გამოტანილი, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ომის 11 წლის თავზენაციონალურმა მოძრაობამმაინც მოახერხა ჩვენი გაოცება აგვისტოს ომის გარშემო ახალი და აქამდე გაუხმაურებელი თემის შემოგდებით.

წელს შევიტყვეთ, რომ თურმე ასე ძალიან ანტირუსული და ანტიპუტინისტური იმიჯის მქონე საქართველოს ხელისუფლება (ყოფილი) სწორედ რუსეთისა და პუტინისთვის სახის შენარჩუნებას ცდილობდა აგვისტოს ცხელ დღეებში, თანაც მთელი ერთი კვირის განმავლობაში და საკუთარ მოსახლეობას უნამუსოდ ატყუებდა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი არის ის, რომ ამას მათ განა ვინმე აბრალებს, არა! თვითონ ნაცების ბობოლა ლიდერები აკეთებენ ასეთ განცხადებებს სხვადასხვა ეთერიდან.

მაგალითად, ნაციონალების ხელისუფლების ყოფილმა შინაგან საქმეთა და მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა: ჩვენ 9 აგვისტომდე ვცდილობდით, არ გვეღიარებინა რუსეთი, როგორც ომში მონაწილე მხარე; ვაცხადებდით, რომ როკის გვირაბთან მოქმედებდნენ სეპარატისტების შეიარაღებული ჯგუფები. დიახ, ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით, რუსეთისთვის შეგვენარჩუნებინა სახე, რათა მას მსოფლიოს თვალში ოკუპანტის იმიჯი არ ჰქონოდა და მიგვეცა შესაძლებლობა, ისე შეეწყვიტა საომარი მოქმედებები, რომ არ შექმნილიყო სურათი, რომ საქართველომ ის ომში დაამარცხა”.

დამეთანხმებით, ასეთ ბოდვას იშვიათად მოისმენს ადამიანი. თვით ნაციონალებისგანაც კი წარმოუდგენელია ასეთი დონის სისულელე, რომ თითქოს რუსეთი (რომელიც 8 აგვისტოდან უკვე ოფიციალურად იყო ჩაბმული საომარ მოქმედებებში და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ოფიციალურად ჰქონდა გაცხადებული საქართველოსთან ომი) სეპარატისტული რეგიონების, მათი თვალდახედვით თავისუფალი არჩევანის უფლების მქონე ქვეყნების _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის მოტივით “ისარგებლებდა” საქართველოს მიერ მიცემული “შესაძლებლობით”, რათა მსოფლიოს თვალში არ დარქმეოდა ოკუპანტი და შეწყვეტდა ომს.

ეს იმაზე უარესი სისულელეა, ვიდრე ის, რასაც ნაციონალები აქამდე ამბობდნენ: “რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და მსოფლიოს პუტინის ნამდვილი სახე დავანახვეთ, ეს კი 2008 წლის აგვისტოს ომში გამარჯვების ტოლფასია!”

გაუგებარია, როდის ეკეთა რუსეთს ნიღაბი და ან რისი ნიღაბი იყო ის, რომელიც, ნაცების აზრით, რუსეთს ეკეთა?

ვინმეს შეუძლია ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, ერთი განცხადება მაინც მოიტანოს იმის საილუსტრაციოდ, რომ ვლადიმერ პუტინს საჯაროდ არ ჰქონდა დეკლარირებული რუსეთის პირდაპირი სტრატეგიული ინეტერესი სამხრეთ კავკასიაში?

სწორედ 2008 წლის ომამდე სულ რაღაც ორიოდე თვით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საჯაროდ განაცხადა: რუსეთი სასიცოცხლო ინტერესად მიიჩნევს იმას, რომ ნატოს სამხედრო ობიექტები არ მოახლოვდნენ სამხრეთ კავკასიის გავლით რუსეთის საზღვრებთან. თუ ამის მცდელობა გაგრძელდება, მზად ვართ, საომარ მოქმედებებშიც ჩავებათ”.

გიორგი ბარამიძე და მიხეილ სააკაშვილი

ნუთუ ეს ნიღაბია? ნუთუ ასე ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ ლავროვი “სამხრეთ კავკასიაში ნატოს მოახლოების” მიზეზად სწორედ საქართველოს განიხილავდა? და როდესაც სახელმწიფო ასე აცხადებს, თუ საჭიროებას დავინახავთ, ომშიც ჩავებმებითო, სადაა აქ შეფარულობა და რომელ ნიღაბს გულისხმობენ ნაცების ჩასვრილი ლიდერები?

ყოველივე ამას ნაცები ბოლო 11 წლის განმავლობაშიც გაიძახოდნენ და მათგან ვერც ერთ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ ამ უაზრო ნიღბის თეორიას შეჩვეულნი ვართ. სამაგიეროდ, პირველად გვესმის, რომ თურმე სანამნიღაბს ჩამოჰგლეჯდნენ”, ისინი თვითონვე ზრუნავდნენ და უფრთხილდებოდნენ სწორედ იმავენიღაბსრუსეთის სახეზეაი, ახალი ამბავი, საოცრება და სკანდალიც, თუ გნებავთ, სწორედ ეს არის.

თურმე ნუ იტყვით და, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბიდან 1 აგვისტოს შემოჭრილა, მძიმე ტექნიკაც შემოუყვანია, პოზიციებიც გაუმაგრებია და ქართულ სოფლებსაც თურმე სწორედ ოფიციალური რუსული სამხედრო შენაერთები ბომბავდნენ _ ეს უკვე ახლა, 2019 წლის 8 აგვისტოს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ და ბოლო პერიოდამდე რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძემ.

ამის მიუხედავად, 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ნაციონალების ხელისუფლება მთელი 8 დღის განმავლობაში ჯიუტად იმეორებდა, რომ საომარ მოქმედებებს ატარებენ სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებები და რუსეთიც კი გაოცებული და აღშფოთებულია მათი ასეთი თავხედობითო.

ასეთი განცხადებები 2008 წლის 8 აგვისტოს იმავე გრიგოლ ვაშაძემ და იმჟამინდელმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთეს. ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური, გენერალი კულახმეტოვი გაოგნებულია. მან პირდაპირ განმიცხადა, რომ ოსი სეპარატისტები მას უკვე აღარ ემორჩილებიან, ყურად არ იღებენ მის რჩევებს და აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. კულახმეტოვმა გვითხრა, რომ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ”, _ ეს სიტყვები თემურ იაკობაშვილს ეკუთვნის. ასეთივე რიხით გამოვიდა ქართული სამშვიდობო ძალების მეთაური გენერალი ყურაშვილი, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ რუსები შოკში არიან და რუსულმა მხარემ მას სთხოვა მოსკოვში სტუმრობა სიტუაციაში უკეთ გასარკვევად.

ასეთი იყო 2008 წლის 8 აგვისტოს ღამე. აგერ ახლა კი, უკვე 2019 წლის 8 აგვისტოს, გაირკვა, რომ ამ განცხადებების გაკეთების მომენტში ნაციონალების ამ ბობოლა ჩინოსნებმა უკვე 8 დღით ადრე იცოდნენ, რომ სინამდვილეში საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ოფიციალური რუსული სამხედრო შენაერთები და ქართულ სოფლებს სწორედ ისინი ბომბავდნენ.

მხოლოდ 9 აგვისტოს საღამოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სპეციალურ ბრძანებულებაში აღინიშნა ოფიციალურად, რომ საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა აქაც გაუგებარი რჩება, თუკი ნაციონალების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსეთისთვის “სახის შენარჩუნებას” აზრი აღარ ჰქონდა, მაშინ რატომ ჩაწერა პრეზიდენტმა ბრძანებულებაში, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 8 აგვისტოს დილით შემოვიდნენ”?

ვიმეორებ, მთელი ეს აბდაუბდა, ანუ ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, რუსეთისთვის მიეცა შანსი, ოკუპანტის სტატუსის გარეშე შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები, ხოლო რუსეთმა ეს შანსი არ გამოიყენა, არის ნაცების ნარატივი და მე ამ წუთას კითხვებსაც სწორედ მათივე ნარატივიდან გამომდინარე ვსვამ, თორემ სინამდვილეში რა როგორ იყო, ეს ძალიან ნათლად წერია ტალიავინის ცნობილ დასკვნაში (და ევროკავშირის ანალოგიურ რეზოლუციაში, რომელსაც ნაცების მაშინდელმა დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი).

მაშ ასე, ნაცების ნარატივით, ისინი 9 აგვისტომდე ცდილობდნენ, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო; ცდილობდნენ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით შეეგნებინებინათ მისთვის, რომ 1 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი ჯარი უკან გაეყვანა და, მარტივად რომ ვთქვათ, “არ გაუბაზრებდნენ” ამ ამბავს…

აი, 9 აგვისტოს კი მიხეილ სააკაშვილი და კომპანია დარწმუნდა, რომ ამას აზრი აღარ ჰქონდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა _ ფუჭი. ამის შემდეგ, იმავე ბარამიძის, ვაშაძისა და სხვათა თქმით, გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობისთვის, ქართველი ერისთვის სიმართლე ეთქვათ და მიხეილ სააკაშვილმა თავის ბრძანებულებაში უკვე აღნიშნა რუსეთის სამხედრო ძალის შემოჭრის ფაქტი, მაგრამ ამ ფაქტის თარიღად მიუთითა… არა 1, არამედ 8 აგვისტო! რატომ? _ ამ კითხვაზე უკვე თავისივე დემაგოგიასა და ტყუილებში ახლართულ ნაცებს პასუხი არ აქვთ და ისევ კარგად ცნობილ ისტერიკაზე გადადიან, კერძოდ _ “რუსეთის აგენტისა” და “პუტინის მონას” ძახილზე…

ეს ცირკი კიდევ უფრო კომიკურ ხასიათს იძენს, როდესაც ამ ეპითეტებით “გამკობენ” ის ადამიანები, რომლებსაც 8 დღის განმავლობაში უზრუნიათ რუსეთისთვის არაოკუპანტი, არამტერი, სამხედრო მოქმედებებში არამონაწილე ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებასა და პუტინის ნამუსის შენახვაზე.

საბოლოოდ რა გამოდის? _ ნაციონალებმა თვითონ ააკრეს რუსეთს ის ნიღაბი, რომელიც შემდეგ თვითონვეჩამოჰგლიჯესდა მთელი ეს ტრაგიკომედია ქართველ ხალხს სერიოზული ადამიანური მსხვერპლის, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვისა და ასიათასობით ადამიანის დევნილად ქცევის ფასად დაუჯდა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნაციონალებმა ამჯერად უკვე თვითონ ჩამოიგლიჯეს ნიღაბი, რომელიც 2003 წლიდან ეკეთათ. ეს იყო პატრიოტის, დამპყრობელთან მეომრისა და თავგანწირული გმირის ნიღაბი, რომლის უკან ქვეყნის გამყიდველის, სახელმწიფოს მოღალატისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების ნამდვილი სახეა…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here