Home რუბრიკები პოლიტიკა “მცირე მთავრობის” დიდი აფერა

“მცირე მთავრობის” დიდი აფერა

3515
მთავრობა

ჯერ კიდევ 2014 წელს, ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან, სულ რაღაც, წელიწადნახევარში, “ოცნებისმთავრობამ პრემიასდანამატირომ დაარქვა და მერე ტრაბახი დაიწყო: ნახეთ,რა კარგი მთავრობა ვართ, პრემიებს არ ვიღებთო, მაშინვე კოჭებში ეტყობოდა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ნამუსთან ისიც ზუსტად ისევე იყო მწყრალად, როგორც მათი წინამორბედი.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ამბავი მაშინვე მკაცრად გააპროტესტა და გააკრიტიკა: რას გვატყუებთ? “პრემიას” დაარქმევთ, “დანამატს” თუ “მაიტა, მომეცის”, რა მნიშვნელობა აქვს? სახელი შეიძლება იცვლება, მაგრამ შინაარსი ხომ იგივე რჩება?! სახელმწიფო მოხელეები ისედაც მაღალ და არამ ხელფასზე დამატებით იღებენ თანხას და ამ თანხას რა ერქმევა, რა მნიშვნელობა აქვს?! მიუხედავად ამ შიშველი ჭეშმარიტებისა, “ოცნების” საპარლამენტო დეპუტატებმაც და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც ისევ მშვიდად და უნამუსოდ განაგრძეს სატელევიზიო შოუებში ლაპარაკი, რომ “ოცნება” საქართველოში პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც უარი თქვა პრემიებზე.

უტიფრობის ასეთი უიშვიათესი უნარის მიუხედვად, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს “საოცნებო” ხელისუფლების შუბლძარღვწყვეტა იქამდე მივიდოდა, სადამდეც დღეს არის მისული…

“მცირე მთავრობა” _ ეს ის ულტრათანამედროვე ნოუ-ჰაუა, რომელსაც “ოცნება” ქართველ საზოგადოებას “დაბოლების” ახალ ეტაპზე სთავაზობს. თურმე ჩვენი ქვეყნის წარუმატებლობა, ეკონომიკური სტაგნაცია და მატერიალური სიდუხჭირე იმის ბრალი ყოფილა, რომ აქამდე “დიდი მთავრობა” გვყავდა. ახლა, როდესაც “მცირე მთავრობა” გვეყოლება, იბერიის გაბრწყინებას უკვე აღარაფერი დააკლდება და ყველანი ბედნიერი ვიქნებით. ისე, აქამდე გადამდგარ არც ერთ პრემიერმინისტრს არ უთქვამს, რომ მისი პრემიერობისას ქვეყანაში რამე ცუდი ხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილიც და გიორგი კვირიკაშვილიც მხოლოდ და მხოლოდ მათი პრემიერობის პერიოდში ქვეყანაში მომხდარ სასიკეთო ძვრებზე საუბრობდნენ და თავიანთ გადადგომას არა რაიმე წარუმატებლობას, არამედ “ახალი სისხლის საჭიროებას” მიაწერდნენ… აღარაფერს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის გადადგომაც წელიწად-ნახევრით ადრე იყო დაანონსებული.

მიუხედავად ამისა, ყოველი მომდევნო პრემიერი ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანას და მატერიალური სიდუხჭირის დაძლევას გვპირდება და, რაც მთავარია, საამისოდ სრულიად ექსტრაორდინარულ სვლებს გვთავაზობენ ხოლმე.

მაგალითად, ფრიად საინტერესო იყო კვირიკაშვილის აღზევების “საფანელი”, რომლითაც იგი ერთგვარი ტრიუმფითა და ფანების ჯგროს თანხლებით მოვიდა ქვეყნის პირველ პირად. ეს “საფანელი” გახლდათ გაწონასწორებული პრემიერი”.

ყველას გემახსოვრებათ, როგორი აღტაცებითა და ქებით მოიხსენიებდა კვირიკაშვილს “ოცნების” მეხოტბეთა დიდი ჯგუფი სოციალურ ქსელებში, როგორც დინჯ, გაწონასწორებულ, მშვიდ ადამიანს. საქართველოს ახლა სწორედ ასეთი პრემიერმინისტრი სჭირდება”, “ძლივს არ ვეღირსეთ გაწონასწორებულ, დალაგებულ ადამიანს ქვეყნის სათავეში?!”

როგორც ხდება ხოლმე, ფაქტია, რომ ეს “შტაბიდან დავალებული” ფრაზები იყო და ფართოდ ვრცელდებოდა ქართველ საზოგადოებაში.

სხვათა შორის, დაკვირვებული ადამიანი აუცილებლად შენიშნავდა, რომ კვირიკაშვილის ამ მიმართულებით ქება-დიდება, ფაქტობრივად, მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის, ლანძღვას ნიშნავდა _ რომ ღარიბაშვილიც სააკაშვილის “გზას გაუყენეს” და ფრაზა _ “კვირიკაშვილის მსგავსი გაწონასწორებული და მშვიდი მთავრობის მეთაური საქართველოს ჯერ არასოდეს ღირსებია”, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის გარდა, “ოცნების” ლიდერების _ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის “გიჟად და გადარეულად” გამოცხადებასაც ნიშნავდა, მაგრამ, როდესაც თითქმის გაფარჩაკებამდე მისულ მმართველ ძალას პოლიტიკური დივიდენდები ძალიან სჭირდება, ასეთ “წვრილმანებს” ვინღა დაგიდევს?!

მთავარია, როდესაც ყავლი გაუვა მანამდე აქტიურ თაღლითურ პოლიტიკურ ტრენდს, ახალი, შედარებით ეფექტიანი მოიგონონ და გარკვეულ პერიოდს ამ ახალი ტრენდით ასაზრდოონ ხალხი. მაგალითად, როდესაც “ჩვენ პრემიას არ ვიღებთ”-სა და “გაწონასწორებული პრემიერი კარგია”-ს ყავლი გაუვიდა, მალევე შემოაგდეს “უდაცვო პრემიერის” თემა. გახსოვთ, ალბათ, კვირიკაშვილი რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შესახვედრად “დაცვის გარეშე” მივიდა. “ჩემი პრემიერი! სწორედ ასეთი წარმომედგინა, ჩემი ქვეყნის პირველი კაცი! სრულიად მარტო, დაცვის გარეშე, იდგა უნივერსიტეტთან მიწისქვეშა გადასასვლელში და სტუდენტებს ესაუბრებოდა!” _ წერდა ერთ-ერთი აღფრთოვანებული ხბო სოციალურ ქსელში. ასეთივე ხბოები ხმაშეწყობილად შეჰბღაოდნენ “უდაცვო პრემიერს” ხოტბას და იდგა ერთი ჟრიამული: აი, ახლა კი ნამდვლად გაბრწყინდება ივერია, რადგან ჩვენი პრემიერი დაცვის გარეშე დადისო.

არადა, ჯერ ერთი, სრული სისულელეა იმის დაჯერება, რომ გიორგი კვირიკაშვილი ოდესმე სადმე უდაცვოდ მივიდა. ეს ჩვეულებრივი, ძალიან დაბალი დონის პიარსვლა იყო და მის შორიახლოს დაცვის თანამშრომლები მაინც ტრიალებდნენ; მეორეც _ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის სადმე უდაცვოდ სიარული არის არა დადებითი და აღსაფრთოვანებელი მოვლენა, არამედ უპასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და საფრთხის შექმნა იმ ადამინებისთვისაც, რომლებთანაც იგი უდაცვოდ მივიდა.

როგორ ფიქრობთ, რომელიმე ტერორისტს რომ შეეტყო, პრემიერი აქა და აქ, ამა და ამ დროს დაცვის გარეშე იქნებაო და თუნდაც მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა აემოქმედებინა, მხოლოდ პრემიერის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე? იქ მყოფ სხვა ადამიანებს, იმ კონკრეტულ შემთხვევაში კი სტუდნეტებს, არაფერი დაემართებოდათ? წესით, ჩამოყალიბებულმა, ნორმალურმა საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები დაცვით დადიან თუ დაცვის გარეშე, ამას ისინი პიროვნულად არ წყვეტენ! ეს შესაბამისი ნორმატიული აქტებით მკაცრად განსაზღვრული პროცედურაა და მისი დარღვევის უფლება ყველაზე ფართო უფლებების მქონე პრეზიდენტებსაც არ აქვთ. თუკი ეს საჭიროებად ჩაითვლება, ქვეყნის პირველი პირის გადაადგილებისა და ნება-სურვილის შეზღუდვის უფლებაც კი აქვთ დაცვის სპეციალურ სამსახურებს, მისივე და სახელმწიფოს უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ასე რომ, აღფრთოვანება და ჟივილ-ხივილი იმის გამო, რომ რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი დაცვის გარეშე დადის, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დაბალ განვითარებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების არსის სრულ უცოდინარობაზე მიუთითებს. სწორედ ასეთ ჩამოუყალიბებელ საზოგადოებაშია შესაძლებელი იმ ტიპის პიარიც, რომელიც სახელმწიფო მოხელეების ავტომობილებს უკავშირდება. აქაც პიონერი კვირიკაშვილია. “გიორგი კვირიკაშვილი უარს ამბობს შავი ჯიპით გადაადგილებაზე!” _ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ჰქონდათ აღფრთოვანებისა და ხოტბის საგნად “ხბოებს”. არადა, კვირიკაშვილი შეხვედრებზე ისეთი “მინივენით” დადიოდა, რომელიც ჯიპზე გაცილებით ძვირი ღირს. აშკარა იყო საზოგადოების ნაწილის გასულელება, რადგან, როდესაც სახელმწიფო მოხელეების ავტომობილებს აპროტესტებდა ვინმე, არა მგონია, მას გართულება ამ ავტომობილების მარკასა და მოდელზე ჰქონოდა. აქ მთავარი აქცენტი იყო ფასზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მაღალჩინოსნების ავტომობილები ძალიან ძვირი ჯდებოდა (თვითონ მაღალჩინოსნების საქმიანობა _ კიდევ უფრო ძვირი), თორემ ამხელა ფასს სახელმწიფო “ჯიპში” გადაიხდიდა, “მინივენში” თუ “სედანში”, რა მნიშვნელობა აქვს?!

სხვათა შორის, “პიარის” ეს მიმართულება ისეთი ეფექტიანი გამოდგა გაუცნობიერებელ და მოუმზადებელ, ჩამოუყალიბებელ საზოგადოებაში, რომ უკვე თბილისის მერმა კახა კალაძემ იგივე მიმართულება უფრო განავრცო, ჩამოაყალიბა და წარმოუდგენელ სიმაღლეებზე გავიდა: “ხელისუფლებასა და სახელმწიფო მოხელეებს მოვუწოდებ, უარი თქვან შავ ჯიპებზე და თეთრი ჯიპები შეიძინონ!” _ მკაცრი და სერიოზული სახით განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა და ენერგეტიკოსმა მერმა.

ოცნებისხელისუფლებისგან მსგავს უტიფარ, საზოგადოების გაუცნობიერებელ ნაწილზე ზემოქმედების მომხდენ სულელურ ფრაზებს მიჩვეული რომ არ ვიყო, ეს ფრაზა ხუმრობად მომეჩვენებოდა

როგორ?! ნუთუ ჩვენს საზოგადოებას ჯიპის ფერზე აქვს გართულება?! ნუთუ მთელი ეს ათეული წლები საზოგადოება რომ აპროტესტებს, _ მაღალჩინოსნები მეტისმეტად ძვირად ღირებული შავი ჯიპებით დადიანო, კალაძემ “ძვირად ღირებული” ვერ მოისმინა და ჰგონია, რომ ხალხს მხოლოდ “შავზე” აქვს გართულება? ავტომობილი თუ, დავუშვათ, მილიონი ღირს, რა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფო ამ მილიონს თეთრში გადაიხდის თუ შავში?!

საქმეც ეგაა, რომ ასეთ აბსურდებზე სპეციალურად გვალაპარაკებენ და რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. ახლაც, როგორც დასაწყისში გითხარით, როგორც ჩანს, “უდაცვო გაწონასწორებულმაამოწურა თავისი რესურსი (წონასწორობა დაკარგა, რა) და უკვემცირებახტაძეს გვტენიან ცხვირშითანაც გვეუბნებიან, “ბრენდული ქვეყანაუნდა გავხდეთო აი, ეს რაღა ჯანდაბას ნიშნავს, ნამდვილად ვერ გავიგე… კაი, ბატონო, გავხდეთ, მაგრამ აქვე ერთ ანეკდოტსაც გაგახსენებთ, რომელიც თეთრი და შავი ჯიპების თემას ზუტად ესადაგებს და იმასაც ზუსტად ხატავს, რომ არავითარი განსხვავება არ არის, მთავრობას “მცირეს” დავარქმევთ თუ “დიადს”, თუკი შინაარსობრივად არ შეიცვლება რამე, შედეგი მაინც იგივე იქნება:

კაცი მიდის მინდორში და დაინახა ცხვრის ფარა. ნაწილი თეთრია, ნაწილი _ შავი. დაინტერესდა კაცი და მწყემსს ჰკითხა: რამდენი ცხვარი გყავსო?

_ რომელი გაინტერსებს: თეთრი თუ შავიო? _ კითხვა შეუბრუნა მწყემსმა.

_ დავუშვათ, თეთრიო.

_ თეთრი არის ორასი სულიო, _ უპასუხა მწყემსმა.

_ კარგი და, შავი რამდენიღააო? _ ისევ დაინტერსდა კაცი.

_ შავიც ორასიაო, _ მშვიდად უპასუხა მწყესმა.

_ შე კაცო, თუკი ორივე, შავიც და თეთრიც ორასია, აბა, რაღას მეკითხებოდი, შავი მაინტერესებდა თუ თეთრიო?! _ გაუკვირდა კაცს.

_ იმიტომ, რომ თეთრები ჩემიაო! _ კვლავ მშვიდად უპასუხა მწემსმა.

_ კარგი და, შავები ვიღასიაო? _ ისევ ინტერესში ჩავარდა კაცი.

_ შავებიც ჩემიაო! _ ამაყად უპასუხა მწყემსმა გაოგნებულ კაცს…

იქნებ ბიძინას ცნობილი ანეკდოტებივით გამომივიდა და სულაც არ გაგეცინათ, მაგრამ ალალად თქვით: არ გაგონებთ ეს მწყემსი საქარველოს “ამაყ” მთავრობას, ხოლო ინტერესიანი კაცი _ გაოგნებულ ქართველ საზოგადოებას?

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here