Home რუბრიკები ისტორია მშობლიურო ჩემო მიწავ…

მშობლიურო ჩემო მიწავ…

ქართული მიწის არც ერთი გოჯი არ უნდა ჩაუვარდეს უცხოელს ხელში

1116
მშობლიურო ჩემო მიწავ...

როგორც კონსტიტუციაში, ასევე, “სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებორგანულ კანონში განსაკუთრებულ ყურადღებასმიწის საკითხიიპყრობს.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კანონის პროექტი მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო რესურსად აღიარებს და მისი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის კანონის პროექტის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება გათვალისწინებული იქნება ორგანული კანონით. შესაბამისად, სწორედ ამ ორგანულ კანონში უნდა ჩაიწეროს ის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც დღეს მოქმედი მორატორიუმით არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ორგანული კანონის ამოქმედებამდე, გარდამავალ ეტაპზე, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია.

როგორც ჩანს, აღნიშნული კანონის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ქართული მიწის მეპატრონე ყოფილიყო მხოლოდ ქართველი, მიწის მეპატრონეები იქნებიან საქართველოში არსებული უცხოური ბანკები. რადგან სესხის გაცემის სანაცვლოდ, ბანკში მიწაა ჩადებული და, შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ვალს ვერ იხდის, ბანკი მიწას გაუყიდის.

არადა, აჯობებდა, კანონში დიდი ასოებით ჩაეწერათ: “ქართული მიწა არ გაიყიდებადა არ გაიყიდება არა მხოლოდ სასოფლოსამეურნეო მიწა, არამედ ტყე, მთა, მდინარე, წყალი. მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეც კი, ირაკლი კობახიძე, ძალიან მოწადინებული იყო, რომ კანონში არ ჩაწერილიყო ფრაზა, რომლის მიხედვით, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა კატეგორიულად აიკრძალებოდა. საბედნიეროდ, კონსტიტუციაში ჩაიწერა: “ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება”, თუმცა კონსტიტუცია ჯერ ხელმოწერილი არ არის.

ბანკებს მორატორიუმი არ ეხება, არც ონლაინსესხების ორგანიზაციებს. კანონპროექტის მიხედვით, “სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე მიენიჭებათ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება”, _ წერია კანონში მიწის საკუთრები შესახებ. ეს რას ნიშნავს?

რაგამონაკლისზეასაუბარი და ვის აქვსსაკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება”?

დავუშვათ, მიწის შესყიდვა სურს გლეხს. მას შეუძლია შეიძინოს მისი ნაკვეთის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი?

არა, გლეხი მიწას იოლად ვერ იყიდის! კანონის თანახმად, გლეხს მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის დასტურით შეუძლია შეიძინოს მიწა და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევვაში, მაგრამ, “განსაკუთრებული შემთხვევარა არის, არავინ იცის.

კანონი დამაბნეველი და საეჭვოა, რადგან, ერთი მხრივ, კონსტიტუციაში წერია, რომქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება”-, ხოლო მეორე მხრივ _ მიწის ყიდვაგაყიდვის უფლება საქართველოში მოქმედ უცხოურ ბანკებს უკანონდება.

ეს მიწა კი ჩვენია _ ქართველი ხალხის! ქართული მიწის არც ერთი გოჯი არ უნდა ჩაუვარდეს უცხოელს ხელში, რადგან, როგორც დიდი ილია ბრძანებდა, “ჩვენი ძალღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე _ მიწა და გუთანია”- და საშინელებაა, “ამისთანა განათლებულ საუკუნეში გვერდით მშიერმწყურვალი და სიცივით დამზრალწვალებული ადამიანები იტანჯებოდნენ და მიმხედავი არავინ იყოს”-.

მშიერმწყურვალი ადამიანები არც ჩვენს დროში გვაკლია, მაგრამ ვინ არის მიმხედავი?

ცნობილი წერილების სერიაშიცხოვრება და კანონიილიამ დიდი ხნის ნაფიქრნააზრევი გაუზიარა მკითხველს, როცა მრავალი კუთხით გააშუქა საგლეხო რეფორმის ცხოველმყოფელი პრობლემა.

დღევანდელ სიტუაციასთან პარალელის გასავლებად მკითხველს ვთავაზობთ ერთ წერილს ამ სერიიდან.

ჩვენებური გლეხი, რაკი მამულის სასყიდლად გაიწევს, მას არა ფასი არ აშინებს, უკან არ დაახევინებს. და ამის გამო, რასაც გლეხი იმეტებს მამულის სასყიდლად, იმოდენას თავისდღეში სხვა კაცი ვერ გაიმეტებს. ფასის აღმატებაში გლეხს სხვა კაცი წინ ვერ წაუვა და ვერც შეეცილება. ეს ყველასაგან ცნობილია. ჩვენ იმისთანა მაგალითიც ვიცით, რომ ასს საჟენს სოფლის ცარიელს მიწაში გლეხს ოცი თუმანი მიეცეს. ვსთქვათ, რომ ეს მხოლოობითი შემთხვევაა, მაგრამ მაინც ყველამ იცის, რომ ჩვენებური გლეხი, რაკი ღონისძიებას ხელთ იგდებს, გიჟურის ფასის მძლეველია. ცხადია, რომ ესე გულუხვად ფასის გამომეტება განსაკუთრებით გლეხის მიდრეკილებისაგან არის წარმომდგარი, და აქ სხვა რაიმე ეკონომიური მოსაზრება და ანგარიში არ მოქმედობს.

აუარებელი ნასყიდობის ქაღალდები წარმოადგინა ჩვენმა ნაყმევ გლეხობამა საგლეხო სასამართლოში დასამტკიცებლად იმ მამულების თაობაზედ, რომელნიც ჯერ კიდევ ბატონ-ყმობის გადავარდნის უწინ ეყიდნათ; ესე იგი მაშინ, როცა გლეხების საკუთარი და ამგვარად შეძენილი მამულიც ბატონის ნებაზედ იყო მინებებული და ბატონის საკუთრებად ითვლებოდა, ჩვეულებით თუ არა, კანონით მაინცა, და როცა კანონი გლეხს საკუთრების სიმტკიცისათვის მფარველობას არც ჰპირდებოდა და არც უწევდა. რა ძლიერი მიდრეკილება უნდა ჰქონოდა, რომ ამგვარის წყობილების წინაშე გლეხი მამულის სყიდვაში მაინც უკან არ იხევდა და მაინც მამულს ყიდულობდა.

მარტო ქუთაისის გუბერნიაში, საცა გლეხობა ყველას უფრო ღარიბად მიგვაჩნია, ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ რვა ათას სამოცდახუთმეტმა (8.075) ნაყმევთა კომლმა შეისყიდა თვისი ნაჭერი ადგილმამულები ნაბატონართაგან და ერთი მილიონი ას ოთხი ათას რვაას სამოცდაათი (1.104.870) მანეთი თავისის საკუთარის ჯიბიდამ მისცა, ასე რომ მთავრობის შემწეობაც არ ითხოვა. გერმანიაში ოცდაშვიდს წელიწადში ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ნაწილმა ძლივს დაიხსნა თავისი ადგილ-მამულები, ისიც მთავრობის შეწევნითა, და იმერეთში კი (გარდა სამეგრელოსი) ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოიხსნა თავისი მამულები, ისიც მთავრობის დაუხმარებლად. ნუთუ ეს მაგალითები არ ამტკიცებენ მას, რომ ჩვენებურს გლეხში დიდი მიდრეკილებაა მამულის შეძენისადმი.

აქედამ სჩანს, რომ ის კი არ უნდა ეფიქრათ, გლეხი მამულის სყიდვას არ ინდომებსო, ფიქრი მებატონისა უნდა ჰქონოდათ, რომ იგი მამულს არ გაჰყიდდა. ამის წამალი უნდა მოეპოებინათ. ყველგან ყოველის ხალხის კანონებში ის კი თქმულაო, ამბობს ერთი რუსის მწერალი, რომ სახელმწიფო საჭიროებისათვის, საყოველთაო სიკეთისათვის, ძალად გააყიდვინონ ადგილ-მამულიო, და ძალად აყიდვინონ კი _ ეგ არსად გაგონილაო.

ჩვენის ფიქრით, მეორე შიშიც _ რომ გლეხი პირნათლად ვერ გამოვაო მთავრობისაგან ნასესხის ფულის გადახდაშიო, ჩვენის გლეხკაცის ავკარგიანობაზედ არ არის დამყარებული. ოღონდ გაუადვილდეს გლეხს მამულის სყიდვა, ოღონდ კისერზედ ნუ მოეხვევა უხეირო, უხმარი მამულები, და ამითი გული ნუ გაუტყდება, და იგი ნასესხის ფულის გადახდის თაობაზედ პირშავად არ გამოვა. სასოფლო ბანკები, თითო-ოროლა მაგალითი საადგილ-მამულო ბანკისა ცხადად გვიმტკიცებენ, რომ გლეხნი ვალის მოშორებაში უტყუარნი არიან. ეგ იციან არამც თუ მათ, ვისაც გლეხთან გულშემატკივრად საქმე დაუჭერიათ, არამედ იმათაც, ვისაც მათთვის მამასისხლად ფული უსესხებიათ. ამიტომაც სესხის ჯეროვანს ვადას გარდამეტებული თორმეტი წელიწადი, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მეტისმეტი სიფრთხილეა, მით უფრო, რომ ეგ სიფთხილე გლეხს აწვება კისერზედ, მაშინ, როდესაც იგი მაგის მიზეზი არ არის. დიდი შეღავათი იქნებოდა გლეხისათვის, რომ ერთისა და იგივე გარდასახადით ვალი ოცდაჩვიდმეტს წელიწადს მოეშორებინა და არა ორმოცდაცხრასა, როგორც ამჟამად არის დაწესებული.

თუ გლეხს მაგისთანა წყურვილი აქვს მამულის სყიდვისაო, თუ მთავრობისაგანაც მამულისათვის საჭირო ფულს ეგრე იაფად შოულობსო (თუმანზე სამი აბაზი თავნში და სარგებელში 49 წლის ვადით), მაშ ნაყმევთაგან მამულების დასხნა ეგრე ტაატით რათ მიდისო, გვეტყვიან ჩვენ. ამის მიზეზი ბევრია, და მათში არც ერთი იმისთანა არ არის, რომ გლეხის ბრალი იყოს. ჩვენ ამჟამად მარტო უმთავრეს მიზეზებს მოვიხსენიებთ.

კანონით, ნაყმევსა ორის გზით შეუძლიან მამულის სყიდვა: ერთი _ თავისის ფულით, მთავრობის შეუწევნელად, და მეორე _ მთავრობისაგან ნასესხის ფულითა. გლეხი ერიდება თავისის მამულის დახსნას საკუთარის ფულით, იმიტომ რომ ბევრს მაგალითებს ხედავს, რომ ამრიგადაც მამულის შეძენისათვის კანონიერის სიგელის გამოტანა უძნელდებათ და უგვიანდებათ, რადგანაც ამგვარად სყიდვაშიაც მომრიგებელი შუამდგომელი და ერთობ საგლეხო გამგეობა, არ ვიცით რისთვის, ერევა[*] და უამისოდაც რთულს საქმეს სიგელის დამტკიცებისას საზოგადო კანონისამებრ უფრო აძნელებს. მაგალითებრ, თვით მთავრობას ცნობილი აქვს, რომ ქუთაისის საგლეხო გამგეობას თითქმის 1877 წლამდე არც ერთი ამგვარი სიგელი არამც თუ დაუმტკიცებია, არც კი განუხილავს. ნუ დავივიწყებთ, რომ 8.075 კომლის სიგელი მაინც უნდა იყოს ქუთაისის გუბერნიაში ამჟამად. რასაკვირველია, გლეხკაცობას ამგვარი საქმის გაძნელება და დაგვიანება ყოველს ხალისს თუ არ მოუკლავდა, სყიდვის სურვილს მაინცდამაინც დიდად შეუყენებდა.

საკვირველია, რომ მთავრობის შემწეობით სყიდვას გლეხი უფრო ერიდება, თუმცა, ადგილობრივის მიხედვისა კვალად, მთავრობა ბევრით იაფად აძლევს გლეხს სესხსა. ამისი მიზეზი ის არის, რომ სესხის გადასახდელად ურთიერთის თავდებობაა კანონად დადგენილი. ეგ ჩვენებურის გლეხის ჩვეულების პირდაპირ წინააღმდეგია. წინააღმდეგია მისის მეურნეობის გამართულობისა, მისის ეკონომიურის მდგომარეობისა და მოწყობილებისა. რუსეთში მაგას თავისი ადგილი აქვს და თავისი ჯეროვანი საბუთიცა. იქ მამულების საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობა არის და საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობას საერთო მოვალეობაც მოსდევს. კარგია თუ ავია საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობა მიწისა, ჩვენ ამის გამოძიებაში არ შევალთ. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ურთიერთის თავდებობა უსაბუთოა იქ, საცა საერთო, თანასწორი მიწისმფლობელობა არ არის. ლაველე ამბობს, რომ ურთიერთის თავდებობას მაშინ აქვს ადგილი და საბუთიო, როცა მიწის საერთოდ-მფლობელობიდამ არის წარმომდგარიო. ჩვენში მფლობელობა ადგილ-მამულისა, მეურნეობის გამართულობა, ეკონომიური მოწყობილება _ კომლეულია, განსაკუთრებით საოჯახოა და არა საერთო-სასოფლო. ამის გამო ჩვენში ურთიერთის თავდებობას მარტო მოვალეობის თვისება აქვს გლეხისათვის, და რაც მაგ მოვალეობას უფლება მოსდევს, იმ უფლებას კი ჩვენებური გლეხი მოკლებულია. რადგანაც ჩვენს დებულებაში ისევ ის ჩვეულებრივი კომლეული მიწისმფლობელობაა ჩვენის გლეხის მდგომარეობის დედაბოძათ მიღებული, ამის გამო არავითარი საბუთი არ იყო, რომ ურთიერთი თავდებობა შემოეღოთ და ვალის ხდა კომლეულობით არ მოესაზრათ. ჩვენებურს გლეხს არ ესმის და, სწორედ გითხრათ, ვერც გაიგებს, რისთვის უნდა იხადოს სხვის მაგიერი ვალი, მაშინ როდესაც იმ სხვას თავისი საკუთარი ბინა აქვს, თავისი მიწა და ქონება; იმ მიწასა და ქონებაზედ თვით არავითარი უფლება არ მიუძღვის, არც საზოგადოებრივი, არც კერძობრივი. ერთობ, ეგ ურთიერთის თავდებობა დიდად აშინებს გლეხსა და მთავრობის კეთილგანზრახულს შემწეობაზედ ხელს აღებინებს. გლეხს, ამას გარდა, კიდევ ის აფრთხობს, რომ ხაზინასთან საქმის დაჭერა ეძნელება. მრავალის მაგალითით გული დაუჯერებია, რომ, მოთანამდე პირთა გულმოდგინებისა გამო, ხაზინის გარდასახადი ერთი აბაზი ხშირად მანეთად დასჯდომია.

თუ ეს არ იყოს, რათ უნდა ერიდებოდეს გლეხი მთავრობისაგან ვალის აღებას? რომ ერიდება, ამის მაგალითად იმას მოვიყვანთ, რომ იმერეთში გლეხკაცობამ ერთ მილიონზედ მეტი ფული მისცა თავის მამულების დასახსნელად ისე, რომ მთავრობას ერთი გროშიც არ ესესხა. თუმცა ტფილისის გუბერნიაში ათას ორას ოცმა (1220) კომლმა გამოისყიდა მამულები და ამისათვის მთავრობისაგან სამას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი (314.985) მანეთი ისესხა, მაგრამ ამათაც კი გამოუცხადებიათ სურვილი, რომ ეგ ფული სულ ერთბამად შეიტანონ ხაზინაში[**]. გულდაჯერებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ ამ ორს ზემოხსენებულს შემთხვევაში გლეხი ვალის აღებას არ გადურჩებოდა და იმაზედ იაფად, როგორც მთავრობას განუზრახავს, სად იშოვის გლეხი მაგ ვალსა? არსად, და მაინც, როგორც ეტყობა, გლეხკაცობა მამასისხლად ვალის აღებას უფრო რჩეობს, ვიდრე ხაზინისგან შეღავათით ხელის გამართვასა.

ყველაზე უმთავრესი მიზეზი, რომელიც ნაყმევთა მამულების დახსნას ხელს უშლის და დიდად აბრკოლებს, ის არის, რომ ნაყმევი მამულს ვერ იყიდის, თუ მებატონე ამას არ მოიწადინებს. ამ საგანზედ ჩვენ ჩვენი აზრი ზემოთ გამოვსთქვით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, თუ რა აბრკოლებს, რომ აქამომდე ეგ წადილი იმოდენად ფეხადგმული არ არის, რამოდენადაც სასურველია. აი, ჩვენის ფიქრით, რა აბრკოლებს. ზოგი მებატონეა დღესაც, რომ მისი დღეობაა, როცა გლეხი მასთან სახვეწრად მოვა და მძიმედ თავს დაუკრავს. აწინდელი მიზეზით სავსე კავშირი მათ შორის ამ თავმოყვარეობას ცოტად თუ ბევრად, ხელს უმართავს და მებატონე ამით კმაყოფილია. ბატონ-ყმობაში დაბადებულს, ბატონ-ყმობაში გამოზრდილს მებატონეს, რასაკვირველია, ეძნელება, გული ეთანაღრება, რომ მის გარეშემო ბატონობას ავალა აღარა აქვს და ფიქრობს, რაკი წყალს მივყევარო, ხავსს მაინც მოვეჭიდოო. ხავსად კიდევ მიზეზიანი მეოთხედობა გაუხდია და ამას მაგრად ეჭიდება. ჩვენდა სასახელოდ, ამისთანანი ბევრნი არ არიან. ზოგი მებატონეა, რომ, თუმცა დებულების ოქმში მეოთხედობა მოუხსენებია, მაგრამ ამ მიზეზიანის მოვალეობის შემწეობით გლეხი იქამდე მიუყვანია, რომ იგი ძალაუნებურად მორიგებია მებატონეს შინაურულად, სიტყვით, და უწინდებულად გაუბეგრავს თავი, ესე იგი, გარდა გადაკვეთილის ღალისა და კულუხისა, გლეხს მებატონისათვის მუშაობაც უკისრნია. რასაკვირველია, ამგვარის მებატონისათვის მამულის გასყიდვა, რომელიც გლეხის სრულს განთავისუფლებას მოასწავებს, სანატრელი არ იქნება, რადგანაც ამით მოისპობა ის მიზეზი, რა მიზეზითაც დღეს გლეხი ძალაუნებურად ბეგარასა უწევს. ზოგი მებატონეა და, ჩვენდა სანუგეშოდ, მომეტებული ნაწილიც, რომ მამულის გასყიდვა უნდა და მარტო იმისთვის არ აცხადებს სურვილს, რომ ეშინიან, დავიწყებ საქმესო, ტყუილუბრალოდ გავებმიო, თრევას და ხარჯს ვეღარ გავუვალო და ბოლო კი არ მოეღებაო. ორს პირველს მიზეზს კბილს მოსჭრის ის, რომ, ზემოხსენებული 172 მუხლის ძალით, აწინდელი წილადობილი გლეხის გარდასახადი ყოველგან მალე გადიკვეთოს და განისაზღვროს ადგილობრივის ჩვეულების მიხედვითა, _ და მესამეს კი ის, რომ ერთობ უსაბუთოდ რთული და დაუბოლოებელი წარმოება მამულის დახსნის თაობაზედ გამარტივდეს და სწრაფად აღსრულებაში მოდიოდეს.

ამ უკანასკნელის მიზეზის მოსასპობლად ამ ახლო ხანებში ჩვენის მთავრობის წინაშე წარდგენილა ახალი წინადადება. ამ წინადადების ქვაკუთხედი და დედააზრი იგია, რომ მთავრობამ ნაყმევთა მამულების დახსნისათვის იმისთანა რამ ადგილობრივ გამართოს, როგორც საადგილმამულო ბანკია, საიდამაც გლეხთა მამულის დახსნისათვის ფულის სესხად აღება შეეძლოთ იმავე წესით და პირობით, როგორც ეგე ყოველი საადგილმამულო ბანკშია მიღებული. ეს ქვეყნიერებაზედ ახალი ამბავი არ არის, მაგგვარი წყობილება ევროპაში, სახელდობრ გერმანიაში დიდი ხანია შემოღებული იყო ნაყმევთა მამულების დახსნისათვის და იქ, საცა იყო შემოღებული, ამგვარმა წყობილებამ მეტად ააჩქარა ბატონყმობის საქმის დაბოლოვება საყოველთაო საკეთილოდ. დანიაში 1806 წ. დაწესდა მაგგვარი ბანკი, ჰესსენ-კასსელში 1832 წ., ჰანოვერში 1841 წ., ნასსაუში 1849 წ. და სხვა.

რადგანაც ჰანოვერის ბანკს მოქმედობას მეტად უქებდნენ, ამის გამო მის აგებულებაზედ და განწყობილებაზედ ზოგიერთს უმთავრესს ცნობას მოვიყვანთ. ჯერ კიდევ 1830 წლიდამ, ჰანოვერში გამოთქმულ იქმნა ის აზრი, რომ ნაყმევთა სრულიად განთავისუფლებისათვის ბანკი რამ გაიმართოს მთავრობის დახმარებითა. ნემეცთა, ჩვეულებისამებრ, ეგ აზრი სინჯეს, გაზომ-გამოზომეს, აიღეს-დაიღეს და ბოლოს 1841 წ. აღსრულებაშიაც მოიყვანეს. ბანკი დააწესეს და საგნად მარტო გლეხთა მამულების გარდასახადის დასხნა დაუნიშნეს. მაგრამ თითქმის იმავე დროს მთავრობამ გამოაცხადა სურვილი და აღსრულებაშიაც მოიყვანა, რომ ეგ ბანკი მარტო გლეხთა მამულების გამოხსნას არ მიჰყვეს და თვისი მოქმედება განავრცოს, ესე იგი სესხი აძლიოს ყოველს უძრავს ქონებაზედაც _ ნაყმევისა იქნება, თუ სხვა პირისა. პირველს და მეორეს შემთხვევაშიაც გირაოდ მიიღებოდა უძრავი ქონება. მთავრობამ ნახევარი მილიონი ტალერი (91¼ კაპეიკია) დაუნიშნა, რომ თუ ვინიცობაა გაჭირვებამ მოითხოვოს, ბანკმა ხელი გაიმართოს. ამ ფულიდამ ბანკს ნება ჰქონდა მოეთხოვნა სახელმწიფო ხაზინისაგან ერთ ხანად 100.000 ტალერი; ხაზინას სარგებლად უნდა ერთმია ათს თუმანზედ სამი მანეთი წელიწადში. ამას გარდა, ყოველივე პასუხისგება ბანკის მოვალეთა წინაშე თვით მთავრობამ იკისრა. ჰანოვერის ბანკი შინაგანის საქმეთა მინისტრის გამგეობით სწარმოებდა. თითონ ბანკსა მართავდა მთავრობისაგან დანიშნული სამი კაცი, რომელნიც ბანკის მართველობას შეადგენდნენ. მსესხებელთ შორის ურთიერთის თავდებობა მიღებულ არ იყო. ამ ბანკში შესანიშნავი ორი რამ არის. ერთი ის, რომ სესხის მოსაშორებლად ერთი ვადა კი არ იყო დაწესებული, არამედ რამდენიმე; მსესხებელის ნებაზედ იყო მიგდებული, ან ერთს ვადაზედ დამდგარიყო, ან მეორეზედ. მეორე ისა, რომ, რაკი ბანკში მამული გირაოდ შევიდოდა, არა რაიმეს კერძოობითს, მთავრობითსა ან სასამართლოს განკარგულებას არავითარი ძალა არ ჰქონდა იმ მამულის თაობაზედ, თუ რომ იმ განკარგულებას ბანკისათვის რაიმე ზარალი და ვნება მოსდევდა. 1841 წლიდამ 1850 წლამდე, ესე იგი ათის წლის განმავლობაში, ამ ბანკმა შვიდ მილიონზედ მეტის ფასის (7.249.779 ტალერი) მამულები დაახსნევინა ნაყმევებსა.

ჩვენი პირდაპირი საგანი, რომელსაც, ცოტად თუ ბევრად, ამ წერილების სათაური აცხადებს, სულ სხვა არის. ამიტომაც ზემოხსენებულს წინადადებას ამჟამად ჯეროვანად და ვრცლად ვერ გამოვიძიებთ.

ბატონ-ყმობის გაუქმებას ჩვენში ზედ მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულებაცა. ამაზედ ლაპარაკი შემდეგ გვექნება.

ცხოვრება და კანონი”,

 წერილი მესამე (ნაწილი 2)

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here