Home რუბრიკები ისტორია მშვიდობისა და წინსვლის საწინდარი

მშვიდობისა და წინსვლის საწინდარი

2514
აკაკი წერეთელი

რუსი და ქართველი ხალხების მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს 60-იანელებს (თერგდალეულებსა და ხალხოსნებს), რომელთა უმრავლესობამ სწავლაგანათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო და რუსეთის დემოკრატიულ იდეებს ეზიარა.

თუმცა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი და სხვა თერგდალეულები, ისევე, როგორც ანტონ ფურცელაძე, ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაგებაში ერთსულოვანნი იყვნენ. ჩვენი სამოციანელები და ხალხოსნები მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე შეუნელებელ ინტერესს იჩენდნენ რუსეთის მიმართ, რადგან მასთან იყო დაკავშირებული საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. “რუსეთის საკითხიმათ აინტერესებდა არა განყენებულად, არამედ სამშობლოს ბედთან დაკავშირებით. ისინი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდნენ და ამ პოზიციებიდან განიხილავდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.

თერგდალეულთა და ხალხოსანთა ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამოვლინდა არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსადმი, თანამედროვეობისადმი დამოკიდებულებაში, არამედ საქართველოს წარსულისა და მომავლის გაშუქებაშიც. გარდასულ ჟამთა ამბებს ისინი სამშობლოს აწმყოსა და მომავლის თვალსაზრისით განიხილავდნენ. ისტორია მათ აინტერესებდათ არა ძველ “დაწყობილებათა რესტავრაციისა” და “მკვდრის აღდგენის” მიზნით, არამედ “ცოცხლის გამოყვანისათვის ჭაობიდან”. წინაპართა ვაჟკაცობისა და მამულისათვის თავდადების აღწერა სამოციანელთა თხზულებებში მიმართული იყო იმ თანამედროვეთა წინააღმდეგ, რომელთა ინტერესები ეგოისტური, პირადი კეთილდღეობით იყო შემოფარგლული. წინაპართა საქმენი საგმირონი იმის კარგ მაგალითს იძლეოდა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ნამდვილი პატრიოტი თავისი სამშობლოსა და ხალხის უკეთესი მერმისისათვის.

“როდესაც პოეზია ცდილობს, გამოსახოს ძველნი გმირნი, ის უნდა ცდილობდეს, იპოვოს და აჩვენოს იმათში ის მხარეები, რომელნიც დღესაც სახმარნი იყვნენ კაცის წარმატებისა და ბედნიერებისათვის”, _ წერს ანტონ ფურცელაძე.

ანალოგიურ თვალსაზრისს ვხვდებით პუბლიცისტისა და კრიტიკოსის _ გიორგი მაიაშვილის (ზდანოვიჩის) წერილში “ჩვენი დედაკაცები და ახალი დრო”. იგი სამართლიანად მიუთითებდა, რომ წარსული მომავლის ნიმუშად არ გამოდგება, მისი დაბრუნება არც სასურველია და არც შესაძლებელი. ვინც “რუსების სლავიანოფილების მსგავსად” მოუწოდებს, “დავბრუნდეთ უკანო”, დიდად სცდება. “ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფით უნდა ვეკიდებოდეთ ჩვენს წარსულს მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულიაო, გავლილი გზაა, თავისი დრო მოჭმული აქვსო. სრულიადაც არა: თუ გნებავთ, წარსულში შესაძლოა ვეძებოთ, ასე გასინჯეთ, ზოგიერთი ისეთი რამაც, რაც მერმისისათვის გამოგვადგება, მხოლოდ იმ აზრით კი არა, რომ აღვადგინოთ იგი წარსული, _ ეს, როგორცა ვსთქვით, ყოვლად შეუძლებელი და დონ-კიხოტური საქმეა, _ არამედ იმ აზრით, რომ დავიცვათ და კვლავ დავიბრუნოთ ცნობილი ტიპი, ცნობილი მეთოდი საზოგადოებრივი ზრდა-წარმატებისა”…

“…ჩემი აზრით, _ განაგრძობს ავტორი, _ ის კაცი მერმისის კაცი არ არის, ვინც ოცნებობს, აწმყოს ადგილას პირდაპირ წარსული გაამეფოს და თვის იდეალებს ეძებს ძველ საფლავებსა და აკლდამებში. მხოლოდ რეაქციის კაცს, ისეთს კაცს, რომელსაც შეუძლიან ასეთი, რამდენადაც აუსრულებელი, იმოდენად მავნებელი და დამღუპველი იმედები იქონიოს”.

საპროგრამო მოწოდებად გაისმოდა ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი სიტყვები:

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარულა,

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი.

ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”.

სამოციანელთა სახელოვან ბელადს მშვენივრად ჰქონდა შეგნებული ის საპატიო მისია, რომელიც მის თაობას ისტორიამ დააკისრა ხალხის ბედნიერებისათვის ბრძოლაში, დიდ მამულიშვილს მტკიცედ სწამდა, რომ “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”, რომ

ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი

განახლებულის გრიგალის ქროლას,

ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი

ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, _

და დაიმსხვრევა იგი ბორკილი,

შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,

და ახალ ნერგზედ ახალ შობილი

ესე ქვეყანა კვლავ აჰყვავდების

შრომის სუფევა მოვა მაშინა”.

აკაკი წერეთელმაც ხომ ასევე გონების თვალით განჭვრიტა სამშობლოს მომავალი, ის ბედნიერი დრო, როცა ეროვნულ და სოციალურ ჩაგვრას შეცვლის “ძმობა, თანასწორობა და სიყვარული”.

ასეთი იყო თერგდალეულთა და ხალხოსანთა დამოკიდებულება სამშობლოს აწმყოს, წარსულისა და მომავლისადმი. ასევე მკვეთრად გამოვლინდა მათი ჯანსაღი პატრიოტიზმი სხვა ერების, კერძოდ, რუსების მიმართ.

გავიხსენოთ აკაკი წერეთლის სიტყვები: “სამშობლოს უკუღმართი სიყვარული, როცა იმას ანაცვლებენ სხვის კეთილდღეობას და ბედნიერებას, საძაგლობაა”. სხვანი კი არ უნდა “დავთრგუნოთ და ამით ჩვენი ვალი ავიმაღლოთ” (ი. გოგებაშვილი), არამედ პირიქით. ყველა ერი “ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს”, _ ამბობდა ი. ჭავჭავაძე, შემდეგ დასძენდა: დიდი უსამართლობა და სიბრიყვე იქნება, რომ სხვისგან მოვითხოვდეთ ჩვენი ერისადმი პატივისცემას და ამავე დროს ჩვენ თვითონ უპატივცემულოდ ვექცეოდეთ სხვა ერებს. თუ შენ საქართველო გიყვარს და მოითხოვ, რომ სიყვარულის ეს ბუნებრივი და კანონიერი გრძნობა გაგებული და პატივცემული იყოს სხვის მიერ, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს, რომ ასევე ბუნებრივი და კანონიერია სხვა ერის შვილის სიყვარული საკუთარი სამშობლოსადმი და მასაც პატივი უნდა სცე. საქართველოსადმი ნამდვილი სიყვარული შეუთავსებელია სიძულვილთან სხვა ერებისადმი, მით უმეტეს რუსეთისადმი. არ გიყვარდეს რუსეთი, რომელმაც ჩვენ სიმშვიდე დაგვიმკვიდრა და წინსვლის პირობები შეგვიქმნა, ეს ნიშნავს გამოამჟღავნო არა მარტო დასაძრახი უმადურობა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ შენი საკუთარი სამშობლოსადმი სიძულვილიც. ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველო, მის ბედზე გული შესტკივა და მისი კეთილდღეობა სურს, მას არ შეიძლება არ უყვარდეს რუსეთი.

ეს აზრი წითელ ხაზად გასდევს თერგდალეულთა და ხალხოსანთა შემოქმედებასა და მოღვაწეობას. განსაკუთრებით მკვეთრადაა იგი ჩამოყალიბებული ი. ჭავჭავაძის ე. ლ. მარკოვისადმი მიძღვნილ სიტყვაში და თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორისადმი მიწერილ წერილში.

რუსეთთან ურყევი და მეგობრული კავშირი, ი. ჭავჭავაძის ღრმა რწმენით, საქართველოს არსებობისა და პროგრესის აუცილებელი პირობაა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და ბედნიერი მომავლის საწინდარია. ერთი სიტყვით, ქართველების რუსეთისადმი სიყვარული განპირობებული და გამოწვეულია საკუთარი სამშობლოსა და ხალხისადმი სიყვარულით.

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ სწერდა ილია ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან.

…დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”.

ამაზე უფრო ზუსტად და ნათლად, ძნელია, კაცმა ჩამოაყალიბოს თერგდალეულთა თვალსაზრისი ჩვენთვის საინტერესო საკითხზე.

მომზადდა ვანო შადურის წიგნიდანრევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here