Home რუბრიკები ისტორია მშვიდობისა და წინსვლის საწინდარი

მშვიდობისა და წინსვლის საწინდარი

2382
იაკობ გოგებაშვილი

რუსი და ქართველი ხალხების მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს 60-იანელებს (თერგდალეულებსა და ხალხოსნებს), რომელთა უმრავლესობამ სწავლაგანათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო და რუსეთის დემოკრატიულ იდეებს ეზიარა.

თუმცა . ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვა თერგდალეულები, ისევე, როგორც . ფურცელაძე, ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაგებაში ერთსულოვანნი იყვნენ. ჩვენი სამოციანელები და ხალხოსნები მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შეუნელებელ ინტერესს იჩენდნენ რუსეთის მიმართ, რადგან მასთან იყო დაკავშირებული საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. “რუსეთის საკითხიმათ აინტერესებდა არა განყენებულად, არამედ სამშობლოს ბედთან დაკავშირებით. ისინი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდნენ და ამ პოზიციებიდან განიხილავდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.

ჭეშმარიტი და ცრუ პატრიოტიზმი

ჩვენი სამოციანელები და ხალხოსნები კარგად ხედავდნენ, რომ ორი ძირითადი მიმართულება _ ჯანსაღი და ყალბი პატრიოტიზმი _ არსებობდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც. იქაც და აქაც ეს აშკარად მჟღავნდებოდა როგორც საკუთარი სამშობლოს, ისე სხვა ერებისადმი დამოკიდებულებაში.

როგორც ვიცით, გასული საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით “მამათა და შვილთა” შორის ბრძოლის გამწვავებისას, ქართულ პრესაში ხშირად იმართებოდა კამათი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაითვლება ნამდვილ მამულიშვილად.

. გოგებაშვილი სამართლიანად მიუთითებს, რომ ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები “მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათი დამცირებით ჩვენი თავი ავამაღლოთ”, ან ძველ, დრომოჭმულ “დაწყობილობათა რესტავრაცია” მოვახდინოთ, არა. მათ “სურთ არა მკვიდრის აღდგენა, არამედ ცოცხლის გამოყვანა ჭაობიდგან. ისინი ნატრობენ იმასვე, რასაც მოისურვებდნენ, ჩვენს ქვეყანაში რომ ემოქმედნათ, რუსეთის უნიჭიერესნი მოდასავლეთენი (ზაპადნიკები) ბელინსკი, დობროლიუბოვი, ავტორები რომანებისა: “ვინ სტყუვის” (გერცენი) და “რა ვქნათ?” (ჩერნიშევსკი), შჩედრინი და სხვანი. ჩვენის პატრიოტების მოქმედება იმ ეროვნულს გზასავე ადგია, რომელიც ხსენებულის მეორე რომანის ავტორმა ჩერნიშევსკიმ ვალად დაადო უკრაინელებს, სახელდობრ _ ეროვნული ენის, ლიტერატურის და მეცნიერების აყვავება” (ტ. I, გვ. 375).

ნამდვილ პატრიოტად ჩაითვლება, _ ამბობს ი. გოგებაშვილი, ის, “ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიურის ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად და შეუპოვრად ებრძვის დაუღალავად ყოველს დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლოს ქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია” (ტ. I, გვ. 371). ასეთი პატრიოტები, ავტორის რწმენით, არიან რუსი რევოლუციონერი დემოკრატები და ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები (იგულისხმებიან, ცხადია, პირველ ყოვლისა, ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი).

ეს მრავალმხრივ საყურადღებო წერილია, რომელშიც ი. გოგებაშვილმა სწორად დაახასიათა დამყაყებული ნაციონალიზმი და ჯანსაღი პატრიოტიზმი, განსაკუთრებით გახაზა ქართველ და რუს სამოციანელთა ეროვნული კონცეფციების მსგავსება. აქ საქმე გვაქვს ფრიად საინტერესო და სამართლიან ანალოგიასთან.

ცნობილია, რომ “სრულიად რუსეთის დემოკრატ-რევოლუციონერი ჩერნიშევსკი და მისი თანამოაზრენი შეუპოვრად იბრძოდნენ როგორც რუსი, ისე სხვა ხალხების სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის. “სიძულვილი სიყვარულიდან” _ ასეთი იყო ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკისა და სხვა ნამდვილ რუს პატრიოტთა მებრძოლი ჰუმანიზმის გამომხატველი ერთგვარი ფორმულა-დევიზი, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი გამოწვეული იყო ჩაგრულებისადმი სიყვარულით, მეტიც, ამ სიყვარულიდან მოდიოდა სახელოვან რევოლუციონერთა სიძულვილი დაბეჩავებულ ხალხში გავრცელებული მონური მორჩილების, უვიცობისა და ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც რუსეთის წინსვლას აბრკოლებდა. ნ. ჩერნიშევსკის სამართლიანი მტკიცებით (მაგალითად, ცნობილ წერილში “შემობრუნების დასაწყისი ხომ არ არის?”) ექსპლუატირებული გლეხობის მძიმე მდგომარეობის მოსასპობად მათდამი სენტიმენტური თანაგრძნობა კი არ არის საჭირო, არამედ ბრძოლა მათში დამკვიდრებული მონური ფსიქოლოგიისა და სხვა მანკიერებათა წინააღმდეგ.

მაგრამ სწორედ სამშობლოს ამ ნამდვილი სიყვარულისათვის სწამებდნენ ჩერნიშევსკის რუსეთისადმი სიძულვილს კატკოვი და სხვა რეაქციონერები თუ ფსევდოპატრიოტები.

თითქმის მსგავსი სიტუაცია შეიქმნა საქართველოშიც (თუმცა აქ სპეციფიკური პირობების გამო წინა პლანზე ეროვნულმა საკითხმა წამოიწია). ქართველი კონსერვატორები და ნაციონალისტებიც ხომ ამტკიცებდნენ, რომ თერგდალეულები “რუსოფილები” არიან და საქართველო სძულთო… ერთი (ზერელე) შეხედვით ასეთი ბრალდებისათვის მათ საბუთებიც საკმაოდ მოეპოვებოდათ, გავიხსენოთ, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის “ბედნიერი ერი” და “კაცია-ადამიანი?!”, აკაკი წერეთლის სატირული ლექსები და დაუმთავრებელი რომანი “იმერლები”, რომელშიაც საქართველო შედარებულია “დიდსა და ბნელ აკლდამასთან, სადაც “ძველი აზრების კაცნი დაბოდიალობენ”. თუ ჩერნიშევსკიმ რუსებს “მონების ერი” უწოდა, ილიამ თავისი ერი ისეთი ეპითეტებით შეამკო, როგორიცაა: “უწყინარი”, “უჩინარი”, “ქედდრეკილი”, “უშფოთველი”, “ყოვლად მთმენი”, “მუნჯი”, “თვალაბმული”, “უზრუნველი” და სხვ., მაგრამ ეს ეპითეტებიც, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოსადმი ნამდვილი სიყვარულით, კაეშნით შეპყრობილი სიყვარულით იყო ნაკარნახევი. გავიხსენოთ “აჩრდილის” ავტორის გულისტკივილით ნათქვამი სიტყვები:

ჩემზედ ამბობენ: “ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია”.

აქ მკვეთრად გამოვლინდა ი. ჭავჭავაძის “სიძულვილი სიყვარულიდან”, მისი ჯანსაღი, გონივრული, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, მისი მაღალი და კეთილშობილი აზრები და გრძნობები. ნამდვილი მამულიშვილობა, დიდი ილიას ღრმა რწმენით, იმას როდი ნიშნავს, რომ გიყვარდეს ყველა ქართველი _ მჩაგვრელიც და ჩაგრულიც, პარაზიტიც და მშრომელიც, რადგან იგი შენი თანამემამულეა; რომ მოგწონდეს ყველაფერი ქართული _ ავიც და კარგიც, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართულია. თათქარიძეებს და მის მსგავს ცოცხალ ლეშებს “ოთარაანთ ქვრივის” ავტორი, გასაგებია, კაცურკაცებად ვერ ჩათვლიდა.

საქართველოსადმი ასეთი გონივრული დამოკიდებულება ახასიათებდა თითქმის ყველა ჩვენს სამოციანელს და ხალხოსანს. აი, მაგალითად, რას წერდა ანტონ ფურცელაძე:

“…თავისი ინტერესების დაცვა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ წაეჭიდო ყველა, თუმცა დამკვიდრებულს, მაგრამ წამხდარს ანუ უსარგებლო ნიჭს, გარემოებას, წყობილებას, ზნეს, ინტერესების დაცვა უნდა ისახებოდეს იმაში, რომ ასწონოს ერმა, რაც შეუძენია და რაც შეადგენს მისს წარმატების სახსარს, და დაიცვას; რაც არის სავნო და უვარგისი, ის მოჰკვეთოს და აღმოფხვრას”.

გავიხსენოთ, აგრეთვე, ცნობილი ქართველი ხალხოსანი მწერლის სტეფანე ჭრელაშვილის გამონათქვამი: “აღზრდაც არის და აღზრდაც. რომელ გემოვნებაზედ სწადიათ პატრიოტების აღზრდა? რუსეთში აქსაკოვებიც, ხომიაკოვებიც, კირეევსკებიც, კატკოვებიც პატრიოტათა სთვლიან თავსა და იძახიან პატრიოტული გრძნობის გაღვიძებასა და აღზრდაზე. დობროლიუბოვიც, პისარევიც, ჩერნიშევსკიც, ბელინსკიც პატრიოტნი იყვნენ და ზრდიდნენ ამ გრძნობას თავის ხალხში. რომელი პატრიოტობა გინდათ, რომ აღიზარდოს ჩვენს საზოგადოებაში? რომელი პატრიოტების მომხრენი ხართ _ პროგრესულისა თუ რეაქციონულისა? აი, მხოლოდ როდესაც ამ ერთ-ერთს ამოირჩევთ, აღამაღლებთ, ააყვავებთ ყოველ-მხრივ, მაშინ შეგიძლიათ დაბადოთ სიცოცხლე თქვენ თანამედროვეებში და ღვაწლზედაც მაშინ წარადგინოთ თქვენი პრეტენზიები”.

. ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი საქართველოში, ისევე როგორც ბელინსკი, ჩერნიშევსკი და სხვა პროგრესული მოღვაწენი რუსეთში, შეუპოვრად ებრძოდნენ სოციალურ და ეროვნულ ჩაგვრას, შოვინიზმსა და ნაციონალიზმს, მონამორჩილობას, პარაზიტიზმსა და რუტინას _ ყოველგვარ მანკიერებასა და ბოროტებას, რაცქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია”.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი სამოციანელები და რევოლუციონერი ხალხოსნები გაცილებით ახლოს იდგნენ რუს რევოლუციონერ დემოკრატებთან, ვიდრე ქართველ ცრუპატრიოტებთან.

მართალია, სოციალურ მოტივებს ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაშიც ვხვდებით, მაგრამ მათი პატრიოტიზმი არ შერწყმია მშრომელი ხალხის სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეას. თერგდალეულთა თაობამ გადალახა თავის წინამორბედთა _ რომანტიკოსთა _ მსოფლმხედველობის ერთგვარი ცალმხრივობა, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეა მჭიდროდ დაუკავშირა მშრომელი ხალხის სოციალური ჩაგვრიდან განთავისუფლების იდეას და საკითხის დემოკრატიული გადაწყვეტა მოგვცა. ამის შედეგად პატრიოტულმა მოტივმა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ადრეც ძლიერად ჟღერდა, სამოციან წლებში ახლებური ხასიათი მიიღო. რომანტიკული ოცნება და ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის დაემყარა რეალურ და მყარ საფუძველს _ ხალხს. სამოციანელებს კარგად ჰქონდათ შეგნებული, რომ სწორედ მშრომელი ხალხი შეადგენს ისტორიის მამოძრავებელ და ჭეშმარიტად პატრიოტულ ძალას.

ამგვარად, სამოციან წლებში ახალი ეტაპი დაიწყო როგორც ეროვნული და სოციალური მოძრაობის ისტორიაში, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და თვით პატრიოტიზმის გაგებაში.

დასასრული შემდეგ ნომერში

მომზადდა ვანო შადურის წიგნიდანრევოლუციამდელი  ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here