Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიოს წითელა უტევს

მსოფლიოს წითელა უტევს

რატომ ლიდერობს უკრაინა წითელას შემთხვევათა რაოდენობით და რა ვითარებაა საქართველოში

1991
მსოფლიოს წითელა უტევს

წითელათი დაავადების შესახებ ცნობები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად მოდის. ინფორმაციას ავრცელებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ფილიპინებზე ეპიდემიის შედეგად დაავადდა 12 ათასი ადამიანი, დაიღუპა _ 203. მადაგასკარზე 2018 წლის ოქტომბერში აღრიცხეს წითელათი დაავადებული 69 ათასი ადამიანი, დაიღუპა _ 550-ზე მეტი.

2018 წელს ევროპაში წითელათი დაავადდა სამჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე 2017 წელს, და 15-ჯერ მეტი, ვიდრე 2016 წელს _ 82 ათასი ადამიანი 47 ქვეყანაში (53-დან), დაიღუპა _ 72. მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში: იქ 2018 წელს წითელათი დაავადებული 53 ათასი ადამიანი აღრიცხეს. ოფიციალურად რეგისტრირებულია 16 ლეტალური შემთხვევა. ამასთანავე, ვითარება სწრაფად უარესდება. ოფიციალური მონაცემებით, 28 დეკემბრიდან 22 თებერვლამდე, ე.ი., ორ თვეზე ნაკლებ დროში დაავადდა 24 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა _ 9.

სახელდობრ, დასავლეთი დაავადების გავრცელებაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინაში წითელას გავრცელების შედეგად ევროპაში დაავადებულთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა” _ ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია მრავალტირაჟიან სამეცნიეროპოპულარულ ჟურნალ Scienceში. პოლონელები შეშფოთებული არიან, რადგან გეოგრაფიულად ესაზღვრებიან უკრაინას. 2018 წელს პოლონეთში 339 ადამიანი დაავადდა, უმრავლესობა _ ნოემბერსა და დეკემბერში. იანვრიდან კი უკვე რეგისტრირებულია 380 შემთხვევა, ანუ ორ თვეში იმაზე მეტი, ვიდრე შარშან.

რამდენიმე დღის წინათ რუსეთმა წითელას 100 ათასი ვაქცინა უსასყიდლოდ გადასცა ბელარუსს, სადაც ვითარება ნორმალურია, მაგრამ რესპუბლიკა რისკის ზონაშია უკრაინასთან მეზობლობის გამო.

კონტინენტის “ლიდერთა” შორის არის, აგრეთვე, სერბეთი (5076 დაავადებული), საფრანგეთი (2913) და იტალია (2517). რუსეთში დაავადების შემთხვევების რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია: 17,3 შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე; საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 44,7-ია; საბერძნეთში _ 196,8; ჩერნოგორიაში _ 322,6; საქართველოში _ 563,8; უკრაინაში კი კოშმარული ვითარებაა _ 1209,25 შემთხვევა მილიონ ადამიანზე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2019 წლის ორ თვეში ქვეყანაში წითელას 2000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. “წითელამ, ძირითადად, მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8 პროცენტი 0-დან 1 წლამდეა, 14% კი _ 1-დან 3 წლამდე”, _ განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. და ეს მონაცემები იზრდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი არ არის. არადა, ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია, სწორედ ვაქცინაციაა.

მსოფლიოში წითელას აფეთქების მიზეზად სპეციალისტები მოსახლეობაში ვაქცინაციის დონის შემცირებას ასახელებენ. ამასთანავე, თუ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში ვაქცინა, უბრალოდ, არ ჰყოფნით, დასავლეთში, ბოლო 20 წელიწადია, პრინციპული მოსაზრებით ამბობენ უარს ვაქცინაციაზე. ვიღაცების აზრით, აცრის საჭიროება არ არსებობს, ზოგი კი ფიქრობს, რომ წითელას საწინააღმდეგო აცრა ადამიანის ჯანმრთელობას აუარესებს და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა პერიოდები, როდესაც წითელა ბავშვთა მოკვდავობის მთავარი მიზეზი იყო. შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული დონის დაცვა მოსახლეობის 95 პროცენტის ვაქცინაციისა, როგორც ეპიდემიის აფეთქებისგან თავის დაზღვევის გარანტია, ხშირად არის უგულებელყოფილი.

ამის თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა. 15 წლის წინათ იქ ვაქცინაციის დონე სრულიად შეესაბამებოდა მსოფლიოს სტანდარტებს, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. 2008 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია შემთხვევამ, როდესაც აცრიდან მეორე დღეს დაიღუპა მოზარდი. საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია უხარისხო ვაქცინამ, რომელიც უკრაინაში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) შეიტანა ჰუმანიტარული დახმარების სახით. ამის გამო მშობლებმა მასობრივად თქვეს უარი შვილების აცრაზე. ამას დაემატა სკანდალები ვაქცინის მიწოდებაზე, შედაგად რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას ვაქცინა, პრაქტიკულად, არ შეუსყიდია, ამიტომ 2010-იანი წლების შუაში ქვეყანაში ბავშვების ნახევარი წითელაზე არ იყო აცრილი, რაც, გაეროს შეფასებით, სომალისა და ნიგერიის დონეს შეესაბამება. გასაკვირი არ არს, რომ ეს ყველაფერი უკრაინას გადამდებ დაავადებაში “ლიდერობად” დაუჯდა. ვაქცინაციის განახლებული კამპანია ჯერჯერობით მნიშვნელოვან ეფექტს არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო წითელას მასშტაბურ დაბრუნებას შეეჯახა მომენტში, როცა მისი სრული ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სწორედ ასეთ მიზანს ისახავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლისთვის.

ცნობისთვის:

* წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა. ის ადვილად ვრცელდება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, აგრეთვე, კანსა და ლოყის ლორწოვან გარსზე გამონაყარს. ის ხშირად რთულდება ყურის, ფილტვებისა და თავის ტვინის ანთებით. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია, ექიმს მიმართოთ.

* წითელა ვრცელდება ინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების ინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. ინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში, შესაძლებელია, იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

* სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამემეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და სრულიად სხეულზე.

* გართულებები: პნევმონია (20 შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვითა და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით. შესაძლებელია, ორსულობის პერიოდში წითელა გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.

* წითელაწითურაყბაყურას გეგმური აცრა ტარდება ორჯერ: პირველად, როცა ბავშვი 1 წლისაა, მეორედ, როცა 5 წლისაა. ერთი აცრა ადამიანს ამ დაავადებისგან მხოლოდ 85%-ით იცავს, ორი აცრა კი _ 98%-ით.

* წითელაწითურაყბაყურას აცრა საქართველოში 41 წლამდე უფასოა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here