Home რუბრიკები პოლიტიკა “მონეზამ”, _ პრემიერის სიტყვა და ძაღლის ყეფა ჩემთვის ერთიაო

“მონეზამ”, _ პრემიერის სიტყვა და ძაღლის ყეფა ჩემთვის ერთიაო

1444
“მონეზამ”, _ პრემიერის სიტყვა და ძაღლის ყეფა ჩემთვის ერთიაო

ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დონის შესახებ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიძლება იმსჯელო, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქის ქუჩების იერსახიდან გამომდინარეც _ ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ხარ, სადაც ასე თუ ისე სახელმწიფო ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების საარსებო მინიმუმით უზრუნელყოფისთვის თუ სადმე, .. ბანანის რესპუბლიკაში, რომლის ხელისუფლებას ხალხის ყოფაცხოვრება ფეხებზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარი სტომაქის ამოყორვაზე ფიქრობს.

სურათი ხომ არ გეცნო, მკითხველო? დიახ, საქართველოზე მოგახსენებთ, რომელსაც, მართალია, ეკონომიკა, ბიზნესი, როგორც ასეთი, ლამის 30 წელიწადია, პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად მიისწრაფვის დასავლეთისკენ და დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა 31 თებერვალს, გნებავთ, როდინობის კვირის შვიდშაბათს უეჭველად შევა ევროკავშირსა და ნატოში.

ზემოთ, როდესაც ვწერდი “პრაქტიკულად არ აქვს”-მეთქი, ის მქონდა მხედველობაში, რომ ბანანის რესპუბლიკების დარად, არც საქართველოში არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესი (რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების საფუძველია). აქედან გამომდინარე, ე.წ. საშუალო კლასი და მთავარი _ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბანანის რესპუბლიკების მსგავსად, საქართველოშიც მხოლოდ მსხვილი ბიზნესი არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ერთი მხრივ, ხარობს უზომოდ მდიდართა, გაზულუქებულ-გათავხედებულთა მცირერიცხოვანი კასტა, რომელიც ამქვეყნიური ყველა სიამით ტკბება; ხოლო, მეორე მხრივ, _ “პური არსობისას” მოპოვებისთვის დამაშვრალი საზოგადოების უკეთესი უმრავლესობა.

ენერგომატარებლები, ფარმაცევტიკა და ყველაფერ ამის “გვირგვინი” _ საბანკო ბიზნესი და ბანკთაგან შობილი ლომბარდები თუ ე.წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, აგრეთვე, ე.წ. პრობლემური სესხების ბიუროები (სწორედ “მიკრო” და “პრობლემური” გახდა წინამდებარე წერილის შექმნის მთავარი მიზეზ-საბაბი, მაგრამ ამაზე ქვემოთ) _ აი, მთავარი “ბიზნესები”, რომლებიც, როგორც წესი, ყვავის ე.წ. ბანანის რესპუბლიკებში და, სამწუხაროდ, საქართველოში.

ბიზნესები _ რატომ ბრჭყალებში? დააკვირდით ჩამონათვალს _ ბუნებრივი აირი, ბენზინი, მედიკამენტები. ეს ის პირველადი მოხმარების პროდუქტებია, რომელთა შეძენაზეც, მიუხედავად მათზე არსებული კატასტროფული ფასებისა, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა უარს ვერ ამბობს. რა ქნას კაცმა, სიცივეში ხომ არ ამყოფებს შვილებს ან უწამლობით ხომ არ მოკლავს მოხუც მშობლებს? აქედან გამომდინარე, როგორ ვუწოდოთ ამ პროდუქტების იმპორტს ბიზნესი და მაგ ბიზნესების მფლობელთ ბიზნესმენები? ხალხის გაჭირვებაზე დაფუძნებულ ბიზნესს ყაჩაღობა რომ ვუწოდოთ, უფრო უპრიანი მგონია, რადგან ზემოხსენებული კატასტროფული ფასები ამ, უკაცრავად და, ბიზნესმენთა კარტელურ-მაფიოზური შეთანხმების შედეგია.

ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, ამას საკუთარი გამოცდილებით გავხდი საცნაურს… არის ასეთი იტალიური პრეპარატი “ქსალერტო”, რომელიც გულზე გაკეთებული ოპერაციის გამო თქვენმა მონა-მორჩილმა დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვყლაპო.

ჰოდა, ერთი თვის სამყოფი ეს მედიკამენტი თუდემოკრატიულსაქართველოში 240 ლარი ღირს, “ტოტალიტარულრუსეთში რატომ ჯდება, სულ რაღაც, 100 ლარი, იქნებ წამლისბარიგაფარმაბიზნესმენთაგან ვინმემ ამიხსნას.

ზემოთ ბანანის ქვეყნების დედაქალაქების ქუჩების ვიზუალური მხარე ვახსენეთ და შორს წასვლა არ დაგვჭირდება _ თბილისის ნებისმიერი უბანი, ქუჩები, საზოგადოდ, ხალხმრავალი ადგილები გადაჭედილია ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი ლომბარდებით, ბენზინგასამართი სადგურებითა და აფთიაქებით, ცნობილი თუ უცნობი ბანკებით, რაც ჩვენ მიერ ზემოთ დახატული სავალალო სურათის ნათელი დასტურია.

და, აი, მივადექით წერილის მთავარ თემას…

დღეს ბანკების მძევალი რომ არის ნახევარ საქართველოზე მეტი, ამას ქოცების ხელისუფლებაც არ მალავს _ საბანკო ბიზნესის ჯოჯოხეთურმა პროცენტებმა ათიათასობით ოჯახი დატოვა უსახლკაროდ და მრავალი ადამიანი მიიყვანა თვითმკვლელობამდე. მსხვილი ბანკები ხომ წოვენ და წოვენ გაჭირვებულ მოსახლეობას სისხლს, ეს არ იკმარეს და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდევ ერთ წურბელად საზოგადოებას ე.წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოევლინენ, რომლებიც უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობას ყოველგვარი გირაოს გარეშე ათასობით ლარს სთავაზობენ სესხად.

ჰა, როგორია, როცა მობილურ ტელეფონზე დღეში 37 შეტყობინება მოგივა მშიერ-მწყურვალ, გათოშილსა თუ ავადმყოფ ადამიანს: “აიღეთ სახლიდან გაუსვლელად ხუთ წუთში სესხი”. ადვილია ასეთი ცდუნების გაძლება?

ჰოდა, გაჭირვებული ხალხიც იღებდა და იღებდა სესხს. თქვენმა მონამორჩილმაც ავიღე სხვადასხვა ორგანიზაციიდან რამდენიმე ათასი ლარი, რომლის უღმერთოდ დიდი პროცენტები ვერ გადავიხადე. ერთი სიტყვით, ესენი, მიკროსაფინანსო კი არა, ტიპური მევახშე ორგანიზაციებია, კერძო მევახშეთაგან განსხვავებით, სინდისნამუსისგან გარეცხილნი. აბა, რომელი კერძო მევახშე დაგიწესებს წლიურად 100 და მეტი პროცენტის გადახდას?

ცალკე საუბრის თემაა, ე.წ. პრობლემური სესხების ორგანიზაციები, რომლებიც მოკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან იაფად ყიდულობენ ურჩ გადამხდელთა სესხებს და მათ ამოღებას ათასნაირი უზნეო ხერხით ცდილობენ. მათ, მე ვიტყოდი, ე.წ. ძველბიჭური სამსახურის განყოფილებაც აქვთ, რომელიც პირველ ეტაპზე ერთვება საქმეში. მაგალითად, ჩემს მობილურ ტელეფონზე დილაადრიან გაისმა ზარი და ვიღაც უცნობმა ნაძირალამ ფამილარულად მომმართა _ ბიჭო, ვალი რომ გაქვს, როდის გადაიხდიო? და როდესაც, სადაც საჭიროა, იქ გავგზავნე, აღარ დაურეკავს.

მაგრამ ისეთი კურდღლებიც ხომ იქნებიან, რომლებსაც შიშით გული გაუსკდებათ?

ადამიანებს ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო იჭერენ და რა, ჩემთან დაკავშირებული შემთხვევა ქურდულად საქმის გარჩევა არ არის?

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი: ეს ე.წ. მიკრო საფინანსო და მათთან ალიანსში მყოფი ე.წ. პრობლემური სესხების ფინანსური ბიუროები ისეთ დიდ პრობლემად ექცა ქვეყანას, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, დაახლოებით 600 ათას ადამიანს აღებული სესხები (რაც, ჯამში, სამი მილიარდი ლარი ყოფილა) გაუნულდება და ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი მოსახლეობა შეხვდებაო. მაშინ კი აღნავლდა ოპოზიცია: არიქა, პრემიერის ეს განცხადება არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვააო. და მერე რა? არა მგონია, 600 ათასი კაცისგან ვინმეს სწყენოდა ეს ამბავი და, მათ შორის, მეც გავიხარე, მაგრამ, თურმე ჯერ სად ხარ და სადა ბანაობო, ისე წავიდა ჩემი საქმე და, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემი… ნაახალწლევს ჩემი მობილური აწკრიალდა და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “მონეზამ”, ვალს როდის გადაიხდიო, _ მომახალა.

არ დავიზარე და, ცინცაძის ქუჩის #12-ში მივაკითხე სისხლისმწოველ მევახშეებს… რა ვალებს მთხოვთ, სადა ხართ, რომელ ქვეყანაში, პრემიერის განცხადება არ მოგისმენიათმეთქი? პასუხად ვინმე ხათუნამ, _ პრემიერმა ბევრი რამ თქვაო, ანუ ჩვენთვის, “მონეზასთვის”, პრემიერის სიტყვას და ძაღლის ყეფას ერთი ფასი აქვსო.

მოკლედ, ვარ ახლა გაურკვეველ სიტუაციაში, რომელიც ძალიან მაგონებს ერთ ეპიზოდს შესანიშნავი ქართული ფილმიდან “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” _ ერთი მხრივ, მე ვარ ფილმის გმირი მოხუცივით, რომ ვკითხულობ: “აკი გადავარდაო ის საოხრე და სატიალო, აკი გადავარდაო?!” და, მეორე მხრივ, სოფელ დიღმის მამასახლისივით “მონეზა” მიპასუხებს: “რა გადავარდაო, რა გადმოვარდაო, შენთან სალაყბოდ არა მცალიან”. კინოს ენას თავი რომ დავანებოთ, გამოდის: პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ოხერი დედაც ვატირე, ხოში მაქვს და შენი სესხი “ქართუ ბანკს” გასანულებლად არ გადავუგზავნეო.

ბატონო პრემიერო! რას ჰგავს ეს? ნათქვამია, მილიონს ერთი კაპიკი რომ აკლდეს, მილიონი აღარ არისო და, თუ ასეა, მაშინ თქვენ მიერ გაცხადებული 600 ათასი, სულ ცოტა, ერთით ნაკლებია ჩემი სახით. ახლა, ალბათ, მეტყვით: კარგი რა, დალოცვილო, ათასობით ადამიანს გაუნულეს ვალი და ერთი კაცი, რა მოხდაო?!

არც არაფერი, ბატონო პრემიერო! თუნდაც იმიტომ, რომ არც თქვენს ამნისტიამდე ვიხდიდი “მონეზას” ვალებს და მით უმეტეს ახლაც არ ვაპირებ. საცა ვიწროა იქ გაწყდესო, _ ნათქვამია. რაც უნდა იყოს, ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი ხართ და მწყინს, რომ ვიღაცმონეზასჰყოფნის თავხედობა და ქვეყნის პირველი პირის განცხადებას ფეხებზე იკიდებს . ეს არის და ეს, ბატონო პრემიერო

დავით მხეიძე

P.S. მართალია, “მონეზასწურბელებისგან ვერავის ვათქმევინე, ვინ არის მათი უსტაბაში, ანუ დირექტორი, მაგრამ მაინც დავადგინე, რომ ის ვინმე დავით აღსაბაძე ყოფილა და ახლა მას მივმართავ: ბატონო დავით, თქვენს ხელქვეითებს ვერაფრით შევასმინე, რომ ვალს განა არ ვიხდი, არამედ ვერ ვიხდი. არსა და ვერს შორის სხვაობას, ალბათ, მიხვდებით. ვერ ვიხდი, რადგანც გულის შუნტირების ოპერაციის შემდეგ თვეში 500 ლარის წამლები უნდა ვსვა დარჩენილი სიცოცხლე. ღმერთმა დამიფაროს, თავს ვაცოდებდე ვინმეს და მით უმეტეს თქვენ, რადგან პრემიერის მიერ გაცხადებულ ყველა წინაპირობას ვაკმაყოფილებ, მე, უბრალოდ, ის მაინტერესებს რომელი კრიტერიუმით მოხდა ჩემი დისკრიმინაცია. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი: თქვენგან ჩემი დაწუნების მხოლოდ ერთადერთი მიზეზი ჩემი გვარიშვილობაა, ალბათ _ სად თქვენ, ბატონი აღსაბაძე, და სად მე, ვიღაც ბოგანო მხეიძე?!

სერიოზულად კი, ბატონო მევახშევ, მანამდე არაფერი ეტკინოთ ჩემს შვილიშვილებს, სანამ ვალი არ გადაგიხადოთ

1 COMMENT

  1. არც მე გამინულეს, არადა მანამდე შევთავაზე მონეზას ვალის გადანაწილება, მაგრამ ცივი უარი მტკიცეს, ხოდა ახლა ელოდონ როდის მექნება ერთიანი თანხა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here