Home რუბრიკები პოლიტიკა მოლაპარაკება რუსეთთან თუ კოჭის გაგორება ევროპა-ამერიკისთვის

მოლაპარაკება რუსეთთან თუ კოჭის გაგორება ევროპა-ამერიკისთვის

1353
მოლაპარაკება რუსეთთან თუ კოჭის გაგორება ევროპა-ამერიკისთვის

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი _ საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანად იმაზე იყო აწყობილი, ვინ ვის დააბრალებდა რუსეთის აგენტობას და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობას. სალომე ზურაბიშვილის შტაბი გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობასა და რუსულ პასპორტს უხსენებდა, გაერთიანებული ოპოზიცია კი ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო ამუნათებდა, რომელშიც 2008 წლის ომის დამწყებად თითქოს საქართველო დაასახელა. ერთი სიტყვით, ორივე მხარე ამომრჩევლის გულის მოგებას იმით ცდილობდა, რომ რუსეთს ლანძღავდა და ამომრჩევლის მოთხოვნას, ეგებ საარჩევნო პროგრამები გაგვაცნოთო, ყურად არ იღებდა.

სასაცილოა, რომ პროგრამები პრეზიდენტობის კანდიდატებს, უბრალოდ ვერ ექნებოდათ, რადგან ისეთი შეზღუდული უფლებები აქვს პრეზიდენტს, რომ გამორიცხულია, რამეზე რეალური გათვლა და განაცხადი გაეკეთებინათ. ასე იყო თუ ისე, ერთმანეთის კრიტიკასა და რუსეთის ლანძღვაში გალეულმა არჩევნებმა გამარჯვებულად ქალბატონი სალომე დაასახელა და… არჩევიდან მეორე დღეს, ისე, რომ ჯერ ოფიციალური ინაუგურაცია და ფიცი არ ჰქონდა დადებული, ისეთები ილაპარაკა, წინასაარჩევნოდ რამდენჯერმე ნათქვამს ხაზი გადაუსვა და შეიძლება ითქვას, პირველი პრეზიდენტი გახდა საქართველოში, რომელმაც წინასაარჩევნოდ დადებული პირობა არჩევიდან მეორე დღესვე დაარღვია. რუსეთის გინების მიუხედავად, ზურაბიშვილი ამბობდა, რომ რუსეთთან საუბარი აუცილებელია, მას ამის გამოცდილება აქვს და მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუმცაროიტერისთვისმიცემულ ინტერვიუში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

“რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ მისი პროგნოზირება შეუძლებელია. როდესაც გყავს მტერი, რომელიც პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯი. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობაში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენს ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი. გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს _ დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტირებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანუ, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მეტის მოთხოვნა შეუძლია ევროპა-ამერიკისთვის და სწორედ ევროპამ და ამერიკამ უნდა განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე. ვერ გეტყვით, ქალბატონმა სალომემ დაივიწყა თუ დაავიწყეს ის, რომ ევროპა და ამერიკა, აგერ უკვე მერამდენე წელია, რუსეთზე ზეწოლას ახორციელებენ და დაწესებული სანქციებით ქვეყანას არაერთი მილიარდი დოლარის ზარალიც მიაყენეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთი იმ პოლიტიკას განაგრძობს, რომელიც მისი ხალხისთვის არის კარგი. აი, თუ ევროპა-ამერიკის სიჯიუტის გამო რომელიმე ქვეყანა დაზარალდება (მაგალითად უკრაინა, საქართველო), ამერიკელი და ევროპელი ლიდერები შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებიან და კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ერთმანეთს შეატოვებს ხოლმე. მერე იწყება დაუსრულებელი მისიები, სამშვიდობო ორგანიზაციების ახალი ოფისების გახსნა, გაუთავებელი მოლაპარაკებები და რეალურად არაფერი ხდება, კონფლიქტები იყინება და ასე გადის წლები, კონფლიქტურ ტერიტორიებზე განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს და სწორედ ეს უნდა ევროპა-ამერიკას _ მუდმივად მათზე და მათ მიერ გადმოგდებულ გროშებზე ვიყოთ დამოკიდებულნი.

და როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის შემდეგ, რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს? ჩვენი გადმოსახედიდან, პოზიცია ხისტი იქნებოდა, მაგრამ არა.

“რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები სურს. ვიმედოვნებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის დროს განვაგრძობთ კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებისთვის გზების გამოძებნას. ჩვენ ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და გააკეთოს ის, რაც მისი ხალხისთვის კარგია. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ გავლენით ლავროვი რუსეთში მეორე კაცია. იმის მიუხედავად, რომ არსებობს პრემიერი და არსებობენ სხვა მინისტრები, საკვანო მოლაპარაკებებს პრეზიდენტის შემდეგ სწორედ ლავროვი მართავს, მნიშვნელოვან განცხადებებსაც სწორედ ის აკეთებს და შესაბამისად, მისი სიტყვები უნდა აღვიქვათ, როგორც რუსეთის მეთაურის პოზიცია. ჰოდა, რუსეთი რომ გეუბნება, საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა მსურსო და ამას ამბობს მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰკივი, არ ვიცი, რუსეთს რაზე უნდა ველაპარაკოო, ეს მტრობა კი არა, დიალოგის შესაძლებლობაა, მაგრამ

ამ ყველაფერს წინ ერთი საინტერესო ისტორია უძღოდა. არჩევნების მეორე დღეს, ზურაბიშვილმა მინიშნება გააკეთა, რომ რუსეთთან საუბარი შესაძლებელი იყო. ამ განცხადების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა, აქაოდა, ხალხის ნება ბოლომდე არ იყო გამოხატულიო. მერე იყო ის ინტერვიუ “როიტერთან” და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც ეს განცხადება დაივიწყა. და დაივიწყა იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებული თუ გასაერთიანებელი ოპოზიცია ამ განცხადებას ტელეეთერში ყველა ბრუნვაში ატრიალებდა. მერე კი, სავარაუდოდ, ოპოზიციასაც თავში ჩაარტყეს ამერიკელებმა: აქედან წამოსული გრანტები ღეჭეთ და საუბრისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათო. ისინიც გაჩუმდნენ და ამ ამბავმაც ჩაიარა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს იყო შანტაჟი ამერიკის მხრიდან და შანტაჟი იმისა, რომ, თუ რუსეთს არ გააკრიტიკებდა ახალარჩეული პრეზიდენტი, მაშინ შტატები არჩევნებს არ აღიარებდა, ახალ რევოლუციასაც დაანაონსებდა, მოახდენდა კიდეც, მერე ყველაფერს რუსეთს დააბრალებდა, _ აქაოდა, რუსეთის მხარეს იყო “ოცნება” და უარი იმიტომ უთხრესო, და მოვიდოდა სათავეში პროდასავლური მთავრობა…

სხვა საკითხია, როგორი ასატანია ის, რომ შენი ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი პირველივე დღის ბოლოს ამერიკის შანტაჟის ქვეშ რომ ექცევა, გაკეთებულ განცხადებას ცვლის და, რაც მთავარია, რეგიონში ყველაზე დიდ და მძლავრ მეზობელთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ არ იცის, რაზე უნდა ელაპარაკოს. არადა, წინასაარჩევნოდ, სწორედ მისი დიპლომატიური გამოცდილებით გვაწონებდნენ თავს და, როცა გამოცდილმა დიპლომატმა არ იცის, რაზე უნდა ილაპარაკოს, ეგ ზურაბიშვილის ავტორიტეტს აკნინებს. თუმცა ამერიკასა და ევროპას ქართველი ლიდერების ავტორიტეტზე არასდროს უფიქრიათ, რადგან მათ საქართველო დამონებული სურთ და არა ავტორიტეტებით. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარია, ყველა მათი მითითება უსიტყვოდ შესრულდეს; არც ის აინტერესებთ, როგორ იცხოვრებს საქართველოში ხალხი. პრინციპში, მათ ზუსტად იციან, რომ ასეთ პირობებში განვითარება და წინსვლა გამორიცხულია, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ყოველწლიურად ზუსტად იმდენი გაიღონ, რომ ერი მშიერი არ მოკვდეს, კონკრეტული ადამიანები იმაზე მეტად გამდიდრდნენ, ვიდრე აქამდე, და დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა. ჰო, კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ნებისმიერმა ლიდერმა კვირაში ერთხელ მაინც გამოხატოს მკაფიო პოზიცია, რომ რუსეთი მტერია, რომ ყველაზე საშიშია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, რომ

და რას ვიღებთ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები? ვიღებთ იმას, რომ საქართველოსთვის რუსეთის უზარმაზარი ბაზარი ბოლომდე გახსნილი არ არის და, რაც არის, ისევ რუსეთის კეთილგანწყობით. ვიღებთ იმას, რომ ყველაზე დიდ დამსაქმებელთან სავიზო მიმოსვლა გვაქვს და ეს მაშინ, როცა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან იქ დასაქმების შესაძლებლობას არავის აძლევს, რომ რუსეთში მყოფი მილიონამდე ქართველი მუდმივად დარტყმის ქვეშაა, რადგან ერთ დღეს, შესაძლოა, ჩრდილოელი მეზობელი საფუძვლიანად გაბრაზდეს, მობეზრდეს ჩვენი ფერება და თან კრიტიკის მოსმენა, რაც შედეგად ამ ადამიანების გამოძევებას მოგვიტანს და ისედაც მშიერ ერს კიდევ მილიონი უმუშევარი დაემატება. ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკასა და ევროპას ვასიამოვნოთ. რამდენად მართებულია ეს, თავად განსაჯეთ, მანამდე კი წინ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გველოდება, პრეზიდენტის, რომელმაც პრაქტიკულად დიპლომატიური ომი გამოუცხადა რუსეთს და ამ ომის სანაცვლოდ რუსეთისგან ისევ გამოწვდილი ხელი მიიღო.

პირდაპირ ვამბობთ _ არ ჩამოართმევს ზურაბიშვილი ხელს რუსეთს, უარს იტყვის მოლაპარაკებაზე და ისევ ამერიკასა და ევროპას გაუგორებს კოჭს. ჩვენ კი ისევ იმ ნაღმზე ვიქნებით, რომლის აფეთქებასაც ნებისმიერ დროს შეძლებს ევროპაცა და ამერიკაც. სამწუხაროდ, აფეთქების ტალა მხოლოდ ჩვენ გადაგვივლის, თორემ შეშფოთებააღშფოთება მათ არაფერს ავნებს, იმუნიტეტი აქვთ უკვე ამაზე გამომუშავებული.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here