Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა, გრიშა და რევოლუციის აჩრდილი

მიშა, გრიშა და რევოლუციის აჩრდილი

900
მიშა, გრიშა და რევოლუციის აჩრდილი

მიხეილ სააკაშვილმა ვაბანკზე წასვლა გადაწყვიტა. გამართლდა იმ ექსპერტების პროგნოზი, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ის რევოლუციურ სცენარს აირჩევს. რატომ მოხდა ეს და აქვს თუ არანაცმოძრაობასშანსი, ხელისუფლება დაამხოს?

მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ 780 674 ხმა მიიღო. ეს საუკეთესო მაჩვენებელია “ნაცმოძრაობისთვის” 2012 წლის შემდეგ, როდესაც ხმა 867 432 ამომრჩეველმა მისცა. შესადარებლად _ 2016 წლის პრინციპული ხასიათის არჩევნებში ნაციონალებს 477 053 ხმა ერგოთ. საინტერესოა, რომ 2012 წლის შედეგს “ქართული ოცნებაც” მიუახლოვდა, მაშინ მან მიიღო 1 181 862 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში _ 1 147 687. თუმცა აქ გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა რამ _ პირველად 2012 წლის შემდეგ ნაციონალებს არჩევნების მოგების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი მიეცათ.

ეს არაერთმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სახელისუფლო კანდიდატის სისუსტე, კრიზისი მმართველი პარტიის შიგნით და მოსახლეობის ზოგადი გადაღლილობა პრობლემებისგან, ნეპოტიზმისგან, სიღარიბისგან და ა.შ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან ძველი “ნაცმოძრაობის” ორმა განშტოებამ განსხვავებული დასკვნა გამოიტანა. “ევროპულმა საქართველომ” მთავარ მიზნად საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და პროპორციულ სისტემაზე სასწრაფო გადასვლა დაისახა. რამდენად წარმატებული შეიძლება გამოდგეს მისი ძალისხმევა, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ფაქტია, რომ ის კანონისა და ლეგალური პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებს არ სცდება, მაშინ როდესაც სააკაშვილმა დაიწყო საუბარი დაუმორჩილებლობაზე, მიანიშნა ინაუგურაციის შესაძლო ჩაშლაზე, მოკლედ მომხრეები იმ გზით წაიყვანა, რომელიც, დიდი ალბათობით, კანონდარღვევამდე მიიყვანს.

სააკაშვილი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს: თითქმის 100 ათასი ბიულეტენია ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას ვაშაძისთვის მიცემული ხმები წარმოადგენს. ამასთანავე, “კარუსელებისმეშვეობით ჩაყრილია 200 000 ხმა. “ძველი ბიჭებისადაკარუსელებისმეშვეობით მოხდა ეგზიტპოლებით მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ საქართველოში აიღო 900 000 ხმა და არ მოიგო, იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016 წელსქართულმა ოცნებამბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს”. დროებით თავი დავანებოთ იმას, რომ “თითქმის 100 000” გაბათილებული ბიულეტენი სინამდვილეში 47 595 -ია, ეს საერთო რაოდენობის 2,41% და დიდად არ განსხვავდება სხვა წლების მაჩვენებლებისგან: 2,63% _2008-ში, 2,97% _ 2010-ში, 2,94% _2012-ში, 1,81% _ 2013-ში, 4,38% _ 2014-ში, 3,77% _2016-ში. განზე გადავდოთ “თითქმის 900 000” ხმაც, რომელიც სინამდვილეში 780 674-ია. აქ მთავარია სხვა რამ – სააკაშვილი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს ამბობს იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ის ჩატარებულად და, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, დემოკრატიულად ჩათვალეს.

გასულ კვირას გიგა ბოკერიამ თქვა: “საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება”. ალბათ, უნდა შევახსენოთ, მაგალითად, 2008 წლის იანვრის მოვლენები, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია (IEOM) საქართველოს მასშტაბით 180 საუბნო კომისიაში დააკვირდა ხმების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესს. “ხმების დათვლის 23% შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დათვლის პროცესის 8%-ში ისინი შემაჯამებელი ოქმების შეცვლის მოწმენი გახდნენ. 21%-ში მათ მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები აღრიცხეს, _ ნათქვამი იყო სადამკვირვებლო მისიის მოხსენებაში. _ მონაცემები ხშირად შეიცავდა უზუსტობებს; ცესკო-ს თანამშრომლებმა აცნობეს OSCE/ODIHR და IEOM -ს, რომ 3 511 საარჩევნო უბნიდან 940-ში იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც ხმა მისცეს, არ ემთხვეოდა ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების ჯამს”. ამგვარი შეფასებები მართლაც ქმნიდა საბაბს იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოცხადებულიყო, მაგრამ ბოკერიას ეს ეპიზოდი, როგორც ჩანს, არ ახსოვს. წლევანდელ შეფასებებში მსგავსი არაფერი გვხვდება, თუმცა, ცხადია, დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს.

სააკაშვილი, ამასთანავე, აცხადებდა, რომ ზურაბიშვილს გამარჯვება არც ერთი ქვეყნის მეთაურმა არ მიულოცა, პოსტსაბჭოთა ლიდერებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა. როდესაც გაირკვა, რომ ეს სიცრუეა, მისმა მომხრეებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მოლოცვა სინამდვილეში არაფერს ნიშნავს და .. თუმცა, ალბათ, ვაშაძის ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც კი ცხადი იყო, რომ არჩევნები შედგა და მსოფლიომ შედეგი აღიარა.

ჯერ კიდევ 2 დეკემბრის აქციამდე სააკაშვილმა თქვა: “როგორც ჩვენ არ მივეცით საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი და ლეგიტიმაცია მოეხდინა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, ზუსტად ასევე, 16-ში აპირებენ ესენი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას: ჩვენ, მშვიდობიანად, წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერებისა და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, არ მოგცემთ თქვენ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისთვის მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები”. ყველამ გაიგო ეს, როგორც მინიშნება ინაუგურაციის ჩაშლაზე _ საინტერესოა, რომ პირველად ეს თემა ქართულ პოლიტიკაში ასევე 2008 წელს გაჩნდა. მაშინ, 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს იპოდრომზე უზარმაზარი მიტინგი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერებს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ინაუგურაციის ჩატარებისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. 2 დეკემბრის აქციამ ნათლად აჩვენა რომ “ნაცმოძრაობის” რესურსი ამ მხრივ გაცილებით მცირეა _ პარლამენტის შენობასთან ძალიან ცოტა ადამიანი შეიკრიბა. ამან ირიბად დაადასტურა, რომ 1. ვაშაძის ყველა ამომრჩეველი არ იყო სააკაშვილის ბრმა მიმდევარი და ხმა, უპირველესად, ზურაბიშვილის და ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა (რა უცნაური ლოგიკით დაუჭირეს მხარი ნაციონალს, ცალკე საუბრის თემაა); 2. რიგით ნაციონალებს არ სურთ საშიშ დაპირისპირებაში ჩაბმა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მათი ლიდერი საზღვარგარეთ იმყოფება (და თავს უსაფრთხოდ გრძნობს).

არის კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება _ სააკაშვილი, სავარაუდოდ, დაფიქრდა იმაზე, რომ ასეთი მასშტაბის კონსოლიდაცია “ნაცმოძრაობისა” და მისი კანდიდატის გარშემო შეიძლება არასოდეს აღარ განმეორდეს (მით უმეტეს თუ “ქართული ოცნება” “გამოფხიზლდება”). მას, როგორც ჩანს, უიღბლო, მაგრამ აზარტული მოთამაშის მსგავსად, სურს, გაათამაშოს მის ხელთ არსებული კარტი, რადგან თვლის, რომ უკეთესი კომბინაცია არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცდელობა შეიძლება სრული გაკოტრებით დასრულდეს.

უკრაინული “მაიდნის” დროს გამოყენებული ტექნოლოგიები, სხვა ყველაფერთან ერთად, მსხვერპლის როლის მორგებას, დედაქალაქის ცენტრში ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სივრცის შექმნას (“კარვების ქალაქი” კიევში) და მის შემდგომ გაფართოებას გულისხმობს. 2 დეკემბერს ამის წინაპირობები არ შეიქმნა, 16 დეკემბერს, რეგიონებში მობილიზაციის შემდეგ (“ნაციონალებმა” თავისი, _ შესაძლოა განგებ, _ არარეალისტური მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა სწორედ ინაუგურაციის დღემდე მისცეს) სააკაშვილმა შეიძლება სცადოს შეტაკების პროვოცირება თავის მომხრეებსა და ინაუგურაციის ადგილის სიახლოვეს მყოფ სამართალდამცავებს შორის და ამ გზით ინაუგურაცია თუ არ ჩაშალოს, შემდგომი ესკალაციისთვის, კარვების დადგმისთვის და ა.შ. საბაბი შექმნას. ის, რომ 2 დეკემბრის აქცია მცირერიცხოვანი გამოდგა და მშვიდობიანად დაიშალა, არაფერს ნიშნავს. “მესამე რაუნდიმეორე ტურის შემდეგ ჯერ არ დასრულებულა. ინაუგურაციამ უპრობლემოდ რომც ჩაიაროს, პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დარჩება და იმის ალბათობა, რომ საქმე (თუნდაც მცირე ძალებით) “კარვების ქალაქისგაშლამდე მივა, საკმაოდ მაღალია.

2 დეკემბერს შსს-მ თბილისში უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს.

დაკავების ოპერაცია გამთენიისას, სასტუმრო “ალიანსში” ჩატარდა. დაკავებულთა შორის იყო უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, მისი ოჯახი ამბობს, რომ ის გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ამ ინფორმაციამ განსაკუთრებული რეზონანსი სწორედ იმიტომ გამოიწვია, რომ ქართველი საზოგადოება ბოლო დღეებში აქტიურად განიხილავდა უკრაინული “მაიდნის” სცენარს. ბევრ კომენტატორს ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს პირები შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას აპირებდნენ. ცხადია, სასამართლოს ვერდიქტამდე მათი უდანაშაულობის პრეზუმფციით უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუმცა აშკარაა, რომ ამ ამბავმა გაამყარა საზოგადოებრივი აზრი იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობისა და სისხლისღვრის გზით გეგმავს. ერთი შეხედვით, მას ამისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს, თუმცა საქართველო ძალიან სუსტი სახელმწიფოა, ხელისუფლება ნაკლებად კომპეტენტურია, ამიტომ საზოგადოება მზად უნდა იყოს მოვლენების ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარით განვითარებისთვის, როგორც 16 დეკემბრამდე, ისე შემდგომ დღეებში.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here