მთავარი ახალი ამბები „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომ გადამარჩინა“

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომ გადამარჩინა“

1059
გააზიარეთ

სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ასევე, ირანის მოქალაქის მკვლელობის მომზადება. 

„პრაიმტაიმმა“ ამ საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია. მათ შორის იმ პირის ვინაობა, რომლის მკვლელობის მომზადებას სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ედავებიან. გამოცემის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო სამიზნე ირანის მოქალაქე 37 წლის ვაჰიდ ებოდი გახლავთ.

„პრაიმტაიმმა“ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

– რამ გამოიწვია თქვენსა და რეზა სულეიმან პაკის შორის კონფლიქტი… რატომ უნდა ნდომოდა მას თქვენი ლიკვიდაცია?

– ეს კონფლიქტი უკავშირდება თანხას. მე მას ვთხოვდი ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას. ვიმუშავე და მომატყუა, არაფერი არ მომცა. შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემსავით უამრავი ადამიანი ჰყავს ასე მოტყუებული. ხალხს ვითომ ბიზნესში დიდი ოდენობით ფული ჩაადებინა და უკან არაფერი დაუბრუნა, უბრალოდ მიითვისა. შევიკრიბეთ ეს ხალხი და სათავეში ჩავუდექი იმას, რომ როგორმე ამ თაღლითს პასუხი ეგო. მივმართეთ ირანის საელჩოსაც, საგამოძიებო ორგანოებსაც.

– დაკითხეს ამ თანხების მითვისების საქმეზე?

– დიახ, პოლიციაში იყო დაბარებული.

– და თუკი სხვა ბევრი ადამიანიც მოატყუა, მაინცდამაინც თქვენ რატომ აგირჩიათ სამიზნედ?

– იმიტომ, რომ მე ჩავუდექი ამ ხალხს სათავეში. სისტემატურად ვამხელდი მის თაღლითობას. ამის სანაცვლოდ კი მისგან მუდმივად ვიღებდი მუქარასა და შეურაცხყოფას. „ფეისბუკზე“ და ინსტაგრამზე ავრცელებდა ჩემ შესახებ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს რაიმე დანაშაულში ვიყავი გახვეული. შეგიძლიათ ნებისმიერ ირანელთან იკითხოთ, ვინ ვარ მე და რას წარმოადგენს ეგ პიროვნება. ნოემბერში, როდესაც პოლიციაში ვუჩივლეთ და ჩვენება ჩამოართვეს, მისმა შვილმა მითხრა: ათი დღე დაითვალე და მერე ნახე, რაც მოხდება შენს თავსო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ მკვლელობაზეც წავიდოდა. კი მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც მკვლელობით, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია. როგორც ჩანს, საფრთხე რეალური იყო.

– მის რესტორანში ამბობენ, რომ, პირიქით, თქვენ გქონდათ პრობლემები სამართალდამცველებთან…

– ეს არის აბსურდი. შეგიძლიათ, მარტივად გადაამოწმოთ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დადიანის ქუჩაზე პროვოკაცია მომიწყვეს. 2017 წლის 27 ნოემბერს მისი სიძე შემხვდა, ჩვეულებრივ მოვიკითხეთ ერთმანეთი, მაგრამ ხელი ვერ ჩამოვართვი, რადგან იმ დროს ხელი მტკიოდა და კოსტიუმის შიგნით მქონდა მარჯვენა ხელი. ჩვეულებრივ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მაგრამ მეორე დღეს პოლიციაში დამიბარეს – იარაღის ტარებაზეა შემოსული საჩივარიო. აღმოჩნდა, რომ პაკის უჩივლია, უთქვამს კოსტიუმის შიგნით იარაღს მალავდა და ამ გზით ჩემს სიძეს ემუქრებოდაო. ამ აბსურდში პოლიციაც დარწმუნდა, როცა ვიდეოთვალის ჩანაწერები შეამოწმეს. არანაირი იარაღი მე არ მქონია. უნდოდათ ჩემი პოლიციის გზით მოშორება, ეს რომ არ გამოუვიდათ, მკვლელობა დაგეგმეს. ამ ყველაფერს მოგვიანებით მივხვდი. იმ სიძემ გამაფრთხილა კიდეც, – ფრთხილად იყავი, რაღაცებს აპირებენო.

– როდის გაიცანით რეზა სულეიმან პაკი?

– ის საქართველოში გავიცანი, დაახლოებით რვა თვის წინ. საქმე გავუკეთე და შესაბამის ანაზღაურებას ვთხოვდი.

– მის რესტორანში გვითხრეს, რომ ემუქრებოდით… მართალია?

– არასოდეს არავის დავმუქრებივარ. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მე ვინმეს დავემუქრე. ამას ვერავინ იტყვის. ჩემს მიმართ კი სისტემატურად იყო მუქარა და რატომ? იმიტომ რომ ყველა დაზარალებული მე დავაკვალიანე, მე ვურჩევდი მათ, რომ პოლიციისთვის მიემართათ. მე ვიბრძოდი კანონის ფარგლებში – ვეუბნებოდი ყველას, საჩივარი შეიტანეთ, თორემ ვერაფერს მიაღწევთ მასთან საუბრით-თქო. ამის გამო რამდეჯერმე პირადად დამემუქრა, შემდეგ მისმა შვილმა მითხრა: დღეიდან დათვალე ათი დღე, მერე შენი საქმე წასულიაო.

– სხვებისგან რა თანხები აქვს მითვისებული?

– ძალიან ბევრი. ერთს 77 ათასი დოლარი გამოართვა, ერთს – 30 ათასი დოლარი, ასევე, 10 ათასი… ბევრი გაკოტრდა და ირანში დაბრუნდა მაგის თაღლითობის გამო.

– თვითონ ირანში ჩადიოდა ხოლმე?

– არა. იქ მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. იქ სიკვდილით დასჯა ემუქრება, მაშინვე ჩამოახრჩობენ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომ გადამარჩინა. მოვითხოვ ამ ადამიანის უმკაცრესად დასჯას.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here