Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ ბლადაძე: იმის ნაცვლად, რომ დასხდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან და აუხსნან, რაზეა...

მერაბ ბლადაძე: იმის ნაცვლად, რომ დასხდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან და აუხსნან, რაზეა საუბარი, ემუქრებიან, აშინებენ, რუსეთის აგენტებს უწოდებენ

1115
მერაბ ბლადაძე

ნუ დანაღმავ ბათუმს, არა _ ქიმიურ ტერმინალს!” _ ამ მოთხოვნებით, რამდენიმე დღეა, ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეთა ჯგუფი პორტში მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ტერმინალით დაგეგმილია ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირება, რომელიც ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის საკურორტო ქალაქს. “ტერმინალი ქალაქს ემუქრება გაქრობით, ამას ვერ დავუშვებთ და ბრძოლას არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც განვაგრძობთ”, _ აცხადებენ ბათუმელები.

ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ცენტრალური აზიიდან ევროპაში მინერალური სასუქების, კერძოდ, კარბამიდის გადაზიდვა მოხდება. ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ამერიკული კორპორაცია “თრამმო”, კორპორაციის პრეზიდენტმა ხელშეკრულებას 14 იანვარს ბათუმში მოაწერა ხელი. საქართველის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტერმინალი სრულიად უსაფრთხოა. პორტის ადმინისტრაციის ცნობით, ტერმინალის ამოქმედების შემდეგ პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება.

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა იმის დასამტკიცებლად, რომ კარბამიდი მომწამვლელი არ არის, ეს ნივთიერება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეჭამა: “მე წამოღებული მაქვს სასუქი, რასაც უწოდებენ მკვლელს. აი, თქვენ თვალწინ ვიღებ და გადავყლაპავ”, _ განაცხადა, ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში და მართლაც გადაყლაპა ქიმიური ნივთიერება.

“კარბამიდის და სხვა სახის მინერალური სასუქებისა და ქიმიური პროდუქტების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის ტერმინალი, შესაძლოა, განვითარდეს #7 ნავმისადგომთან, რომელიც ბათუმის ნავსადგურისთვის ყველაზე მუშა ნავმისადგომია და ემსახურება მრავალი მშრალი ტვირთის სახეობას, მათ შორის შაქრის ნედლეულის დაცლას, რომელიც შემდგომ გადამუშავდება აგარის შაქრის და აზერბაიჯანული ან ცენტრალური აზიის შაქრის ქარხნების მიერ. ამჟამადაც, #7 ნავმისადგომთან იცლება შაქრის ნედლეული. აღნიშნული ტვირთიც ინკლუზიური და პრიორიტეტულია, როგორც საქართველოში მდებარე აგარის ქარხნისთვის, ასევე რეგიონისთვის, ამიტომ მინერალურმა სასუქებმა, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტული ტვირთია, შესაძლოა, შეავიწროვოს აგარის შაქრისთვის განკუთვნილი ნეუდლეულის ეფექტიანი დაცლა დამუშავება,” _ განმარტავენ პორტის ადმინისტრაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში ამერიკული ინვესტიციის ჩადება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

მერაბ ბლადაძე, ადამიანის უფლებათა დამცველი:

_ მილიონ 200 ათას ტონა ტვირთს შემოვიტანთო, _ ამბობენ. თითო ტონაზე შემოსავალი 2 დოლარია, რომელიც ბიუჯეტში შევა და მაგას გვამადლიან. ბათუმელებს ეშინიათ ამ გაურკვეველი ტვირთის შემოტანის და იმის ნაცვლად, რომ დასხდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან და აუხსნან, რაზეა საუბარი, ემუქრებიან, აშინებენ, რუსეთის აგენტებს უწოდებენ. არადა, ტყუილად არ ვაპროტესტებთ ქიმიური ტვირთის შემოტანას. თავდაპირველად თქვეს, რომ ფოსფორს შემოიტანდნენ, მერე _ კალიუმს, აზოტს, გვარჯილას, კარაბამიდს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ სასუქებით ქალაქი მოიწამლება. პრემიერმინისტრი კი მუქარას გვითვლის, სააკაშვილის ენით გველაპარაკება. აგვიხსნან, რა ხდება, გვაჩვენონ ხელშეკრულება, თუ რას მოაწერეს ხელი, გაასაჯაროონ ინფორმაცია და ჩვენც გავიგებთ ყველაფერს.

ბათუმის მოსახლეობა მომავალ თაობაზე ფიქრობს _ შვილების ბედი გვადარდებს, გვეშინია, ქალაქი არ მოიწამლოს, რაიმე არ აფეთქდესო. ბათუმელები ტურიზმით ვცხოვრობთ, სულ ორი თვე გვაქვს ზღვის სეზონი, დამსვენებელი თუ არ ჩამოვიდა, რა ვქნათ? არადა, ქალაქი თუ დახლზე შემოვდეთ, აქ ვინ ჩამოვა? დამსვენებელს მომწამვლელი ნივთიერებით ვერ დავხვდებით.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვცდებით, მაგრამ, თუ რუსეთისგან დაფინანსებულებს დაგვიძახებენ და წესიერად არ აგვიხსნიან, რასთან გვაქვს საქმე, ასე არაფერი გამოვა. ხალხი არ დათმობს, არავის მისცემს საშუალებას, რომ აქ ტვირთი შემოვიდეს.

_ ვინმეს ბიზნესს ხომ არ უშლის ხელს ეს ქიმიური ტერმინალი? ერთერთი ვერსია ეს არის

_ როგორც რიგით ბათუმელს, არ მაინტერესებს, ვის ბიზნესს რა დაუპირისპირდა. ჩემთვის ჩემი ქალაქისა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებაა მთავარი. ძალიან მეეჭვება, საპროტესტო აქციაზე ვინმე ისეთი იდგეს, ვინც ვიღაცის ბიზნესს იცავს. დაგვარწმუნონ, რომ უსაფრთხოა ის, რასაც აკეთებენ, დაგვარწმუნონ, რომ ტურისტული სეზონი არ ჩაგვივარდება და ჩვენც მშვიდად ვიქნებით და ისინიც.

_ იქნებ ტურისტულ ბიზნესზე მეტი შემოსავალი მოიტანოს ამ ტერმინალმა?

_ რას ამბობთ, სულ რაღაც, 2 მილიონ 400 ათას ლარზეა საუბარი, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, ბიუჯეტში შევა. ბიუჯეტის ფულს ხალხს ვინ აჩვენებს?! ხალხს ამ ფულს ვინ მისცემს?!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გააკეთონ, რაც უნდათ, ოღონდ აგვიხსნან, რა შემოაქვთ, რას აპირებენ, და რუსეთის აგენტებს ნუ გვეძახიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here