Home რუბრიკები ისტორია “მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!”

“მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!”

1040
“მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!”

დღეს 28 ნოემბერია _ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღე, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხალხმა, რომ იტყვიან, ცივი წყალი გადაასხა ხელისუფლებას.

ეს იყო გაფრთხილება, რომ ქართველი ხალხი ბრბო არ არის და აღარ აპირებს თავის მოტყუებას ცრუ დაპირებებით!

რომ ნამდვილი თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გაიშალოს ბრძოლაც და შრომაც!

საზოგადოებას იმედი აქვს, რომ 28 ნოემბერი ახალი გზის დასაწყისი იქნება; იმ გზისა, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს აღარასოდეს ჩაუგდებს ხელთ ანგარებიან ადამიანებს; რომ ამიერიდან უმთავრესი იქნებასამშობლო, _ უპირველეს ყოვლისა!”.

დიდს ისტორიულს ეპოქაში ვცხოვრობთ. ამ გარემოების მნიშვნელობა ჯერ კიდევ სავსებით ვერ შეგვიგნია. სიდიადეს გადაჩვეულნი ვართ და ვერ წარმოგვიდგენია, რომ შესაძლებელია, ისტორია ჰფარავდეს ჩვენს ყოველდღიურს ცხოვრებას. დიდს საგნებს ყოველთვის წარსულში ვეძებთ. პერიკლეს, ალექსანდრე მაკედონელის ან ოქტავ ავგუსტის დრო დიდს ისტორიულს ეპოქას წარმოადგენს. ეს უეჭველია. აგრეთვე ჩვენი მეთორმეტე საუკუნე ან კიდევ ევროპიელთა რენესანსის, რეფორმაციის და რევოლუციის ხანა.

ჩვენი უახლოესი აწმყო არაფრით ჩამოუვარდება ამ დიდ წარსულ ეპოქებს: არც შემოქმედებითი ნაყოფიერებით, არც განმანადგურებელი ძლიერებით, არც გმირული აღფრთოვანებით. ყველა ამის დანახვა და გაზომვა დღეს როდი ძალგვიძს. მაგრამ მომავალი თაობა ადვილად გაარჩევს ჩვენი დროის დიდს საგნებს, დიდს ადამიანებს”(“ახალი ეპოქის დასაწყისი”), _ წერდა გერონტი ქიქოძე. მომავალი თაობა ნამდვილად გაარჩევსჩვენი დროის დიდს საგნებს, დიდს ადამიანებსდა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ისტორიის ნარეკლიან გზაზე ერის ღირსეულ შვილებს უამრავი იმედგაცრუების, უმადურობის, შეურაცხყოფის გადატანა მოუხდათ, მაგრამ მათთვის იმდენად ძლიერი იყოსამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”, რომ უკან არ დაუხევიათ, არ წაუბორძიკებიათ, სინდისნამუსი არ გაუყიდიათ.

კილო ჩემის მწერლობისა, _ აცხადებდა აკაკი, _ სულ სხვაგვარი იქნება: ისეთს, ისეთს დავყეფ, რომ კურდღლები ჩირგვებში აკანკალდნენ და მხეცები სოროებიდან გამოვიყვანო. ვიცი, ბევრჯერ მესვრიან ქვას, ბევრჯერაც დამიტატანებენ, მაგრამ მე მაინც, სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემსას არ მოვიშლი: პატარა ხელფეხის მსლაქველ ფინიასავით სხვის კალთაში თბილად წოლას და ნებივრობას, შარაგზაზედ ყეფის დროს სიკვდილი მირჩევნია”.

ეს განწყობა აქვს დღეს საქართველოში ამომრჩეველს დაქართულ ოცნებასისევე მოუწოდებს, როგორც დიდი მგოსანი თანამემამულეებს თავის დროზე:

მაშ, ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!”

ჩვენი ცხოვრების ცხელცხელი ამბების მომლოდინე მკითხველს კი ამჯერად აკაკი წერეთლისცხელცხელი ამბებიდანკიდევ ერთ ფრაგმენტს შევთავაზებთ.

ცხელცხელი ამბები

სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. ამაებს მე სამივეს მოკლებული ვარ…

სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდამ თავის გამოხსნა. ესეები ჯერ მე არც ერთი არ მღირსებია!!

სამი რამ სჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავსსსუო! სსსუო! და სსსუო!

და მაშ რაღა არის ეს ჩემი სიცოცხლე? _ მიკვირს! ან აქამდე როგორ გავსძელი? მაგრამ გაკერპებული იმედი ისე შემტკიცებია ამ ჩემ გლახ-გულს, რომ საფლავშიც კი უპირებს ჩაყოლას; ვერც ჭაღარით მომიშორებია და ვერც ნიკრისის ქარებით გამიდენია.

მაგრამ იმედი ხომ მისი წარმოდგენაა, რაც ცხადათ გვაკლია?.. დიახ, თავის მოტყუებაა?.. და მაშ რაღა სიცოცხლეა? “ვაისმაედანზედ გავსულვარ დაუისტახტზედ ვზივარ. არა, არა; ისევ სიკვდილი სჯობსუნდა დავიხრჩო თავი, მაგრამ დალახვროს ღმერთმა, არ კი აქაც ხელი მეშლება. მტკვარი ამღვრეულია და გამაჩირქიანებს, ზღვა მარილიანია და თვალებს დამწვავს! ვეღარ ვახერხებ თავის დახრჩობას!.. არავინ იცით სხვა საშუალება რამ, რომ მირჩიოთ და ამ სოფელს მომაშოროთ როგორმე?!

უჰ, უჰ, ღმერთო ჩემო! რამდენი მეგობრები მყოლია და მე კი აქამდე არა მცოდნია!.. ყოველის მხრით ათასობით მეგობრულად მირჩევენ და მასწავლიან სხვა და სხვა საშუალებას. ყოვლის უსასყიდლოთ მზათ არიან, რომ მეგობრულად მემსახურონ ამ შემთხვევაში. აი, პატიოსანი კაცები!.. მე რაღა მეთქმის? ღმერთმა გადაგიხადოთ, ჩემო მეგობრებო, სამაგიერო. ბევრი გზა მიჩვენეთ თავის მოსაკლავი, მაგრამ ვაი, რომ ვერც ამაებით ვსარგებლობ. სულ სხვა და სხვა საშუალობებს მირჩევენ; ერთის თუ დავიჯერე, სხვებს ხომ გული დასწყდებათ? და რომ არც ერთს არ ვაწყენიო, ისევ ასე დავრჩები; არ მოვიკლავ თავს! რა გაეწყობა!! სჩანს, არა ვყოფილვარ ღირსი და უნდა ვეხეტიალო აქეთიქით დღეის იქითაც!

მაგრამ ხელობა რა ავარჩიო მისთანა, რომ გულს გადამყაროს? – მგონი ვერაფერი! ჰე, ისევ ისა სჯობს, რომ ვიარო ამ წუთის სოფელში, ვათვალიერო ხალხი და, რაც შევნიშნო, დავიყვირო სახალხოთ. პირველათ კი ჩემი თავიდამ უნდა დავიწყო, დაუზოგავათ უნდა შევამკო და მერე თუ სხვებზედაც რამ წამცდეს, ნურას უკაცრავად!

ჰე, გამოვსულვარ, და ვინც პირველი შემხვდება, იმას მივმართავ! აი, შემხვდა პირველად ვირი… მე აქ მართლა ვირზედ მოგახსენებთ, სახედარზედ, – ხუმრობათ არ ჩამომართვათ! ვხედავ, მოდის ნელ-ნელა, ფილოსოფურად და მეც მსურს, რამოდენიმე სიტყვა მოვახსენო ამ პატიოსან ქმნილებას:

სიტყვა

ეი, შენ პატიოსანო ვირო! იაფო და ხშირო! საწყლესანახშირეო! ნეტავი შენ, რომ ბუნებას მანგრე შეუმკიხარ: ფეხები პატარა გაქვს; მაგრამ დიდფეხიანებზედ კი უფრო სწორა დადიხარ. ყურები დიდი გაქვს; მაგრამ პატარა ყურებიანებზედ კი უფრო ნაკლებ უგდებ ყურს ათასგვარ ჭორებსა და მავნებელსიტყვაობას. ხმა მაღალი გაქვს, მაგრამ ხშირად კი მაინც არ ჰყვირი, მაშინ, როდესაც უფრო მდაბალ ხმიანებისაგან ყურთასმენა აღარა გვაქვს. დარწმუნდით, . ვირო, რომ თქვენსავით მაღალი ხმა ზოგიერთსა ჰქონდეს, სხვა და სხვა გვარ რჩევაბაასობის დროს, მეორეთ მოსვლის საყვირს დასცემდენდა რაც შეეხება შრომას, ვხედავ, რომ მოცალებაც არა გაქვს!.. მე კი უსაქმურად აქეთიქით დავეხეტები. ეჰ, რაღა ბევრი ვილაპარაკო. მე შენ ვერ მოგწვდები, უნდა შენ წინ თითი მოვიკაკვო. აწ კი მშვიდობით”.

აი, შემხვდა კიდევ მეორე ცხოველი: ძაღლი! დალახვროს ღმერთმა. რაღა ზედიზედ შემეყარენ… აბა, ჩემო მკითხველო, ამ ძაღლსაც მიუბრუნდი და მეც სიტყვას ვეტყვი.

სიტყვა

“პატიოსანო ძაღლო!… ნეტა ვინ შეგედრება ოჯახის ერთგულებაში? ოთხი ფეხი გაქვს, მაგრამ მაინც არსად მიდიხარ და არ შორდები იმ ოჯახს, სადაც შენა ხარ, მაშინ, როდესაც ორფეხები კი აღარ იცდიან: ცოლები ქმრებს ექცევიან და ქმრები ხომ, რასაკვირველია, ცოლებს! შენა გაქვს ბასრი კბილები, მაგრამ მაინც ისე არ იკბინები, როგორც ზოგიერთი უკბილოები!

და ყველაზედ უფრო მომეტებული ღირსება კი ისა გაქვს, რომ ერთგული ხარ და ბეჯითი: იმ სახლკარსა და იმ ეზოს, სადაც შენა ხარ, უვლი შეუპოვრად და უძინრად უცდი! ვერ შემოგეპარება ქურდავაზაკი! ვერვინ მოგატყუებს და ვერავინ მიგიბირავს! რა გინდ ძლიერიც იყოს, შენ მაინც ყეფას არ მოუშლი ხოლმე!

პატივი და დიდება შენ, ჩემო უ. ძაღლო!.. მე კი შენზედ უფრო სუსტი ვარ და უხასიათო. თუმცა ბევრსა ვხედავ ქურდ-ავაზაკსა, მაგრამ, არა თუ კბენას, შეყეფასაც ვერა ვჰბედავ. არა, არა; მე შენზედ სუსტი ვარ და შენ წინ მოვიკაკვავ თითს, ჩემო მურავ!”

ვიცი, ზოგიერთი ამხანაგები მიწყენენ, თუ რათ ვედარები ვირსა და ძაღლსა; მაგრამ იმათ რა ენაღვლებათ: მე მხოლოდ ჩემს თავზედ ვამბობ, რომ, როგორც ძაღლს, ისე ვირსაც ჩამოვრჩები, და ისინი კი ჩემსავით გლახები არ არიან: ისინი ვირზედაც უაღრესები არიან და ძაღლზედაც უმაღლესები! ძლიერები არიან, სუსტი მხოლოდ მე ვარ და ჩემს თავზედ ვამბობ! ვის რა დავა აქვს!… რომ შევადაროთ ეს ორი ზემო-მოყვანილი პირუტყვი იმ….., ჰმ… კინაღამ არ გავჰყარყუმდი!!!.. ბევრს არ იამებოდა?! ტფუი! ტფუ! ტფუ!.. ეშმაკს თვალი არ უჩანს!!.

დაიბეჭდა გაზეთდროებაში” 1875 წელს, #68,

ხელმოწერით აკაკი

რუბრუკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here